მატიტელა შარდის ბუშტში კენჭების წარმოშობას აფერხებს
რაც დაკავშირებულია მასში სილიციუმმჟავას ხსნადი შენაერთების არსებობით.
მატიტელას ბალახსა და ნარევებს, რომლებშიც მატიტელა ძირითად კომპონენტს წარმოადგენს, იყენებენ შარდსადენი მილების ქრონიკული დაავადებების, თირკმლის ფილტრაციული ფუნქციის შესუსტების და შარდში დიდი რაოდენობით მინერალური მარილების, განსაკუთრებით მჟაუნმჟავას მარილების არსებობის დროს. როგორც დამატებით საშუალებას უნიშნავენ ავადმყოფს შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიების, შარდის ბუშტის ოპერაციისა და კანის დაავადებების (ძირმაგარა, ფერიმჭამელა, ზოგიერთი დერმატიტი) დროს.
მცენარეს იყენებენ აგრეთვე ღვიძლის ფუნქციონალური უკმარისობისა და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი ტოქსიკური პროდუქტების გამოსაყოფად. აგრეთვე, როგორც ანტისეპტიკურ, სპაზმოლიტურ, ტკივილგამაყუჩებელ, ოფლმდენ, სიცხის დამწევ, ამოსახველებელ, ჭიის საწინააღმდეგო და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებას.
მატიტელას ხმარობენ გაცივებით გამოწვეული ავადმყოფობების, ბრონქიტების, პნევმონიის, პლევრიტის, ბრონქული ასთმისა და ფილტვების ტუბერკულოზის დროს. მის ნაყენსა და ნახარშს იყენებენ საშვილოსნოს ატონიით გამოწვეული სისხლის დენისა და ბუასილის დროს.
მატიტელას გამოყენება არ შეიძლება თირკმელებისა და შარდის ბუშტის მწვავე ანთებების დროს.
სასუნქი ორგანოების დაავადების, ფილტვების ტუბერკულოზისა და ყივანახველის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მატიტელა, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ადუღეთ თავდახურული 15 წთ-ის განმავლობაში წყლის აბაზანაში. გააცივეთ 1-2 სთ, გაწურეთ. დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ ჭამის წინ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისა და დიზენტერიის დროს 1 სუფრის კოვზი მატიტელა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თავდახურული, 10 წუთის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (0,5 ლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. იხილეთ ვრცლად