ჩია თუ სელის თესლი: რომელია უკეთესი ნაწლავების ჯანმრთელობისთვის?
არჩევანი ძირითადად დამოკიდებულია თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის თავისებურებებზე და ტექსტურის პირად უპირატესობებზე.
უჯრედისი (ბოჭკო) და ნაწლავები
როდესაც ნაწლავების ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უჯრედისი (იგივე ბოჭკო) იგულისხმება. ჩიაც და სელიც ბოჭკოს შესანიშნავი წყაროა:
-
2 სუფრის კოვზი ჩიას თესლი დაახლოებით 10 გრამ უჯრედისს შეიცავს.
-
2 სუფრის კოვზი დაფქული სელის თესლი შეიცავს 4 გრამ უჯრედისს.
ორივე შეიცავს როგორც ხსნად, ისე უხსნად ბოჭკოს. ხსნადი ბოჭკო წყალში იხსნება, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გელისებრ მასას ქმნის, ანელებს მონელებას და ასტაბილურებს სისხლში შაქარს. უხსნადი ბოჭკო განავალს მოცულობას სძენს და ნაწლავებს "ასუფთავებს". ერთობლივად, ეს ბოჭკოები კვებავენ ნაწლავის მიკრობიომის სასარგებლო ბაქტერიებს.
ჩიას თესლი: ჰიდრატაციის წყარო
ჩიას თესლის მთავარი უპირატესობა წყლის შთანთქმის უნარია - მას შეუძლია თავის წონაზე 12-ჯერ მეტი სითხის შეწოვა.
-
პერისტალტიკის გაუმჯობესება: ეს გელისებრი მასა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოძრაობისას ნაწლავებს ატენიანებს და განავალს არბილებს, რაც მას იდეალურს ხდის ყაბზობის (შეკრულობის)კენ მიდრეკილი ადამიანებისთვის.
-
დანაყრების შეგრძნება: კუჭში გაფართოების გამო, ჩია დიდხანს გინარჩუნებთ სიმაძღრის შეგრძნებას, რაც წონის მართვაში გეხმარებათ.
სელის თესლი: ნაზი სტიმულატორი
სელის თესლი წყალში ისე არ ფართოვდება, როგორც ჩია, თუმცა მას თავისი უნიკალური სარგებელი აქვს:
-
ანტიოქსიდანტები (ლიგნანები): სელი განსაკუთრებით მდიდარია მცენარეული ნაერთებით - ლიგნანებით.
-
მგრძნობიარე კუჭისთვის: სელი უფრო რბილად მოქმედებს და იდეალურია მათთვის, ვისაც ჩიას თესლის მიღებისას კუჭში სიმძიმის შეგრძნება უჩნდება.
-
მთავარი წესი: სელის თესლი აუცილებლად დაფქული სახით უნდა მიიღოთ. მთლიან თესლს მყარი გარსი აქვს, რომლის გადამუშავებასაც ადამიანის ორგანიზმი ვერ ახერხებს, შესაბამისად, მისი სასარგებლო ნივთიერებები არ შეიწოვება.
დამატებითი სარგებელი: ომეგა-3
ორივე თესლი მცენარეული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის - ალფა-ლინოლენის მჟავის (ALA) შესანიშნავი წყაროა. ომეგა-3 ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ანთების შემცირებაში, რაც სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებისთვის უკეთეს გარემოს ქმნის. ისინი ასევე შეიცავენ მცენარეულ ცილებსა და აუცილებელ მინერალებს.
თესლების მიღების 2 „ოქროს წესი“
იმისათვის, რომ უჯრედისის უეცარმა გაზრდამ დისკომფორტი არ გამოიწვიოს, დიეტოლოგები ორ მთავარ წესს გვირჩევენ:
-
დაიწყეთ ნელა: თავდაპირველად მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში და თანდათან, ნელ-ნელა გაზარდეთ დოზა 1-2 სუფრის კოვზამდე.
-
მიიღეთ ბევრი სითხე: ბოჭკოს მუშაობისთვის წყალი სჭირდება. უჯრედისის მიღების გაზრდა შესაბამისი რაოდენობის წყლის გარეშე, კუჭ-ნაწლავში შეფერხებას და "საცობის" წარმოქმნას იწვევს.
დასკვნა: საუკეთესო ვარიანტი ისაა, რომელსაც რეგულარულად მიიღებთ. თუ პუდინგები გიყვართ და გსურთ, რომ დანაყრების შეგრძნება დიდხანს გაგყვეთ - აირჩიეთ ჩია. ხოლო თუ სმუზებში ან შვრიის ფაფაში თხილის მსუბუქი არომატის დამატება გირჩევნიათ და ნაწლავების უფრო რბილი სტიმულაცია გჭირდებათ - დაფქული სელი საუკეთესო არჩევანია. იდეალური ვარიანტი კი ამ ორი თესლის ყოველდღიურ რაციონში მონაცვლეობით გამოყენებაა.