ტრაქეიტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020
ტრაქეიტი
ტრაქეიტი ტრაქეის (სასულე) ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა. ის შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც.

მიზეზები
მწვავე ტრაქეიტი იშვიათად გვხვდება დამოუკიდებლად. იგი, ჩვეულებრივ, მწვავე რინიტის, ფარინგიტისა და ლარინგიტის თანხლებით მიმდინარეობს. ტრაქეიტის მიზეზი მეტწილად ვირუსული ინფექციაა, იშვიათად - სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვა. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მშრალი, ცივი ან მტვრიანი ჰაერით სუნთქვა ან გამაღიზიანებელი ორთქლისა და აირების ჩასუნთქვა.
მწვავე ტრაქეიტის დროს ხდება სასულის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ინფილტრირება და ჰიპერემია. ლორწოვანი გარსის ზედაპირზე შეინიშნება ლორწოს დაგროვება, ზოგჯერ კი (მაგალითად, გრიპის დროს) - წერტილოვანი სისხლჩაქცევები.
მწვავე ტრაქეიტი შესაძლოა ქრონიკულში გადაიზარდოს. ის ხშირად ემართებათ ნიკოტინის მომხმარებლებს და ალკოჰოლის მოყვარულებს. ასევე შეიძლება განვითარდეს ფილტვების ემფიზემის, გულისა და თირკმლის დაავადებების ფონზე სასუნთქ გზებში შეგუბებითი მოვლენების შედეგად. არცთუ იშვიათად მას სათავეს უდებს ცხვირის ღრუსა და წიაღების ანთებითი დაავადებები.
ქრონიკული ტრაქეიტის დროს მოსალოდნელია სასულის ლორწოვანი გარსის როგორც ჰიპერტროფიული, ისე ატროფიული ცვლილებები.
ჰიპერტროფიული ტრაქეიტისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვების გაფართოება და ლორწოვანი გარსის შეშუპება, ჭარბი ლორწოვანი და ჩირქოვანი გამონადენის გაჩენა.
ატროფიის დროს ლორწოვანი გარსი განლეულია, რუხი, გლუვი, მბრწყინავი, ზოგჯერ იფარება წვრილი ქერქით, რაც მტანჯველ ხველას იწვევს.
ატროფიულ ქრონიკულ ტრაქეიტს, წესისამებრ, თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ატროფია.

სიმპტომები
მწვავე ტრაქეიტის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ზედა სასუნთქი გზების ანთებთი დაავადებების შემდეგ. მისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია მშრალი ხველა ღამღამობით, უფრო კი დილაობით, ასევე - ხველის შეტევები ღრმა ჩასუნთქვის, სიცილის, ტირილის, ჰაერის ტემპერატურის ცვლილების დროს. ხველის შეტევის დროს და მის შემდეგ ავადმყოფი გრძნობს ტკივილს სასულეში და მკერდის უკან და ამის გამო ცდილობს, შეზღუდოს სუნთქვითი მოძრაობები. მძიმე შემთხვევებში (განსაკუთრებით - ბავშვებთან) სუნთქვა ხდება ზედაპირული და ხშირი. ტრაქეის ბიფურკაციის ადგილას მცირეოდენი ნახველის დაგროვების შემთხვევაშიც კი ვითარდება ხველის ძლიერი შეტევა.
ლარინგიტის თანხლების შემთხვევაში დაავადებულს ხმა ეხლიჩება. ფილტვების პერკუსიით და აუსკულტაციით ნორმიდან გადახრა, ჩვეულებრივ, არ შეინიშნება. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა, წესისამებრ, უმნიშვნელოდ იცვლება, სხეულის ტემპერატურა ოდნავ იმატებს, განსაკუთრებით - საღამოობით. ბავშვებთან შესაძლოა 39 გრადუსს მიაღწიოს.
ნახველი თავდაპირველად წებოვანია (ლორწოვანი) და მწირი, ამოხველება ჭირს. თანდათანობით (მე-3-4 დღეს) ნახველი ხდება ლორწოვან-ჩირქოვანი, უფრო უხვი, ამოხველება ადვილდება, ხველის დროს ტკივილი ნაკლებინტენსიურია. ზოგჯერ ტრაქეიტის პარალელურად ანთებითი პროცესი ვრცელდება მსხვილ ბრონქებზე და კლინიკური სურათი იღებს ტრაქეობრონქიტის ხასიათს, რომლის დროსაც ხველა მუდმივი და უფრო მტანჯველია, ვიდრე ტრაქეიტის დროს, ხოლო სხეულის ტემპერატურა - მაღალი.
ტრაქეიტი და ტრაქეობრონქიტი შეიძლება გართულდეს და ანთებითი პროცესი გავრცელდეს ქვედა სასუნთქ გზებზე. განსაკუთრებით საშიშია ბრონქოპნევმონია მოხუცებულ პაციენტებთან და ბრონქიოლიტი - ბავშვებთან.
ქრონიკული ტრაქეიტის ძირითადი სიმპტომებია მტანჯველი შეტევითი ხველა, განსაკუთრებით - ღამისა და დილის საათებში, რომელსაც თან ახლავს გულმკერდის ტკივილი. ნახველი ზოგჯერ ცოტაა და წებოვანი, ზოგჯერ - უხვი და ლორწოვან-ჩირქოვანი, მაგრამ, კონსისტენციის მიუხედავად, ადვილი ამოსახველებელია. დაავადება მიმდინარეობს დიდხანს და ახასიათებს გამწვავებები.

დიაგნოსტიკა
მწვავე ტრაქეიტის დიაგნოზს სვამენ კლინიკური სურათის, ანამნეზისა და ლარინგოსკოპით ტრაქეის დათვალიერების საფუძველზე. ტრაქეობრონქიტის საწყის სტადიაზე აუსკულტაციით ისმინება მშრალი, მოგვიანებით კი სველი წვრილბუშტუკოვანი და საშუალობუშტუკოვანი ხიხინი ორივე ფილტვში, განსაკუთრებით - მათ ქვედა წილებში.

მკურნალობა
მწვავე ტრაქეიტის მკურნალობა მიმართულია დაავადების გამომწვევი მიზეზისა და ხელშემწყობი ფაქტორების აღმოფხვრისკენ. ინიშნება მდოგვის საფენები გულმკერდის არეში, ცხელი სასმელები (მცირე ყლუპებით), თბილი ინჰალაცია და საჭიროებისამებრ - სიცხის დამწევი საშუალებებიც. ინტოქსიკაციის სიმპტომებისა და ანთებითი პროცესის ქვედა სასუნთქ გზებში გავრცელების შემთხვევაში მკურნალობა ტარდება სულფანილამიდური პრეპარატებით და ანტიბიოტიკებით (მათ შორის - აეროზოლის სახითაც). მტანჯველი ხველის შემთხვევაში ინიშნება კოდეინი, ლიბექსინი, ხოლო ნახველის გამოყოფის გაძნელებისას - ამოსახველებელი საშუალებები და ინჰალაცია ტუტე ხსნარით.
თუ მიზეზი ვირუსული ინფექციაა (უპირველეს ყოვლისა - A და  B გრიპი), ინიშნება ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობა.
ქრონიკული ტრაქეიტის მკურნალობის პრინციპი ისეთივეა, როგორიც მწვავე ტრაქეიტისა. ჩირქოვანი და ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის არსებობისას ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, ინჰალაცია, ამოსახველებელი საშუალებები.

პროფილაქტიკა
მწვავე და ქრონიკული ტრაქეიტის პროფილაქტიკა გულისხმობს გამომწვევი მიზეზის დროულ აღმოფხვრას, ორგანიზმის გაკაჟებას.

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად