კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდები ერთმანეთს საკვერცხესთან ხვდებიან, რის შემდეგაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი კვერცხსავალი მილის გავლით საშვილოსნოს ღრუში გადაინაცვლებს და მის ლორწოვან გარსში ჩაიზრდება. ასე იწყება ნორმალური ორსულობა.
საშვილოსნოსგარე ანუ ექტოპიური ორსულობა ისეთი ორსულობაა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუს გარეთ ჩაინერგება და იქვე იწყებს განვითარებას.
მუცლის ღრუში გამოტყორცნილი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შესაძლოა კვერცხსავალ მილში, საკვერცხეში, საშვილოსნოს ყელში, პერიტონეუმში, ნაწლავში ჩაიზარდოს. ამის კვალობაზე, განასხვავებენ: კვერცხსავალი მილის, საკვერცხის, საშვილოსნოს ყელის, მუცლის ღრუს ორსულობას.
ყველაზე ხშირია კვერცხსავალი მილების ორსულობა. მის წილად მოდის გარეორსულობათა 98%.
განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიძლება ჩაინერგოს კვერცხსავალი მილის:
საშვილოსნოსგარე ორსულობის ხელშემწყობი ფაქტორებია:
კლინიკური სურათი
სამწუხაროდ, საშვილოსნოსგარე ორსულობის ამოცნობა ადრეულ სტადიაში ძნელია. თავდაპირველად ის ჩვეულებრივ ორსულობასავით მიმდინარეობს: წყდება მენსტრუაცია, ქალი უჩივის უმადობას, გულისრევას, პირღებინებას, სარძევე ჯირკვლების გამკვრივებას. იშვიათად მუცლის ქვედა ნაწილში, ცალ მხარეს, შეიგრძნობა სუსტი მქაჩავი ტკივილი, მაგრამ მას ყურადღებას თითქმის არ აქცევენ.
საინტერესოა ისიც, რომ გარეორსულობის დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი ისეთსავე დეციდუალურ გარდაქმნას განიცდის, როგორსაც ნორმალური ორსულობისას.
ფალოპის მილში ორსულობა დიდხანს არ გრძელდება, უმეტესად მალევე წყდება, რადგან ფალოპის მილის კუნთები სუსტი და თხელია, მზარდი ჩანასახის ზეწოლას ვერ უძლებს და იხევა. ფალოპის მილის დაზიანება იწვევს სისხლდენას და მუცლის ღრუში სისხლის ჩაღვრას. სისხლდენა შესაძლოა ისეთი ძლიერი იყოს, რომ ქალი მწვავე ანემიით დაიღუპოს. შინაგანი სისხლდენის ინტენსივობა დაზიანების ზომას შეესატყვისება, რაც, თავის მხრივ, ორსულობის ვადაზეა დამოკიდებული.
მილი უმეტესად ორსულობის V-VI კვირას იხევა, ზოგჯერ - უფრო გვიანაც.
თუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილის ამპულურ ნაწილში ჩაიზარდა, შესაძლოა ტუბარული აბორტი განვითარდეს. ფალოპის მილი იკუმშება, მაგრამ ამ დროს მისი კუმშვა ანტიპერისტალტიკურია და შედეგად კვერცხუჯრედი მუცლის ღრუში გამოიდევნება. მუცლის ღრუში მოხვედრილი კვერცხუჯრედი უმეტესად იღუპება. ამ დროს სისხლდენა ისეთივეა, როგორიც თვითნებური აბორტის შემთხვევაში. სისხლი მუცლის ღრუში ამ დროსაც იღვრება, თუმცა უფრო ნაკლები, ვიდრე მილის გახევის დროს.
იშვიათად კვერცხსავალიდან გამოძევებული, მუცლის ღრუში მოხვედრილი კვერცხუჯრედი რომელიმე ორგანოს მიემაგრება და მუცლის ღრუში მეორეულად ვითარდება საშვილოსნოსგარე ორსულობა. თუ კვერცხუჯრედი საკვერცხეზეა მიმაგრებული, ჩანასახი უფრო მეტხანს (2-4 თვემდე) ცოცხლობს და ვითარდება, მაგრამ საბოლოოდ მაინც იღუპება. ამ დროს ირღვევა საკვერცხის პარენქიმა და იწყება სისხლდენა, რომელიც ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე ფალოპის მილის დაზიანების დროს.
მუცლის ღრუს ორსულობამ, პირველადი იქნება ის თუ მეორეული, ყოველთვის შესაძლოა მეტხანს გასტანოს, ვინაიდან თავისუფალ მუცლის ღრუში კვერცხუჯრედის განვითარებისთვის მეტი ადგილია. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი უმეტესად მცირე მენჯის რომელიმე ორგანოზე მაგრდება. ნაწლავთა პერისტალტიკის გამო განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები არც აქ არის. როცა ორსულობა მუცლის ღრუშია განვითარებული, მოსალოდნელია მიმაგრების ადგილთან კვერცხის კავშირის დარღვევა, რის გამოც კვერცხუჯრედი იღუპება და შინაგანი სისხლდენა იწყება. ქალმა მუცლის ღრუს ორსულობა ბოლომდეც რომ მიიტანოს, ნაყოფი მაინც ვერ დაიბადება, დაიღუპება. შესაძლოა, კალციუმის მარილების დაგროვების გამო გაქვავდეს კიდეც. ზოგჯერ ქალი ასეთ გაქვავებულ ნაყოფს მრავალი წლის განმავლობაში ატარებს მუცლით.
დიაგნოსტიკა
ექტოპიური ორსულობის დიაგნოსტიკა არცთუ ისე ადვილია. მისი დროული ამოცნობა მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული და დიდ გამოცდილებას, დიაგნოსტიკური ხერხების ფართო გამოყენებას მოითხოვს. დიაგნოზის დასასმელად საჭიროა არა სიმპტომების უბრალო შეჯამება, არამედ მათი ხვედრითი წონის განსაზღვრა, ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება და ამ მონაცემების გაანალიზება. განსაკუთრებით ძნელია პროგრესული საშვილოსნოგარე ორსულობის დიაგნოსტიკა. ორსულობის სუბიექტური და ობიექტური ნიშნებისა და იმის გამო, რომ დეციდუალური ქსოვილის განვითარების შედეგად საშვილოსნოც ოდნავ დიდდება, არცთუ იშვიათად ექტოპიურ ორსულობას ნორმალურ ორსულობად მიიჩნევენ.
ორსულობის დასაწყისში ფალოპის მილი შესაძლოა ისე უმნიშვნელოდ იყოს გადიდებული, რომ ბიმანუალური გასინჯვისას ვერც კი შეამჩნიონ.
შედარებით ადვილია ექტოპიური ორსულობის ამოცნობა, როცა ის დარღვეულია და მუცლის ღრუში სისხლია ჩაღვრილი. ასეთ დროს ქალი უჩივის საერთო სისუსტეს, თავბრუხვევას, ყურების შუილს, მხედველობის დაბინდვას, წყურვილს, ზოგჯერ - ტკივილს ბეჭის ან ბეჭთაშუა არეში (ფრენიკუს-სიმპტომი). ეს ფენომენი მუცლის ღრუში ჩაღვრილი სისხლით შუასაძგიდის ნერვის გაღიზიანების შედეგია და მხოლოდ წოლისას არის გამოხატული. ქალი უმეტესად ნათელ ცნობიერებას ინარჩუნებს, იშვიათად მცირე ხნით კარგავს გონს. შესაძლოა, გონის დაკარგვა რამდენიმეჯერ გამეორდეს. კანი და ხილული ლორწოვანი გარსები ძალზე ფერმკრთალია, სახე - ცვილისფერი, ტუჩები - ციანოზური, ქალს ცივი ოფლი ასხამს, სუნთქავს ზერელედ და ხშირად, არტერიული წნევა უვარდება, ტემპერატურა უმეტესად ნორმალური აქვს, იშვიათად - სუბნორმული ან სუბფებრილური. თუ მუცლის ღრუში სისხლის ჩაღვრიდან საკმაო ხანია გასული, ტემპერატურა შესაძლოა მომატებულიც იყოს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ინფექციას ან ანთებით პროცესს - ტემპერატურის აწევა მუცლის ღრუში ჩაღვრილი სისხლის ცილების შეწოვით არის გამოწვეული. მაჯისცემა აჩქარებულია - 120-160 დარტყმამდე წუთში, პულსი ძაფისებრი და სუსტი დაჭიმულობისაა. გამოხატულია მუცლის ფარის გაღიზიანების ნიშნები - შებერილობა და პალპაციისას ძლიერი ტკივილი. თუ მუცლის ღრუში სისხლის ჩაღვრიდან რამდენიმე დღეა გასული, ჩაღვრილი სისხლის შეწოვის გამო თვალის სკლერა ყვითლად იქნება შეფერილი. თუ მუცლის ღრუში ცოტა სისხლი ჩაიღვარა, მწვავე ანემიის ნიშნები არ გამოიხატება. შესაძლოა, არც მუცლის ფარის გაღიზიანების ნიშნები შეიმჩნეოდეს. შინაგანი, საშოსმხრივი გასინჯვის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს ძლიერი ტკივილი, რასაც ფრანგმა ავტორებმა დუგლასის ყვირილი უწოდეს. საშვილოსნოს მილის გახევას თითქმის ყოველთვის ძლიერი ტკივილი (ხანჯლის ჩაცემის შეგრძნება) ახლავს თან. იშვიათად ტკივილი სუსტია. თითქმის არ გვხვდება საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტის ისეთი შემთხვევა, სუსტი ტკივილი მაინც რომ არ იგრძნობოდეს. ტკივილი ან ფალოპის მილის გახევის შედეგია, ანდა ჩაღვრილი სისხლით მუცლის ფარის გაღიზიანებისა. ზოგჯერ ძლიერ ტკივილამდე სუსტი მოვლითი ტკივილი იჩენს თავს. საქმე ის არის, რომ ზოგჯერ მილის გახევას წინ უძღვის სისხლჩაქცევა სანაყოფე კვერცხში. ამის გამო სანაყოფე კვერცხი იზრდება, რაც მილის პერისტალტიკას იწვევს, ქალი კი ამას შეიგრძნობს როგორც მილის ჭვალს. გონების დაკარგვა ან ცნობიერების დაბინდვა, საერთო სისუსტე გამოწვეულია არა მარტო შინაგანი სისხლდენით (კოლაფსი), არამედ პერიტონეული შოკითაც, რომელსაც ტკივილი ერთვის.
უნდა ითქვას, რომ ორსულობის დამახასიათებელი სუბიექტური ნიშნების არარსებობა საშვილოსნოსგარე ორსულობას არ გამორიცხავს. მილის გახევა ან აბორტი შესაძლოა სანაყოფე კვერცხის განვითარების ადრეულ სტადიაშივე, რიგითი მენსტრუაციის დაწყებამდე მოხდეს. ამ შემთხვევაში მენსტრუაცია არ დაიგვიანებს, ხოლო სისხლიანი ჩამონაშალი, რომელიც დეციდუალური გარსის დესქვამაციით არის გამოწვეული, ქალმა შესაძლოა ჩვეულებრივ მენსტრუაციად მიიჩნიოს. მართალია, მენსტრუაცია დროულად ან დროზე ადრე იწყება, მაგრამ ჩვეულებრივზე მეტხანს და შედარებით მცირე რაოდენობის გამონადენით მიმდინარეობს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ქალი ასეთ დროს ჩვეულებრივზე მეტ სისხლს კარგავს. შეწყვეტილი საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს სისხლი უფრო შოკოლადისფერია, მაგრამ ამ სიმპტომს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს ყველაზე ინფორმაციულია სისხლიანი ჩამონაშალის ხანგრძლივობა.
დიაგნოსტიკური თვალსაზრისით გინეკოლოგიურ გასინჯვასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანსვაგინალურ ულტრაბგერით გამოკვლევას. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, დიაგნოზი ორსულობის მეორე კვირიდანვე დაისვას.
ორსულობის ტესტი და საშვილოსნისგარე ორსულობა
ორსულობის ტესტი განსაზღვრავს ორსულობის ჰორმონის (ადამიანის ბეტაქორიონული გონადოტროპინის) დონეს შარდში. ეს ჰორმონი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებისთანავე გამომუშავდება. მისი პასუხი ჭეშმარიტია მენსტრუაციის ვადის გადაცდენის შემდეგ. საეჭვო შედეგი შეიძლება მივიღოთ, თუ მას მენსტრუაციის გადაცდენამდე ჩავიტარებთ. გადაცდენის მეორე დღიდან სწორი პასუხის ალბათობა 85-100%-ია. ტესტი აჩვენებს ნებისმიერ ორსულობას, საშვილოსნოსგარესაც კი, მაგრამ იმას, საშვილოსნოსგარეა თუ არა ორსულობა, ასეთი ტესტით ვერ დავადგენთ. ამ დროს გაცილებით ინფორმაციულია სისხლის ანალიზი ქორიონულ გონადოტროპინზე - საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევაში მისი დონე უფრო დაბალია, ვიდრე ნორმალური ორსულობისას. თუ ადამიანის ბეტაქორიონული გონადოტროპინის დონე აღემატება 1500 სე/ლ-ს და საშვილოსნოს ღრუში ორსულობა არ დასტურდება, საშვილოსნოსგარე ორსულობა უნდა ვიეჭვოთ.
მკურნალობა
ოპერაციული ჩარევა საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტის ძირითადი მეთოდია. მცირე ვადაზე, როდესაც ორსულობა ჯერ კიდევ ვითარდება მილში, შესაძლებელია მისი შეწყვეტა მედიკამენტების მეშვეობით, თუმცა კონსერვატიული მკურნალობა შესაძლოა თვენახევარსაც კი გაგრძელდეს. კვერცხსავალი მილის გახეთქვისა და შინაგანი სისხლდენის დროს ალტერნატივა არ არსებობს: გადაუდებელი ოპერაციული ჩარევა აუცილებელია.
ქირურგიული ჩარევის უპირატესობა ის არის, რომ ამ დროს შესაძლებელია:
პროფილაქტიკა
უპირველეს ყოვლისა, დროულად უნდა იქნეს ნამკურნალები მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები. ორსულობის დაგეგმვამდე აუცილებელია კომპლექსური გამოკვლევა ქლამიდიის, მიკოპლაზმის, ურეაპლაზმისა და სხვა პათოგენური მიკრობების გამოსავლენად, რათა მათი აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა დროულად ჩატარდეს. გამოკვლევა და მკურნალობა უნდა ჩაიტაროს ორივე სქესობრივმა პარტნიორმა.
საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო ოპერაციული ჩარევის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია რეაბილიტაცია, რომელიც მიმართულია მომდევნო ორსულობის მომზადებისკენ. ჩვეულებრივ, იგი მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად გინეკოლოგის მეთვალყურეობით.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მილების ოპერაციის შემდეგ მომდევნო ორსულობამდე საუკეთესო ინტერვალი ნახევარი-ერთი წელია.