"გლუტეუსს არ დაგანებებთ!.."
სტომატოლოგი საკუთარი კაბინეტიდან გამოლასლასდა, იქვე მდგარ დივანზე ჩამოჯდა და ატირდა. მდივანი ეკითხება: "რა მოხდა, ექიმო?" სტომატოლოგმა ცრემლები მოიწმინდა და კაბინეტისკენ გაიშვირა თითი: "აი, იქ მდიდარი კლიენტი ზის, ძალიან მდიდარი". "ეს ხომ შესანიშნავია!" "ასე გგონია? და, რომ იცოდე, ყველა კბილი ჯანმრთელი აქვს!!!"
"ექიმო, თქვენთან სინდისის ამპუტაციას აკეთებენ?" "ჩვენთან ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ საფასური წინასწარ უნდა გადაიხადოთ".
მამაკაცი ოპერაციის მოლოდინში პალატაში წევს. მოულოდნელად პალატის კარზე კაკუნი გაისმა, კარი გაიღო და ექთანი შემოვიდა. ხმა არ ამოუღია, პაციენტს საბანი გადაუწია, საცვალი გახადა, ინტიმური ადგილები სამართებლით სუფთად გაპარსა, შემდეგ ოყნა გაუკეთა, ნაწლავის წყლისგან დაცლის შემდეგ კი - სანთელი. საქმე დაამთავრა, თავისი ინვენტარი აიღო და კარისკენ წავიდა. პაციენტი: "კი მაგრამ, ქალიშვილო, დაკაკუნება რა საჭირო იყო?!"
პაციენტი: "ექიმო, თითქმის ნახევარი წელია, რაც ყოველ ღამე ერთსა და იმავე სიზმარს ვნახულობ: მივდივარ ბარში, რესტორანში ან კინოში, ვხვდები და ვეცნობი ერთსა და იმავე სიმპათიურ ქალიშვილს, გაცნობის შემდეგ მივდივართ ჩემთან, სახლში. ის სტრიპტიზს ცეკვავს, შემდეგ კი დილამდე დროს ლოგინში ვატარებთ. ექიმი: "გასაგებია, მაგრამ ჩემი დახმარება რაში გჭირდებათ?" პაციენტი: "იცით, ტვინი წაიღო იმ ქალმა, სხვა მინდააა..."
ექიმის კაბინეტში მთვრალი მამაკაცი შევიდა ბანცალ-ბანცალით. ექიმმა სათვალის ზემოდან გადახედა პაციენტს: "ოჰო, აი, კიდევ ერთი დალევის მოყვარული..." "რაო? ექიმო, გინდათ, მაწყენინოთ? მოყვა-ა-რული კი არა, პროფესიონალი ვარ!"
საოპერაციოში: "ექიმო, ოპერაცია კარგად ჩაივლის?" "ნუ ნერვიულობთ. ცუდადაც რომ ჩაიაროს, თქვენ მაინც ვერაფერს გაიგებთ".
სასწრაფო დახმარების ექიმი ავადმყოფის გასინჯვას ამთავრებს, იღებს თავის სამედიცინო ჩემოდანს და დინჯად წარმოთქვამს: "ცუდად არის საქმე..." "რა მოხდა, ექიმო, სამოთხისკენ მიწერთ ვიზას?" - ცდილობს ხუმრობას ავადმყოფი. "როგორ გითხრათ..." "ჯოჯოხეთში?" - იხტიბარს არ იტეხს პაციენტი. "უფრო უარესად..." "ამაზე უარესი რაღაა?!" "რა და, პირდაპირ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივდივართ".
ერთმა მეგობარმა მეორეს შესჩივლა: "ცოლთან პრობლემები მაქვს. ბოლო დროს ჩვენი ინტიმური ცხოვრება თითქოს ნაცრისფერი გახდა. როგორ მოვიქცე, აღარ ვიცი". "ეცადე, რამე სიახლე შეიტანო თქვენს ურთიერთობაში, - ჭკუა დაარიგა მეგობარმა, - მე, მაგალითად, ჩემს მეუღლეს ერთი საათი ექიმობანას ვეთამაშები" "ერთი საათი? ამდენ ხანს რას აკეთებ?" "მე - არაფერს, ჩემი ცოლი კი 55 წუთის განმავლობაში მოთმინებით იცდის რიგში..."
ექიმი რეკომენდაციას აძლევს პაციენტს: "თუ ჩაძინება გაგიჭირდათ, ერთი ჭიქა კონიაკი დალიეთ. თუ არ გიშველათ, კიდევ ერთი ჭიქა მიაყოლეთ, ხოლო ხუთი წუთის შემდეგ - კიდევ ერთი". "ამანაც რომ არ მიშველოს?" "მაშინ უკვე სულერთი იქნება, გძინავთ თუ არა".
ქუჩაში მანქანამ მამაკაცს დაარტყა. მანქანიდან ახალგაზრდა ქალი გადმოხტა, მიირბინა წაქცეულ კაცთან და უთხრა: "ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაგიმართლათ". "ვერ გავიგე..." "იცით, საქმე ის არის, რომ ზუსტად ექიმის კაბინეტის წინ დაგეჯახეთ!" "გამიმართლა, არა?! - გამოაჯავრა დაზარალებულმა, - იმ კაბინეტის მფლობელი ექიმი - მე ვარ!"
"უსულგულო ადამიანი ხარ, - ლანძღავს კბილის ექიმი შვილს, - კაცმა არ იცის, სად ფანტავ ჩემს ნაშოვნ ფულს და აზრზეც არ ხარ, რა არაადამიანური ტანჯვის ნაყოფია ის!"