ყურებში ხმაური - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ყურებში ხმაური
ყურებში ხმაური (ყურჩქამი - თენიტუს აურიუმ) არის ბგერები, რომლებიც არასასურველად, გამაღიზიანებლად მოქმედებს ადამიანზე, ხელს უშლის მას მუშაობასა და დასვენებაში. სრულ სიჩუმეში შესაძლოა ჯანმრთელსაც ჩაესმას ყურებში ხმაური, მაგრამ ეს აიხსნება შუა ყურის წვრილ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევით. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფიზიოლოგიურ ხმაურთან. ყურებში შემაწუხებელ, პათოლოგიურ ხმაურს იწვევს სმენის ნერვში არათანაბარი სისხლის მიმოქცევა ან მისი გაღიზიანება ამა თუ იმ დაავადების გამო. ხმაურს ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ: სტვენის, ჩანჩქერის, მექანიზმის, ზარის სახით. ხმაური შეიძლება იყოს ინტენსიური, მუდმივი. იგი მოქმედებს როგორც შრომისუნარიანობაზე, ასევე ფსიქიკურ მდგომარეობაზეც – შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება, უძილობა, საერთო სისუსტე.
ხშირად ხმაურს  ახლავს თან სმენის დაქვეითება, რომლის მიზეზია გოგირდოვანი ან ეპიდერმისული საცობები გარეთა ყურში, ნეიროსენსორული დარღვევები და სხვა.

ხმაურის სხვა მიზეზები

ყურებში ხმაურს ახალგაზრდებზე ხშირად უჩივიან 40 წელს გადაცილებულები, კიდევ უფრო ხშირად - 70 წელს გადაცილებულები. პაციენტები უმთავრესად მამაკაცები არიან. ყურებში ხმაურის მიზეზი შეიძლება იყოს: ყურის ანთება; გოგირდოვანი საცობი; უცხო სხეული სასმენ მილში; სასმენი ნერვის დაზიანება; ასაკობრივი ცვლილებები; გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა, დისცირკულარულმა ენცეფალოპათიამ, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა. ყურში წყლის ყურყურის შეგრძნების მიზეზია სითხის არსებობა დაფის ღრუში. ეს შეიძლება იყოს ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ანთებისა და ტრავმის შედეგი ან ბანაობის შემდეგ ყურში დარჩენილი წყალი. ყურების დაგუბების მიზეზი შეიძლება იყოს შუა ყურის მწვავე ანთება, სასმენი ნერვის დაზიანება; ყურის ტრავმა; უცხო სხეული სასმენ მილში; ცხვირის ღრუში ადენოიდების გაღიზიანება. ხმაურის შეგრძნება შესაძლოა გამოიწვიოს ალკოჰოლმა, კოფეინმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა, ტყვიით, დარიშხანით, ვერცხლისწყლით ინტოქსიკაციამ (მოწამვლამ), არტერიული წნევის მომატებამ, ათეროსკლეროზმა, ალერგიამ, ანემიამ, თირეოტოქსიკოზმა, ცხელებამ, ნევროზმა და სხვა პათოლოგიებმა. არ არის გამორიცხული  დროებითი ხმაურის გაჩენა ყურებში ორსულობის დროს და კლიმაქტერიულ პერიოდში.

არტერიული
ჰიპერტენზია

არტერიული ჰიპერტენზიის დროს ყურებში ხმაური ხშირად მოპულსირე ხასიათისაა. უმეტესად მას თან ახლავს თავის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება ან ტკივილი გულის არეში და არტერიული წნევის მომატება, რასაც იოლად დავადგენთ წნევის გაზომვით. ყურებში ხმაურის შესამსუბუქებლად საჭიროა წნევის ნორმალურ ციფრებამდე დაქვეითება. არტერიული ჰიპერტენზია, გარდა იმისა, რომ ყურებში ხმაურის გამომწვევი დამოუკიდებელი მიზეზია, სხვა დაავადებებით გამოწვეული ხმაურის ინტენსივობასაც ზრდის, ამიტომ მან, ვისაც ყურებში ხმაური აწუხებს, სისტემატურად უნდა იზომოს არტერიული წნევა და მისი მომატების შემთხვევაში მიმართოს ექიმს, ერიდოს ყველა იმ ფაქტორს, რაც წნევის აწევას უწყობს ხელს - სტრესს, ალკოჰოლს, კოფეინს, ჭარბ წონას, მარილის ჭარბ მიღებას. საგულისხმოა, რომ ყურებში ხმაურს იწვევს დაბალი არტერიული წნევაც - არტერიული პიპოტენზია. განსაკუთრებით ძლიერდება ხმაური არტერიული წნევის მერყეობისას - მისი მკვეთრი აწევის ან დაწევისას.

ათეროსკლეროზი

ყურებში ხმაურის მიზეზი ათეროსკლეროზიც შეიძლება იყოს. ის იწვევს არტერიებში ქოლესტერინის შემცველი ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას, რომლებიც ავიწროებს სისხლძარღვს და აფერხებს სისხლის დინებას. როცა ასეთი ფოლაქები თავის ტვინის არტერიებში ჩნდება, ირღვევა, უფრო ზუსტად, მცირდება არტერიული, ანუ ჟანგბადით მდიდარი სისხლის დენა თავის ტვინისკენ, სასმენი ნერვებისა და ნერვული დაბოლოებებისკენ - რეცეპტორებისკენ, შედეგად კი ყურებში ხმაური და თავბრუხვევა ვითარდება. ამ დროს შეინიშნება ათეროსკლეროზული პროცესისთვის დამახასიათებელი ზოგადი ცვლილებები: უპირატესად სისტოლური (ზედა) არტერიული წნევის მომატება, ქვედა კიდურების არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება, ლაბორატორიული კვლევა ქოლესტერინის შემცველობის მატებას ავლენს.

გულის უკმარისობა

თუ არტერიულმა ჰიპერტენზიამ, ათეროსკლეროზმა ან რომელიმე სხვა კარდიოლოგიურმა დაავადებამ გულის უკმარისობა გამოიწვია, ყურებში ხმაური გაძლიერდება, რაც თავის ტვინისა და სასმენი აპარატისთვის სისხლის მიწოდების დაქვეითებით აიხსნება. როცა ყურებში ხმაური გულის უკმარისობის შედეგია, პაციენტი უჩივის სწრაფად დაღლას, შრომის უნარის დაქვეითებას, ქოშინს ფიზიკური დატვირთვისას, ქვედა კიდურების შეშუპებას. გულის უკმარისობის შედეგად აღმოცენებული ხმაური საგრძნობლად ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას. ყურებში მოპულსირე, მფეთქავი ხმა შესაძლოა გამოიწვიოს აორტის ნაკლოვანებამ - გულის მანკის ერთ-ერთმა სახეობამ. მას თერაპევტი იოლად აღმოაჩენს, არც შემდგომი დიაგნოსტიკაა რთული. გულის მანკის დიაგნოზს ადასტურებს ექოკარდიოსკოპია - გულის ექოსკოპიური გამოკვლევა.

მედიკამენტები
ყურებში ხმაური შესაძლოა ფართოდ გავრცელებულმა მედიკამენტებმაც, უფრო სწორად, ზოგიერთი მათგანის დოზის გადაჭარბებამაც გამოიწვიოს. ასეთი პრეპარატებია, მაგალითად, ასპირინი, სტრეპტომიცინი, გენტამიცინი და სხვა. სამწუხაროდ, ასეთი მედიკამენტების ნუსხა არცთუ მცირეა და ყველა მათგანის ჩამოთვლა შეუძლებელია, ამიტომ უმჯობესია, თვითმკურნალობას ვერიდოთ და ნებისმიერი წამლის მიღებისას ექიმს მოვეთათბიროთ. მედიკამენტური გენეზის ხმაური ხშირად პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე გაივლის.

ოსტეოქონდროზი

ხერხემლის, განსაკუთრებით კი კისრის მალების ოსტეოქონდროზი შესაძლოა ყურებში ხმაურის მიზეზად იქცეს. ეს პათოლოგიური პროცესი იწვევს ხერხემლის კისრის ნაწილის ვიწრო არხებში გამავალი ხერხემლის არტერიების სპაზმს ან მათზე ზეწოლას. შედეგად ვესტიბულურ სისტემას ნაკლები სისხლი მიეწოდება. ყურებში აღმოცენდება ხმაური, რასაც ერთვის თავბრუხვევა, ტკივილი, დაძაბულობა და დისკომფორტი კისრის არეში, კეფის ქვედა ნაწილში, საფეთქლებში, ადვილად დაღლა.
ზოგჯერ ყურებში ხმაური საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ან მიმდებარე კუნთების პათოლოგიასთან არის დაკავშირებული. ამ დროს ხმაური ტკაცუნის მსგავსია. მკურნალობა ყბა-სახის ქირურგის კომპეტენციაა.

დისცირკულარული
ენცეფალოპათია

ყურებში ხმაურის მიზეზი შესაძლოა დისცირკულარული ენცეფალოპათიაც იყოს. ტერმინი `დისცირკულარული ენცეფალოპათია~ თავის ტვინის ქსოვილის პროგრესირებად ცვლილებას გულისხმობს. ამ ცვლილებას იწვევს ტვინის სისხლძარღვების უკმარისობა - ქრონიკული იშემია. რას ნიშნავს სისხლძარღვების უკმარისობა? როდესაც სისხლძარღვები ვიწროვდება, თავის ტვინის რომელიმე უბნის სისხლით მომარაგება ფერხდება. რაკი ამ უბნამდე სისხლი ცუდად მიედინება, ბუნებრივია, მცირდება ჟანგბადის მიწოდებაც (ჟანგბადის გადამტანი ხომ სისხლია) და ვითარდება ჟანგბადოვანი შიმშილი (იშემია). სწორედ ეს არის სისხლძარღვოვანი უკმარისობა. ტვინის სისხლძარღვების უკმარისობას ყველაზე ხშირად უჩივიან ათეროსკლეროზით, ჰიპერტენზიით, რევმატიზმით დაავადებულები. სხვა მიზეზებიდან, უპირველესად, უნდა დავასახელოთ ოსტეოქონდროზი (ამ დაავადების დროს მალათაშუა დისკის დეფორმირების გამო შესაძლოა მიიჭყლიტოს ხერხემლის არტერია, რომელიც ტვინს სისხლით ამარაგებს), შაქრიანი დიაბეტი, ასაკი.
დისცირკულარულ ენცეფალოპათიას მრავალი სიმპტომი ახასიათებს. ამ დაავადების უპირველეს ნიშანს წარმოადგენს ფსევდონევრასთენიული სინდრომი, რომელიც მიმდინარეობს თავის ძლიერი ტკივილით, ხშირი თავბრუხვევით, ძლიერი გაღიზიანებადობით, მომატებული მეტეომგრძნობელობით (რეაქცია ამინდის ცვლილებაზე, მაგნიტურ დღეებზე), უძილობით, ემოციების ლაბილურობით, მეხსიერების დაქვეითებით და ყურებში ხმაურით. დისცირკულარული ენცეფალოპათიის დროს ასევე საკმაოდ ხშირია სისხლძარღვების რეაქტიულობის მატება და არტერიული წნევის მერყეობა. თვალის ფსკერის დათვალიერება ავლენს ბადურა გარსის არტერიების შევიწროებას. თუ ეს დაავადება დროულად არ იქნა გამოვლენილი, იგი პროგრესირებას დაიწყებს და თანდათანობით თავს იჩენს უფრო სერიოზული სიმპტომები - გულის წასვლა, შრომის უნარის დაქვეითება, ცერებრალური სისხლძარღვოვანი კრიზი, ჰიპოქონდრიისკენ მიდრეკილება.
დისცირკულარული ენცეფალოპათიის მიმდინარეობაში სამ სტადიას გამოყოფენ. პირველს კომპენსირებულს უწოდებენ. ამ დროს ყველა სიმპტომი ზომიერადაა გამოვლენილი. მეორე სტადია უკვე სუბკომპენსირებულია ანუ სიმპტომები უკვე საკმაოდ შესამჩნევია. დაბოლოს, მესამე, დეკომპენსირებულ სტადიაში ყველა სიმპტომი მკვეთრად გამოიხატება.
დისცირკულარული ენცეფალოპათიის ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ მკურნალობა დროულად დაიწყო, ამიტომ პირველივე სიპტომების აღმოჩენისას უნდა მივმართოთ სპეციალისტს - ნევროლოგს. მკურნალობა კომპლექსურია და ითვალისწინებს როგორც ძირითადი დაავადების თერაპიას, ისე თავის ტვინის მუშაობის დარღვევის აღმოფხვრას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავადმყოფმა თერაპიის დასრულებამდე მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, არ გადაიტვირთოს ფიზიკური და გონებრივი შრომით და სრულფასოვნად დაისვენოს.

სტრესი, ნევროზი

ნევროზი, დეპრესია ან უბრალოდ ძლიერი გადაღლა პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადების იმიტაციას ახდენს. არცთუ იშვიათად მათი ერთადერთი გამოვლინება ყურებში ხმაური და თავბრუხვევაა. ასეთ დროს დიაგნოსტიკა ყურის ან ნერვული სისტემის დაავადებებით (თვის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ტრავმა, სიმსივნე) გამოწვეული ხმაურის გამორიცხვით იწყება. ნევროზის დროს პაციენტი ზედმეტად არის კონცენტრირებული თავის ჩივილებზე, უქვეითდება შრომის უნარი, გუნება-განწყობილება, გამოკვლევა კი ორგანულ მიზეზს არ ავლენს. ამავე დროს, ნევროზი და სტრესი საგრძნობლად აძლიერებს ყურებში სხვა მიზეზით (ყურის ან ნერვული სისტემის დაავადებებით) განპირობებულ ხმაურს.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზს სვამენ ჩივილების, დაავადების ზოგადი მდგომარეობის შეფასების საფუძველზე. ოტოლარინგოლოგმა ოტოსკოპით აუცილებლად უნდა დაათვალიეროს გარეთა სასმენი მილი, დაფის აპკი, რათა გამოირიცხოს ელემენტარული მიზეზი - გოგირდოვანი საცობი. საცობის შემთხვევაში ამორეცხვის შემდეგ ხმაური ქრება. მომდევნო ეტაპია კამერტონით აუდიოლოგიური გამოკვლევა და თანმხლები დაავადების ანალიზი თუ დიაგნოსტირება.

მკურნალობა

როდესაც ადამიანს ყურში ხმაური ჩაესმის, ცხადია, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოს ექიმს, რათა დროულად აღმოიფხვრას ყურის, გულ-სისხლძარღვთა, ნევროლოგიური და სხვა დაავადებები. დაავადების მართვაში ჩართულნი უნდა იყვნენ ოტოლარინგოლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ოჯახის ექიმი და სხვა სპეციალისტები. მკურნალობა უმთავრესად გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, რაციონალურ კვებას, ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმას.
მედიკამენტური მკურნალობით, უპირველესად, უნდა იმართოს ძირითადი მიზეზი: არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ნევროლოგიური მდგომარეობა, პროთრომბინის დონის მაჩვენებელი სისხლში.
ყურში მიმდინარე ყველა პათოლოგიურ პროცესს აქვს მკურნალობის ინდივიდუალური სქემა, მაგალითად, მწვავე ანთება მკურნალობის შემდეგ უკვალოდ ქრება და მასთან ერთად წარსულს ბარდება ხმაურიც.
სამკურნალოდ, უწინარეს ყოვლისა, ინიშნება პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე: A და B ჯგუფის ვიტამინები, დამამშვიდებელი საშუალებები. მეტად მნიშვნელოვანია არტერიული წნევის მოწესრიგება, შიგნითა ყურში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ნოვოკაინის ბლოკადა. მკურნალობაში შეიძლება ჩართულ იქნეს ფიზიოთერაპიული კურსი (ელექტროფორეზი იოდკალიუმით) და კისრის სამკურნალო მასაჟი, ოღონდ ის აუცილებლად კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს.
ყურებში ხმაურის დროს მკურნალობის ეფექტი ხმაურის გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ამ დაავადებათა დიდი ნაწილი (არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, ოსტეოქონდროზი და სხვ.) ქრონიკულია. შესაბამისად, ყურებში ხმაური მუდმივია, დროდადრო მცირდება, მერე კი ისევ ძლიერდება. ეფექტური მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის განწყობას. სამწუხაროდ, დაავადებულთა დიდი ნაწილისთვის ყურებში ხმაური მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემად იქცევა და ძლიერ ცვლის მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიურ დახმარებას, ირგვლივ მყოფთა თანადგომას. ამ გზით პაციენტის ყურადღება შესაძლოა სხვა საქმიანობაზე გადაერთოს და ხმაურის არასასიამოვნო შეგრძნებაც შესუსტდეს. ერთი სიტყვით, პაციენტმა ექიმისა და ფსიქოლოგის დახმარებით უნდა ისწავლოს, როგორ შეამციროს ყურებში ხმაურის შეგრძნება და ნაკლებად შემაწუხებელი გახადოს იგი. რამდენიმე რჩევას ჩვენც მოგცემთ:
-ერიდეთ ხმაურიან გარემოს, ხმამაღალი ბგერების ზემოქმედებას;
-აკონტროლეთ არტერიული წნევა;
-შეამცირეთ მარილის მოხმარება - ჭარბი მარილი ორგანიზმში სითხის შეკავებას იწვევს, რაც სმენის ორგანოსაც ვნებს;
-ერიდეთ ნერვული სისტემის სტიმულატორების - კოფეინის შემცველი სასმელების (ყავა, ჩაი, კოკა-კოლა) - ჭარბ მიღებას, ალკოჰოლსა და თამბაქოს - ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს, კოფეინი და ალკოჰოლი კი ზრდის სისხლის მიმოქცევის სიჩქარეს, რაც ყურებში ხმაურს აძლიერებს;
-ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით ასპირინს;
-ხმაურის შეგრძნებისას ეცადეთ, მოეშვათ და დამშვიდდეთ;
-ეცადეთ, არ იფიქროთ ხმაურზე - რაც მეტ ყურადღებას მიაქცევთ, მით მეტად შეგაწუხებთ იგი;
-მოიწესრიგეთ შრომისა და დასვენების რეჟიმი - დაისვენეთ სრულფასოვნად, ერიდეთ ფიზიკურ და ფსიქიკურ გადაღლას;
-გახსოვდეთ - სტრესი და მღელვარება უსიამოვნო შეგრძნებას აძლიერებს, ამიტომ ეცადეთ, მართოთ საკუთარი ემოციები;
-რეგულარული, დოზირებული ფიზიკური ვარჯიში მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია;
-გახსოვდეთ, რომ ყურებში ხმაური განსაკუთრებით ძლიერდება სიჩუმეში და პირიქით, მას ეფექტურად ფარავს სხვა რიტმული ხმაური, მაგალითად, წყნარი მუსიკა, საათის წიკწიკი;
-ეცადეთ, გონება დაკავებული გქონდეთ პროფესიული საქმიანობით ან ჰობით, რათა ხმაური ნაკლებად შესამჩნევი გახდეს;
-გახსოვდეთ, გაცივება, სურდო, ალერგია ყურებში ხმაურს აძლიერებს.

ხმაური და ძილი

ყურებში ხმაური ხშირად განსაკუთრებით შესამჩნევი და შემაწუხებელია ძილის წინ, როცა ოთახში სიჩუმეა. პაციენტს უჭირს ჩაძინება და დილაობით დაღლილი, გამოუძინებელი და გაღიზიანებული დგება, ეს კი ხმაურის გაძლიერებას იწვევს. ასე იკვრება მანკიერი წრე. ამ არასასიამოვნო მდგომარეობისგან თავის დასაღწევად გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს:
-ყოველდღე ადექით ერთსა და იმავე დროს - ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა ძილის მოსაწესრიგებლად.
-რელაქსაცია, რეგულარული ვარჯიში აუცილებლად გაგიუმჯობესებთ ძილს. გაითვალისწინეთ, უშუალოდ ძილის წინ ვარჯიში სასურველი არ არის.
-ერიდეთ დღისით ძილს, რათა ღამით დაძინება არ გაგიჭირდეთ.
-დასაძინებლად მაშინ დაწექით, როცა გეძინებათ და არა მაშინ, როცა `დაწოლის დროა~, მაგრამ თავს ფხიზლად გრძნობთ. ამავე დროს, ეცადეთ, 8 საათი მაინც იძინოთ.
-თუ დაწოლიდან 20-30 წუთში არ დაგეძინათ, ადექით, სხვა ოთახში გადით და რაიმე მშვიდი სამუშაო შეასრულეთ, მაგალითად, წაიკითხეთ წიგნი. საწოლს მაშინ დაუბრუნდით, როცა ძილი მოგერევათ.
-ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში არ მიიღოთ ყავა ან ჩაი.
-საწოლ ოთახში ტემპერატურა ზომიერი უნდა იყოს - არც მეტისმეტად დაბალი და არც ზედმეტად მაღალი.
-ძილის წინ ნუ უყურებთ ტელევიზორს და ნუ იკითხავთ - ეს ყურებში ხმაურს გააძლიერებს.
-ეცადეთ, თავი მაღალ სასთუმალზე გედოთ. ეს შეამცირებს თავის სისხლძარღვთა სისხლსავსეობას და ხმაურიც ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

პროგნოზი

ადამიანის ყური ძალზე მნიშვნელოვანი, რთული და იმავდროულად ძალზე სათუთი ორგანოა. თუ მკურნალობა ადრე დავიწყეთ, პროგნოზი საიმედოა, მაგრამ პაციენტი ექიმს უმეტესად მაშინღა მიმართავს, როდესაც მისი მდგომარეობა ძლიერ შემაწუხებელი ხდება. ასეთ დროს მკურნალობა უმთავრესად იქით არის მიმართული, რომ ხმაური არსებულ დონეზე შეინარჩუნონ და მდგომარეობა უფრო მეტად არ დამძიმდეს.
ყურებში ხმაურის თავისებურება, პროგნოზი და მკურნალობა მისი სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში სხვადასხვაგვარია. პროფილაქტიკური გასინჯვა სასურველია წელიწადში 2-ჯერ ჩატარდეს. ყურებში ხმაური მრავალი დაავადების თანმხლები პრობლემაა, ამიტომ გირჩევთ, დროულად მიმართოთ ექიმს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ხმაური შესაძლოა თქვენი სამუდამო თანამგზავრი გახდეს.

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად