ცხენისწაბლა უნიკალური მკურნალი
ნივთიერებათა შემცველობა
ყვავილები
კემპფეროგლიკოზიდი, სხვა ფლავონური გლიკოზიდები (რუტინი, კვერციტრინი), ტრიტერპენული საპონინი - ესცინი, ქოლინი, პურინული წარმოებულები (შარდის მჟავა, ადენინი, გუანინი, ადენოზინი), შაქარი, ლორწო, სათრიმლავი ნივთიერებები.
ქერქი
გლიკოზიდი ესკულინი (1%), მისი აგლიკონი ესკულეტინი, ოქსიკუმარინული გლიკოზიდები (ფრაქსინი, სკოპოლინი), მათი აგლიკონები (ფრაქსეტინი და სკოპოლეტინი), ესცინი (8-10%), ალანტოინი, ფლავონოიდი კვერცეტინი, ცხიმი (2,5-7%), შაქარი (9%), ფიტოსტერინები, თიამინი.
თესლი
სახამებელი (30-60%), ესცინი, პროტეინი, ცხიმი, შაქარი, კატექინური ტანინები, სათრიმლავი ნივთიერებები (8-13%), ცილები (8%), არგინინი.
ფოთლები
ფლავონოიდი (კვერციტრინი, იზოკვერციტრინი, კვერცეტინი), კაროტინოიდები (ლუთეინი). მცენარის გალენური პრეპარატების (სპირტიანი ექსტრაქტი, იგივე გამონაწვლილი, სპირტიანი ნაყენი, ფოთლებისა და ნაყოფის ნაყენი და ნახარში) ფარმაკოლოგიური აქტივობის შესწავლით გაირკვა, რომ ყველაზე ეფექტურია (ყველაზე ნაკლებტოქსიკურია) ნაყოფის სპირტიანი ექსტრაქტი. ცხენისწაბლას გალენური პრეპარატების ფარმაკოლოგიურ მოქმედებას უკავშირებენ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების - ესცინის შემცველობას. ამ უკანასკნელს ვენოტროპული მოქმედება აქვს. ესცინი კანქვეშ შეყვანისას შეშუპებისა და ანთების საწინააღმდეგო მკვეთრად გამოხატულ ეფექტს ამჟღავნებს. მისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აღემატება ბუტადიონის აქტივობის ძალას. ესცინზე ფლავონოიდური კომპლექსის დამატება (1:10) მის აქტივობას 5-ჯერ ზრდის. ცხენისწაბლას ნაყოფის ექსტრაქტის ბიოლოგიური აქტივობა გამოიხატება შევიწროებული არტერიების გაფართოებით, სისხლის ნაკადის აჩქარებით, კაპილარების განვლადობისა და სიმყიფის შემცირებით, პათოლოგიურად გაგანიერებული ვენების ტონუსის მომატებით, ქსოვილთა სისხლის მიმოქცევისა და, შესაბამისად, მათი კვების გაუმჯობესებით. პრეპარატები გამოიყენება პოსტოპერაციული თრომბოზის, პოსტტრავმული შეშუპების, სხვადასხვა სახის ანთებისა და თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა-მკურნალობაში. ცხენისწაბლა დიდი პოპულარობით სარგებლობს უამრავი ქვეყნის ხალხურ მედიცინაში. სამკურნალოდ იყენებენ როგორც თესლსა და ყვავილს, ასევე ქერქსა და მწიფე ნაყოფის კანსაც. ქერქის ნაყენებსა და ნახარშებს აქვს შემომგარსველი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი, ტკივილგამაყუჩებელი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება. ცხენისწაბლას საოცარი სამკურნალო ენერგეტიკული თვისებაც ჰქონია. მასთან უშუალო კონტაქტს ზოგიერთი ავტორი მოჩუხჩუხე ანკარა წყაროსთან კონტაქტს ადარებს. ძლიერი ენერგეტიკული ნაკადი, რომელიც ამ მცენარისგან მოედინება, უქეიფობისგან კურნავს ადამიანს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ცხენისწაბლას ეკლოვანი მწვანე ქერქისგან (გარსისგან) გაწმენდილი ნაყოფი, რომელსაც გაწოვის (ერთგვარი გაბნევის) ძლიერი ეფექტი აქვს. ნაყოფს განსაკუთრებით ინტენსიურად იყენებენ მკერდის დაავადებათა სამკურნალოდ. პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ცხენისწაბლას გამუდმებით ჯიბით ტარება (ამ მიზნით გამოსადეგია წინა წლის ნაყოფიც, მთავარია, მისი ქერქი არ იყოს გამომშრალ-გამოფიტული). ხალხურ მედიცინაში მასტოპათიებს, მასტიტებსა და რძის შეგუბებას მკერდზე ცხენისწაბლას ნაყოფის ხშირ-ხშირი ენერგიული, მაგრამ ნაზი შეზელით მკურნალობენ ან ქალს ნაყოფის აზღუდით ტარებას ურჩევენ.