ალუჩა ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ქლიავისებრი ხეხილოვანი მცენარეა, ჩვენებურად ტკბილ ტყემალს უწოდებენ. მისი პირველი კულტურების კვალი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდანაა აღმოჩენილი ამიერკავკასიის რეგიონში.
ალუჩის ნაყოფი თანაბრად უყვართ ბავშვებსაც და უფროსებსაც. ალუჩა არა მხოლოდ სასიამოვნო გემოთი, არამედ უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა.
ალუჩა განსაკუთრებულად მცირე რაოდენობით შაქარს შეიცავს. სამაგიეროდ, მდიდარია ლიმონისა და ვაშლის ორგანული მჟავებით, პროვიტამინ A-თი, B ჯგუფის, PP და E ვიტამინებით, დიდი რაოდენობით ასკორბინმჟავით, პექტინით, ასევე მინერალებით: კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, ნატრიუმით, რკინითა და ფოსფორით.
ალუჩის კვებითი ღირებულებაა: ცხიმები - 0,1 გ, ცილები - 0,2 გ, უჯრედისი - 1,8 გ, ნახშირწყლები - 7,9 გ. პროდუქტის კალორიულობა 100 გრამ ნაყოფზე 34 კილოკალორიაა.
ალუჩის ნაყოფს უმი სახით ავიტამინოზებისა და ყაბზობის სამკურნალოდ იყენებენ, რადგან იგი კუჭნაწლავის მოქმედების სტიმულირებას ახდენს. მედიცინაში გამოიყენება ალუჩის არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ ყვავილებიც. ტყემლისა და ალუჩის ყვავილების ნაყენი სასარგებლოა ღვიძლისა და თირკმელების დაავადებისას. იგი საუკეთესოა მამაკაცის სასქესო სისტემის მოშლილობის დროსაც.
ალუჩის ცოცხალი წვენი ჩინებულია გაციებების და გრიპოზული მოვლენების დროს, ოფლის მომდენი და ხველების საწინააღმდეგო საშუალების სახით. უჯრედისისა და პექტინების მაღალი შემცველობის წყალობით, იგი ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნას უწყობს ხელს, ანუ ჩვენს ორგანიზმში დაგროვებულ მავნე რადიაციულ გამოსხივებას სპობს. ალუჩის წვენი ჩინებული მატონიზირებელი საშუალებაა, შესანიშნავად უმკლავდება წყურვილის გრძნობას, მკურნალობს ჰიპოვიტამინოზებს (ვიტამინების ნაკლებობა) და მუცლის ღრუს დაავადებებს. კალიუმის მაღალი შემცველობა ალუჩას გულის დაავადებებისთვის საოცრად სასარგებლო პროდუქტად აქცევს - ეს მინერალი თავიდან გვაცილებს არითმიას და ამკვრივებს გულის კუნთს. ალუჩა სასარგებლოდ მოქმედებს ნერვული სისტემის მდგომარეობაზე, გააჩნია დამამშვიდებელი და მომადუნებელი მოქმედება. თუ წნევამ აგიწიათ და თავი აგტკივდათ, მიირთვით დაახლოებით 200 გრამი ალუჩა და 40-50 წუთში თქვენი მდგომარეობა დასტაბილურდება.
A და C ვიტამინები უძლიერესი ანტიოქსიდანტებია - ისინი ანელებენ დაბერების პროცესს, ორგანიზმს იცავენ გარე ნეგატიური ფაქტორებისგან, აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას.
ალუჩის კურკისგან ხარისხიანი ზეთი მიიღება, რომელიც თავისი თვისებებით ნუშის ზეთს წააგავს. იგი გლიკოზიდ ამიგდალინს შეიცავს, ფერმენტ ემულსინისა და წყლის წყალობით ბენზოალდეგიდად, გლუკოზად და სინილის მჟავად იქცევა. ალუჩის კურკის ზეთი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და პარფიუმერიაში, ასევე სამედიცინო საპნის წარმოებაში. ალუჩის კურკის ნაჭუჭებით აქტივირებულ ნახშირს ამზადებენ, რომელიც საკვები პროდუქტების მრეწველობაში გამწმენდ საშუალებად გამოიყენება (მაგალითად, არაყი, შაქარი).
სასარგებლოა ალუჩისა და ტყემლის ნახარშები და კომპოტებიც: ისინი აძლიერებს მადას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. განსაკუთრებით კი ფასობს გასტრიტებისა და მომატებული მჟავიანობისას. ალუჩისა და ტყემლისგან მზადდება გემრიელი მურაბები, საწებლები, ხილფაფები.
ოფიციალური მედიცინა ალუჩისა და ტყემლის რაციონში ჩართვას განსაკუთრებით ურჩევს ორსულ და მეძუძურ ქალებს, ბავშვებს, ხნიერ ადამიანებს, რადგან იგი ორგანიზმის ვიტამინებით, მინარალებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგების ფასდაუდებელი საშუალებაა.
ალუჩა გამოიყენება ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაავადებებისას. შაქრის დაბალი შემცველობის წყალობით, მას ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროსაც იყენებენ. იგი სასარგებლოა პათოლოგიური სიმსუქნით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კვებაშიც.
უკუჩვენებები
უმი სახით ალუჩის მიღება უკუნაჩვენებია ინდივიდუალური აუტანლობისას, ასევე მუცლის ღრუს იმ დაავადებების დროს, რომლებიც კუჭის წვენის მომატებულ გამომუშავებას უკავშირდება. ალუჩისა და ტყემლის მიღება ასევე არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც გასტროდუოდენური მიდამოს და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანება აქვს.
დასახელებული პროდუქტის სამკურნალო მიზნით გამოყენების შემთხვევაში უმჯობესი იქნება, მიმართოთ სპეციალისტს.