ეს მალარიაა!
თავად რომ არ შევსწრებოდი ამ ამბავს, არ დავიჯერებდი: მოვიდა მამაკაცი, რომელსაც კიბეზე ფეხი ასცურებოდა, წაქცეულიყო და გვერდის ტკივილს უჩიოდა. საბედნიეროდ, მხოლოდ დაჟეჟილი იყო, მოტეხილობა არ ჰქონდა, და ჰუმანიტარული დახმარებით შემოსული ზეთოვანი მალამო მივეცი იმ ადგილის დასაზელად. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მეორე მამაკაცმა შემოაღო კარი. ისიც კიბეზე წაქცეულიყო (ზუსტად იქ, სადაც პირველი პაციენტი დაეცა!). გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ ვიღაც გადარეულს კიბე... ზეთოვანი მალამოთი მოეთხუპნა!
"ექიმო, შეიძლება?" "არა-ა, მორგი ქვემოთ არის!"
"ექიმი, თუ ღმერთი გწამთ, სწრაფად, ექიმი!" "ექიმი არ გახლავთ. სამაგიეროდ, გვყავს კარგი პათანატომი".
მზესუმზირას პარკზე ამოკითხული რეკლამიდან: "ავად ხართ? სიცხე გაქვთ? თავი გტკივათ? სურდომ შეგაწუხათ? ნუ დაწვებით საწოლში! ნუ დალევთ ტაბლეტებსა და მიქსტურებს! ჩვენი სკიპიდარი ყველა დაავადებას დაგავიწყებთ! სულ რამდენიმე წვეთი უკანა ტანზე წასასმელად და თქვენი სხეული უზღვავი ენერგიით აივსება, ფეხებში კი საოცარ სიმსუბუქეს იგრძნობთ. სულ რამდენიმე წვეთი და ავადმყოფობა უმალვე დაგავიწყდებათ!!! დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტებისგან. შეგიძლიათ გამოიყენოთ ის სახლშიც და სამსახურშიც. ურჩიეთ ახლობლებსა და მეგობრებს. პენსიონერებისა და სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია ფასდაკლება".
საავადმყოფოს დერეფანში ახალგაზრდა ქალი ზის და კითხულობს. იქვე მამაკაცი ტრიალებს, რომელიც ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტს, გაეცნოს ქალს: "უკაცრავად, ქალიშვილო, რა წიგნს კითხულობთ? რა სქელტანიანია..." "ეს ჩემი ავადმყოფობის ისტორიაა". "მართლა?! მაპატიეთ, მგონი, მეუღლე მეძახის..."
შუახნის მამაკაცი ექიმს შესჩივის: "ვერ გამიგია, რა მჭირს. ნუთუ ძალიან ინტელიგენტური სახე მაქვს? ქუჩაში მუჯლუგუნებით მწევენ განზე, ტრანსპორტში შეურაცხმყოფენ, რიგიდან მაგდებენ..." "გასაგებია. აბა, თვალები ჩაქუჩს გააყოლეთ, მარჯვნივ, ახლა მარცხნივ, არა, არა, სახეს ხელებით ნუ იფარავთ, ნუ იფარავთ! ოპა-ა! თავი ვერ შევიკავე, მაპატიეთ... იმედია, ძალიან არ გტკენიათ..."
ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ამბავია: გე-პე-ის სტუდენტი ექიმთან მივიდა - შეკრულობა მაქვს ოთხი დღეა, ტუალეტში არ ვყოფილვარო. ექიმმა გასინჯა, შემდეგ ჯიბიდან საფულე ამოიღო, განცვიფრებულ სტუდენტს ფული გაუწოდა და უთხრა: "წადი, შვილო, ისადილე..."
მამა ექიმი შვილს არიგებს: "თუ ქალს ეხვევი და ამჩნევ, რომ თვალები უელავს, ტუჩები უხურს და ისე თრთის, როგორც ქარიან ამინდში ფოთოლი, სასწრაფოდ წამოხტი და გაიქეცი - ეს მალარიაა!!!"
"ექიმო, ახლავე უნდა წამომყვეთ სახლში - ჩემს მეუღლეს საშინლად მაღალი სიცხე აქვს!" "მაინც რამდენი?" "როგორ გითხრათ... ჩვეულებრივმა სამედიცინო თერმომეტრმა ვერ გაუძლო და გასკდა, ხოლო გაზქურის თერმომეტრი "ეგზოტიკური კერძების" ნიშნულზე შეჩერდა!"
ექიმი სიძე დიდხანს სინჯავდა სიდედრს და ბოლოს განუცხადა: "კალიუმი გაკლიათ... ციანიდიანი!.."
"ექიმო, ძაღლმა მიკბინა!" "სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით, ამჟამად არავითარი წამალი არ გვაქვს!" "ასე როგორ შეიძლება?! რამე მაინც იღონეთ!!" "კარგი, ბატონო, მონახეთ, დაიჭირეთ, მოიყვანეთ - ცხვირ-პირს გავუერთიანებ!"
"ერთი წუთით, მეგობარო, ერთი წუთით. მე ჯერ არ მითქვამს, პირი გააღეთ-მეთქი". "მომიტევეთ, ექიმო. უბრალოდ, თქვენი ექთანი დავინახე..."
ახალი სადღეგრძელო: "თქვენს შემხედვარეს კიდევ ერთხელ მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა!"
ერთ-ერთი კლინიკის მთავარი ექიმი ცნობილი მექალთანე გახლდათ. სიმართლე რომ ითქვას, ქალები თავად იკლავდნენ თავს მისი გულისთვის. ერთმა ექთანმა დიდხანს ვერ მიაღწია საწადელს. ერთ საღამოს მთავარი ექიმი კაბინეტში მარტო მოიხელთა, შეყვარებული თვალებით შეხედა და ჩასჩურჩულა: "რა არის საჭირო, რომ თქვენი მოფერების შესაძლებლობა მომეცეს?" "ქლოროფორმი, ძვირფასო, ქლოროფორმი!.."
ექიმთან პირველი მისვლისას პაციენტმა დაიჩივლა, რომ ყელი სტკიოდა და მას მაშინვე ამოაჭრეს გლანდები; მეორე ვიზიტისას თქვა, რომ მუცელი სტკიოდა და მაშინვე ამოჰკვეთეს ჭიანაწლავი; როცა მესამედ მივიდა მიღებაზე, ექიმმა ჰკითხა: "აბა, კიდევ რა გაწუხებთ?!" - მაგრამ პაციენტმა შიშით პასუხი ვეღარ გასცა: მას თავი სტკიოდა...
შვილიშვილმა შეამჩნია, რომ ბაბუამისი მთელი ძალით ქანაობდა სარწეველა სავარძელზე. გაკვირვებულმა ბავშვმა ჰკითხა: "ბაბუ, ასე ხომ გადმოვარდები?!" "რას ვიზამ, ექიმმა მითხრა, მეტი უნდა იმოძრაოო..."
"შემიძლია, დაგამშვიდოთ: თქვენი მეუღლის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. გადაეცით, რომ ეს მხოლოდ სიბერის ნიშნებია". "ექიმო, არ შეგიძლიათ, ეს თავად უთხრათ? იცით, მე არასოდეს გამოვირჩეოდი სიმამაცით..."