ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (2) - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (2)
5. თირეოიდიტი

თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ანთებაა. არსებობს მისი რამდენიმე ფორმა. ყველაზე ხშირად გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის ქვემწვავე ანთება და ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული აუტოიმუნური ანთება.

ქვემწვავე თირეოიდიტი


ფარისებრი ჯირკვლის ქვემწვავე ანთების (დე კერვენის თირეოიდიტი, გრანულომატოზური, გიგანტუჯრედული თირეოიდიტი) ფარისებრი ჯირკვლის შემოფარგლული ანთებითი დაზიანებაა. იგი გვხვდება უპირატესად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალებთან, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.

მიზეზები

ქვემწვავე თირეოიდიტის მიზეზად მიჩნეულია ვირუსული ინფექცია (ყბაყურას ვირუსი, ადენოვირუსები და სხვა). მისი კლინიკური სურათი ინფექციური დაავადების გადატანიდან ორი კვირის შემდეგ ყალიბდება.
ქვემწვავე თირეოიდიტს ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის ზომიერი გადიდება და ანთებითი რეაქცია. პროცესში ჩართულია ფარისებრი ჯირკვლის კაფსულაც, რაც დაზიანებული მიდამოს მტკივნეულობას განაპირობებს.

კლინიკა და მიმდინარეობა

ქვემწვავე თირეოიდიტისთვის დამახასიათებელია ფარისებრი ჯირკვლის ზომიერი გადიდება და ანთებითი რეაქცია. პროცესში ჩართულია ფარისებრი ჯირკვლის კაფსულაც, რითაც აიხსნება დაზიანებული მიდამოს მტკივნეულობა.
დაავადება იწყება სწრაფად, შემცივნებით, სხეულის ტემპერატურის მატებით, ტკივილით კისრის წინა ნაწილში - იქ, სადაც ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს. ტკივილი ხშირად გადაეცემა ყურების, ყბებისა და კეფისკენ. დამახასიათებელია ჩიყვის გაჩენა მტკივნეული წარმონაქმნის სახით. ყლაპვა ხშირად გაძნელებულია. ძლიერი საერთო სისუსტისა და შრომის უნარის მკვეთრი დაქვეითების გამო ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. სისხლის საერთო ანალიზი ავლენს ედსის მომატებას, თუმცა, სხვა სახის ანთებითი პროცესებისგან განსხვავებით, ლეიკოციტების ოდენობა საგრძნობლად არ არის შეცვლილი. სისხლის შრატში მომატებულია T3-ის, T4-ის დონე.
განასხვავებენ ქვემწვავე თირეოიდიტის რამდენიმე ფორმას, რომელთა დროს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები სხვადასხვა სიმძიმით არის გამოხატული. არასწორი მკურნალობის შემთხვევაში დაავადება ტალღისებურ ხასიათს იძენს - პერიოდულ გამწვავებას მეტ-ნაკლები ხანგრძლივობის მშვიდი პერიოდები ცვლის.

მკურნალობა
ქვემწვავე თირეოიდიტის მკურნალობის მეთოდებს შორის ყველაზე ეფექტურია თერაპია გლუკოკორტიკოიდული პრეპარატებით: პრედნიზოლონით, დექსამეტაზონით და სხვა. დოზას ექიმი ინდივიდუალურად ადგენს. ავადმყოფმა უნდა იცოდეს, რომ მდგომარეობა მკურნალობის პირველსავე დღეებში უმჯობესდება და თითქმის ყველა შემაწუხებელი მოვლენა ქრება, მაგრამ თერაპია უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ედსის მაჩვენებელი ნორმას არ დაუბრუნდება, ამისთვის კი, ჩვეულებრივ, რამდენიმე კვირაა საჭირო. ედსის ნორმალიზების შემდეგ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მედიკამენტთა დოზების შემცირების შესახებ, თან პერიოდულად აკონტროლებს სისხლს, რათა არ გამოეპაროს დაავადების გამწვავება, რომლის ერთ-ერთი მაჩვენებელიც ედსის მატებაა. გამწვავების შემთხვევაში მკურნალობა თავიდან უნდა დაიწყოს, ხოლო მედიკამენტთა დოზების შემცირება უფრო ნელა მოხდეს.
დაავადების დასაწყისში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები დიდი ოდენობით გადადის სისხლში, რაც დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის მსგავს სიმპტომებს იწვევს, მოგვიანებით კი პირიქით ხდება - დაზიანებული ჯირკვალი ვეღარ ახერხებს საკმარისი ოდენობის ჰორმონის გამომუშავებას და ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები, რასაც ხშირად თან სდევს მისი გადიდებაც. ამის გამო თავდაპირველად ბეტა-ადრენობლოკატორები ინიშნება (მერკაზოლილის გამოყენება დაუშვებელია), მოგვიანებით კი - თიროქსინი ან მისი მსგავსი პრეპარატები.

აუტოიმუნური
თირეოიდიტი


აუტოიმუნური თირეოიდიტი (ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, ქრონიკული ლიმფოციტური თირეოიდიტი) თირეოიდიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც უპირატესად 30-დან 60 წლამდე ასაკის ქალებთან დიაგნოსტირდება. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ქსოვილი აუტოანტისხეულების გავლენით დესტრუქციას განიცდის, მას შემაერთებელი ქსოვილი ენაცვლება და ვითარდება ჰიპოთირეოზის (თირეოიდული ჰორმონის გამომუშავების დათრგუნვის) კლინიკური ნიშნები.
დაავადება აუტოიმუნური ბუნებისაა - იმუნური სისტემა ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიმართ ანტისხეულებს გამოიმუშავებს (ნორმაში ანტისხეულები უცხო უჯრედების ან ნივთიერებების საწინააღმდეგოდ წარმოიქმნება, მაგრამ განსაზღვრული პათოლოგიური ცვლილებების დროს ზოგიერთი ორგანიზმი ანტისხეულებს თავისივე ქსოვილების წინააღმდეგ მიმართავს. ამის შედეგად განვითარებულ დაავადებას აუტოიმუნურს უწოდებენ).
აუტოიმუნური თირეოიდიტი ყველა ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ასაკთან ერთად მისი გავრცელების კოეფიციენტი იმატებს. დაავადების აღმოცენებას ხშირად წინ უძღვის ზოგიერთი პრეპარატის მიღება, მაგალითად, ისეთისა, როგორიც არის ამიოდარონი, ალფა ინტერფერონი, ინტერლეიკინი-2.
განასხვავებენ აუტოიმუნური თირეოიდიტის ორ ფორმას: ატროფიულსა და ჰიპერტროფიულს. ჰიპოთირეოზის მოვლენებით მიმდინარე ჰიპერტროფიული ფორმის დროს ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია, ჰიპოთირეოზით მიმდინარე ატროფიული ფორმის დროს კი - არა.

კლინიკა და მიმდინარეობა

ავადმყოფის ჩივილები ძირითადად დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის გადიდებასთან. ჯირკვლის გადიდებას ხშირად თან სდევს მისი ფუნქციური უკმარისობის აშკარა ან ფარული ნიშნები. ჭირს ყლაპვა და სუნთქვა, აღინიშნება მცირედი მტკივნეულობა ფარისებრი ჯირკვლის არეში და მისი დაჭიმულობა, რაც ჯირკვლის სწრაფი ზრდით არის განპირობებული. გადიდება სიმეტრიულია. ჯირკვალი მკვრივია და კვანძოვანი.
კლინიკურად აუტოიმუნური ჩიყვი შეიძლება მიმდინარეობდეს ეუთირეოიდული ჩიყვის, ჰიპოთირეოიდული ჩიყვის, იდიოპათიური ჰიპოთირეოზის, თირეოტოქსიკოზის, კვანძოვანი ეუთირეოიდული ან ჰიპოთირეოიდული ჩიყვის, რიდელის თირეოიდიტის, თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის ან მრავლობითი ენდოკრინული უკმარისობის სახით. ამასთან, ზოგიერთ ავადმყოფს დაავადების პირველსავე წლებში აღენიშნება სხვადასხვა ინტენსივობის თირეოტოქსიკოზი, რომლის კლინიკური სურათი დიფუზური ტოქსიკური ჩიყვისგან არ განსხვავდება, მით უმეტეს, რომ ხშირად ვითარდება უმნიშვნელო ოფთალმოპათია, სისხლის შრატში კი იმატებს TSH.

დიაგნოსტიკა

ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ ნიშნებს (უმთავრესად - ჰიპოთირეოზს) და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევის შედეგებს.

მკურნალობა

როდესაც აუტოიმუნური თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციისა და სტრუქტურის შეუცვლელად მიმდინარეობს, მედიკამენტური მკურნალობა ნაჩვენები არ არის, საჭიროების შემთხვევაში კი ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები. რაკი აუტოიმუნური თირეოიდიტი ქრონიკული დაავადებაა, მკურნალობა პრაქტიკულად მთელი სიცოცხლე გრძელდება, მაგრამ პრეპარატების შერჩევა და მათი დოზირება ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია ფასირისებრი ჯირკვლის სწრაფი გადიდებისას, ასევე - ტრაქეასა და შუასაყრის სხვა ორგანოებზე ზეწოლის შემთხვევაში.



რიდელის
თირეოიდიტი


რიდელის თირეოიდიტი (ქრონიკული ფიბროზული თირეოიდიტი, რიდელის ჩიყვი, ინვაზიური თირეოიდიტი) დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ფარისებრ ჯირკვალში შემაერთებელი ქსოვილის გამრავლება და პარენქიმის ატროფია. რიდელის ჩიყვი თირეოიდიტის ყველაზე იშვიათი ფორმაა და უპირატესად საშუალო და ხანდაზმული ასაკის ქალებთან გვხვდება.
ამ დროს კლინიკურად ვლინდება ჰიპოთირეოზის ნიშნები. ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია, მეტწილად - ასიმეტრიულად. იგი ქვასავით მაგარია, აწვება მეზობელ სტრუქტურებს და იწვევს ინვაზიას, რასაც მოსდევს ყლაპვის, სუნთქვის გაძნელება, ხმის ჩახლეჩა.
ჰიპოთირეოზის შემთხვევაში მკურნალობა თირეოიდული ჰორმონებით ტარდება. თუ განვითარდა მეზობელ სტრუქტურებზე ზეწოლის მოვლენები, მიმართავენ ქირურგიულ მეთოდს.

6. ჰიპოთირეოზი


ჰიპოთირეოზი ავადმყოფური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არანორმალურადაა დაქვეითებული. გავრცელებულია უმთავრესად ქალებში. საფუძვლად უდევს თირეოიდული ჰორმონის სრული ან ნაწილობრივი დათრგუნვა. კლინიკურად გამოხატულ ჰიპოთირეოზს მიქსედემა ეწოდება.

მიზეზები

ჰიპოთირეოზი შეიძლება იყოს პირველადი, მეორეული და პერიფერიული.
პირველად ჰიპოთირეოზს სხვადასხვა მიზეზი იწვევს, მათ შორის - ფარისებრი ჯირკვლის განვითარების ანომალია, ენდემური ჩიყვი, ქვემწვავე თირეოიდიტი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, თირეოსტატიკური პრეპარატებით მკურნალობა, ფარისებრი ჯირკვლის კიბო.
მეორეული ჰიპოთირეოზი დაკაშირებულია ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის პათოლოგიებთან.
პერიფერიული ჰიპოთირეოზის დროს სისხლში თირეოიდულ ჰორმონთა შემცველობა ნორმაშია, კლინიკური ნიშნები კი განპირობებულია თირეოიდულ ჰორმონთა მიმართ პერიფერიული ქსოვილების რეზისტენტობის მომატებით.
ავადმყოფთა 95-99%-თან გვხვდება პირველადი ჰიპოთირეოზი.

კლინიკური სიმპტომები და მიმდინარეობა

მიზეზთა მრავალფეროვნების მიუხედავად, ჰიპოთირეოზი ყოველთვის ერთი და იმავე სიმპტომებით ვლინდება: ავადმყოფი იმატებს წონას, აწუხებს ძლიერი საერთო სისუსტე, უქვეითდება შრომის უნარი, უშრება, ექერცლება, უუხეშდება და უყვითლდება კანი, იდაყვისა და მუხლის სახსრების მიდამოში აღენიშნება კერატოზი, უქვეითდება სხეულის ტემპერატურა, სახე, კიდურები და სხეულის სხვა ნაწილები უშუპდება, ეცვლება გამომეტყველება - უღარიბდება მიმიკა, ქუთუთოების შესივების გამო უვიწროვდება თვალის ჭრილი, უდიდდება ტუჩები და ენა, ღრძილებიდან სდის სისხლი, ეშლება კბილები, უდაბლდება ხმის ტემბრი, დღისით ძილიანობას უჩივის, ღამით კი ფხიზელ ძილს, აწუხებს მოძრაობის დროს შებოჭილობის შეგრძნება, უქვეითდება მეხსიერება, უძნელდება მეტყველება, უმეჩხერდება თმოვანი საფარველი, თმა და ფრჩხილები უმყიფდება, ფრჩხილებზე უჩნდება განივი ან გასწვრივი ხაზები, უუარესდება კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა (აწუხებს შეკრულობა), ერღვევა სქესობრივი ფუნქცია, მენსტრუალური ციკლი, ქალებს სარძევე ჯირკვლებიდან სდით ხსენი ან რძისმაგვარი სითხე. გარდა ამისა, პათოლოგიისთვის დამახასიათებელია სახსრების ტკივილი, კიდურების დაბუჟება, ანემია, ბრადიკარდია.
ჰიპოთირეოზის მძიმე გართულებაა ჰიპოთირეოიდული კომა, რომელიც ხშირად ლეტალურად (სიკვდილით) მთავრდება. კომა გამოიხატება სხეულის ტემპერატურისა და არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითებით, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვით, არეფლექსიით, კრუნჩხვებით, ბრადიკარდიით. კომის განვითარებას ხელს უწყობს მწვავე ინფექცია, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, გაციება, ჰიპერგლიკემია, სტრესი.
დაბადებიდანვე განვითარებული ჰიპოთირეოზის შემთხვევაში ბავშვს უკვე 6 თვიდან აღენიშნება ზრდისა და განვითარების შეფერხება, შემდგომ კი გამოაჩნდება კრეტინიზმის ნიშნები.

დიაგნოსტიკა

ჰიპოთირეოზის დიაგნოზი კლინიკურ ნიშნებსა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევის შედეგებს ემყარება. სახელდობრ, იკვლევენ სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და თირეოტროპული ჰორმონების კონცენტრაციას, ქოლესტერინის დონეს, ითვალისწინებენ ელექტროკარდიოგრაფიული და რეფლექსომეტრიული გამოკვლევების შედეგებს.

მკურნალობა

ჰიპოთირეოზს მკურნალობენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატებით - L-თიროქსინით ან ეუთიროქსით. მკურნალობის ტაქტიკა, ავადმყოფის ასაკის კვალობაზე, სხვადასხვაგვარია. დაავადება ქრონიკულია, ამიტომ ავადმყოფს მუდმივი მკურნალობა და მეთვალყურეობა სჭირდება.

7. ფარისებრი
ჯირკვლის
კიბო


ხიროსიმის ტრაგედიიდან 20-30 წლის შემდეგ იაპონიაში ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიებით ავადობის უწყვეტი მატების ტენდენცია აღინიშნა. შედარებისთვის: საქართველოში, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ 1989 წელს სსრკ-ის რამდენიმე სხვა რესპუბლიკასთან ერთად უბედურების ზონად გამოაცხადა, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულთა რიცხვი იმატებს, განსაკუთრებით - 5-7 წლის ბავშვებსა და 14-17 წლის მოზარდებს შორის. საქმეს ისიც ართულებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრია იოდდეფიციტის ენდემური კერა, იოდის ნაკლებობა კი, თავის მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის კიბოსწინარე დაავადებების განვითარების ხელშემწყობი პირობაა.

სიმსივნის სახეები და მათი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები
სადღეისოდ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებით ავადობის რამდენიმე რისკჯგუფს გამოყოფენ. ცალკე ჯგუფს ქმნიან 5-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები და 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები, რომელთა შორისაც ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეებით ავადობის მაჩვენებელი მაღალია. კიდევ ერთი ჯგუფია ის პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ ძლიერი რადიაციული ზემოქმედების ქვეშ ან მიზეზთა გამო (იოდის ნაკლებობა სასმელ წყალში, არასრულფასოვანი კვება) გარემოდან ვერ იღებდნენ სათანადო რაოდენობის იოდს. ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები ხშირია 40-60 წლის ქალებს შორისაც. ამასთანავე, ენდემურ კერებში ამ დაავადებათა სიხშირე 10-ჯერ მეტია.

კლინიკური სიმპტომები და დიაგნოსტიკა

ფარისებრ ჯირკვალში წარმოქმნილი სიმსივნური კვანძი მკვრივია, სწრაფად დიდდება და მეზობელ ქსოვილში ჩაიზრდება. ის ნაკლებად მოძრავია, ხოლო ტრაქეაზე (სასულეზე) ზეწოლისას ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებას იწვევს. ავადმყოფი ზოგჯერ კეფაში, ნიკაპსა და მხრის არეში ტკივილს შეიგრძნობს. ზოგიერთი ავტორის მონაცემებით, ამ პათოლოგიისთვის ძალზე დამახასიათებელია სუნთქვის პერიოდული გაძნელება, რასაც შეიძლება ასფიქსია (სუნთქვის შეჩერება, გაგუდვა) მოჰყვეს. სიმსივნის შებრუნებულ ნერვში ჩაზრდა აფონიას (მეტყველების უნარის დაკარგვას ან ჩურჩულით ლაპარაკს) იწვევს, სიმპათიკურ ნერვში ჩაზრდა - ენდოფთალმს (თვალის კაკლის ჩავარდნას), ზედა ქუთუთოს პტოზს (დაწევას, ჩამოშვებას) და გუგის შევიწროებას. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დროს კისერზე კარგად ჩანს შეგუბებული ვენები.
სიმსივნე ხშირად წარმოქმნის მეტასტაზებს, უპირველეს ყოვლისა - კისრის რეგიონულ ლიმფურ ჯირკვლებში, შემდეგ - ბრონქულ და ფილტვის კარის ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ბრტყელ ძვლებსა და თითქმის ყველა ორგანოში.
დიფერენციალური დიაგნოსტიკა საჭიროა, რათა გამოვრიცხოთ ფარისებრი ჯირკვლის შედარებით იშვიათი დაავადებები. სახელდობრ, რიდელის ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის ტუბერკულოზი, სიფილისი.
კვალიფიციური გამოკვლევისთვის აუცილებელია თავ-კისრის ონკოლოგ-ქირურგისა და ექოსკოპისტის ერთობლივი მუშაობა. მეტად მნიშვნელოვანია ციტოდიაგნოსტირება - უჯრედოვანი ელემენტების მიკროსკოპული გამოკვლევა. განსაზღვრულ ინფორმაციას გვაწვდის ფარისებრი ჯირკვლის სკანირებაც.

მკურნალობა

სანამ სიმსივნე მეზობელ ორგანოებში ჩაიზრდება, საჭიროა ტოტალური თირეოიდექტომია - ფარისებრი ჯირკვლის სრული ამოკვეთა. ამის შემდეგ მკურნალობა ორგანიზმისთვის საჭირო ჰორმონებით უნდა გაგრძელდეს.
ერთ-ერთი თერაპიული მეთოდია რადიაქტიური იოდით მკურნალობაც, რომლის შესაძლებლობა საქართველოში დღესდღეობით, სამწუხაროდ, არ არსებობს.
დროული რადიკალური ოპერაციის დროს შედეგი გაცილებით საგრძნობია, ვიდრე დაგვიანების შემთხვევაში და ავადმყოფებსაც შესამჩნევად უხანგრძლივდებათ სიცოცხლე. სიკვდილის მიზეზი უმეტესად დაავადების შორს წასული ფორმაა.

პროფილაქტიკა

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა ენდემურ კერებში იოდდეფიციტის აღმოფხვრასა და ამ ელემენტის უკმარისობით გამოწვეული მოვლენების დროულ მკურნალობას გულისხმობს, განსაკუთრებით - კვანძოვანი ჩიყვისა, რომელიც კიბოსწინარე დაავადებადაა მიჩნეული.
დღეს მსოფლიოში ძალზე აქტუალურია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პრევენციის საკითხი. პრევენციული ღონისძიებების მეშვეობით შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა ნახევრის თავიდან აცილება. რისკის ჯგუფის მოსახლეობის პროფილაქტიკური გასინჯვა ასიდან 84 შემთხვევაში იძლევა კიბოს ადრეული ფორმა (I-II სტადია) გამოვლენის საშუალებას. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე რეალური გზა კი კეთილთვისებიანი სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკაა.
კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა გართულებებსაც - სიმსივნის მეტასტაზირებას და ირგვლივ მდებარე ქსოვილებსა და სტრუქტურებში ჩაზრდას - გვაცილებს თავიდან.
საწყის სტადიებზე ჩატარებული ქირურგიული მკურნალობა ხანგრძლივ რემისიას იწვევს, ხოლო 75-80%-ში ოპერაცია განკურნებით სრულდება, დაგვიანებულ შემთხვევათა მკურნალობა კი ძნელია და, როგორც წესი, რემისიაც ერთობ ხანმოკლეა. ამიტომაც არის აუცილებელი, პირველივე ნიშნის შემჩნევისას სპეციალისტთან მისვლა და პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება.

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად