ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (1) - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (1)
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ენდოკრინულ დაავადებათა შორის სიხშირით მეორე ადგილი უკავია. ეს დაავადებები ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად ახალგაზრდებთან გვხვდება.
ბოლო ხანს იმატა ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურმა დაავადებებმა, უმთავრესად - ახალგაზრდა, შრომისუნარიან და რეპროდუქციული ასაკის პირებში. ამ დაავადებებს შორის აღსანიშნავია:
  • დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი (ბაზედოვ-გრეივსის დაავადება);
  • აუტოიმუნური თირეოდიტი (ფარისებრი ჯირკვლის ანთება).
უფრო ხნიერ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები.
50 წელს გადაცილებულთა 6-8%-ს აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოთირეოზი.
ხშირად ჩიყვზე საუბრისას მხოლოდ ტოქსიკურ ჩიყვს ანუ თირეოტოქსიკოზს გულისხმობენ, რაც შეცდომაა. ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა. ის შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის როგორც დაქვეითებით, ისე მომატებით მიმდინარე დაავადებების ფონზე. ხშირად ჩიყვი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გარეშეც ვითარდება. ამას ეუთირეოიდული ჩიყვი ეწოდება.
მოსახლეობა ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას უმთავრესად იოდდეფიციტს უკავშირებს. იოდის უკმარისობა მართლაც იწვევს ჩიყვს, მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება არაერთმა სხვა დაავადებამაც შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩიყვი დაავადება კი არ არის, არამედ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ერთ-ერთი ნიშანია.
ფარისებრი ჯირკვლის მრავალი პათოლოგია არსებობს. მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება ენდემური ჩიყვი, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი, თირეოტოქსიკური ადენომა, მრავალკვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი და ჰიპოთირეოზი.

ენდემური ჩიყვი

ენდემური ჩიყვისთვის დამახასიათებელია ფარისებრი ჯირკვლის გადიდება. იოდის სათანადო რაოდენობით მოხმარება ფარისებრი ჯირკვლის ცხოველქმედების აუცილებელი პირობაა. იოდს ადამიანი იღებს წყლიდან და საკვებიდან. რაც უფრო მაღლა ავდივართ ზღვის დონიდან, მით უფრო იზრდება გარემოში იოდდეფიციტი. როდესაც ადამიანი მუდმივად ცხოვრობს ასეთ გარემოში, ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონის წარმოსაქმნელად საკმარისი რაოდენობის სუბსტრატს ვერ იღებს. ამ მიკროელემენტის ნაკლებობა, უპირველესად, აისახება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციასა და სტრუქტურაზე, რაც თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს ორაგანიზმის ზრდა-განვითარებასა და ფუნქციობის მრავალ ასპექტზე. ორგანიზმის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ფარისებრი ჯირკვალი გაძლიერებულ რეჟიმში იწყებს მუშაობას. შედეგად ყალიბდება ჩიყვი (კომპენსატორული ჰიპერპლაზია). თანდათანობით კვანძებიც წარმოიშობა, რადგან სხვადასხვა უჯრედების გროვა ავტონომიას იძენს. სწორედ ამიტომ არის იოდდეფიციტურ ზონაში ასე გავრცელებული კვანძოვანი ჩიყვი.
იოდდეფიციტურ ზონად ანუ ენდემურ ზონად მიიჩნევა ისეთი გეოგრაფიული არეალი, სადაც ფარისებრი ჯირკვლის გადიდება (I ხარისხისაც კი) აქვს ბავშვებისა და მოზარდების, სულ მცირე, 5 პროცენტს და ზრდასრულთა, სულ მცირე, 30 პროცენტს. სიტყვა "ენდემია" კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონისთვის დამახასიათებელს ნიშნავს. წინათ მიაჩნდათ, რომ ენდემური ჩიყვი (დღეს ეს ტერმინი "იოდდეფიციტური დაავადებით" შეიცვალა) მხოლოდ მთაგორიანი და მდინარისპირა ადგილებისთვის იყო დამახასიათებელი. ბოლო ხანს გაირკვა, რომ ენდემური ჩიყვის გავრცელების არეალი საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც გაცილებით ფართოა.

მიზეზები და რისკფაქტორები

დაავადების მთავარი მიზეზია იოდის დეფიციტი ნიადაგში, წყალსა და საკვებში. დადგენილია, რომ ადამიანმა დღე-ღამეში უნდა მიიღოს 100 მგ-მდე იოდი. როდესაც მისი სადღეღამისო მოხმარება 50 მგ-მდე მცირდება, ვითარდება ენდემური ჩიყვი. თუმცა აღწერილია ენდემური ჩიყვის შემთხვევები ისეთ რეგიონებში, სადაც წყალსა და ნიადაგში იოდის შემცველობა ნორმალურია. ასე რომ, ჩიყვის ეტიოლოგიური მიზეზი არ არის მხოლოდ იოდის დეფიციტი. მართალია, იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის, თიროქსინის, წარმოქმნისთვის, მაგრამ არა საკმარისი; შესაძლოა, ადამიანმა სათანადო რაოდენობის იოდი მიიღოს გარემოდან, მაგრამ ორგანიზმში მიმდინარე აუტოიმუნური პროცესების გამო ფარისებრი ჯირკვლის დაავადება მაინც განუვითარდეს, ანდა იოდისგან ჰორმონწარმოქმნის პროცესი იყოს დარღვეული - იოდმა თიროქსინის წარმოქმნამდე 4 სტადია უნდა გაიაროს; შესაძლოა, რომელიმე სტადიაზე ადგილი ჰქონდეს დეფექტს და ჰორმონის სინთეზი შეფერხდეს.
ამრიგად, ენდემური ჩიყვის განვითარებას იოდის დეფიციტთან ერთად სხვა ფაქტორებიც უწყობს ხელს. მაგალითად, არარაციონალური კვება (ცილების უკმარისობა), საკვებში სტრუმოგენული ნივთიერებების (თიოციანიტების) მოხვედრა ან ისეთი მიკროელემენტების დეფიციტი, როგორებიცაა ბრომი, თუთია, კობალტი, სპილენძი, მოლიბდენი და ისეთი ნივთიერებების სიჭარბე, როგორიცაა, კალციუმი, ფთორი, ქრომი, მაგნიუმი. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ნივთიერებათა თანაფარდობას. ყოველივე ამის გამო ორგანიზმში მოხვედრილი იოდიდების ორგანულ იოდად გარდაქმნა ბრკოლდება და იკლებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა სინთეზი.
ენდემური ჩიყვის განვითარებაში გენეტიკურ ფაქტორებსაც მიუძღვის ბრალი - ჩიყვი უფრო ხშირად იმ ბავშვებს ემართებათ, რომელთა მშობლებსაც ეს დაავადება ჰქონდათ.

ენდემური ჩიყვის სახეები
ფარისებრი ჯირკვლის სიდიდის, მოყვანილობის, კვანძების არსებობის მიხედვით განასხვავებენ ჩიყვის დიფუზურ (ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის თანაბარი გადიდება), კვანძოვან (გადიდებულია ჯირკვლის გარკვეული უბანი, დანარჩენი ნორმის ფარგლებშია) და შერეულ (დიფუზურ-კვანძოვანი ჩიყვი - მთელი ჯირკვალი დიდდება და კვანძებიც წარმოიქმნება) ფორმებს, ჯირკვლის ფუნქციის მიხედვით კი - ეუთირეოიდულს (ჯირკვლის ფუნქცია დარღვეული არ არის) და ჰიპოთირეოიდულს (ფუნქცია დაქვეითებულია). იშვიათია ჰიპოთირეოიდული ფორმა (ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიკური ადენომა).

სიმპტომები და მიმდინარეობა
ენდემური ჩიყვის შედარებით მსუბუქი ფორმების დროს ავადმყოფი შესაძლოა უჩიოდეს ზოგადი ხასიათის არასპეციფიკურ მოვლენებს: საერთო სისუსტეს, აღგზნებადობას, ემოციურ ლაბილურობას, შეტევითი ხასიათის წამოხურვებას, ოფლიანობას, დროდადრო - გულისცემის აჩქარებას. ქალებთან გამორიცხული არ არის მენსტრუალური ციკლისა და შვილოსნობის ფუნქციის დარღვევა.
ენდემური ჩიყვის კლინიკური გამოვლენა ენდემიის ხარისხზე, ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ფორმაზე, მის მდებარეობასა და ფუნქციურ აქტივობაზეა დამოკიდებული.
როცა ეუთირეოიდული ჩიყვი მცირე ზომისაა, ავადმყოფს ჩივილები ზოგჯერ არც კი აქვს, ზოგჯერ კი ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნება აწუხებს.
მკვეთრად გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი მეზობელ ორგანოებს აწვება, რაც ხველას, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებას იწვევს. სისხლძარღვებზე ზეწოლამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და გულის მარჯვენა ნახევრის გადიდება, ე.წ. ჩიყვისმიერი გული.
ჰიპოთირეოიდული ენდემური ჩიყვის დროს ვითარდება ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი: საერთო სისუსტე, აპათია, წონის მატება, კანის სიმშრალე, ბრადიკარდია, ყაბზობა.

კვანძოვანი ჩიყვი

ფარისებრ ჯირკვალში შეიძლება გაჩნდეს კისტური ჩანართები - კვანძები. ამის ერთ-ერთი მიზეზი იოდის ქრონიკული დეფიციტია. კვანძოვანი ან მრავალკვანძოვანი ჩიყვის დროს ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება იყოს ნორმალურიც, მომატებულიც და დაქვეითებულიც. კვანძოვანი ჩიყვით ფარისებრი ჯირკვლის მრავალი დაავადება ვლინდება. კვანძებმა შესაძლოა გამოიმუშაონ ჭარბი ჰორმონებიც, თუმცა უფრო ხშირად აღირიცხება ეუთირეოიდული კვანძოვანი ჩიყვი (როცა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმალურია).
თუ ექოსკოპიამ ფარისებრ ჯირკვალში 1 სმ-ზე მეტი ზომის კვანძი გამოავლინა, სასურველია, გაკეთდეს პუნქციური ბიოფსია - კვანძის ქსოვილის ნიმუშის აღება მისი უჯრედული შემადგენლობის განსაზღვრისთვის. საყურადღებოა, რომ დაავადების სიმძიმე არ არის დამოკიდებული კვანძების რაოდენობაზე. შესაძლოა, ჯირკვალში ერთი კვანძის არსებობამ მრავალკვანძოვან ჩიყვზე გაცილებით სერიოზული პრობლემა შექმნას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ ახალგაზრდა პაციენტებს (უფრო  - მამაკაცებს) და მათ, ვისაც სწრაფად მზარდი კვანძები აქვს.

ენდემური ჩიყვის
დიაგნოსტიკა


გასინჯვა და ექოსკოპია

დიდი ზომის ჩიყვი თვალითაც ადვილი შესამჩნევია, უფრო მცირე ზომისას კი ხელით გასინჯვით ადგენენ, თუმცა ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ნებისმიერი ხარისხის შესაფასებლად ყველაზე საიმედო გზაა ულტრაბგერითი გამოკვლევა, ე.წ ექოსკოპია.

შარდში იოდის შემცველობის განსაზღვრა
რაც უფრო ძლიერია იოდის დეფიციტი ორგანიზმში, მით ნაკლები იოდი გამოიყოფა შარდთან ერთად, ამიტომ იოდის განსაზღვრა შარდში ამ ნივთიერების დეფიციტის შეფასების ერთ-ერთ საიმედო მეთოდია.

სისხლის ანალიზი ჰორმონებზე
ენდემური ჩიყვის დროს სისხლში თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის თანაფარდობა ტრიიოდთირონინის სასარგებლოდ ირღვევა, რასაც სისხლის ანალიზით ადგენენ.

რადიოიზოტოპური სკანირება
რადიოიზოტოპური სკანირების მეთოდი კვანძის ფუნქციური მდგომარეობის დადგენის საშუალებას იძლევა.

კვლევა ორსულობის დროს
იოდის ნაკლებობა განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის, რადგან მას შესაძლოა სპონტანური აბორტი, ნაყოფის განვითარების მანკები, ნაადრევი მშობიარობა, მკვდრადშობადობა, ახალშობილის სიკვდილი მოჰყვეს. ხშირია თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი.
ჩამოთვლილ დარღვევათა შესაფასებლად ახალშობილის სისხლში განსაზღვრავენ თირეოტროპული ჰორმონის დონეს. ამ ანალიზის გაკეთება აუცილებელია, რადგან ამ გზით შესაძლებელია თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება. დაგვიანებით დაწყებული მკურნალობა ინტელექტუალურ დარღვევებს ვერ აღმოფხვრის და ადამიანი გონებრივად განუვითარებელი რჩება.


მკურნალობა და პროფილაქტიკა

ენდემური ჩიყვის მკურნალობა ექიმის დანიშნულების შესაბამისად უნდა ჩატარდეს. ჩვეულებრივ, ამ დროს ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები, მაგალითად, L-თიროქსინი, ეუთიროქსი. ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, მაშინ, როცა კვანძები მეტისმეტად სწრაფად იზრდება, გადიდებული ჯირკვალი სხვა ორგანოებზე ძლიერ ზეწოლას ახდენს, იწყება მალიგნიზაცია (გაავთვისებიანება). ოპერაციის აუცილებლობას ექიმი ადგენს.
ოპერაციის შემდეგ, რეციდივის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია თირეოიდული ჰორმონების დანიშვნა.
ენდემური ჩიყვის პროფილაქტიკა ძალზე ეფექტურია და გაცილებით იოლი, ვიდრე მკურნალობა.
საყოველთაოდაა მიღებული მასობრივი პროფილაქტიკის ისეთი საშუალება, როგორიცაა იოდიანი მარილის გამოყენება ჩვეულებრივის ნაცვლად. ოღონდ უთუოდ უნდა მიექცეს ყურადღება მარილის ვარგისობას - ვადაგასული მარილის პროფილაქტიკური ეფექტი საგრძნობლად ნაკლებია. იოდიზებული მარილის თვისებებს აუარესებს შენახვის არასათანადო პირობებიც - ნესტი, მაღალი ტემპერატურა, მზის სინათლის პირდაპირი ზემოქმედება და სხვა.
ენდემური ჩიყვის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება ზღვისა და ოკეანის პროდუქტებიც, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს. სასარგებლოა იოდით საგანგებოდ გამდიდრებული საკვებიც, მაგალითად, იოდიზებული ჩაი.
ბავშვებს, მოზარდებს, ორსულებსა და მეძუძურ დედებს განსაკუთრებით ბევრი იოდი სჭირდებათ, ამიტომ კარგი იქნება, თუ ექიმთან შეთანხმებით პროფილაქტიკის მიზნით იოდიან მარილთან ერთად გამოიყენებენ კალიუმის იოდის აბებს - იოდომარინს, იოდიდ 100-ს და იოდიდ 200-ს, ზღვის წყალმცენარეებისგან დამზადებულ პრეპარატს ლამინარიას.

2. დიფუზური
ტოქსიკური ჩიყვი


დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის (ბაზედოვის დაავადება, გრეივსის დაავადება) დროს მთელი ფარისებრი ჯირკვალი დიდდება, მისი ფუნქცია კი არანორმალურად ძლიერდება. თირეოიდული ჰორმონების არაბუნებრივი სიჭარბე, თავის მხრივ, არღვევს ორგანოთა სხვადასხვა სისტემის ფუნქციობას.
ხშირად "დიფუზურ ტოქსიკურ ჩიყვს", "თირეოტოქსიკოზსა" და "ჰიპერთირეოზს" სინონიმებად მიიჩნევენ, მაგრამ ეს სამი სრულიად სხვადასხვა ცნებაა.
თირეოტოქსიკოზს თირეოიდული ჰორმონის სიჭარბე იწვევს და რამდენიმე დაავადების (დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის, თირეოტოქსიკური ადენომის, მრავალკვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვის) მთავარ კლინიკურ გამოვლინებად მიიჩნევა.
დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი აუტოიმუნური ბუნების პათოლოგიაა. ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ემართებათ 20-დან 50 წლამდე ასაკის ქალებს.

მიზეზები

დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის მიზეზები უცნობია. ის ხშირად აღმოცენდება ფსიქიკური ტრავმის, მწვავე ინფექციის, სტრესის შემდეგ, მაგრამ აღნიშნული ფაქტორების როლი დაავადების აღმოცენებაში ძნელი შესაფასებელია. სადღეისოდ მიჩნეულია, რომ დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი აუტოიმუნური დაავადებაა. ჩიყვის განვითარება და თირეოიდული ჰორმონის მოჭარბებული გამომუშავება თირეომასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) საწინააღმდეგო ანტისხეულების (აუტოანტისხეულები) პროდუცირების შედეგია. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ ფაქტორსაც.

კლასიფიკაცია

განასხვავებენ ფარისებრი ჯირკვლის გადიდების რამდენიმე ხარისხს:
  • I-II ხარისხი - ჯიკვლის გადიდება ვლინდება ყლაპვის დროს და პალპაციით;
  • III ხარისხი - ჯირკვალი გადიდებულია კისრის კონფიგურაციის მკაფიო ცვლილებების გარეშე;
  • IV-V ხარისხი - ჩიყვი დიდია და ცვლის კისრის კონფიგურაციას.
ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ხარისხი ხშირად არ შეესაბამება დაავადების სიმძიმეს. არცთუ იშვიათად დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის გამოხატული კლინიკური ფორმის დროს ჯირკვალი უმნიშვნელოდაა გადიდებული.
თირეოტოქსიკოზის სიმძიმის მიხედვით გამოყოფენ დაავადების მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს.

სიმპტომები და მიმდინარეობა

დაავადების ნიშნები მეტწილად თანდათანობით მჟღავნდება, თუმცა არ არის გამორიცხული, სწრაფად, ერთბაშადაც იჩინოს თავი. დიფუზური ტოქსიკური ჩიყვისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი სიმპტომებია ჩიყვი, კიდურებისა და კუნთების ცახცახი (ტრემორი), ეგზოფთალმი (თვალების გადმოკარკვლა), გულისცემის გახშირება და მოციმციმე არითმია. გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს ემოციური აღგზნებადობის გაძლიერება, გაძლიერებული ოფლიანობა, სითბოს აუტანლობა, დეფეკაციის გახშირება, გახდომა, საერთო სისუსტე, შრომის უნარის საგრძნობი დაქვეითება, გულის არეში ჩხვლეტითი ან მოჭერითი ხასიათის ტკივილი.
ყოველივე ამას ხშირად თან სდევს მხედველობის ორგანოს ცვლილებები: თვალების იშვიათი ხამხამი, თვალის ნაპრალის გაფართოება, ქუთუთოების შეშუპება, თვალის კაკლების წინ წამოწევა, გაძლიერებული ცრემლდენა, წვის შეგრძნება, თვალებში ქვიშის შეგრძნება, სიწითლე... ზოგ შემთხვევაში ეს მოვლენები ერთობ მძიმედაა გამოხატული და შესაძლოა, მხედველობის დაკარგვამდეც კი მივიდეს საქმე.
დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის დროს აღინიშნება თავისებური დერმოპათია (კანის პათოლოგიური ცვლილება), რომელსაც ლოკალური მიქსედემა ეწოდება. ის უფრო იშვიათია, ვიდრე ოფთალმოპათია. ამ დროს ზიანდება წვივის წინა ზედაპირის კანი - ის ფორთოხლის ქერქს მოგვაგონებს. კიდურების პერიოდული დამბლა, რომელიც რამდენიმე საათიდან ერთ-ორ დღემდე გასტანს, უფრო ხშირად მამაკაცებთან გვხვდება. ასაკის კვალდაკვალ ხშირდება ისეთი გართულებები, როგორებიცაა გულის რიტმის დარღვევა (უმთავრესად - მოციმციმე არითმიის სახით) და სისხლის მიმოქცევის უკმარისობა.

თირეოტოქსიკური
კრიზი


თირეოტოქსიკური კრიზი მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში მწვავე მდგომარეობაა. ამ დროს ძლიერდება თირეოტოქსიკოზის ყველა კლინიკური სიმპტომი. კრიზი მაპროვოცირებელი ფაქტორების (ქირურგიული ჩარევის, ემოციური სტრესის, ორსულობის) გავლენით ვითარდება. ავადმყოფს აღენიშნება ფსიქიკური და მოტორული აღგზნება, რაც ხშირად ფსიქოზამდეც კი მიდის ან, უფრო იშვიათად, ძილიანობით გამოიხატება და კომურ მდგომარეობასაც კი იწვევს. დამახასიათებელია მაღალი სიცხე, მოხრჩობის შეგრძნება, ტკივილი გულის არეში, ძლიერი ტაქიკარდია, ხშირად დიდდება ღვიძლი და ელენთა. თირეოტოქსიკური კრიზის დროს სიყვითლის გამოვლინება ღვიძლის უკმარისობაზე მეტყველებს, რაც ძალზე მძიმე გართულებად მიიჩნევა. ასევე მძიმე გართულებაა გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა.

დიაგნოსტიკა

დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის დიაგნოზის დასასმელად გამოცდილმა ექიმმა ყველა კლინიკური ნიშანი უნდა გააანალიზოს და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის შედეგებთან შეაჯეროს (ესენია ულტრაბგერითი გამოკვლევა, სისხლის ანალიზი TSH, T3, T4 ჰორმონებზე). დიაგნოზის დასაზუსტებლად არსებობს დამატებითი კვლევის მეთოდებიც, მაგალითად, რადიოიზოტოპური სკანირება, ანტისხეულების კვლევა და სხვა.

მკურნალობა

დიფუზურ ტოქსიკურ ჩიყვს მკურნალობენ მედიკამენტებით, ქირურგიულად და რადიაქტიური იოდით. ყველაზე ხშირად მედიკამენტურ თერაპიას მიმართავენ. ის ძალზე ეფექტურია. შედეგი მკურნალობის პირველსავე კვირებში ხდება თვალსაჩინო. ამ ეტაპზე მდგომარეობის გაუმჯობესება პაციენტმა სრულ განკურნებად არ უნდა მიიჩნიოს და ექიმთან შეუთანხმებლად არ უნდა შეწყვიტოს წამლების მიღება. საბოლოო გაჯანსაღებისთვის დაახლოებით ორი წელია საჭირო. მკურნალობის ნაადრევ შეწყვეტას ხშირად დაავადების რეციდივი მოსდევს და ამ ორწლიანი კურსის თავიდან დაწყება უხდებათ.
დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის კონსერვატიული მკურნალობის მიზნით საქართველოში მერკაზოლილს, თიროზოლსა და ზოგიერთ სხვა პრეპარატს იყენებენ. არარადიაქტიური იოდის პრეპარატები, კალიუმის იოდიდისა და ლუგოლის ხსნარი, შედარებით სწრაფად იძლევა შედეგს, მაგრამ ეფექტი დიდხანს არ გრძელდება, ამიტომ მათ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში (სახელდობრ, თირეოტოქსიკური კრიზის დროს) მიმართავენ. დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის მკურნალობისთვის მერკაზოლილთან ერთად ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფის პრეპარატებიც გამოიყენება. ისინი ამცირებენ ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი ჰორმონების ტოქსიკურ ზემოქმედებას და მკურნალობის შედეგს აახლოებენ. დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის მკურნალობაში განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს ე.წ გლუკოკორტიკოიდული მოქმედების პრეპარატები - პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი... თირეოტოქსიკური კრიზის დროს პაციენტს უნიშნავენ ანტითირეოიდული მედიკამენტების მოზრდილ დოზებს, იოდის პრეპარატებსა და პრედნიზოლონს. რადიაქტიური იოდით მკურნალობას იწყებენ იმ შემთხვევაში, თუ ხანგრძლივმა კონსერვატიულმა თერაპიამ შედეგი არ გამოიღო, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ განვითარებული რეციდივის დროს და მაშინ, როცა ანტითირეოიდული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობა უკუნაჩვენებია.
ბავშვებისა და ორსულებისთვის რადიაქტიური იოდით მკურნალობა არ შეიძლება.
ქირურგიულ ჩარევას მძიმე თირეოტოქსიკოზის დროს, კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობისას მიმართავენ. ოპერაციას ერთგვარი საფრთხეც ახლავს თან - ის შეიძლება ლარინგეალური ნერვის დაზიანებით და მბგერი იოგების პარეზით, ჰიპოთირეოზით გართულდეს.

3. თირეოტოქსიკური
ადენომა


თირეოტოქსიკური ადენომა (პლიუმერის დაავადება) ჰიპერთირეოიდული მდგომარეობაა, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის ჭარბად მოფუნქციე ადენომა განაპირობებს. დაავადება იშვიათია და უმთავრესად ასაკოვან ქალებთან გვხვდება.

მიზეზები

თირეოტოქსიკური ადენომა, წესისამებრ, მცირე ზომისაა (დაახლოებით 2-2,5 სმ დიამეტრისა). ამ დროს ადენომის მიერ თირეოიდული ჰორმონის ჭარბი სეკრეცია ჰიპოფიზის მიერ თირეოტროპინის გამოყოფას ბლოკავს, რაც, თავის მხრივ, იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დარჩენილი ჯანსაღი ქსოვილის ფუნქციის აქტივობის დამუხრუჭებას. თირეოტოქსიკოზის მოხსნის შემდეგ აღდგება თირეოტროპინის სეკრეცია და ფასირებრი ჯირკვალი კვლავ იძენს თირეოიდული ჰორმონების ბიოსინთეზის უნარს.

კლინიკა და მიმდინარეობა

თირეოტოქსიკური ადენომის კლინიკური სურათი (ემოციური აღგზნებადობის გაძლიერება, კიდურებისა და კუნთების ცახცახი, გაძლიერებული ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, დეფეკაციის გახშირება, მადის გაძლიერების ფონზე სხეულის მასის შემცირება, საერთო სისუსტე, შრომის უნარის მნიშვნელოვანი დაქვეითება) დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის კლინიკურ სურათს ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ ადენომის დროს არ აღინიშნება ოფთალმოპათია და ლოკალური მიქსედემა და უფრო მკვეთრად არის გამოხატული გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციათა დარღვევა.

დიაგნოსტიკა

ლაბორატორიული ანალიზები ადასტურებს სისხლის შრატში T3-ის დონის მნიშვნელოვან მომატებას T4-ის ზომიერი მომატების ან ნორმალური დონის ფონზე. გარდა ამისა, ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა და სკანირება.

მკურნალობა
თირეოტოქსიკურ ადენომას ქირურგიულად მკურნალობენ. ოპერაციის წინ უნდა ჩატარდეს მკურნალობა თირეოსტატიკური პრეპარატებით.

4. მრავალკვანძოვანი
ტოქსიკური ჩიყვი


მრავალკვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი კლინიკური სინდრომია, რომელსაც ფარისებრ ჯირკვალში რამდენიმე კვანძის არსებობა და მისი ფუნქციის გაძლიერება ახასიათებს. გვხვდება უმთავრესად 50-60 წლის ქალებთან.
აღსანიშნავია, რომ მრავალკვანძოვანი ჩიყვით დაავადებულს თირეოტოქსიკოზი უვითარდება იოდის მიღების ან დიაგნოსტიკის მიზნით იოდშემცველი პრეპარატის გამოყენების შემდეგ (იოდით გამოწვეული თირეოტოქსიკოზი).

კლასიფიკაცია

განასხვავებენ მრავალკვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვის შემდეგ ფორმებს:
1. ბაზედოვურს ანუ შერეულ ჩიყვს, რომლის დროსაც, გარდა "ცხელი" (მოფუნქციე) კვანძებისა, ვლინდება დიფუზური გადიდება ფარისებრი ჯირკვლის დარჩენილი ქსოვილისა (პარენქიმისა), რომელსაც შესწევს იოდის მომატებული შთანთქმის უნარი. ასეთ ავადმყოფებს თირეოტოქსიკოზთან ერთად აღენიშნებათ ოფთალმოპათია, იშვიათად - მიქსედემა, ხოლო გამოკვლევისას სისხლის შრატში აღმოაჩნდებათ აუტოანტისხეულები;
2. ჰეტეროგენულრ კვანძოვან ტოქსიკურ ჩიყვს - სკანირებით "ცხელ" კვანძებთან ერთად აღმოაჩენენ "ცივ" (არამოფუნქციე) კვანძებსაც;
3. მეორეულ ტოქსიკურ ჩიყვს - მისთვის დამახასიათებელია რამდენიმე წლის განმავლობაში არამოფუნქციე "ცივი" კვანძების არსებობა, რომლებიც მიზეზთა გამო (ხშირად - იოდის დიდი დოზებით მიღების შემდეგ) იძენენ თირეოიდული ჰორმონების გაძლიერებული გამომუშავების უნარს და ვითარდება ტოქსიკოზი.

კლინიკა და მიმდინარეობა
მრავალკვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვის კლინიკური სურათი ისეთივეა, როგორიც დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის დროს (ტაქიკარდია, წონის კლება, ნევროზი, ტრემორი, ოფლიანობა, არითმია და სხვა).

დიაგნოსტიკა
საბოლოო დიაგნოზს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის საფუძველზე სვამენ. ლაბორატორიული გამოკვლევით ვლინდება სისხლის შრატში T3-ის მაღალი დონე T4-ის დონის უმნიშვნელო მატების ფონზე. ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა და სკანირება ცხადყოფს "ცხელი" და "ცივი" კვანძების არსებობას.

მკურნალობა
მკურნალობა უმთავრესად ქირურგიულია. რაციდივის თავიდან ასაცილებლად მეტად მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდგომი დაკვირვება და მკურნალობა.


დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად