კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს სტაფილოს წვენი გარგებთ, ხოლო დაბალი მჟავიანობისას მოცვისა და მარწყვის ნაყენი
ტკივილი განსაკუთრებით მშიერ კუჭზე მაწუხებდა. მივედი ექიმთან, დამიდგინეს გასტროდუოდენიტი და მჟავიანობის მომატება. დავიწყე მკურნალობა წამლებით, მივაშველე ხალხური საშუალებებიც. რამდენიმე კურსის შემდეგ შვება ვიგრძენი. მინდა, თქვენც მოგაწოდოთ ეს რეცეპტები, იქნებ გამოგადგეთ.
- თუ კუჭმა შეგაწუხათ, მოიმარაგეთ მარწყვი, ძახველი, შინდი და ხურტკმელი. აიღეთ თანაბარი რაოდენობით, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, მოადუღეთ და ჩაისავით სვით.
- კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს აიღეთ 1 კგ სტაფილო, გახეხეთ და კარგად გაწურეთ. მიიღეთ წვენი დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, სუფრის კოვზით.
- კუჭის დაბალი მჟავიანობის დროს კარგია მოცვისა და ახალი მარწყვის ნაყენი. აიღეთ ორივე კომპონენტი თანაბარი რაოდენობით, დაასხით ადუღებული წყალი და 30 წუთით დააყენეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. მიიღეთ უზმოზე სუფრის კოვზით.
- მწვავე გასტრიტის დროს დაკრიფეთ მრავალძარღვა, კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. აიღეთ 200 გრამი, კარგად დასრისეთ, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლიტრი ჭაჭის არაყი და 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. ქურიდან გადმოდგით, გააგრილეთ, გაწურეთ და ჩაასხით ბოთლში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დილით, უზმოზე, საწოლიდან ადგომამდე 1 საათით ადრე.
გახსოვდეთ: სანამ წამალს იღებთ, სიგარეტის მოწევა არ შეიძლება.