ცელულიტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

ცელულიტი
ცელულიტი კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებია, რომლებიც მიკროცირკულაციისა და ლიმფის მიმოქცევის დარღვევას იწვევს. ის შეიძლება დავახასიათოთ როგორც ცხიმოვან ქსოვილში მიმდინარე შეგუბებითი მოვლენებით გამოწვეული ცხიმოვანი დისტროფია. სპეციალისტები დღემდე ერიდებიან ტერმინ „ცელულიტის~ გამოყენებას და ამჯობინებენ, ეს მოვლენა ლიპოდისტროფიის სახელით მოიხსენიონ. სამედიცინო საზოგადოებაში ცელულიტის შესახებ საერთო აზრი არ არსებობს. ზოგი ექიმი მას დაავადებადაც კი არ მიიჩნევს. ტერმინი ცელლულიტე არ უნდა აგვერიოს ცელლულიტის-ში, რაც კანქვეშა ბოჭკოების ჩირქოვან ანთებას ნიშნავს.
ცელულიტის მიზეზებია:
-გენეტიკა;
-კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მიკროცირკულაციის დარღვევა;
-ჰორმონული დარღვევები;
-მამაკაცებში - ჰიპოანდროგენია;
-ქალებში - ჰიპერესტროგენია;
-ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და პროლაქტინის (ქალებში) ბალანსის დარღვევა;
-სტრესი და კატაბოლიზმის მაღალი დონე;
-კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში მიმდინარე ანთებითი მოვლენები და ინფექციები.
რისკფაქტორებია:
-არასწორი კვება;
-სიმსუქნე;
-მცირე ფიზიკური აქტიურობა;
-ორგანიზმის ინტოქსიკაცია (ნიკოტინისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სამკურნალო მედიკამენტები).

ცელულიტის განვითარების ეტაპები


ექიმები ცელულიტის ოთხ საფეხურს განასხვავებენ.
-პირველი, ყველაზე გავრცელებული სტადია: კანზე ბურცობები და ღრმულები ჯერ კიდევ არ შეინიშნება. ასეთი მდგომარეობა მოზარდ გოგონებს შორისაც კი გვხვდება. კანი თანაბარი და გლუვია. ქალს ჰგონია, რომ ცოტაოდენი მოიმატა და კანი ოდნავ შეუშუპდა. არსებითად, ასეც არის - ვითარდება შეშუპება, ვინაიდან ორგანიზმში წყლის შეკავების პროცესი მიმდინარეობს. საკვები ნივთიერებების გადამუშავებისას წარმოქმნილი ნარჩენები უჯრედშორის სითხეში ხვდება, გროვდება იქ და საბოლოოდ ლიმფურ ძარღვებს აწვება. შედეგად მათ მიერ გამოყოფილი სითხის დაახლოებით 60-70% ორგანიზმში რჩება. ცხიმი მკვრივდება, მაგრამ უჯრედშორის სივრცეში ჯერ კიდევ არ ხვდება. ამ სტადიაში ცელულიტთან ბრძოლა ადვილია. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ორგანიზმიდან სითხისა და ნარჩენების აქტიური გამოდევნა. სპორტი, საუნა, ბალახები, ლიმფოდრენაჟი, ანტიცელულიტური კრემები, მატონიზებელი კრემები დადებით ეფექტს იძლევა.
-მეორე სტადია გაცილებით რთულია. ამ დროს ორგანიზმიდან სითხის გამოძევებას უკვე ვენური სისტემაც ვეღარ უმკლავდება. ცხიმი უფრო მეტად მკვრივდება, შეშუპებაც იმატებს და სპეციალური დიეტის, ვარჯიშის, სირბილის, ცურვის, ველოსპორტისა და სხვა ამგვარი პროცედურების გარეშე ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.
-მესამე სტადიას ექიმები მიკრონადულარულს უწოდებენ. ამ ეტაპზე სხეულზე შეინიშნება მცირე ზომის კვანძოვანი სიმკვრივეები. ლიმფური სისტემის მეშვეობით ორგანიზმის ბუნებრივი წმენდის პროცესი დარღვეულია. სითხე არტერიებსაც კი აწვება. ჟანგბადი ცხიმოვან ქსოვილს ცუდად მიეწოდება. ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი. სპეციალური პროცედურების გარეშე კრემები და ლიმფოდრენაჟი უეფექტოა.
-რაც შეეხება მეოთხე, მაკრონადულარულ სტადიას, ამ დროს კრემების ეფექტიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია. კანში უკვე პათოლოგიაა განვითარებული. კვანძოვანი სიმკვრივეები დიდია და შესამჩნევი. კანი ცივია, უფერული, დაჰკრავს სილურჯე. კვანძები მტკივნეულია, ვინაიდან ზეწოლას ნერვული დაბოლოებებიც განიცდის. მესამე-მეოთხე სტადია უჯრედების სკლეროზია. ამ დროს მხოლოდ სპორტი ვერ გიშველით, ცხოვრების წესის მთლიანად შეცვლა მოგიხდებათ.

დიაგნოსტიკა

ცელულიტის დიაგნოზი ექიმმა უნდა დასვას. იტალიელმა მედიკოსებმა დიაგნოსტიკისთვის თერმოგრაფიის მეთოდი შეიმუშავეს: კანზე იდება სპეციალური მგრძნობიარე ფირი, რომელზეც კანქვეშა შრის უჯრედთა კონტურები გამოისახება. ექიმს შეუძლია, ამ გზით დაინახოს უჯრედშორისი სითხე, თვალი ადევნოს, რამდენად სწრაფად და ძლიერად გადაადგილდება ამ სითხეში ცხიმი. იმავე მეთოდით შეიძლება მკურნალობის შედეგზე დაკვირვებაც.

მკურნალობა

ყოველ ქალს სჭირდება ინდივიდუალური მკურნალობა, რომელიც შორს წასულ სტადიებზე შესაძლოა რამდენიმე მეთოდს მოიცავდეს (საწყის ეტაპზე სილამაზის სალონს ქალების მხოლოდ 5% თუ მიმართავს). თავდაპირველად სპეციალისტს შეუძლია, პაციენტს შესთავაზოს დეტოქსიკაცია, სხეულის კონტურული გაკვრა. ცელულიტის საწყის სტადიაზე ეს მეთოდები მეტად ეფექტურია. კანი სველდება ბუნებრივი წარმოშობის სხვადასხვა ანტიცელულიტური საშუალებით, მაგალითად, ზღვის ქვიშით, მერე კი სპეციალურ ქსოვილში ეხვევა. ცხიმოვანი ქსოვილი იჭიმება, სწორდება. ამ მეთოდით შეიძლება მკერდის, დუნდულების, წელის, თეძოების ფორმის შეცვლა. მაგრამ პროცედურების პარალელურად აუცილებელია დიეტის დაცვა. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს კონსერვანტები, ხორცი, ტოქსიკური ნივთიერებები - ხსენებული პროცედურის დროს ორგანიზმიდან წიდასთან ერთად სითხეც გამოიდევნება და თუ შხამების მიღებას განაგრძობთ, შესაძლოა, მოულოდნელად მძიმე მოწამვლა განვითარდეს. საწყის ეტაპზე სასურველია ანტიცელულიტური მასაჟი სპეციალური კრემებით. შეიძლება ვაკუუმმასაჟიც. მეორე სტადიაზე იყენებენ მცირესიხშირიან დენს, ზარმაცებს უნიშნავენ პასიურ ვარჯიშს ტრენაჟორზე. საფრანგეთში პოპულარულია კრიოთერაპია: კანზე უსვამენ ცხიმის გამხსნელ ნივთიერებას - კოფეინსა და თეოფილინს, მენთოლითა და ქაფურის ზეთით იწვევენ სიცივის შეგრძნებას, რომელიც რამდენიმე საათს გრძელდება, ხოლო ზემოდან აცმევენ სველ წინდებს, რომლებიც გაჟღენთილია სუროსა და წაბლის ექსტრაქტით ან სხვა ნივთიერებით, რომელიც გახდომას იწვევს. არსებობს კიდევ ერთი მეთოდი - მეზოთერაპია, რომელსაც უკანასკნელ სტადიაზე მიმართავენ. ექიმები ამტკიცებენ, რომ 10 პროცედურით მინიმუმ 10 კგ-ის დაკლებაა შესაძლებელი. პროცედურა საკმაოდ ტრავმულია - დაზიანებულ ადგილებს ჩხვლეტენ და კანქვეშ შეჰყავთ სპეციალური კოქტეილი, რომელიც ხსნის ცხიმს. მისი ძირითადი ნივთიერებაა არტიშოკის წვენი, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი, ტოქსინები, წვავს ცხიმს და არაჩვეულებრივ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. ორი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ მოგიწევთ მრავალრიცხოვანი ჩხვლეტის ატანა, მაგრამ ეფექტი ამად ღირს. ქირურგიულ ჩარევას, კერძოდ, ლიპოსაქციას, ყველა სპეციალისტი არ მიესალმება. ეს მეთოდი უკუნაჩვენებია დიაბეტიანებისთვის, გულ-სისხლძარღვთა, თირკმლისა და სხვა სისტემური პათოლოგიების მქონე პირებისთვის. რომელი მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ: მთავარია, დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, მიირთვათ ნაკლები ხორცი, ცხიმი, ტკბილეული, მეტი ხილ-ბოსტნეული, მისდიოთ სპორტს.

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად