ამებიაზი ნაწლავთა დაავადებაა, რომელსაც ამებათა ოჯახის ერთუჯრედიანი პარაზიტი იწვევს. მას ახასიათებს მსხვილი ნაწლავის წყლულოვანი დაზიანება, სხვადასხვა ორგანოში აბსცესის განვითარება და ხანგრძლივი მიმდინარეობა.
ინფექციის მთავარი წყაროა ცისტების გამომყოფი ადამიანი (მატარებელი). მწვავე პერიოდში ცისტები არ გამოიყოფა, ამიტომ ავადმყოფი ეპიდემიოლოგიურად საშიში არ არის. საშიშროება თან სდევს გამოჯანმრთელების დასაწყისს, თუ მკურნალობა ჯეროვნად არ ჩატარდა. წლების განმავლობაში მატარებელი განავალთან ერთად გამოყოფს ცისტებს, რომლებიც დიდხანს ძლებენ გარემოში. ისინი უპირატესად ადამიანის ფეკალური მასით დაბინძურებული სასმელი და სამეურნეო წყლის, დაბინძურებული მწვანილისა და ხილ-ბოსტნეულის, სურსათის, ჭუჭყიანი ხელების, საოჯახო ნივთების, ცისტის მატარებელთან კონტაქტის მეშვეობით გადაეცემა.
არსებობს ამებიაზის რამდენიმე კლინიკური ფორმა:
ცუდად ნამკურნალევ ავადმყოფს, თუ იგი ცისტის მატარებელი დარჩა, გარეგანი (გაციება, ცუდი კვება) და შინაგანი (ავიტამინოზი) ფაქტორების გავლენით პერიოდულად უვითარდება ამებიაზის რეციდივი, რაც წლობით გრძელდება და ხშირად სდევს თან ნაწლავური თუ ნაწლავგარე გართულებები, მაგალითად, პერიკოლიტი (ღრმა წყლულების გამო ანთებით პროცესში პერიტონიუმის ჩართვა), აპენდიციტი, ამებომა და პოლიპი, პერფორაცია (ღრმა წყლულით ნაწლავის კედლის გახვრეტა), პერიტონიტი. ეს გართულებები ამძიმებს ნაწლავთა ამებიაზის მიმდინარეობას.
ნაწლავური ამებიაზი შეიძლება გართულდეს კანის ამებიაზით. ეს იშვიათი, მაგრამ არაკეთილსაიმედო პროგნოზის მქონე გართულებაა. ამ დროს ვითარდება კანის ანთება ანუსის გარშემო და მის მიმდებარე არეში და უხვი სისხლიან-ჩირქოვანი გამონადენი.
არ არის გამორიცხული ამებიაზის შერწყმა სხვა დაავადებებთან (უმეტესად - დიზენტერიასთან, ბალანტიდიაზთან, წყლულოვან კოლიტთან). ნაწლავთა ამებიაზისა და ბაქტერიული დიზენტერიის ერთდროული მიმდინარეობა მძიმეა, ხანგრძლივი, ძნელად ამოსაცნობი და განსაკურნებელი. დიზენტერიასთან ამებიაზის კომბინაციას ახასიათებს უეცარი დასაწყისი, ტემპერატურის მატება, ინტოქსიკაციის ნიშნები, ფაღარათის გახშირება, განავალში ჩირქის სიჭარბე, ჭინთვების სიმპტომის ადრეული აღმოცენება, მუცლის ჩავარდნა. მდგომარეობა დიდხანს არ უმჯობესდება.
ცისტების მატარებლობისას კლინიკური სიმპტომი თავს არ იჩენს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიურად. მატარებლებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ ლაბორატორიული კვლევა და საჭიროების შემთხვევაში - სანაცია.
დიაგნოსტიკა. ამებიაზის დიაგნოზი ძირითადად ლაბორატორიულ კვლევებს (განავლის ანალიზს) ემყარება. მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო მეთოდია რენტგენომანოსკოპია, რომლის მეშვეობითაც ათვალიერებენ სწორ და სიგმოიდურ ნაწლავს და იღებენ გამოსაკვლევ მასალას უშუალოდ ნაწლავის კედლიდან და წყლულიდან. დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს ჩივილებს.
მკურნალობა. ამებიაზის სამკურნალო მრავალი ეფექტური საშუალება დაავადების კლინიკური ფორმისა და სტადიის შესატყვისად შეირჩევა. თუ დაავადება დროულად გამოვლინდა, მაშინ მისი მკურნალობა წარმატებით დასრულდება. ზოგჯერ, გართულების შემთხვევაში, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.