სამკურნალო წერილები
როგორ გავხდეთ
სიმსუქნე ზაფხულში ერთიორად თვალში საცემი ხდება. მე მისგან თავის დაღწევაში დამეხმარა საზღვარგარეთ მცხოვრები და, რომელმაც იქაური ექიმის რჩევა-დარიგებით მომხიბვლელობაც დაიბრუნა და ჰიპერტენზიისა და ვენების დაავადებისგანაც გათავისუფლდა. ვისაც გახდომა სურს, უნდა მისდიოს აქტიურ ცხოვრების წესს, ერიდოს მაღალკალორიულ საკვებსა და ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს - თეთრ პურს, საკონდიტრო ნაწარმს, მაკარონს, კარტოფილს, ტკბილ ხილს, შაქარს, თაფლს, მურაბას. არც სითხის უზომოდ სმაა რეკომენდებული, განსაკუთრებით - ალკოჰოლიანი სასმელებისა. ახალი თეთრი პურის ნაცვლად ჯობს ორცხობილა მიირთვათ, ისიც - ზომიერად. ხილი არ გაფცქვნათ. რძე მხოლოდ ნაღებმოხდილი სვით. კვერცხი, ხორცი და თევზი კი არ შეწვათ, მოხარშეთ.
შავი ჩაის ნაცვლად მწვანე სვით; ყოველ დილით, უზმოზე, დალიეთ 30 მლ ცხელი (პირს უნდა გწვავდეთ) წყალი - ის კაპილარებს ასუფთავებს. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე: რძისა (მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ მხოლოდ 5 ჭიქა რძე), ვაშლისა (1,5 კგ ვაშლი), ბრინჯისა და ვაშლისა (მთელი დღის განმავლობაში მიირთვით 800-900 გ ვაშლი, ხოლო 3-ჯერ - ბრინჯის ფაფაც: 25 გ ბრინჯი მოხარშეთ 1 ჭიქა რძეში), ხილისა (1,5 კგ სხვადასხვა ხილი), მაწვნისა, ხაჭოსი, ვაშლიანი ხაჭოსი, კომპოტისა და ა. შ.
ისეირნეთ, რაც შეიძლება მეტხანს. სეირნობისას თუ მოგშივდათ, მიირთვით ხილი, უცხიმო რძე ან უცხიმო ფუნთუშა.
ახლა კი გასწავლით დიეტას, რომელიც 10 დღის განმავლობაში 4 კგ-ს დაგაკლებინებთ. 3-4 თვის შემდეგ დიეტა შეგიძლიათ გაიმეოროთ:
- 8.00 სთ - ფინჯანი ყავა ან ჩაი;
- 11.00 სთ - 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 8 ცალი შავი ქლიავი ან მისი ჩირი;
- 14.00 სთ - 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი და 100 გ კომბოსტოს ან სტაფილოს გარნირი, ვაშლი ან ფორთოხალი;
- 17.00 სთ - 30 გ ყველი ან ვაშლი;
- 20.00 სთ - 1 ჭიქა მაწონი.
პარალელურად მიიღეთ სამკურნალო აბაზანა:
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით არყის ხის ფოთოლი (შეიძლება ტოტებიც), ჭინჭარი, მარწყვბალახა, ოროვანდის ფესვი და ფოთოლი, ბაბუაწვერა, გვირილა, მატიტელა, შვიტა და ორკბილა. ყველაფერი - გამომშრალი. დააქუცმაცეთ, 500-700 გ ნარევს დაასხით 8-10 ლ ცივი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში, 40-50 წუთით დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ და აბაზანაში ჩაასხით. წყლის ტემპერატურა უნდა გესიამოვნოთ. ჩაწექით 5-10 წუთით.
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით გვირილა, მატიტელა, შვიტა, შავბალახა, ბეგქონდარა. 250-300 გ ნარევს დაამატეთ იმავე რაოდენობის თივის ნაფშვენი. აბაზანა მოამზადეთ პირველ რეცეპტში მითითებული წესით.
აფთიაქებში მრავალნაირი გასახდომი ჩაიც იყიდება. გასწავლით მათი მომზადების წესს: აიღეთ თანაბარი რაოდენობით და დააქუცმაცეთ:
- არყის ხის კვირტი, გვირილას ყვავილი, კრაზანა, ნეგო;
- ვარდკაჭკაჭას ფესვი, ხეჭრელის ქერქი, ოხრახუში, ბაბუაწვერას ფოთოლი, სიმინდის ულვაში, პიტნა, ფარსმანდუკი;
- ანწლის ყვავილი, გვირილა, ცაცხვის ყვავილი, კამა, პიტნა;
- ხეჭრელის ქერქი, ბაბუაწვერას ფესვი, ოხრახუში, კამა, პიტნა;
- სიმინდის ულვაში, ფარსმანდუკი, ვარდკაჭკაჭა, ბაბუაწვერას ფესვი, სალბი;
- კანის თესლი, გვირილა, ცაცხვის ყვავილი, ანწლი, პიტნა;
- ფარსმანდუკი, დიდგულა, გვირილა, ნეგო, კრაზანა, პიტნა, სიმინდის ულვაში, სელის თესლი, ასკილის ნაყოფი;
- აიღეთ, სურვილისამებრ, რომელიმე ნაკრები, 2 ჩაის კოვზს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და 10 წუთს გააჩერეთ ნელ ცეცხლზე თავდახურული ჭურჭლით, შემდეგ გადაიღეთ თერმოსში და დილამდე დატოვეთ. მიიღეთ 100-150 გ ყოველი ჭამის წინ, უფრო ზუსტად, 30 წუთით ადრე. შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით.
მკურნალობის კურსი 3-4 თვეა. 10-14-დღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობა სხვა ნაკრებით განაგრძეთ. სულ 12 თვე უნდა სვათ. ამის შემდეგ მხოლოდ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩაიტარეთ 10-14-დღიანი პროფილაქტიკური კურსი.
კურსის დაწყებამდე შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ ალერგია რომელიმე მცენარეზე.
დასასრულ, გასწავლით ვარჯიშებს, რომლებიც გახდომაში დაგეხმარებათ:
- დილით, საწოლიდან წამოდგომამდე, რამდენიმეჯერ წამოჯექით და ხელებით ფეხის წვერებს ისე შეეხეთ, რომ მუხლებში არ მოხაროთ. შემდეგ მუხლები გულმკერდთან მიიტანეთ და ფეხები მონაცვლეობით გაშალეთ.
- ხელებით დაეყრდენით სკამის საზურგეს, ცალი ფეხი ისე გასწიეთ უკან, რომ სხეულის მთელი სიმძიმე ხელებსა და მეორე ფეხის წვერზე მოდიოდეს. შემდეგ ხელები იდაყვში მოხარეთ, გულმკერდით შეეხეთ საზურგის კიდეს და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 10-ჯერ. ეს ვარჯიში მუცლიდან და თეძოებიდან ქონის გაქრობას უწყობს ხელს.
- იატაკზე დააფინეთ უხეში ფარდაგი, დაწექით ზურგზე, ხელები ტანზე მიიდეთ და ფრთხილად გადაბრუნდით აქეთ-იქით.
- დაწექით იატაკზე პირქვე, ხელისგულებით იატაკს დაეყრდენით და ტანი აზიდეთ. ეცადეთ, ხელები ბოლომდე გამართოთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 3-5-ჯერ.
საკვერცხეების ანთებას უხდება
გათხოვებიდან ერთი წლის შემდეგ საკვერცხეების ანთება დამემართა. ვიმკურნალებდი, ერთხანს კარგად ვგრძნობდი თავს, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ასე გაგრძელდა 2-3 წელი. ერთხელ ჩემი გასაჭირი მეგობარს შევჩივლე. მან ერთი ნაყენის მომზადება მასწავლა, რომლის წყალობითაც საკვერცხეების ანთება საბოლოოდ დავამარცხე.
- ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ თითო ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ძიძო, ასისთავა და ვირისტერფა, აურიეთ ერთმანეთში, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ერთ საათს გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში 6-ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში.
ეს ნაყენი გინეკოლოგის დანიშნულების პარალელურად უნდა მიიღოთ. თუ ასე მოიქცევით, მერწმუნეთ, ამ დაავადებისგან სამუდამოდ გათავისუფლდებით.
თუ შარდკენჭოვანი დაავადება გაქვთ
დიდი ხანია, თირკმელებში კენჭები მაქვს. კენჭის გავლაც ბევრჯერ მქონია. ეს ისეთი აუტანელი ტკივილია, რომ სიკვდილს განატრებინებს. ერთხელ შეტევა სამსახურში მომივიდა. სასწრაფო დახმარების გამოძახება დაგვჭირდა. სანამ ორი ამპულა ბარალგინი არ გამიკეთეს, ჩემი გმინვა მთელ შენობაში ისმოდა. სამსახურიდან ერთი კვირით გამათავისუფლეს. როცა მოვმჯობინდი და სამსახურში გავედი, თანამშრომელმა ერთი ნაყენის რეცეპტი მასწავლა. მითხრა, კენჭის გავლა აღარასოდეს დაგემართებაო. დავუჯერე და დღემდე მადლიერი ვარ ამ ქალბატონის. გადავწყვიტე, ეს რეცეპტი თქვენს მკითხველსაც გავუზიარო:
- აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი დაქუცმაცებული სიმინდის ულვაში, დათვის კენკრა და ლობიოს საგდული. 40 გ ნარევს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, გაგრილებამდე გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გაფილტრეთ, 6 ულუფად გაყავით და მთელი დღის განმავლობაში სვით.
ოხრახუში შესანიშნავი შარდმდენია
საუკეთესო შარდმდენი საშუალება კარგა ხანს ნიახური მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოხრახუში უფრო ძლიერი ყოფილა. მე პერიოდულად ფეხები მიშუპდება და შარდმდენების სმა მიწევს. ვცდილობ, ქიმიური საშუალებები დროდადრო ბუნებრივი საშუალებებით შევცვალო. აქამდე ნიახურის ძირების ნახარშს ვსვამდი. საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სულ ერთი და იმავეს სმა მოსაბეზრებელია, თანაც ორგანიზმი ეჩვევა, ამიტომ სულ ახალი საშუალების ძიებაში ვიყავი და მივაგენი კიდეც. გთავაზობთ მისი მომზადების წესს:
- 80 გ გარეცხილ ოხრახუშს გადაავლეთ მდუღარე წყალი და დაჭერით. ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით იმდენი რძე, რომ მთლიანად დაფაროს. შედგით ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ გაფილტრეთ. უნდა სვათ მთელი დღის განმავლობაში, საათში ერთხელ, 1-2 სუფრის კოვზი.
სისხლდენა თუ ვერ შეიჩერეთ
ბავშვობიდანვე ერთი უბედურება მჭირდა - ცხვირიდან მოულოდნელად წამსკდებოდა ხოლმე სისხლი და ვერაფრით ვიჩერებდი. ვერც მიზეზი გავიგე. ერთნი ერთს ამბობდნენ, მეორენი - მეორეს. ავადმყოფობას ვერ დავაბრალებდი, რადგან ბავშვობიდან ფრჩხილიც არ წამომტკივებია. ბოლოს დავასკვენი, რომ ცხვირის სისხლძარღვების სისუსტის ბრალი იყო. სისხლდენასთან გამკლავება ერთმა უბრალო შემთხვევამ მასწავლა. ერთხელ მეგობარს ვესტუმრე და ღამით მასთან დავრჩი. მოულოდნელად ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. ჩემი მეგობარი შეშინდა და დედას დაუძახა, რომელმაც მასწავლა, რა გამეკეთებინა ამ დროს, მე კი მინდა, თქვენც გასწავლოთ.
- ჩემი მეგობრის დედამ თავდაპირველად მაცივრიდან გამოღებული ყინული ტილოში შეახვია და ცხვირზე დამადო, მერე აიღო 1 ჭიქა ცივი წყალი, ჩააწურა მასში მეოთხედი ლიმონის წვენი და მთხოვა, ეს ნარევი ცხვირით შემესრუტა და თითის ნესტოზე მიჭერით ცოტა ხანს ცხვირში შემეკავებინა. სისხლდენა ძალიან მალე შემიწყდა.
გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცედურის დროს მშვიდად უნდა იჯდეთ (არ დაწვეთ!). ხსნარისთვის, გარდა ლიმონისა, შეიძლება გამოიყენოთ ღვინის ძმარი - ერთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე. შესანიშნავია ჩვეულებრივი შაბიც: დაფხვენით, 1/3 ჩაის კოვზი გახსენით ერთ ჭიქა ცივ წყალში, ცხვირით შეისრუტეთ და ორივე ნესტო კარგად გამოირეცხეთ. ამავე მიზნით ზაფხულში შეიძლება გამოიყენოთ ფარსმანდუკის ქორფა ფოთლები ან მათი გამონაწური. ფოთლები კარგად დასრისეთ და პატარ-პატარა ნაფლეთები ნესტოებში ჩაიდეთ ან თითოეულ ნესტოში ჩაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი ახალგამოწურული წვენი.
ნივრის მძივები თავის ტკივილს დაგიამებთ
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, უკვე სამი წელია, შაკიკს ჩვეულებრივი ნივრით ვებრძვი. ეს რეცეპტი მეგობარმა მასწავლა. თავის ტკივილის დროს 1-2 კბილ ნიორს ხეხავს, ახვევს დოლბანდში და რამდენიმე წუთით საფეთქლებზე იდებს. მე უფრო მარტივად ვიქცევი: ძაფზე ვაცვამ ნივრის გაურჩეველ კბილებს და ვიგრძნობ თუ არა, რომ შეტევა მეწყება, იმწამსვე ვიკეთებ ყელზე. თავის ტკივილი 20-30 წუთში გაივლის. ნივრის მძივი კარგად ინახება მაცივარში.
რით მოვიშუშოთ ნაღრძობი
ფეხი რატომღაც ხშირად მიბრუნდებოდა და რამდენიმეჯერ ვიღრძე კიდეც. ხან რა საშუალებას მივმართე და ხან რას. ბოლოს ექიმსაც მოვეთათბირე და რამდენიმე მეთოდზე შევჩერდი. მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.
- ნაღრძობი და დაჭიმული ადგილი შეიხვიეთ და მოასვენეთ. ოჯახის რომელიმე წევრს სთხოვეთ, მოგიმზადოთ წიწვების, კაკლის ფოთლების, თივის ნახარში და გაიკეთეთ ნაღრძობი ადგილის თბილი აბაზანა, შემდეგ ნაღრძობ ადგილას დაიდეთ მრავალძარღვას, კაკლის ან კომბოსტოს ფოთლები და ისევ მჭიდროდ გადაიხვიეთ. დილისთვის შესივება ჩაცხრება, ტკივილიც თითქმის გაივლის.
ვიდრე ამ მეთოდს გამოიყენებთ, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ კიდური ნაღრძობია და არა მოტეხილი. ამისთვის ექიმს მიმართეთ.
დაფნა - წამალი
წლების განმავლობაში საშინელ დღეში მაყენებდა ხელის თითები, ოდნავ სიცივეშიც კი ისე მტკივდებოდა, განძრევა მიჭირდა. ღამით ხელთათმანებით ვიძინებდი, თითებს ბოლომდე ვერ ვშლიდი. ჩემმა მძახალმა ეს რომ გაიგო, ძალიან მარტივი, მაგრამ უებარი საშუალება მასწავლა. აი ეს რეცეპტი:
- ჭიქაში უნდა ჩადოთ 1 ცალი დაფნის ფოთოლი და დაასხათ მდუღარე. როცა შეგრილდება, უნდა გაწუროთ და დალიოთ. მეორე დღეს 2 ფოთოლს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე, მესამე დღეს - სამს და ასე შემდეგ. 10 ფოთლამდე რომ ახვალთ, დაიწყეთ კლება და 1 ფოთლამდე ჩამოდით.
ამ კურსს 6 თვეში ერთხელ ვიტარებ. ძალიან მომიხდა. ვისაც იგივე პრობლემა გაქვთ, სცადეთ, დარწმუნებული ვარ, გიშველით.
დინდგელის საოცარი ძალა
წლების განმავლობაში მტკიოდა კუჭი. ჩავიტარე გასტროფიბროსკოპია და დამისვეს თორმეტგოჯას წყლულის დიაგნოზი. სად არ ვიყავი, რით არ ვიმკურნალე, რა დიეტა არ ვსინჯე, მაგრამ შედეგი ყოველთვის ხანმოკლე იყო. თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობია - არც მე გახლდით ანგელოზი, დიეტასაც ვარღვევდი და არც მკურნალობა მიმყავდა ყოველთვის ბოლომდე. ჩემს წამებას სოფლიდან ჩამოსული მეზობლის დეიდა შეესწრო, ჩაიღიმა და მითხრა, ისეთ წამალს გასწავლი, ეს შენი სატკივარი თავის დღეში აღარ მოგაგონდებაო. ვისაც ვასწავლე, ყველა კმაყოფილია, სცადე, ეგებ შენც გიშველოსო. ვცადე და, თქვენ წარმოიდგინეთ, მოხდა სასწაული... დღეს ტკივილი აღარ მაწუხებს. მინდა, იმ კეთილშობილ ქალბატონს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა და მისი რეცეპტი "ოჯახის მკურნალის" მკითხველსაც გავუზიარო:
- აიღეთ 50 გ დინდგელი და 0,5 კგ ახალი კარაქი. გაალღვეთ კარაქი ცხელი წყლის აბაზანაში, მიიყვანეთ ადუღებამდე. დინდგელი დაჭერით წვრილად (შეგიძლიათ გაყინოთ და გახეხოთ). როგორც კი კარაქი დუღილს დაიწყებს და ზედაპირზე ბუშტები გაუჩნდება, ჩაუშვით მასში დინდგელი. ურიეთ, სანამ დინდგელი კარგად არ გადნება და არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას (ამას დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდება). მიღებული მასა გააგრილეთ, გაწურეთ ორფა დოლბანდში, გადაიღეთ მინის ჭურჭელში, კარგად რომ გაცივდება, შედგით მაცივარში. მიიღეთ დესერტის კოვზით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. როცა ეს ულუფა გაგითავდებათ, მოამზადეთ მეორე და ასევე ბოლომდე მიიღეთ.
მაკურნებელი ჩაი
ოჯახში ერთი საინტერესო ტრადიცია გვაქვს: დილა-საღამოს და თუ მოგვესურვება, შუალედშიც ვსვამთ ჩაის, მაგრამ არა ჩვეულებრივს ან ბალახეულს, არამედ ხის ტოტებისას. მისი დაყენება დედაჩემისთვის ბებიაჩემს უსწავლებია, ბებიაჩემისთვის - თავის დედას და ასე, თაობიდან თაობამდე. სხვათა შორის, ჩემი წინაპრები დღეგრძელობით გამოირჩეოდნენ და ამას სწორედ ხის ტოტების ჩაის უმადლოდნენ. მეც ბავშვობიდანვე გეახლებით ამ ნაყენს და თუმცა უკვე 70 წელს მივუკაკუნე, ავადმყოფობას ჯერაც არ შევუწუხებივარ. ჩემი მეუღლე, შვილები და შვილიშვილებიც ვაზიარე დღეგრძელობის ამ საიდუმლოს და, ღვთის შეწევნით, ჯერჯერობით თავს ისინიც ჩინებულად გრძნობენ.
- აიღეთ ვაშლის, მსხლის, ალუბლის, წითელი და შავი მოცხარის თითო ტოტი, 10-15 სმ სიგრძისა; დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ ჩაიდანში და დაასხით ცივი წყალი. 1-2 საათი გააჩერეთ, შემდეგ შედგით ნელ ცეცხლზე და ნახევარი საათი ადუღეთ, რომ გადმოდგამთ, კიდევ 15 წუთი გააჩერეთ და ჩაიც მზადაა. დროდადრო, უფრო არომატული რომ გავხადო, პიტნას ან გვირილას ვამატებ. თუ რომელიმე სნეულებამ შეგვაწუხა, ჩაიში სამკურნალო ბალახებსაც ვყრი.
სინჯეთ, იქნებ თქვენი ოჯახის წევრებსაც ეგემრიელოთ.