ჩუტყვავილა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
ჩუტყვავილა
ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ტემპერატურის ზომიერი მომატებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე თანამიმდევრული,  ტიპური ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით.
ჩუტყვავილა როგორც თავისთავადი დაავადება პირველად XVI საუკუნეში აღწერეს იტალიელმა ექიმებმა, მაგრამ მას შემდეგაც დიდხანს მიაჩნდათ იგი ნატურალური ყვავილის ერთ-ერთ კლინიკურ ვარიანტად.
ჩუტყვავილას ახასიათებს სეზონურობა, უფრო ხშირია იგი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ბავშვთა კოლექტივებში ხშირია ეპიდემიური აფეთქება. გადატანილი დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს - განმეორებით დაავადება პრაქტიკულად აღარ ხდება. ალბათობა არსებობს, თუმცა არ აღემატება 2-3%-ს. ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში ჩუტყვავილა არ გადაუტანია, ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაავადდეს, თანაც რაც უფრო ასაკოვანია ავადმყოფი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.
ავადმყოფი როგორც ინფექციის წყარო საშიშია გამოყრამდე 1-2 დღე-ღამის და გამოყრის შემდეგ 3-7 დღე-ღამის განმავლობაში. უკანასკნელი გამონაყარის ფუფხად ქცევის შემდეგ ავადმყოფი საშიში აღარ არის. ნატურალური ყვავილისგან განსხვავებით, ფუფხი არ შეიცავს ვირუსს.

მიზეზები
დაავადებას იწვევს ჩუტყვავილა-ზოსტერის ვირუსი (VZV). იგი ადამიანის ჰერპესვირუსია. VZV-ს პირველადი ინფექცია ჩუტყვავილას სურათს იწვევს, ხოლო ვირუსის ლატენტური (ფარული) არსებობა ზურგის ტვინის უკანა რქების განგლიებში და მისი რეაქტივაცია - სარტყლისებური ლიქენის სურათს (ზოსტერინფექციას).
ინფექციის წყარო ჩუტყვავილათი ან ზოსტერით დაავადებული ადამიანია. გამომწვევი ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით ვრცელდება. ახასიათებს მაღალი კონტაგიოზურობა. ასიდან 90 შემთხვევაში დაავადება 10 წლამდე გადააქვთ, ხოლო მოსახლეობის 96% იმუნურია ამ ინფექციის მიმართ. 2-3 თვის პატარები დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის წყალობით ამ ინფექციისგან, ფაქტობრივად, დაზღვეულნი არიან, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნაყოფს პასიური იმუნიტეტი არ გადაეცემა. ასეთ დროს ის ტრანსპლაცენტური გზით ინფიცირდება. მოსალოდნელია ახალშობილის დაავადებაც, თუ დედამ ორსულობის უკანასკნელ პერიოდში ავადმყოფობა გადაიტანა.

სიმპტომები და მიმდინარეობა
ვირუსი ორგანიზმში იჭრება ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანიდან, სადაც მრავლდება და ლიმფური გზით ედება კანსა და ლორწოვან გარსებს, შინაგან ორგანოებს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ვირუსი გამოირჩევა უპირველესად კანის, შემდგომ კი ნერვული სისტემის დაზიანებით. ძირითადი ცვლილებებია კანსა და ლორწოვანზე. გენერალიზებული ფორმების დროს ორგანიზმი სისტემურად ზიანდება. ვეზიკულური გამონაყარი ეროზიებისა და წყლულების სახით შეინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სასუნთქ და საშარდე ორგანოებში, ცნს-ში. ჩუტყვავილას გენერალიზებული ფორმები იშვიათია და უმეტესად გვხვდება დარღვეული, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ბავშვებთან.
საინკუბაციო პერიოდი ანუ დრო ინფიცირებიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე 10-21 დღეა, უმეტესად - 14 დღე. ტემპერატურა ამ დროს ნორმალური ან სუბფებრილურია (37-დან 37,3 გრადუსამდე).
გამოყრამდე 1-2 დღე შეინიშნება უმნიშვნელო სისუსტე. თავდაპირველად ჩნდება ლაქა ან პაპულა (კანის ზედაპირიდან წამოწეული), რომელიც ძალიან მალე, რამდენიმე საათში, გადაიქცევა გამჭვირვალე, ოვალურ ან მრგვალ ბუშტუკად გაწითლებული კანის ფონზე. ბუშტუკების შიგთავსი პირველსავე დღეებში იმღვრევა, გამონაყარი ადვილად სკდება, სითხე იღვრება და წარმოიქმნება ფუფხი.

ჩუტყვავილას
გამონაყარი


გამონაყარი ჯერ ტანზე ჩნდება, შემდეგ - სახეზე, თავის თმიან ნაწილზე, კიდურების დისტალურ (პერიფერიულ) ნაწილებზე. თავდაპირველად წითელ ლაქებს ან პაპულებს (კანის ზედაპირიდან წამოწეულ წარმონაქმნებს) წააგავს, რამდენიმე საათში კი ერითემულ ფონზე (გაწითლებულ კანზე) დაყრილ ოვალურ ან მრგვალ გამჭვირვალე ბუშტუკებად - ვეზიკულებად იქცევა. მათი შიგთავსი მალევე იმღვრევა. ბუშტუკები ადვილად სკდება, სითხე იღვრება, ხოლო კანი მათ ადგილას მუქი ფუფხით იფარება. ფუფხის მოცილების შემდეგ ნაწიბური არ წარმოიქმნება. რჩება მხოლოდ მუქი პიგმენტაცია, რომელიც თანდათან ფერმკრთალდება, ხოლო 2-3 თვეში სრულიად ქრება. ლორწოვან გარსებზე (პირის ღრუში, კონიუნქტივაზე, ხორხში, სასქესო ორგანოებზე) გამონაყარი მალე იქერცლება და ტოვებს ზედაპირულ ეროზიებსა და წყლულებს, რომლებიც 5-7 დღეში ხორცდება.
გამონაყარი უხვია და ტალღისებურად - 1-2-დღიანი ინტერვალებით წარმოიქმნება. ახალი ტალღის დაწყებისას წინა ჯერ კიდევ არ არის ჩამცხრალი, ამიტომ კანზე ერთდროულად შეინიშნება ლაქოვან-პაპულური, ვეზიკულური წარმონაქმნები და ფუფხი. ასეთ გამონაყარს პოლიმორფულს უწოდებენ. ყოველ ახალ ტალღას ტემპერატურული რეაქცია სდევს თან. გამონაყარის მაქსიმალური გამოვლინებისას ბავშვები უჩივიან საერთო სისუსტეს, მადის დაქვეითებას, ძილის დარღვევას, კანის ქავილსა და ინტოქსიკაციის სხვა ნიშნებს. შესაძლოა, გამონაყარი ხორხშიც წარმოიქმნას და კრუპის სინდრომი განვითარდეს.
მსუბუქი ფორმის შემთხვევაში გამონაყარი ერთეულია. ტემპერატურა ზოგჯერ არც იმატებს, უმეტესად კი 37,5-38 გრადუსს არ აღემატება. საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საშუალო სიმძიმის ფორმისას ტემპერატურა 39 გრადუსს აღწევს.
მძიმე ფორმისას ტემპერატურა 40 გრადუსამდე იწევს, ზოგჯერ - უფრო მეტადაც. მკვეთრად არის გამოხატული ნეიროტოქსიკოზი. ვითარდება კრუნჩხვა, მენინგოენცეფალიტის სურათი. გამონაყარის ელემენტები ამ დროს უფრო დიდი ზომისაა და თითქოს განვითარების ერთ-ერთ სტადიაშია გაჩერებული. არ არის გამორიცხული, დაავადება ატიპურად - ჰემორაგიული, განგრენული ან გენერალიზებული ფორმით მიმდინარეობდეს. გენერალიზებული ფორმები გვხვდება ახალშობილებსა და ზრდასრულ პირებთან, რომელთაც აქვთ მძიმე თანმხლები დაავადება და ხანგრძლივად მკურნალობდნენ სტეროიდული ჰორმონებით.

თანდაყოლილი
ჩუტყვავილა


თუ დედა ჩუტყვავილათი ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაავადდა, შესაძლოა, ვირუსმა ემბრიონზე დამღუპველად იმოქმედოს. იშვიათად ვითარდება ემბრიოპათიები და ფეტოპათიებიც (თანდაყოლილი სიმახინჯეები).
თანდაყოლილი ინფექციისას საინკუბაციო პერიოდი 6-16 დღეს შეადგენს. ვითარდება დაავადების საშუალო ან მძიმე ფორმა. არცთუ იშვიათად ინფექცია გენერალიზებულ ხასიათს იღებს - შინაგან ორგანოებს აზიანებს და ლეტალურ შედეგს იწვევს.
დაავადების სიმძიმე ნაყოფის ინფიცირების დროზეა დამოკიდებული. თუ ორსულს ინფექცია მშობიარობის წინ შეხვდა, ახალშობილს ჩუტყვავილა სიცოცხლის მე-5-10 დღეს გამოაჩნდება. დაავადება ამ დროს მძიმედ მიმდინარეობს და ხშირად ლეტალურად სრულდება. მშობიარობამდე 5-10 დღით ადრე დედის ინფიცირებისას ახალშობილთან ჩუტყვავილა დაბადებისთანავე იჩენს თავს. ამ შემთხვევაში ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს. ლეტალური დასასრული ფაქტობრივად გამორიცხულია.

ჩუტყვავილა
წლამდე ასაკის
ბავშვებთან


ახალშობილებსა და წლამდე ასაკის ბავშვებთან ჩუტყვავილას თავისებურება გამოიხატება საერთო ინტოქსიკაციის მკვეთრი ნიშნებით:
-საერთო სისუსტითა და აგზნებით;
-ღებინებითა და უმადობით;
-ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით;
-ნორმალური ან სუბფებრილური ტემპერატურით.
ჩვილი მოდუნებულია. მოდუნებას პერიოდულად ცვლის აგზნება (ნეიროტოქსიკოზი). ამ სიმპტომებს ერთვის ღებინება, უმადობა, ნაწლავთა მოქმედების გახშირება. ტემპერატურა ნორმალურიც შეიძლება იყოს და სუბფებრილურიც, რაც ჩვილის ორგანიზმის სისუსტითა და უმწიფრობით აიხსნება. გამონაყარი უფრო გვიან - მე-2-5 დღეს ჩნდება, უხვია, პოლიმორფული. მის პიკზე ტემპერატურა მაღალ ციფრებს აღწევს. პროგრესირებს ნეიროტოქსიკოზი კრუნჩხვითა და მენინგოენცეფალიტის სურათით. გამონაყარი ჰემორაგიულ ხასიათს იღებს.

ჩუტყვავილას
გართულებები

დაავადება შესაძლოა მეორეული ინფექციით გართულდეს და აბსცესი განვითარდეს. საქმე ის არის, რომ გამონაყარი მქავანაა, ბავშვი ვერ ითმენს და კანს ფრჩხილით იკაწრავს, დაზიანებულ კანში კი ინფექცია იჭრება. შედეგად ვითარდება ფლეგმონა, წითელი ქარი და სხვა გართულებები. გარდა ზემოხსენებული ვირუსული ენცეფალიტისა, ჩუტყვავილას ტიპური გართულებაა ცერებრული ატაქსია. ენცეფალიტი უმეტესად ფუფხის სტადიაში ვლინდება. ამ დროს გამოყრა დასრულებულია, ავადმყოფი ინფექციის წყაროს აღარ წარმოადგენს და პროცესი გამოჯანმრთელებისკენ მიდის. ენცეფალიტის განვითარება დაავადების სიმძიმეს არ უკავშირდება - შესაძლოა, ჩუტყვავილა მძიმედ მიმდინარეობდეს, მაგრამ ენცეფალიტით არ გართულდეს. ენცეფალიტისთვის დამახასიათებელია თვალშისაცემი მოდუნება - მიუხედავად იმისა, რომ პროცესი გამოჯანმრთელებისაკენ მიდის, პატარა ითენთება, ძილად არის მივარდნილი, უარს ამბობს ჭამაზე, ტემპერატურა ზოგჯერ იმატებს, ზოგჯერ ნორმალური რჩება. 48-72 საათში სიმპტომები თითქმის მთლიანად ალაგდება. ასიდან 15 შემთხვევაში აღინიშნება ნარჩენი მოვლენები - კრუნჩხვები და ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა.

დიაგნოსტიკა
ჩუტყვავილას დიაგნოზი ეფუძნება კანსა და ლორწოვანზე ტიპური გამონაყარის არსებობას, მის პოლიმორფიზმსა და ევოლუციას.

მკურნალობა
ჩუტყვავილას მკურნალობის სპეციფიკური საშუალებები არ არსებობს, ტარდება ზოგადი სიმპტომური თერაპია.
მეორეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად უნდა დავიცვათ ჰიგიენის ნორმები: ბავშვს ყოველდღე გამოვუცვალოთ ტანსაცმელი და თეთრეული, პირის ღრუში ყოველი ჭამის შემდეგ გამოვავლოთ წყალი. ქავილის დასაცხრობად დამამშვიდებელი საშუალებები ინიშნება. პატარა ბავშვებს აცმევენ ხელთათმანებს, აჭრიან ფრჩხილებს. ვეზიკულებს ბრილიანტის მწვანის 1%-იანი სპირტხსნარით ან კალიუმის პერმანგანატის 1-2%-იანი ხსნარით ამუშავებენ.
მეორეული, ბაქტერიული ინფექციის დართვისას ინიშნება ანტიბიოტიკები. მძიმე ინტოქსიკაციისას სადეზინტოქსიკაციო ხსნარის წვეთოვან გადასხმას მიმართავენ. ანტივირუსული პრეპარატებიდან იყენებენ ინტერფერონს, იმუნოგლობულინს. დაავადების პირველ 24 საათში ეფექტიანია აციკლოვირი (თუმცა ყოველთვის საჭირო და ეფექტური არც ის არის). ენცეფალიტით გართულებისას უნიშნავენ ჰორმონებს, აციკლოვირის ინტრავენურ ფორმას 7 დღის განმავლობაში.

პროფილაქტიკა

ვირუსული დაავადებებისგან თავის დაცვის საშუალებაა ვაქცინაცია - აცრა. აქტიური პროფილაქტიკისთვის იყენებენ ცოცხალ ვაქცინას, რომელიც ანტისხეულების წარმოქმნას იწვევს. ვაქცინა ეფექტიანია, თუ მას ავადმყოფთან კონტაქტამდე ან კონტაქტის შემდეგ უმალვე შევიყვანთ. რეკომენდებული დოზაა 0,5 მლ კანქვეშ ან კუნთებში. ვაქცინაცია 12 თვიდან ტარდება. ეფექტიანობა 95%-ს უტოლდება. ჩუტყვავილას ვაქცინის შეყვანა სხვა ვაქცინებთან ერთადაც შეიძლება, ოღონდ ცალ-ცალკე შპრიცით. იმუნიტეტი 8-20 წელიწადს გასტანს. დონორისგან მიღებული სპეციფიკური იმუნოგლობულინი მოქმედებს როგორც ჩუტყვავილას, ისე ზოსტერის წინააღმდეგ. იგი ეფექტურია, თუ მიღებულ იქნა კონტაქტიდან არა უმეტეს 72 საათის განმავლობაში. პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა შეტანილი არ არის.

დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად