სამკურნალო წერილები
ხახვის ნახარში ჰიპოტონიკებისთვის
უამრავი რჩევა იბეჭდება მათთვის, ვისაც მომატებული არტერიული წნევა აწუხებს, ხოლო მათთვის, ვინც დაბალ წნევას უჩივის, რეკომენდაციას აქა-იქ თუ წააწყდებით. არტერიული წნევის დაქვეითებისას თავდაპირველად ფინჯან ყავას ნამდვილად შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება, მოგვიანებით კი საქმეს ვეღარც ის შველის. დიდხანს ვეძებდი ხალხურ წამალს, რომელიც წნევას სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც დაუბრუნებდა ნორმას და, როგორც იქნა, მივაგენი - აღმოჩნდა, რომ წნევის დაქვეითებისას ძალიან კარგია ნიახურის ფესვი და ცოცხალი მარწყვი. სამწუხაროდ, შემოდგომაზე და ზამთარში ორივე ძნელად საშოვნია, ამიტომ არჩევანი ხელმისაწვდომ საშუალებაზე - ხახვის ნახარშზე შევაჩერე.
- აიღეთ 2 საშუალო ზომის ხახვის თავი, - დაახლოებით ქათმის მოზრდილი კვერცხისოდენა. გაუფცქვნელსვე დაასხით 1 ლიტრი წყალი და 100 გრამი შაქრის ფხვნილი დააყარეთ. შედგით საშუალო ცეცხლზე და 15 წუთი ხარშეთ. სვით დღეში ნახევარი ჭიქა, ვიდრე არ გამოილევა.
ნახარშს სპეციფიკური გემო და სუნი არ აქვს. რაც მთავარია, მისი მიღება საკმაოდ დიდხანს შეიძლება. დროთა განმავლობაში წამალი ისე მოქმედებს სისხლძარღვებზე, რომ არტერიულ წნევას ასტაბილურებს. ნახარშის სმას ოქტომბერში ვიწყებ და ზამთრის დამდეგს ვამთავრებ. კურსს ვიმეორებ გაზაფხულზე. შევამჩნიე, რომ წნევასთან ერთად სხვა პრობლემებმაც იკლო. მაგალითად, გრიპი და გაციება უფრო იშვიათად მემართება.
თუ ძვლებში გღრღნით
ვინ იცის, რამდენი რამ დაწერილა სახსართა დაავადებებზე, მათ შორის - პოდაგრაზეც. "ოჯახის მკურნალის" ფურცლებზეც არაერთი რეცეპტი წამიკითხავს. მაგრამ ეს რეცეპტები ზოგს თუ უხდება, ზოგს ვერაფერს შველის, რადგან ყოველი პაციენტი ინდივიდუალური და განუმეორებელია. ამიტომ გადავწყვიტე, მეც მომეწერა, როგორ ვმკურნალობ ართრიტსა და პოდაგრას.
- ეს წამალი ერთმა მეგობარმა მასწავლა, რომელიც, მიუხედავად ასაკისა, დღემდე სულითა და ხორცით მხნეა. 3 სადილის კოვზ დიდგულას ყვავილს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და 1 საათით დააყენეთ სითბოში. შემდეგ გაწურეთ და დაამატეთ გემოვნებით ნატურალური თაფლი. მიიღეთ თბილი, დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ნაყენი კარგია იმითაც, რომ ერთდროულად რამდენიმე პრობლემას აგვარებს: შესანიშნავად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე და ორგანიზმიდან გამოაქვს წიდა და ტოქსინები, რაც სახსართა დაავადებების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ართრიტის დროს სახსარს სწორედ სასახსრე ადგილებში ჩალაგებული მარილოვანი გროვები და მჟავები აზიანებს. გარდა ამისა, არაერთხელ გამიგონია, რომ დიდგულა სიცოცხლეს ახანგრძლივებს და აახალგაზრდავებს კიდეც.
სტრესისა და დეპრესიის შემდეგ გამოგადგებათ
ბალზამი, რომლის რეცეპტიც მინდა შემოგთავაზოთ, არაერთხელ გამომიცდია როგორც საკუთარ თავზე, ასევე ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე. ის ძლიერი სტრესისა და ხანგრძლივი დეპრესიის შემდეგ ორგანიზმს ძალების სწრაფად აღდგენაში ეხმარება.
- აიღეთ 1 კგ კაკალი, გაარჩიეთ და დაასხით მდუღარე წყალი. 5 წუთის შემდეგ გადაწურეთ და გაატარეთ ხორცსაკეპში. გატარებული ნიგოზი ჩაყარეთ სამლიტრიან ქილაში, დააყარეთ 1 კგ შაქრის ფხვნილი, დაასხით 1 ლიტრი არაყი და 3 დღით დადგით. ურიეთ ხშირად. სამი დღის შემდეგ სითხე გადაასხით სხვა ჭურჭელში, ნიგოზს კვლავ დაასხით 1 ლიტრი არაყი და ისევ 3 დღით დადგით. 3 დღის შემდეგ ისიც სხვა ჭურჭელში გადაასხით.
იგივე გააკეთეთ მესამედაც. შემდეგ სამივე ნაყენი ერთმანეთში აურიეთ. წამლის კომპონენტების ოდენობა შეგიძლიათ შეამციროთ, ოღონდ ისე, რომ თანაფარდობა არ დაირღვეს. ნაყენი ჩაასხით მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. სვით თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, ოღონდ დალევამდე ჭურჭელი აუცილებლად შეაჯანჯღარეთ.
გახდით ვაშლის ძმრის საშუალებით
ბავშვობიდან ვაგროვებდი ხალხურ რეცეპტებს და ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ ზოგიერთი მათგანი ეფექტურობით ქიმიურ პრეპარატებსაც კი აღემატება. აღარაფერს ვამბობ გვერდითი მოვლენების არარსებობაზე - ბუნებამ არ შეიძლება გვავნოს, თუკი მის ძღვენს გონივრულად გამოვიყენებთ. თუმცა ეს ვრცელი თემაა, ამიტომ ამჯერად მხოლოდ იმას გასწავლით, როგორ დაიხმაროთ სიმსუქნესთან ბრძოლაში ვაშლის ძმარი.
- მთელი დაგროვილი ცხიმის დაწვა ვაშლის ძმარს, ცხადია, არ შეუძლია, მაგრამ ტკბილეულის მოთხოვნილებისა და საზოგადოდ მადის დაქვეითების უნარი ნამდვილად შესწევს. ამისთვის 1 ჩაის ჭიქა წყალში უნდა გახსნათ 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და ჭამის დროს დალიოთ. უფრო ნაკლებს შეჭამთ, რადგან მალე დანაყრდებით. სასურველია დღეში 3 ჩაის ჭიქა ასეთი ნაზავის მიღება - საუზმის, სადილისა და ვახშმის დროს. სიცხეში შეგიძლიათ 2-3 ყინულის კუბიკი ჩააგდოთ.
ეფექტი უკეთესი იქნება, თუ ცხიმის დაგროვების ადგილებს: თეძოებს, დუნდულებსა და მუცელს - გაუზავებელი ვაშლის ძმრით დავიზელთ.
დამატებითი საკვები ტვინისთვის
ჩვენს ორგანიზმს ზოგჯერ უდგება ისეთი პერიოდი, როდესაც დამატებითი საკვები სჭირდება. ტვინი მთელ ორგანიზმს მართავს, ამიტომ აუცილებელია მისი სათანადო კვება. მე სპეციალური მენიუ მაქვს შედგენილი, რომლის წყალობითაც ჩემი ორგანიზმი უფრო ადვილად უმკლავდება ფიზიკურ თუ გონებრივ სირთულეებს, წინააღმდეგობას უწევს ინფექციებს. ეს წამალი იმუნურ სისტემასთან ერთად შესანიშნავად ასტიმულირებს ტვინს.
- აიღეთ მწიფე მწვანე ვაშლი და გახეხეთ პლასტმასის სახეხზე. 1 ცალი ფორთოხალი გამოწურეთ და გახეხილ ვაშლს დაასხით. მოურიეთ, დაამატეთ 10 ცალი გახეხილი (ან დაკუწული) კაკლის გული და 1 სადილის კოვზი თაფლი. კარგად აურიეთ. მიიღეთ დილით, უზმოზე, და საღამოს, თითო სადილის კოვზი. მიიღეთ დაახლოებით 1 თვე.
ასაკობრივი შეზღუდვა და უკუჩვენება ამ წამალს არ გააჩნია, ამიტომ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მიირთვას.
ფიბრომა თავად მოვირჩინე
80 წლის ვარ. ჩემს თავზე წიქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ სხვა არაფერი დამკლებია. მიუხედავად ამისა, თავს მშვენივრად ვგრძნობ, არც მხედველობას ვუჩივი და არც მეხსიერებას. არადა, ახალგაზრდობაში ექიმებმა ფიბრომის დიაგნოზი დამისვეს და საოპერაციოდაც კი მამზადებდნენ. ოპერაციამდე ბებიამ ერთი რეცეპტი მასწავლა, რომლის წყალობითაც 3 თვეში ისე მოვმჯობინდი, ოპერაცია აღარ დამჭირდა. გთავაზობთ ამ რეცეპტს, იქნებ კიდევ ვინმეს გამოადგეს.
- ეს რეცეპტი სამკურნალო მცენარეთა ნაყენებით ვაგინალურ გამორეცხვებს ითვალისწინებს. პირველ დღეს გამორეცხვა გულყვითელას ნაყენით ტარდება, მეორე დღეს - ორკბილათი, მესამე დღეს კი გვირილით, შემდეგ კვლავ გულყვითელა, ორკბილა და გვირილა.
უმჯობესია, ნაყენი ხმელი მცენარეებისგან მოამზადოთ, თუმცა შეიძლება ნედლი ბალახის გამოყენებაც. ნაყენისთვის უნდა აიღოთ 3 ჩაის კოვზი მცენარე, დაასხათ ლიტრი წყალი და 15-20 წუთი ადუღოთ ნელ ცეცხლზე, 2 საათით დააყენოთ და გაწუროთ. გამორეცხვები გაიკეთეთ ნელთბილი ნაყენით და არა ცხელით.
ჩემი შვილი ოტიტისგან ნემსიწვერამ განკურნა
ჩემი ბიჭუნა 2 წლის რომ იყო, ოტიტი დაემართა. დაავადებამ ქრონიკული ფორმა მიიღო - ყურიდან დაეწყო სითხის დენა, ხოლო დაფის აპკზე ნახვრეტები გაუჩნდა. დროდადრო დაავადება ჩაცხრებოდა, მერე ისევ გამწვავდებოდა ხოლმე. არ მახსოვს, ვინ, მაგრამ ვიღაცამ მასწავლა რეცეპტი, რომელიც რისკის ფასად გამოვიყენე, რადგან სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავდი. ჩემი შვილი დღეს 35 წლისაა. მას შემდეგ აღარც ოტიტი დამართნია და ის ნახვრეტებიც შეუხორცდა, დაფის აპკზე რომ ჰქონდა.
- წამლისთვის გამოიყენეთ წვრილი, ცისფერყვავილა ნემსიწვერა. მსხვილი, მომრგვალოფოთლებიანი ნემსიწვერა არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ! აიღეთ ნემსიწვერას რამდენიმე ფოთოლი, გარეცხეთ თბილი ანადუღარი წყლით და შეაშრეთ. ხელით გამოწურეთ წვენი და ორივე ყურში თითო წვეთი ჩააწვეთეთ. წინასწარ ყური ფაქიზად გამოასუფთავეთ მშრალი ბამბის ტამპონით.
პროცედურის ჩატარება საჭიროა ყოველდღე, სანამ ჩირქის გამოყოფა არ შეწყდება. არც მკურნალობამდე და არც მის შემდეგ არ შეიძლება ყურში წყლის მოხვედრა! მკურნალობის დასრულების შემდეგ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
კატაბალახას ფესვები ისტერიკის წამალია
ერთი ქალიშვილი მყავს. ბავშვობიდანვე ვანებივრებდი, ხელისგულზე ვატარებდი. შედეგად მივიღე გაზულუქებული მოზარდი, რომელიც მცირე წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი ისტერიკაში ვარდებოდა. ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ სულ მე ხომ არ ვეყოლები? ეს ცხოვრება კი ისეთია, კოჭის გორებას არავინ დაუწყებს და ასეთი ხასიათის პატრონი გაიტანჯება. ბევრი რამ წამეკითხა კატაბალახას შესახებ. მისი ფესვების ნაყენი ორიოდეჯერ თავადაც მქონდა ნაცადი. გადავწყვიტე, ჩემს გოგონაზეც მეცადა. მართლაც, ჩემი შვილი საგრძნობლად შეიცვალა. ხასიათს რაღა გამოუსწორებს, მაგრამ გულყრამდე მისული ისტერიკა აღარ ემართება და მეც შედარებით მშვიდად ვარ.
- აიღეთ კატაბალახას ფესვები, უჟანგავი ლითონის დანით დაკეპეთ, ჩაყარეთ ბოთლში - იმდენი, რომ მეხუთედზე შეივსოს, შემდეგ ბოთლი არყით ან სპირტით აავსეთ და 9 დღის განმავლობაში დადგით ბნელ, გრილ ადგილას. ამის შემდეგ ნაყენი გადაღვარეთ, კატაბალახას ფესვები გამოწურეთ და გამონაწური ოთხფა დოლბანდში გაფილტრეთ. მიიღეთ 15-30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
კლიმაქსის დროს მცენარეული ჩაი დაგამშვიდებთ
რამდენიმე წლის წინ უჩვეულო მოვლენები დამეწყო: წამომახურებდა, ოფლი დამასხამდა, გული ამიჩქარდებოდა, აუხსნელი შფოთვა და მოუსვენრობა მეუფლებოდა, ზოგჯერ უმიზეზოდ ვბრაზობდი, ზოგჯერ კი გული ამიჩუყდებოდა ხოლმე და ცრემლად ვიღვრებოდი. მივედი ექიმთან. მან ყურადღებით მომისმინა და ამიხსნა, რომ ეს ყველაფერი კლიმაქსის ბრალი იყო, თან ათასნაირი დამამშვიდებელი თუ ჰორმონული პრეპარატი გამომიწერა. მეგობარმა, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია და ეს ყველაფერი გამოვლილი აქვს, მირჩია, ბუნებრივი საშუალებები მეცადა. მისი რეცეპტები ძალიან მომიხდა, ამიტომ სიამოვნებით გასწავლით თქვენც:
- აიღეთ 2 სუფრის კოვზი კრაზანა, ამდენივე ბარამბო, 1 სუფრის კოვზი სვია, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ, გადაწურეთ და დალიეთ ძილის წინ.
თუ ჩაის გემო მოგბეზრდათ, შეგიძლიათ, ინგრედიენტების თანაფარდობა თქვენი გემოვნებისა და შეხედულებისამებრ ცვალოთ.
- ძლიერი ოფლიანობისას კარგია სალბის ჩაი. ის ასე მზადდება: 3 ჩაის კოვზ სალბის ფოთოლს დაასხით 250 გრამი მდუღარე წყალი და თავდახურული ჭურჭლით 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. მიიღეთ ძილის წინ 2 ჭიქა.
კლეოპატრას აბაზანები
წელიწადის ცხელ პერიოდში, როდესაც კანის ზედაპირიდან სითხის აორთქლება განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს, დღის წესრიგში დგება კანის სიჯანსაღისა და ელასტიკურობის შენარჩუნების პრობლემა. საზოგადოდ, ზაფხულის სიცხე დიდი გამოცდაა ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი კანისათვის, ამიტომ ამ პერიოდში ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ მის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ. კანი რომ არ გამოშრეს და სიგლუვე და სიმკვრივე დიდხანს შეინარჩუნოს, კვირაში ერთხელ მაინც უნდა მივიღოთ კლეოპატრას აბაზანა:
- აიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ზეითუნის ზეთი და 0,5 ლ რძე, კარგად აურიეთ ერთმანეთში და ჩაასხით თბილი წყლით 3/4-ზე ავსებულ აბაზანაში. ჩაწექით 10-15 წუთით და თავი დედოფლად იგრძენით.
რადიკულიტის დროს შვებას მოგგვრით
რამდენიმე კვირის წინ რაიონში მომიხდა გამგზავრება. ჩვენი სატრანსპორტო საშუალებების ამბავი მოგეხსენებათ - გზაში ზურგი გამიოფლიანდა, ქარმა დამკრა და წელკავმაც არ დააყოვნა... რა არ ვსვი, რა ნემსი არ ვიკეთე, მაგრამ ყველაზე ეფექტური შავი ბოლოკის ფაფა აღმოჩნდა.
- აიღეთ შავი ბოლოკი, გაარჩიეთ, გარეცხეთ და წვრილად გახეხეთ, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და ნელ ცეცხლზე გაათბეთ. შემდეგ აიღეთ ბამბის ქსოვილი, ნახევარზე თხლად წაუსვით ბოლოკის გამთბარი ფაფა და მეორე ნახევარი ისე გადააფარეთ, რომ ფაფა გარეთ არ გადმოვიდეს. დაიდეთ მტკივან ადგილზე. დაიწყება ამ ადგილის ნელი და ღრმა გახურება. საფენი მანამდე გაიჩერეთ, ვიდრე მოთმინება გეყოფათ, მაგრამ ფრთხილად იყავით, კანი არ დაიწვათ. თუ ტკივილმა არ გაგიარათ, შეგიძლიათ პროცედურა მეორე დღესაც გაიმეოროთ.
ძახველის ნაყენი დიათეზს უხდება
ამ ნაყენით პატარა შვილიშვილს დიათეზი მოვურჩინე. მოხარული ვიქნები, თუ სხვებსაც გამოადგება.
- 5 სუფრის კოვზ ძახველის დასრესილ ნაყოფს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, 4 საათი გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 2-ჯერ ჭამამდე.
ბრონქიტის უბრალო და ეფექტური წამალი
ახალგაზრდობისას ბრონქიტი გადავიტანე. როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ ვიმკურნალე, რადგან ავადმყოფობამ ხველა და სულხუთვა დამიტოვა. ძალიან რომ შევწუხდი, ვიკადრე და ექიმთან მივედი. ასეთი დიაგნოზი დამისვეს: ქრონიკული ბრონქიტი ასთმური კომპონენტით. ერთ დღეს ქმარს სამსახურში დავურეკე, მაგრამ საუბრისას ისეთი ხველა ამიტყდა, სული ძლივს მოვიბრუნე. ჩემი მეუღლის თანამშრომელმა, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, შინაური რეცეპტი მომცა. იმდენად მარტივი მომეჩვენა, გამიკვირდა კიდეც, მაგრამ როდესაც მივიღე და ექიმთან ხელმეორედ მივედი, გაკვირვებული დარჩა - ასე მალე თუ მომჯობინდებოდი, არ მეგონაო. მას შემდეგ თითქმის ოცი წელიწადი გავიდა, ამ წამალს კი გაციებისას ოჯახში დღემდე ვიყენებთ.
- მომინანქრებულ ჭურჭელში ჩააგდეთ 300 გრამი ნაღების კარაქი და ნელ ცეცხლზე შედგით. როდესაც გადნება (არ უნდა ადუღდეს!), დაამატეთ 300 გრამი ნატურალური თაფლი და კარგად ამოურიეთ. მიიღებთ ერთგვაროვან მასას, რომელსაც უნდა დაუმატოთ 1 ჩაის ჭიქა შაქარი, ხოლო როდესაც გადნება - 100 გრამი კაკაო. მიიღებთ 800 გრამამდე შოკოლადის მსგავს მასას. ვიდრე თბილია, გადაასხით ქილაში და შედგით მაცივარში. შეგიძლიათ, 1 წელიც კი შეინახოთ. 1 სუფრის კოვზი 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში გახსენით და მიიღეთ. სვით, რამდენიც გნებავთ, ოღონდ არა შინიდან გასვლის წინ.
ნაღების კარაქის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის უმარილო ბადექონი.