სამკურნალო წერილები
დაღლილ ტვინს ასე უშველით
შარშან ჩემი უმცროსი ვაჟი აბიტურიენტი იყო. გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სტუდენტიც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გონებრივი შრომა არასდროს უჭირდა, პირველი სემესტრის შემდეგ სესიებს თავი ძლივს გაართვა - ეტყობოდა, აბიტურიენტობის დროს გონებრივ დატვირთვას ისე გამოეფიტა, ძალების აღდგენა ვერ მოესწრო. ტვინის მუშაობის მასტიმულებელი აბაზანები მეგობარმა გვირჩია. რამდენიმე აბაზანის შემდეგ ბავშვს აშკარა გამოცოცხლება შეეტყო და ცოტა ხანში სავსებით აღიდგინა გონებრივი დატვირთვის ატანის უნარი. ყველა აბიტურიენტსა და სტუდენტს ვურჩევ, მეცადინეობითა და შრომით გადაღლილ ტვინს რამდენჯერმე ასეთი აბაზანა "მიაღებინოს":
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით ჭინჭარი, გვირილა, არყის ხის ფოთლები, ოროვანდის ფესვი და ორკბილა. 500 გრამ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 5 ლიტრი ადუღებული წყალი და 5-7 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. დააყენეთ ნახევარი საათი, გაწურეთ და წყლით ნახევრად სავსე აბაზანაში ჩაასხით.
წყლის ტემპერატურა 35-37 გრადუსი უნდა იყოს, პროცედურის ხანგრძლივობა კი 10-15 წუთი. ეს აბაზანა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ძალების აღდგენას გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
ლუდი წამალიც ყოფილა
ლუდს, ბევრისთვის საყვარელ ამ სასმელს, მრავალი სამკურნალო თვისებაც ჰქონია. გრიპის ეპიდემიების დროს პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ 1 ჭიქა ღია ფერის ლუდში ჩააწვეთოთ ლიმონის წვენი, დალიოთ დღეში რამდენჯერმე.
- მადისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად: მუქი ფერის ლუდში გახსენით 2 სადილის კოვზი არაჟანი, ცოტაოდენი მარილი, კარგად მოურიეთ და მიიღეთ ყოველდღე, სადილისა და ვახშმის წინ. მკურნალობის კურსი 3 თვეა.
- დანაყეთ 3 კაკალი, დაასხით 1 ჭიქა ლუდი და დაამატეთ ცოტაოდენი მარილი. მიიღეთ დღეში ერთხელ, სადილის წინ. ეს წამალი ძალიან მოუხდებათ ნაავადმყოფარ, დასუსტებულ და გამხდარ ადამიანებს. მარილის ნაცვლად შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი.
- ნაღრძობისა და დაჭიმულობის დროს: აიღეთ 1 ლიტრი ლუდი, ჩაასხით მომინანქრებულ ჭურჭელში და 50 გრადუსამდე გააცხელეთ. გადაასხით თასში. დაასველეთ თხელი დოლბანდი, გაწურეთ, ჭრილობის მხარეს დააყარეთ შავი პილპილი, დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე და გადაიხვიეთ თხელი პირსახოცით.
საფენი 5-10 წუთი გააჩერეთ, შემდეგ მოიხსენით და პროცედურა გაიმეორეთ. ჩვეულებრივ, სამი გამეორება საკმარისია.
მოტეხილობის დროს ასკილი და გულყვითელა დაიხმარეთ
დიდხანს მეგონა, რომ მოტეხილი ძვლების სამკურნალოდ ადგილობრივი საშუალებები (თაბაშირი, საფიქსაციო მასალები) კმაროდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს თავად მოვიტეხე ხელი და დავრწმუნდი, რომ დაზიანებული ძვლების გასამთელებლად ბევრი სხვა რამეც იყო საჭირო. ასე მივაგენი ასკილითა და გულყვითელათი (ბევრი მას კალენდულას სახელით იცნობს) მკურნალობის მეთოდს.
ასკილი დაზიანებულ ქსოვილებში რამდენჯერმე ააქტიურებს რეგენერაციის პროცესს, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, ძვლოვანი ფრაგმენტების გამთელებას, ზრდის ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს, ამიტომ მოტეხილობის დროს ის განსაკუთრებით საჭიროა.
- 25 გრამ ასკილის დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ ადუღებული წყალი, 10 წუთით შემოდგით ნელ ცეცხლზე, გადმოდგით და 6-10 წუთი გააჩერეთ, გაწურეთ და სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- აიღეთ 1,5 სადილის კოვზი დაქუცმაცებული გულყვითელას ყვავილი, ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ საათი-საათნახევარი, შემდეგ გაწურეთ და სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ.
ნაყენი ამცირებს ტკივილს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, რომელიც მოტეხილობის დროს ძლიერ გაღიზიანებულია და აჩქარებს ქსოვილებში აღდგენით პროცესებს.
ჭარხალი ქოლესტერინის მტერია
ჭარხალი საუკეთესო საშუალებაა ცხიმოვანი ცვლის მოსაწესრიგებლად და ჭარბი წონის მოსაცილებლად. ის, როგორც ახლახან შევიტყვე, ნატრიუმსა და კალციუმს უნიკალური თანაფარდობით - 10:1 - შეიცავს. გარდა ამისა, ის მდიდარია იოდით - ამ მიკროელემენტის შემცველობით ბოსტნეულს შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. უხვად არის მასში მაგნიუმიც, რომელიც არეგულირებს სისხლძარღვთა ტონუსს და თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს. ჭარხალში არსებულ უჯრედისსა და პექტინებს ორგანიზმიდან სწრაფად გამოჰყავთ მავნე ქოლესტერინი.
- მავნე ქოლესტერინისა და ათეროსკლეროზისგან ორგანიზმის დასაცავად ყოველდღე უნდა მიირთვათ 0,5 კგ-დან 1 კგ-მდე მოხარშული ჭარხალი - უნდა გაყოთ სამად ან ოთხად (რამდენჯერაც ტრაპეზობთ დღეში) და ყოველი ჭამის შემდეგ შეუკაზმავად დააყოლოთ ძირითად ულუფას. კურსი 15 დღიდან თვემდე გრძელდება.
თუ თვალს სიმახვილე მოაკლდა
ორი ათეული წელი კორექტორად ვიმუშავე ერთ-ერთ გამომცემლობაში, ჰოდა, რა გასაკვირია, რომ თვალისჩინი თანატოლებზე გაცილებით ადრე დამაკლდა. სათვალე მოვირგე და მუშაობა გავაგრძელე, მაგრამ მალევე შევამჩნიე, რომ მხედველობა უფრო და უფრო მეტად მაკლდებოდა. სათვალე ორჯერ გამოვცვალე, მერე კი მივხვდი, სხვა გზა უნდა მეპოვა და მეც ხალხური მედიცინის წიაღში მხედველობის გასაუმჯობესებელი რეცეპტები მოვიძიე. მოგვიანებით გავარკვიე, რომ შავი მოცხარი ამ თვისების გამო კოსმონავტების მენიუშიც კი შედის. თვალისჩინის აღსადგენი და გასაუმჯობესებელი საშუალება ასე მზადდება:
- უნდა აიღოთ 1 კგ შავი მოცხარი, ჩაყაროთ მინის ქილაში და დააყაროთ 1200 გრამი შაქარი. ქილა შედგათ მაცივარში, გააჩეროთ ერთი დღე-ღამე და როდესაც მოცხარი წვენს გამოუშვებს, კარგად მოურიოთ. უნდა მიირთვათ დღეში ორჯერ, 50-50 გრამი.
- მხედველობას ძალიან უხდება უკადრისას ფოთლების ნაყენიც. უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი უკადრისას ხმელი ფოთოლი და დააქუცმაცოთ, ჩაყაროთ თერმოსში და დაასხათ 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, დადგათ საათ-ნახევრით, შემდეგ გაწუროთ და სვათ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
არანაკლები ეფექტი აქვს უკადრისას ნედლი ფოთლების სალათს. უკადრისას ნაზი ფოთლები მშვენიერი სასალათე მასალაა. განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. არ არსებობს სხვა მცენარე, რომლის ფოთლებიც იმდენC ვიტამინს შეიცავდეს, რამდენიც უკადრისას ფოთლებშია. ერთი კილოგრამი ნედლი ფოთოლი 700 მგ C ვიტამინს შეიცავს, ხმელი - უფრო მეტს. საგემოვნო თვისებებით ის სულაც არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივ სალათას, კვებითი ღირებულებით კი აღემატება კიდეც.
უკადრისა ადრე გაზაფხულზე ხარობს, ამიტომ ყველას გირჩევთ, ხშირად მიირთვათ მისი სალათი და თავად დარწმუნდეთ მის იმუნომასტიმულებელ და ზოგადმომამაგრებელ უნიკალურ თვისებებში. ბევრმა არ იცის, რომ ყოველ დილით, უზმოზე, 100-150 გრამი უმი ჭარხლის ჭამით რამდენიმე წლით გაიუმჯობესებს დაქვეითებულ მხედველობას, რადგან ჭარხალი მდიდარია თუთიით, რომელიც დადებითად მოქმედებს მხედველობის სიმახვილეზე.
ნაძვი სახსრების წამალია
დიდხანს ვიმუშავე აბრეშუმის ფაბრიკაში. მთელი დღე ნესტსა და ხმაურში ფეხზე ვიდექი. შედეგად მივიღე უამრავი დაავადება, მათ შორის სახსრებისაც. ამ ზაფხულს აგარაკზე სახსრების საშინელმა ტკივილმა ამიტანა. მეზობელმა ნაძვის ტოტები მომიტანა და მასწავლა მათი აბაზანის მიღების წესი:
- ნაძვის ახალმოჭრილ ტოტებს დაასხით მდუღარე წყალი და ნახევარი საათი გააჩერეთ. 37-38 გრადუს ტემპერატურის აბაზანაში 30 წუთით მოათავსეთ მტკივანი სახსრები, შემდეგ თბილად შეიხვიეთ და 1 საათით წამოწექით. ასეთი 5-7 აბაზანა მაინც გაიკეთეთ.
ჩაზრდილ ფრჩხილს ასე უშველით
როგორც ჩანს, ფრჩხილი არასწორად მოვიჭერი და ჩამეზარდა. დამეწყო ტკივილები, ფეხსაცმლის ჩაცმა კი არა, სიარულიც მიჭირდა. მეგობარმა მასწავლა ასეთი საშუალება:
- ფეხი უნდა დავილბოთ ცხელ სოდიან წყალში (1 სუფრის კოვზი სოდა 1 ლიტრ წყალზე), შემდეგ ჩაბრუნებულ ფრჩხილზე დავიდოთ ნაღების კარაქი, დავაფაროთ ხელსახოცი, პოლიეთილენის ნაჭერი და გადავიხვიოთ. 1 დღე-ღამის შემდეგ ფეხი ისევ დავილბოთ. ფრჩხილი ძალიან დარბილდება. ფრთხილად ავწიოთ ჩაბრუნებული ფრჩხილის კუთხე და მის ქვეშ მოვათავსოთ ნაღების კარაქით გაჟღენთილი ბამბის ბურთულა, ისევ დავაფაროთ ხელსახოცი, პოლიეთილენი და შევახვიოთ. ეს პროცედურა გავიმეოროთ ყოველდღე, სანამ ფრჩხილი არ წამოიზრდება (დაახლოებით 2 კვირა). ასე გადარჩებით ქირურგიულ ჩარევას.
ნიორი - ბუნების საჩუქარი
ცნობილია, რომ ნიორი ერთ-ერთი ძლიერმოქმედი საშუალებაა. უხდება გულის დაავადებებს, ნაწლავებს, ებრძვის ინფექციებს, ზედმეტ წონას. მე მინდა გასწავლოთ იმ წამლის რეცეპტი, რომელიც გაციების დროს უებარია. ეგებ გაგეღიმოთ, ამ პაპანაქებაში რა დროს გაციებააო, მაგრამ ბევრი სწორედ ახლა ცივდება კონდიციონერისა თუ ორპირი ქარის წყალობით. ეს წამალი ასე მზადდება:
- აიღეთ 1/4 ჩაის კოვზი გახეხილი ნიორი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ და მიიღეთ დღეში 1-2-ჯერ. კარგია გაციების სეზონის წინ მიღებაც იმუნური სისტემის მოსაძლიერებლად.
მზისგან დამწვარ კანს მოგიშუშებთ
ყველამ იცის, რომ კანის რამდენიმე ტიპი არსებობს და მზის სხივებზე თითოეული მათგანი სხვადასხვანაირად რეაგირებს. ზოგი მთელ დღეს ისე გაატარებს მზეზე, რომ არ დაიწვება, ზოგს კი დამწვრობის მისაღებად ათი წუთიც ჰყოფნის. მზით დამწვრობის დროს კარგია არაჟანი და კეფირი - წაისვით დამწვარ ადგილას, ტკივილსაც დააცხრობს და დამწვრობასაც მოაშუშებს. შეიძლება ასევე კეფირის, არაჟნის ან რძის ცივი კომპრესის გაკეთება. კარგად აშუშებს დამწვრობას ღვინის ძმარი, რომელსაც გამაგრილებელი ეფექტიც აქვს.
- გვირილის კრემს დაამატეთ 5-6 წვეთი პიტნის ზეთი და დამწვარ ადგილზე წაისვით. აქვს გამაგრილებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ართრიტისა და ოსტეოქონდროზის დროს
თუ ართრიტი ან ოსტეოქონდროზი გაწუხებთ, სიამოვნებით გასწავლით ერთი მალამოს რეცეპტს, რომელიც იოლი მოსამზადებელი და ძალიან ეფექტურია. თავადაც ვისვამ, როცა სახსრები მტკივდება.
- აიღეთ 1 უმი კვერცხი ნაჭუჭიანად, დაასხით ღვინის ძმარი და 2 დღით დატოვეთ - კვერცხი უნდა გაიხსნას. შემდეგ დაამატეთ 100 გრამი ნაღების კარაქი და კარგად აურიეთ. მიიღებთ მალამოს, რომელიც უნდა შეინახოთ გრილ ადგილას, უმჯობესია მაცივარში, და ისვათ მტკივან ადგილებზე.
ტაქიკარდიის დროს კუნელი შვებას მოგგვრით
გულს არასოდეს შევუწუხებივარ, ამიტომ არც ექიმთან მივსულვარ ოდესმე, მაგრამ რამდენიმე თვეა, დამეწყო ნერვიულობის შემდეგ გულის აჩქარება - ტაქიკარდია, რომელიც ზოგჯერ მთელი დღე გასტანს. მეგობარმა, პროფესიით ბიოლოგმა, კუნელის ნაყენის მიღება მირჩია.
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 20 წუთით დადგით. მიიღეთ ყოველდღე ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
შარდის შეუკავებლობა ნუ შეგაშინებთ
მინდა შემოგთავაზოთ რეცეპტი, რომელიც შარდის შეუკავებლობის დროს გამოგადგებათ:
- 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთსა და 1 ჩაის კოვზ ნივრის ახალგამოწურულ წვენს დაამატეთ 150 გ მდუღარე წყალი, გაგრილება აცადეთ და დალიეთ ჭამამდე 15 წუთით ადრე. მიიღეთ დღეში 3-ჯერ. ყოველ ჯერზე ახალ-ახალი ნარევი მოამზადეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ლიმონი ან 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. სვით სრულ განკურნებამდე. დამიჯერეთ, შედეგი არ დააყოვნებს.
ქრისტესისხლა ძვირფასი მცენარეა
ჯარში ფეხებზე სოკო გამიჩნდა. ათასგვარი მალამო ვსინჯე, მაგრამ ბოლომდე ვერაფერმა გამიქრო. ერთხელაც ჩემმა მეგობარმა, კარგმა ექიმმა, შეიტყო ჩემი ამბავი და ასეთი რეცეპტი მირჩია:
- ვიღებთ ქრისტესისხლას წვენს, ვურევთ იმავე რაოდენობის არყის ხის წებოს და პროპოლისის ნაყენს. ამ ნარევით დღეში რამდენჯერმე ვიზელთ ტერფებს.
მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ სოკო გაქრა. რამდენიმე წლის შემდეგ ამავე საშუალებით მოვირჩინე ხელებზე ეგზემა.