ტულარემია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ტულარემია
ტულარემია ციების მსგავსი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს დასნებოვნებული მღრღნელებისგან, მწერებისა და ტკიპებისგან გადაედება. მას ახასიათებს ზოგადი ინტოქსიკაცია, რეგიონული ლიმფური კვანძების, კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანება. შესაძლოა, დაზიანდეს ფილტვებიც.

მიზეზები
ტულარემიის გამომწვევია Bacterium tularense. იგი გამძლეა გარემო პირობების მიმართ, მაგრამ დუღილის ტემპერატურაზე 1-2 წუთში კვდება. ინფექციის ძირითადი წყარო მღრღნელები არიან. ხშირად ინფიცირდებიან მონადირეები, ფერმერები, ბეწვის მწარმოებლები და ყასბები ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის დროს.
არსებობს ორგანიზმში ტულარემიის გამომწვევი მიკრობის შეჭრის რამდენიმე გზა:
1. კანის გავლით - ინფიცირებულ მღრღნელებთან კონტაქტით და სისხლისმწოველი მწერებისგან ტრანსმისიური გადაცემით;
2. საჭმლის მომნელებელი სისტემიდან - ინფიცირებული წყლისა და საკვების მოხმარებით;
3. რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) ტრაქტიდან - ინფიცირებული მტვრის ჩასუნთქვით;
4. ლორწოვანი გარსებიდან.

კლინიკური ფორმები
ტულარემიის საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 2 კვირამდე გრძელდება. დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებითა და სხეულის ტემპერატურის 39-400C-მდე მატებით. ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, ძლიერ თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, უძილობას, შესაძლოა, განვითარდეს ღებინებაც. სახისა და კისრის კანი ჰიპერემიულია, სკლერის სისხლძარღვები - ინიექცირებული. ზოგს დაავადების მე-3 დღიდან უჩნდება გამონაყარი, ხშირად - ერითემული ხასიათისა. სხვა სიმპტომების გამოვლენა ტულარემიის ფორმაზეა დამოკიდებული. არსებობს ამ დაავადების რამდენიმე კლინიკური ფორმა, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ინფექციის შეჭრის გზასთან. ეს ფორმებია:
*ბუბონური და კან-ბუბონური ფორმა - ვითარდება მიკრობის კანის გზით შეჭრისას. ამ დროს დიდდება ახლომდებარე ლიმფური კვანძები (ბუბონების სახით). მოგვიანებით პროცესში შეიძლება შორეული ლიმფური კვანძებიც ჩაერთოს.
*წყლულოვან-ბუბონური ფორმა, რომელიც ხშირად ვითარდება ინფექციის მწერის ნაკბენიდან გავრცელების შემთხვევაში. კბენის ადგილას ბუბონთან ერთად ჩნდება არცთუ ღრმა, კიდეებწამოწეული წყლული, რომელსაც მუქი ქერქით დაფარული ძირი აქვს.
*თვალ-ბუბონური ფორმა - ვითარდება მიკრობის კონიუნქტივიდან შეჭრის შემთხვევაში. მისთვის დამახასიათებელია კონიუნქტივაზე ჩირქმდენი ეროზიისა და წყლულის გაჩენა და ახლომდებარე ლიმფური კვანძების ბუბონები. ზიანდება ცალი თვალი. პროცესი გრძელდება რამდენიმე თვე, მხედველობა აღდგება სრულად.
*ანგიოზურ-ბუბონური ფორმა - ვითარდება ინფიცირებული წყლისა და საკვების მოხმარების შემთხვევაში. იგი მიმდინარეობს მძიმე ანგინის სახით (ხდება ნუშურა ჯირკვლების (ტონზილების) ნეკროზი). ბუბონები ჩნდება ლავიწქვეშა, კისრისა და ყბაყურა ჯირკვლებში. დაავადება ვლინდება ყლაპვისას ტკივილით, ნუშურების, სასის რკალების ნეკროზული ცვლილებებით, დაზიანებულ უბნებზე ფიბრინული ნადების გაჩენით, რომელიც დიფთერიულს მოგვაგონებს. წყლულები ნელა ხორცდება.
*აბდომინალური ფორმა - ვითარდება ჯორჯლის ლიმფური ძარღვების დაზიანებისას. ვლინდება მუცლის ძლიერი ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, ზოგჯერ - ფაღარათით.
*პნევმონიური ფორმა - ვითარდება ასპირაციული გზით ინფიცირების დროს (მიკრობის ჩასუნთქვისას). შესაძლოა დაზიანდეს ტრაქეის, ბრონქებისა და შუასაყრის ლიმფური კვანძები (უფრო მსუბუქი ვარიანტია) ან განვითარდეს კეროვანი პნევმონია (მიმდინარეობს საკმაოდ მძიმედ და აქვს გართულებისკენ მიდრეკილება).
პნევმონიურ ფორმას ახასიათებს ხანგრძლივი ცხელება, განმეორებითი შემცივნება და უხვი ოფლდენა. ავადმყოფები უჩივიან ტკივილს მკერდის არეში, ხველას, თავდაპირველად - მშრალს, შემდეგ კი - ლორწოვან-ჩირქოვანს, ზოგჯერ - სისხლიანი ნახველით. რენტგენოლოგიური გამოკვლევა ავლენს ფილტვის ქსოვილის კეროვან ან წილოვან ინფილტრაციას. მიმდინარეობს დუნედ, ხანგრძლივად, რეციდივებით.
*გენერალიზებული ფორმა ჰგავს მძიმე სეფსისს. გამოხატულია ინტოქსიკაციის ნიშნები: მძიმე ცხელება, სისუსტე, ჟრჟოლა, თავს ტკივილი. მოსალოდნელია ცნობიერების დაბინდვა, ბოდვა, ჰალუცინაციები. შესაძლოა, მთელ სხეულზე გაჩნდეს გამონაყარი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ბუბონები და განვითარდეს პნევმონია. დაავადების ეს ფორმა შესაძლოა გართულდეს ინფექციურ-ტოქსიკური შოკით.

დიაგნოსტიკა
ტულარემიის დიაგნოსტირება დაავადების პირველ დღეებში რთულია. ექიმს დიაგნოზის დასმაში ეხმარება იმის ცოდნა, რომ პაციენტს ჰქონდა კონტაქტი მღრღნელებთან ან სხვა პოტენციურ მატარებლებთან. დიაგნოზის დაზუსტება ხდება გამომწევის მიმართ შრატისმიერი ანტისხეულების აღმოჩენით და ტულარინით კან-ალერგიული სინჯით. დიაგნოსტიკის ინფორმაციულ მეთოდს წარმოადგენს პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია.

მკურნალობა
ტულარემიას მკურნალობენ სტაციონარში. ტარდება ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივი კურსი, ასევე - დეზინტოქსიკაცია და ანთების საწინააღმდეგო თერაპია, საჭიროების შემთხვევაში - შინაგანი ორგანოების ფუნქციის შემანარჩუნებელი მკურნალობა.
ლიმფური კვანძების დაჩირქების შემთხვევაში საჭიროა დიდი აბსცესების გახსნა და დრენირება.
თუ სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა, შემთხვევათა 6% ინფექციის გენერალიზების შედეგად ლეტალური შედეგით სრულდება.
ტულარემია ტოვებს მყარ იმუნიტეტს.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკა გულისხმობს მღრღნელებთან ბრძოლას, პროდუქტებისა და წყლის დაცვას. თუ ცხოველებს აღმოაჩნდათ ტულარემია, მოსახლეობას უნდა ჩაუტარდეს პროფილაქტიკური აცრა.


დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად