ნესვის მირთმევა სხვა საკვებთან ერთად კატეგორიულად არ შეიძლება
ნესვში უხვად არის კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი და ქლორიც. ამიტომაც ურჩევენ მას ანემიის (სისხლნაკლებობის) და ორგანიზმის განლევის, აგრეთვე ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ნესვი აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, აქვეითებს მათ ტოქსიკურობას. ნესვი უამრავ ფერმენტს შეიცავს, ამიტომ ის ადვილი ასათვისებელია და ნაწლავთა ფუნქციასაც აუმჯობესებს. ის შეგიძლიათ მიირთვათ საჭმლის მონელების ნებისმიერი დარღვევის დროს, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში სხვა საკვებთან ერთად! ის აუცილებლად ჭამიდან ჭამამდე, შუალედში უნდა მიირთვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მონელება გაგიჭირდეთ. არ არის სასურველი ნესვის ჭამა უზმოზე.
ექიმები ნესვს გვირჩევენ ღვიძლის ნებისმიერი პათოლოგიის, ასევე თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს. ის მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს გარეგნობას.
ნესვი ფოლიუმის მჟავას ანუ B9 ვიტამინის უნივერსალური წყაროა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საჭიროა ქალებისთვის ორსულობისა და კლიმაქტერიულ პერიოდში, ასევე მათთვის, ვისაც მეხსიერების გაუმჯობესება და დეპრესიის დაძლევა სურს. ნესვში უხვად არსებული ბეტა კაროტინი ალამაზებს კანს და აუმჯობესებს თმის სტრუქტურას. ნესვი ამაღლებს გუნება-განწყობას, ხსნის უძილობას, დაღლილობასა და გაღიზიანებადობას. ეს ფერმენტ სუპეროქსიდისმუტაზის დამსახურებაა. ნესვის სამკურნალო თვისებებს მასში შემავალი მიკროელემენტები განსაზღვრავს.
იხილეთ აგრეთვე თინათინ გოცაძის სტატია "ნესვი - გემრიელი და დიეტური, სასარგებლო და სამკურნალო"