პიოდერმია (პიოდერმიტი, კანის ჩირქოვანი დაავადება) პიოკოკებით (ჩირქმბადი ბაქტერიებით): სტაფილოკოკებით, სტრეპტოკოკებით, იშვიათად - პნევმოკოკებით, ლურჯ-მწვანე ჩხირებით და სხვ., - გამოწვეული კანის ჩირქოვან-ანთებითი დაავადებაა. მის წილად მოდის დერმატოლოგიურ დაავადებათა 30-40%.
პიოდერმიას ახასიათებს კანის დაჩირქება, წესისამებრ, მწვავედ მიმდინარეობს, თუმცა ქრონიკული ფორმებიც გვხვდება. დაზიანების სიღრმის კვალობაზე, შეიძლება დასრულდეს კანის საფარველის სრული აღდგენით ან ნაწიბურების განვითარებით.
პიოდერმია შეიძლება იყოს პირველადი, რომელიც აღმოცენდება შეუცვლელ კანზე და მეორეული, რომელიც ვითარდება კანის რომელიმე დაავადების (ხშირად - ქავილით მიმდინარე დააავადებების: მუნის, ეგზემის, ატოპიური დერმატიტის) ფონზე.
პიოდერმიის გამომწვევი უმეტესად სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკია. უფრო სწორად, კანის დაჩირქებას განაპირობებს ამ ჩირქმბადი მიკრობების მიერ ცხოველქმედების პროცესში გამოყოფილი მეტაბოლიზმის პროდუქტები - ეგზოტოქსინები, ენტეროტოქსინები, ფერმენტები და სხვა.
ჯანმრთელი ადამიანის კანზე მუდმივად ბინადრობენ მიკროორგანიზმები, რომელთა რაოდენობაც დამოკიდებულია:
კანის დამცველობითი ფუნქციის დაქვეითებას დიდწილად განაპირობებს გარეგანი ფაქტორები (კანის ამა თუ იმ სახის ტრავმა, მათ შორის - მიკროტრავმებიც), ორგანიზმის ხანგრძლივი გადაცივება ან გადახურება. პიოდერმიის ღრმა, ქრონიკული, მორეციდივე ფორმების განვითარებას იწვევს შინაგან ორგანოთა ქრონიკული დაავადებები:
ქრონიკული პიოდერმიის ერთ-ერთი მიზეზია კორტიკოსტეროიდებით ზოგადი დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა.
არცთუ იშვიათად პიოდერმიით დაავადებულებს უყალიბდებათ ფოკალური ქრონიკული ინფექციის კერები, რაც განაპირობებს სპეციფიკურ სენსიბილიზაციას (ორგანიზმის მგრძნობელობის მომატებას რომელიმე გამღიზიანებლის მიმართ), რომელიც აუტოიმუნურ პროცესებთან ერთად საგრძნობლად ართულებს დაავადების მიმდინარეობას.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზმში მიმდინარე ყველა ეს ცვლილება იმუნიტეტის სისუსტით არის განპირობებული.
პიოდერმიის საყოველთაოდ მიღებული კლასიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით ყველაზე მოხერხებულია ის კლასიფიკაცია, რომელიც გამომწვევის ხასიათსა და კანის დაზიანების სიღრმეს ეფუძნება.