ნიორი ჩვენი ჯანმრთელობისთვის
ნიორი განამტკიცებს იმუნიტეტს
ნიორში შემავალი ანტიოქსიდანტები ანეიტრალებს (ბოჭავს) თავისუფალ რადიკალებსა და ტოქსინებს, რომლებიც აზიანებს ორგანიზმის ქსოვილებს და იწვევს სხვადასხვა პათოლოგიას. დღეს უკვე კვლევებითაა დადასტურებული, რომ ნიორი გაციების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა.
ნიორს აქვს ანტიმიკრობული ეფექტი
ხალხურ მედიცინაში ნიორი ოდითგან გამოიყენება ინფექციურ დაავადებებთან გასამკლავებელ ეფექტურ საშუალებად. ჯერ კიდევ 1858 წელს მიკრობიოლოგმა და იმუნოლოგიის ფუძემდებელმა, ლუი პასტერმა, აღნიშნა ნივრის ანტიბაქტერიული მოქმედება სწრაფად მზარდ მრავალ ბაქტერიაზე.
ნიორში შემავალი ანტიბაქტერიული საშუალება - ალიცინი ძლიერი ანტისეპტიკური თვისებებით გამოირჩევა, არ აძლევს ბაქტერიებს გამრავლებისა და გავრცელების საშუალებას. ხორცპროდუქტებში ნაწლავის ჩხირის განადგურებისათვის თერმული დამუშავების (მაგალითად, შეწვის) წინ ხორცი ნივრით უნდა დავამუშაოთ და გარკვეული დროით გავაჩეროთ. ბაქტერიები ყველა შემთხვევაში განადგურდება, თუნდაც თერმული დამუშავება 70 გრადუსზე დაბალი ტემპერატურით წარიმართოს. იმავე მეთოდს იყენებენ სალათებთან. მათი გაფუჭების ასარიდებლად (ანუ მათში მიკრობთა ასალაგმად) სალათებს უმ ნიორს ამატებენ.
ნიორი აუმჯობესებს პირის ღრუს მიკროფ ლორას
ანტიბაქტერიული თვისებების თვალსაზრისით ნიორი მოქმედებს ციპროფლოქსაცინის ანალოგიურად, რომელიც ხშირად პირის ღრუს ინფექციებთან საბრძოლველადაც გამოიყენება. მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ ნივრის ექსტრაქტი (გამონაწვლილი) ეფექტიანია მრავალი უმარტივესის, მათ შორის კანდიდოზის გამომწვევი ჩანდიდა Aლბიცანს-ის მიმართაც. ნიორი ამცირებს კბილის ნადებს, ამიტომაც კბილის ელექსირის ნაცვლადაც შეიძლება მისი გამოყენება. პირის ღრუს დაავადებათა საპროფილაქტიკოდ რეკომენდებულია ყოველდღიურად ერთი კბილი ნივრის დაღეჭვა.
ნიორი ამაღლებს ვარჯიშის შედეგებს
არსებობს უამრავი საარქივო მასალა, რომლითაც ირკვევა ძველი ბერძნებისა და პირველი ოლიმპიელების წარმატების მიზეზები. ისინი თურმე შეჯიბრებების წინ ძალებს რამდენიმე კოვზი წვრილად დაქუცმაცებული (დანაყილი) ნივრით განიმტკიცებდნენ. შუა საუკუნეებში მძიმე ფიზიკური სამუშაოთი დაკავებულებს დაღლილობის დასაძლევად ნივრის ჭამას აიძულებდნენ. ამ ყველაფრის მიზეზი ის გახლავთ, რომ ნიორი ანელებს გულის მუშაობის რიტმს და ხელს უწყობს სისხლის ნაკადის კუნთებისაკენ გადანაწილებას, ამიტომ ადამიანის სხეული უკეთ მუშაობს.
გულის პათოლოგიათა კვლევის საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს - კარდიულ პაციენტებთან, რომლებიც ნივრის ზეთს 6 კვირის განმავლობაში იღებდნენ, შეინიშნებოდა გულის შეკუმშვათა სიხშირის 12%-ით შემცირება და ფიზიკური შრომისუნარიანობის გაუმჯობესება.
იმისათვის, რომ ეფექტი შეიგრძნოთ, ვარჯიშისა თუ გარბენის წინ საკვებს ცოტაოდენი ნიორი დაამატეთ!
ნიორს აქვს დეტოქსიკაციური ეფექტი
სპეციფიკურ და მძაფრ არომატს ნიორს გოგირდი ანიჭებს. გოგირდის შენაერთებს კი, მოგეხსენებათ, სიმსივნური უჯრედების განადგურება შეუძლიათ, ზოგიერთ მათგანს ორგანიზმიდან მძიმე მეტალები გამოაქვს, ასევე წიდები, საკვებში არსებული მავნე დანამატები და სხვა.
აშშ-ში ჩატარებული კვლევებით გაირკვა, რომ ნიორი აქვეითებს სისხლში ტყვიის შემცველობას. დაკვირვება წარმოებდა ავტომობილთა აკუმულატორების გამომშვები ერთ-ერთი ქარხნის მუშებზე, რომლებიც უჩიოდნენ გამუდმებულ თავის ტკივილსა და არტერიული წნევის მომატებას. აღმოჩნდა, რომ 4 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 3 ულუფა ნივრის გამოყენება მუშების სისხლში 20%-ით აქვეითებდა ტყვიის შემცველობას. ამ უნარის გამო ნიორი მოწამვლების დროს ეფექტურ სამკურნალო საშუალებად გვევლინება.
ნიორი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში
დღეს უკვე არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ ნიორი და მისი პრეპარატები აქვეითებენ ლიპიდების დონეს პლაზმაში, განსაკუთრებით საერთო და ე.წ. ცუდი ქოლესტერინისას. დადებითი დინამიკა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებთან შეინიშნება ყოველდღიურად თუნდაც 1 გრამი ნივრის მიღებისას. ე.წ. ნივრით თერაპია აქვეითებს თრომბების წარმოქმნას, სიმსივნური პათოლოგიის განვითარებასა და უჯრედთა დეგენერაციის პროცესს.
ნიორი ეხმარება წონის კონტროლს
ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით გაირკვა, რომ ნიორი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ამცირებს ინსულინის “გადმოტყორცნას”.
მაღალი არტერიული წნევით, ინსულინისა და ტრიგლიცერიდების მაღალი დონით გამორჩეულ ცხოველებს აძლევდნენ ალიცინს. აღმოჩნდა, რომ მათ ორგანიზმში საყურადღებო პარამეტრები, ისევე როგორც სხეულის წონა, მნიშვნელოვნად დასტაბილურდა, ამგვარად, სპეციალისტთა განცხადებით, ნივრის რეგულარულად გამოყენება დაეხმარება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებთან შაქრის დონის სტაბილიზაციასა და წონის კონტროლს.
ნიორს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება
მრავალრიცხოვანი კვლევებით დადასტურებულია, რომ ყოველდღიურად 5 გრამი ნივრის მიღება თრგუნავს ნიტროზამინების წარმოქმნას. ამ უკანასკნელთა როლი კი, მოგეხსენებათ, დიდია ბევრი სახის სიმსივნის განვითარებაში. ნიორში შემავალი სელენი, გოგირდი, სხვადასხვა ანტიოქსიდანტები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ათავისუფლებს კანცეროგენებისაგან.
ონკოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის ოფიციალური განცხადებით - ნივრის მოხმარების გაძლიერება შეამცირებს ზოგიერთი სახის სიმსივნის, მათ შორის - მსხვილი ნაწლავის, საყლაპავის, კუჭის, პანკრეასისა (კუჭუკანა ჯირკვლის) და ძუძუს კიბოს განვითარებას.