ადამიანის გენიტალიური (სასქესო ორგანოების) პაპილომავირუსული ინფექცია (აპვ, HPV) სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა. იგი დიდხანს კეთილთვისებიანად მიიჩნეოდა, მაგრამ გაირკვა, რომ შესძლებია საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევა, რომელიც ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილიანობის მეორე მიზეზია მკერდის კიბოს შემდეგ.
მთელ მსოფლიოში პაპილომავირუსული ინფექცია უფრო ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე ყველა სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადება ერთად აღებული (ინფიცირებულია დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი). იგი მიმდინარეობს სასქესო ორგანოებისა და უკანა ტანის ლორწოვანის დაზიანებით. გავრცელებულია როგორც ჰეტეროსექსუალებს, ისე ბისექსუალებსა და ჰომოსექსუალებს (ქალებსა და მამაკაცებს) შორის. აპვ-ინფექციის გამო უამრავი ჰომოსექსუალი და ბისექსუალი მამაკაცი ავადდება სწორი ნაწლავის კიბოთი.
პაპილომავირუსის 100-ზე მეტი ტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის პაპილომავირუსებად. დაბალი რისკის (HPV 6, 11, 42, 43, 44 და სხვა არაონკოგენური) ადამიანის პაპილომავირუსები იწვევენ მახვილწვერა კონდილომას, მაგრამ ნაკლებად ასოცირდებიან სასქესო ორგანოების კიბოსწინარე დაავადებებსა და კიბოსთან. მაღალი რისკის (ასეთია 13 ტიპი - HPV 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68; მათ შორის ყველაზე ონკოაგრესიულია HPV 16 და HPV 18 ტიპები) ადამიანის პაპილომავირუსი კი საშვილოსნოს ყელის დისპლაზიასა და საშვილოსნოს ყელის, ვულვისა და სასქესო ასოს ავთვისებიან სიმსივნესთან ასოცირდება. მრავალრიცხოვანი ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები მოწმობს, რომ მაღალი რისკის ადამიანის პაპილომავირუსი სასქესო ორგანოების კიბოსწინარე დაავადებებისა და კიბოს მიზეზია.
მაღალი რისკის აპვ-ით დასნებოვნების მომენტიდან კიბოსწინარე დაავადების ან კიბოს განვითარებამდე უმეტესად 5-30 წელი გადის, იშვიათად - 1 წელზე ნაკლები.
ადამიანი შეიძლება ინფიცირებული იყოს ვირუსის ერთი ან რამდენიმე ტიპით. პაპილომავირუსით ინფიცირებულთა 5-30%-ს ერთდროულად ამ ვირუსის რამდენიმე ტიპი აქვს. სანამ ორგანიზმი სტრესულ სიტუაციაში არ მოხვდება და საკუთარი იმუნიტეტი საგულდაგულოდ იცავს, ყველაფერი რიგზეა; თუ იმუნიტეტი დასუსტდა, პაპილომავირუსები, რომლებიც ადრეც იყვნენ სისხლში, მაგრამ თავს არ ამჟღავნებდნენ, აუცილებლად მოგვცემენ ნიშანს - დაავადება გააქტიურდება და ეპითელიუმს დააზიანებს.
ინფექცია შეიძლება წლობით ფარულად არსებობდეს ორგანიზმში. ზოგჯერ ინფიცირება სიცოცხლის პირველივე დღეებში ხდება, მაგრამ ადამიანი ამის შესახებ შეიტყობს ათეულობით წლის შემდეგ, როცა მიზეზთა გამო იმუნიტეტი დასუსტდება და ვირუსი გამოიღვიძებს. მისი ზემოქმედებით კანის უჯრედები არაკორექტულ ფუნქციობას იწყებს. შედეგად ჩნდება კონდილომები. თუ აპვ 16, 18, 31-45 ტიპისაა, არსებობს ამ წარმონაქმნების კიბოდ გადაგვარების ალბათობა, თუმცა ვირუსის ეს ტიპები კონდილომებს იშვიათად იწვევს, აპვ 6-11 ტიპები კი, პირიქით, ონკოდაავადებების თვალსაზრისით არ არის საშიში, მაგრამ ხშირად აძლევს ბიძგს სასქესო ორგანოების კანსა და ლორწოვან გარსზე კეთილთვისებიანი კონდილომების განვითარებას.
ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის სქესობრივი გზით გავრცელებას ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსის მიკროტრავმები. თუ დედა ინფიცირებულია, მოსალოდნელია ახალშობილის ინფიცირებაც მშობიარობის დროს. აუტოინოკულაცია და კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით ინფიცირება შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად არის შესწავლილი.
ინფიცირება უმეტესად 30 წლამდე ხდება, რაც ამ პერიოდში სქესობრივი ცხოვრების თავისებურებებს უკავშირდება.
სისხლში დაბალი რისკის აპვ-ის არსებობა პაპილომავირუსული ინფექციის განვითარებისა და მახვილწვერა კონდილომების წარმოშობის აუცილებლობაზე არ მეტყველებს. კონდილომების გაჩენა და შესაძლო რეციდივები ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითებით არის განპირობებული.
პაპილომავირუსული ინფექციის განვითარების რისკფაქტორია ვირუსმატარებელთან ხშირი სქესობრივი კონტაქტი, და რაკი ეს ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული და ადვილად გადამდებია, იმ ახალგაზრდების უმრავლესობა, ვინც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, პაპილომავირუსის მატარებელი ხდება. ეს საშიში არ არის, თუ კონდილომები არ გაჩნდა ონკოლოგიური თვალსაზრისით საშიშ ზონებში - საშვილოსნოს ყელსა და ასოს თავზე. მით უმეტეს, უსაფრთხოა აპვ-ის პასიური მატარებლობა, თუ მახვილწვერა კონდილომები არ წარმოიქმნა. ადამიანი შესაძლოა მთელი სიცოცხლე ვირუსმატარებელი იყოს და ეს არც კი იცოდეს.
ექიმები ამჩნევენ პაპილომავირუსული ინფექციის აშკარა კავშირს სქესობრივი ცხოვრების ნაადრევ დაწყებასთან. დაავადება უფრო ხშირად ემართებათ იმ ქალებს, რომელთაც მრავალი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ, ასევე - იმ ქალებს, რომელთა ქმრებსაც ჰყავთ მრავალი სქესობრივი პარტნიორი.
კლინიკური სურათი
ჩვეულებრივ, აპვ-ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მეტადრე მაშინ, როცა აპვ-ის მატარებელს აქვს ძლიერი იმუნიტეტი და ორგანიზმი ვირუსს უმკლავდება, მაგრამ იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში ვირუსმა შესაძლოა კანსა და ლორწოვან გარსზე სხვადასხვა სახის წარმონაქმნის გაჩენა გამოიწვიოს. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია მეჭეჭები, პაპილომები და მახვილწვერა კონდილომები.
პაპილომები მარტო იმუნიტეტდაქვეითებულ მოხუცებს კი არა, ზოგჯერ ახალგაზრდებსაც უჩნდებათ სტრესის გადატანის, წამლის დიდხანს მიღების, კუჭ-ნაწლავის პრობლემების შემთხვევაში. ინფიცირება შეიძლება მოხდეს ყველგან, სადაც მაღალი ტენიანობაა და ადამიანის კანი ტანსაცმლით არ არის დაცული, მაგალითად, აუზზე ან პლაჟზე. პაპილომის გავრცელება ხდება კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით.
მახვილწვერა კონდილომები უმეტესად არც ტკივილს იწვევს და არც სხვა უსიამოვნო შეგრძნებას, თუმცა შესაძლოა დიდი კონდილომის დაწყლულება და მეორეული ინფიცირება, რასაც მოჰყვება ტკივილი, ქავილი და არასასიამოვნო სუნი. შარდსადენი მილის მახვილწვერა კონდილომამ შესაძლოა გამოიწვიოს საშარდე გზების ნაწილობრივი ან სრული ობსტრუქცია (ჩაკეტვა).
განასხვავებენ ოთხი ტიპის მახვილწვერა კონდილომას:
დაავადება ან თვითგანკურნებით სრულდება, ან კონდილომები მრავლდება და იზრდება, ან პროცესი სტაბილურ ხასიათს იღებს, მაგრამ არ ქრება.
ადამიანმა, რომელსაც მახვილწვერა კონდილომა აღმოაჩნდება, უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა შიდსსა და სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებზე.
მახვილწვერა კონდილომის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია კლინიკური სურათის მიხედვით, მაგრამ სასურველია, ის ნაცხის ლაბორატორიული ანალიზითაც დადასტურდეს.
დიაგნოსტიკა.
აპვ-დიაგნოსტიკა ორ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს:
1. ნორმალური;
2. არაადეკვატური;
3. მოსაზღვრე ცვლილებები (ASCUS);
4. დაბალი ხარისხის დაზიანება (LSIL);
5. მაღალი ხარისხის დაზიანება (HSIL);
6. ატიპური ჯირკვლოვანი უჯრედები (AGS).
მკურნალობა
მახვილწვერა კონდილომების მკურნალობა მათ მოშორებას გულისხმობს. კონდილომების მოშორება ხდება კრიოდესტრუქციით (მოყინვით), რისთვისაც თხევად აზოტს იყენებენ. გარდა ამისა, კონდილომების მოსაშორებლად გამოიყენება პოდოფილინი, ტრიქლორძმარმჟავა და დიქლორძმარმჟავა. შესაძლებელია მათი მოცილება ასევე მაკრატლით, ელექტოკოაგულაციითა და ლაზერის გამოყენებით.
მკურნალობის მეთოდები, რომლებიც აპვ-ინფექციის საბოლოო ლიკვიდაციას გამოიწვევდა ან კიბოსწინარე დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკის შეამცირებდა, არ არსებობს. მრავალი მეცნიერის აზრით, მახვილწვერა კონდილომების მოცილება ამცირებს სქესობრივი პარტნიორის დაინფიცირების რისკს, თუმცა ეს მოსაზრება მეცნიერულად დადასტურებული არ არის.
მკურნალობა ათიდან 6-8 შემთხევვაში ეფექტურია. დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში მკურნალობა არ არის საჭირო. საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობა დისპლაზიის ხარისხზეა დამოკიდებული.
პროფილაქტიკა
პრეზერვატივი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა ინფექციისგან თავის დასაცავად, თუმცა ის მაინც ვერ უზრუნველყოფს პაპილომავირუსისგან სრულყოფილ დაცვას, რადგან ვირუსი არის სასქესო ორგანოების გარშემო, კანის საფარველზეც. საბედნიეროდ, არსებობს ვაქცინა, რომელიც ქალს იცავს ვირუსის 2 ყველაზე გავრცელებული ტიპისგან. ეს ტიპებია 16 და 18, რომლებიც სამიდან 2 შემთხვევაში იწვევს საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დაზიანებებს და შემდგომ - საშვილოსნოს ყელის კიბოს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ვირუსის სხვა ტიპებიც, ამიტომ ქალმა, მიუხედავად აცრისა, რეგულარული გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს.
პაპილომავირუსული ინფექციის პროფილაქტიკა გულისხმობს:
ვაქცინაცია
კვლევებმა დაადასტურა, რომ ვაქცინა ძალზე ეფექტურია.
ვაქცინაციის დროს ორგანიზმი სავსებით ჯანმრთელი უნდა იყოს, ქალს არ უნდა ჰქონდეს ალერგია ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ და არ უნდა გეგმავდეს დაორსულებას მომდევნო 6 თვის განმავლობაში, რადგან აცრა 3-ჯერადია (I, II და VI თვეს).
ვაქცინაცია 13 წლიდან სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ტარდება. ამ შემთხვევაში ის ყველაზე ეფექტურია. სრულფასოვანი გამოკვლევის შემდეგ შესაძლებელი და ეფექტიანია ჯანმრთელი (აგრეთვე - ნამკურნალები) ქალების აცრაც.
კვლევები მოწმობს, რომ იმუნიტეტი სამუდამოა.
მამაკაცების აცრაც საჭიროა, რადგან ვირუსის ძირითადად გადამტანებად სწორედ ისინი მიიჩნევიან. აპვ მამაკაცების 2%-ში იწვევს სასქესო ორგანოს (ასოს) კიბოს. ეფექტურია მამაკაცების აცრა 9-დან 17 წლამდე.
როგორც ყველა ვაქცინას, HPV ვაქცინასაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ძალიან ცოტაა. აცრის წინ აუცილებელია, გაირკვეს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობა.