ტუბერკულოზის ფორმები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ტუბერკულოზის ფორმები
ფილტვგარეთა
ტუბერკულოზი


როგორც უკვე ითქვა, ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს, თუმცა იგი ადამიანის სხვა ორგანოებსა და ქსოვილებსაც ემტერება: ძვლებს, თვალებს, კანს, შარდსასქესო სისტემას, ნაწლავებს და სხვა. ფილტვგარეთა ფორმას ერთი თავისებურება ახასიათებს - გვიანი გამოვლენა (დაავადების დაწყებიდან 3 თვიდან 10 წლამდე პერიოდში), რაც განაპირობებს გართულებათა საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს - 80%-ს.

ფილტვგარეთა ტუბერკულოზის  ფორმები
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ შემდეგ ფორმებს:
-ძვალსახსროვანს - შემთხვევათა საერთო რაოდენობის 47%; მიმდინარეობს უპირატესად ხერხემლის ძვლების დაზიანებით;
-შარდსასქესოს - 37%; ზიანდება თირკმელები, შარდგამომტანი გზები და სასქესო ორგანოები;
-თვალისას - 5,5%;
-ცენტრალური ნერვული სისტემისა და ტვინის გარსებისას - 4%; დამახასიათებელია თავისა და ზურგის ტვინის, თავის ტვინის მაგარი გარსის დაზიანება (ტუბერკულოზური მენინგიტი);
-ლიმფური კვანძებისას - 2,5%;
-საჭმლის მომნელებელი სისტემისას - 1,5%; ყველაზე ხშირად ზიანდება წვრილი ნაწლავის დისტალური ნაწილი და ბრმა ნაწლავი;
-კანისას - 1,5%.
ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც, შესაძლოა ტუბერკულოზით დაზიანდეს პერიკარდიუმი, თირკმელზედა ჯირკვლები და სხვა.
ფილტვგარეთა ფორმით ყველაზე ხშირად ავადდებიან მოზრდილები - 79%, იშვიათად - ბავშვები (16%) და მოზარდები (5%).

ფილტვგარეთა ტუბერკულოზის  სტადიები

ფილტვგარეთა ტუბერკულოზის ყველა ფორმა 3 ეტაპად მიმდინარეობს.
I ეტაპზე ჩნდება ტუბერკულოზური ანთების პირველადი კერა უმცირესი ანატომიური ერთეულების სახით, რომლებიც თანდათან ვრცელდება.
II ეტაპზე პათოლოგიურ პროცესში ერთვება ირგვლივ მდებარე ქსოვილები და ორგანოები, რომლებიც ფუნქციურად დაკავშირებულნი არიან დაზიანებულ კერასთან.
III ეტაპზე ხდება ტუბერკულოზის მიერ ორგანოსა და სისტემის სრული დაზიანება გართულებათა განვითარებით.

ძვალ-სახსართა
ტუბერკულოზი


ძვალ-სახსართა ტუბერკულოზი ნებისმიერ ასაკში ვითარდება და ჩონჩხის სხვადასხვა განყოფილებას აზიანებს: ხერხემალს, მენჯ-ბარძაყის, მუხლის, ტერფის, მტევნის, მხრის სახსრებს. ჩვეულებრივ, რამდენიმე წვრილს და ერთ მსხვილს. დაავადება მას შემდეგ იწყება, რაც სისხლისა და ლიმფური ძარღვების მეშვეობით მიკობაქტერია ძვლოვან ქსოვილში მოხვდება და მის დაშლას დაიწყებს. ამ პროცესის ხელშემწყობი ფაქტორებია ტრავმები და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ხშირი გადატვირთვა, გადაცივება, განმეორებითი ინფექცია, ცხოვრებისა და შრომის არახელსაყრელი პირობები.
დაავადება 3 ფაზად მიმდინარეობს:
-პირველი ფაზა პრესპონდილური, პრეართრიტულია. ამ დროს ძვლებსა და მალებზე ჩნდება პირველადი ტუბერკულოზური წანაზარდები - ოსტიტები.
-მეორე ფაზა სპონდილური, ართრიტულია. შეესაბამება პროგრესირებად სპონდილიტსა და ართრიტს. ამ ფაზაში პათოლოგიური პროცესი პროგრესირებს, აზიანებს სასახსრე ხრტილს. ტუბერკულოზური ოსტიტები იხსნება სახსარში და წარმოქმნის ჩირქოვან კერას - აბსცესს. მოგვიანებით ოსტიტები იხსნება კანზე ჩირქოვანი შიგთავსით, რომელიც ტუბერკულოზის მიკობაქტერიას შეიცავს.
-მესამე ფაზას პოსტსპონდილურს, პოსტართრიტულს უწოდებენ. ხრტილისა და სახსრის ზედაპირების დაზიანების შედეგად სახსარი დეფორმირდება და უმოძრაო ხდება. ხერხემლის მალების დაზიანება პროგრესირებს და პროცესი მეზობელ მალებზეც ვრცელდება, რაც იწვევს ხერხემლის სხვადასხა ტიპის დეფორმაციასა და გამრუდებას.
მალების პროგრესირებადი დაზიანებისას გარკვეულ ზეწოლას განიცდის ზურგის ტვინი და ვითარდება მისი კომპრესია, რომელიც შემდეგ უკვე ზურგის ტვინის დაზიანებისთვის დამახასიათებელი ნევროლოგიური სიმპტომებით ვლინდება. პაციენტებს ამ დროს აღენიშნებათ ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის სიმპტომები: ადვილად დაღლა, მოთენთილობა, გაძლიერებული ოფლიანობა, მადის დაქვეითება, წონის კლება, საღამოობით სხეულის ტემპერატურის მატება. ძვალსახსროვანი ტუბერკულოზის ადრეული ნიშანი სახსარში მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილია. არცთუ იშვიათად ვითარდება დაზიანების ზონის ირგვლივ მდებარე კუნთების ატროფია და დაჭიმულობა. შედარებით გვიანდელი სიმპტომებია წანაზარდების განვითარება, რომლებიდანაც ხაჭოსმაგვარი ჩირქოვანი შიგთავსი გამოედინება. დიაგნოსტიკა, ჩვეულებრივ, საკმაოდ იგვიანებს, რადგან პაციენტები ექიმს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა სახსარში მოძრაობა შესამჩნევად შეეზღუდებათ. დიაგნოზი დასტურდება რენტგენოლოგიური კვლევითა და ტომოგრაფიით. ტარდება ჩირქოვანი შიგთავსის ბაქტერიოლოგიური კვლევა მასში მიკობაქტერიის აღმოსაჩენად. მკურნალობა კომპლექსურია. ძირითად მეთოდად მიიჩნევა ოპერაციული მკურნალობა სპეციფიკურ ანტიბაქტერიულ თერაპიასთან ერთად, რომელიც ტარდება ოპერაციამდეც და მის შემდეგაც. ოპერაციული ჩარევის მოცულობა დამოკიდებულია ჩონჩხის დაზიანებული ნაწილის დესტრუქციაზე. ადრეულ სტადიაში ხდება პირველადი ტუბერკულოზური ოსტიტების რადიკალური ამოკვეთა, რაც განკურნების საშუალებას იძლევა. მოგვიანებით ტარდება რთული ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს ძვლების სასახსრე ბოლოებიდან და მალის სხეულებიდან მასიური დეფექტების ლიკვიდაციას, ძვლების დაგრძელებას, ზურგის ტვინის დეკომპრესიას. მკურნალობა შედარებით რთულდება, როდესაც დიდი რაოდენობის მალაა დაზიანებული, ძვლის სასახსრე ბოლოები მთლიანად დაშლილია, ხერხემალი მნიშვნელოვნად არის დეფორმირებული, ზურგის ტვინი დაზიანებულია. მკურნალობის შედეგი დაავადების დროულ დიაგნოსტიკაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში გამოჯანმრთელების ალბათობა საკმაოდ მაღალია - 90%-ს აღწევს.

შარდსასქესო
ორგანოთა
ტუბერკულოზი


ამ ტიპის ტუბერკულოზსაც ჰემატოგენური ბუნება აქვს, ანუ შარდგამომტან გზებსა და სასქესო ორგანოებში მიკობაქტერია ტუბერკულოზით დაავადებული ფილტვებიდან ან სხვა ორგანოებიდან სისხლის ნაკადის მეშვეობით ხვდება. დაავადების სიმპტომები მკვეთრად გამოხატული არ არის, ამიტომ თავისუფლად შეიძლება, ისინი შარდსასქესო სისტემის სხვა დაავადებებში აერიოთ. პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში იკვლევენ უროლოგები, გინეკოლოგები და ნეფროლოგები, ვიდრე საბოლოოდ ეჭვს ტუბერკულოზზე არ მიიტანენ. თირკმელების ტუბერკულოზი ვლინდება პიურიით (ჩირქი შარდში) და მიკროჰემატურიით (სისხლი შარდში). ზოგჯერ თავდაპირველად ბაქტერიოსკოპიით დაავადების გამომწვევის აღმოჩენა ვერც კი ხერხდება, ამიტომ პროცესი თანდათან პროგრესირებს და ნელ-ნელა აზიანებს შარდის ბუშტს, საკვერცხეების დანამატებს, წინამდებარე ჯირკვალს, საბოლოოდ კი ვითარდება პიონეფროზი - თირკმლის ჩირქოვანი ანთება მისი ფუნქციური ნაწილის - პარენქიმის დაშლით. პაციენტები უჩივიან სისუსტეს, თავისა და წელის ტკივილს. თავის ტკივილი მუდმივი არ არის. ის ზოგჯერ ინტენსიურია, თან ახლავს თავბრუხვევა და გულისრევის შეგრძნება. იმატებს ტემპერატურა. შესაძლოა განვითარდეს მაკროჰემატურიაც (შარდი სისხლის შერევის გამო ხორცის ნახარშის ფერს იღებს), რაც ხშირად დაავადების პირველი ნიშანია. მოსალოდნელია შარდში ცილების არსებობაც. ტიპობრივი ნიშანია სიფითრე, ქვედა კიდურების, წელის, იშვიათად ზედა კიდურების შეშუპება. მუცლისა და პლევრის ღრუში შესაძლოა ჩადგეს სითხე. ისეც ხდება, რომ თირკმელების ტუბერკულოზის დროს ზიანდება გულის კუნთიც და გულის უკმარისობის გამო პროცესში ღვიძლიც ერთვება. თავდაპირველად გამოხატული შეშუპების ფონზე შარდის რაოდენობა მცირდება, მოგვიანებით კი იმატებს და ნორმასაც აჭარბებს. თირკმლის ტუბერკულოზის გართულებაა მწვავე გლომერულონეფრიტი. მისი შეტევები ერთბაშად იჩენს თავს, პაციენტი მალევე კარგავს გონს და ეწყება მთელი სხეულის მსხვილი კუნთების კრუნჩხვა, რაც ზოგჯერ რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. დიაგნოზი ემყარება პირველადი ტუბერკულოზური კერის არსებობას და შარდში მიკობაქტერიის აღმოჩენას. დროულად დაწყებული მკურნალობა შედეგიანია, დაგვიანების შემთხვევაში უმეტესად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
წინათ ტუბერკულოზური დაზიანებისას თირკმელს გაცილებით ხშირად ამოკვეთდნენ. ამჟამად ადეკვატური მკურნალობის პირობებში ამის აუცილებლობა უფრო და უფრო იკლებს.
მამაკაცის სასქესო ორგანოთა ტუბერკულოზი ვითარდება როგორც თირკმელებისა და შარდგამომტანი გზების ტუბერკულოზის გართულება. პროცესი იწყება ტუბერკულოზური ეპიდიდიმიტით (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთებით), მოგვიანებით კი სათესლე ჯირკვალზე, წინამდებარე ჯირკვალსა და თესლგამომტან სადინარზეც გადადის. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მწვავედ, ისე უსიმპტომოდ. პაციენტი უჩივის ტკივილს, რომელიც ლოკალიზებულია დაზიანების ადგილას - სათესლის არეში ან მუცლის ქვედა ნაწილში. ტკივილებს შესაძლოა თან ახლდეს გაძნელებული და მტკივნეული შარდვა. თავს იჩენს ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები: მოთენთილობა, ოფლიანობა, სუბფებრილური ტემპერატურა. დაავადება საბოლოოდ სასქესო ფუნქციის მოშლას იწვევს. უმეტესად რადიკალური ჩარევა, ქირურგიული მკურნალობა ხდება საჭირო.
ქალის სასქესო ორგანოთა ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად მოიცავს საშვილოსნოს მილებს, პროგრესირების შემთხვევაში - საშვილოსნოს დანამატებს, საშვილოსნოსა და გარეთა სასქესო ორგანოებსაც. ის ინიღბება ქალის სასქესო ორგანოთა სხვადასხვა ანთებით დაავადებად. ირღვევა მენსტრუალური ციკლი, ვითარდება უნაყოფობა. დამახასიათებელია ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილსა და წელის არეში, რომლებიც მენსტრუაციის დროს ძლიერდება.
სასქესო ორგანოთა ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად აღენიშნებათ ქალებს, რომლებსაც სასქესო სფეროს ისეთი ანთებითი დაავადებები აქვთ, რომლებიც არ ექვემდებარება არასპეციფიკურ თერაპიას. ტარდება როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მკურნალობა.

თვალის
ტუბერკულოზი

თვალის ტუბერკულოზი ყველა ასაკში გვხვდება. მიკობაქტერიას შეუძლია, დააზიანოს თვალის ნებისმიერი ნაწილი: რქოვანა, კონიუნქტივა, სისხლძარღვოვანი გარსი, თვალის ფსკერი, მხედველობის ნერვი და მინისებური სხეული. განასხვავებენ თვალის ალერგიულ-ტუბერკულოზურ დაზიანებას და თვალის მეტასტაზირებულ ტუბერკულოზს, როდესაც დაზიანების კერა ლოკალიზებულია თვალის კაკლის სისხლძარღვოვან ქსელსა და თვალის ბადურაში. თვალის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, ხშირად დიაგნოზს გამორიცხვის მეთოდით ადგენენ. ნიშნები თითქმის არ განსხვავდება სარკოიდოზისა და სისტემური მიკოზისგან, მაგრამ რქოვანას ფლიქტენური ანთება მხოლოდ თვალის ტუბერკულოზის დროს ვითარდება. რქოვანას ზედა შრეებში ან თვალის კაკლის კონიუნქტივაში ტუბერკულოტოქსინისადმი ჰიპერმგრძნობელობის პასუხად გროვდება ინფილტრატი - ფლიქტენა, რომელიც ძირითადად ლიმფოიდური უჯრედებისგან შედგება. ტუბერკულოზი ამ შემთხვევაშიც თვალის სხვა დაავადებებად ინიღბება. აღმოცენდება თვალის ტკივილი, რომელიც ვრცელდება თავის ნახევარზე, შუპდება წარბები და წითლდება კონიუნქტივა. რქოვანას და მინისებური სხულის დაზიანებისას მოსალოდნელია სისხლჩაქცევები და მხედველობის გაუარესება.
თვალის ტუბერკულოზი კარგად ემორჩილება ტუბსაწინააღმდეგო თერაპიას. დაავადების დროული დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ფთიზიოოკულისტთან ვიზიტი იმ პაციენტთათვის, რომლებსაც ხშირად უმეორდებათ მორეციდივე უვეიტი, კერატიტი (რქოვანას ანთება), ქორიორეტინიტი, აწუხებთ თავის ტკივილი, დადებითი აქვთ მანტუს სინჯი და უჩივიან მხედველობის გაუარესებას.

ცენტრალური ნერვული სისტემისა და ტვინის გარსების ტუბერკულოზი

ამ ტიპის ტუბერკულოზით ადამიანი მაშინ ავადდება, როდესაც მიკობაქტერია ტვინის სისხლძარღვებში ხვდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ქალასშიდა წნევის მომატება, ტვინის შეშუპეპა და ინფარქტი. ტვინის ტუბერკულოზის დროს ადამიანი გაღიზიანებულია, აპათიური, ადვილად იღლება და თავის ტკივილები ტანჯავს.

ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი

ცნობილია მისი შემოსაზღვრული და გენერალიზებული ფორმები. ყველაზე მეტად ზიანდება ყბისქვეშა და კისრის ლიმფური კვანძები, შედარებით იშვიათად - იღლიისა და მუცლისა. ტუბერკულოზურად დაზიანებული ლიმფური კვანძები გამკვრივებული და უმტკივნეულოა, ხოლო პროგრესირებისდაკვალად უფრო მეტად მკვრივდება. დიაგნოზი ისმება ლიმფური კვანძების ბიოფსიის შედეგად. აღებულ მასალას შეისწავლიან როგორც ბაქტერიოლოგიურად, ისე ჰისტოლოგიურადაც. ამ ფორმის ტუბერკულოზი ტალღისებურად მიმდინარეობს. მოითხოვს საფუძვლიან მკურნალობას, ზოგჯერ - დაზიანებული კვანძის ამოკვეთასაც.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ტუბერკულოზი
კუჭი ტუბერკულოზური ინფექციისთვის ერთგვარი ბარიერია. ჩვეულებრივ, ვირულენტური გამომწვევების დიდი რაოდენობით ჩაყლაპვა არ იწვევს დაავადებას, მაგრამ ფილტვების დესტრუქციული ტუბერკულოზის დროს, ორგანიზმის გამოფიტვის პირობებში, ჩაყლაპული მიკობაქტერიები არღვევენ კუჭის ბარიერს და აღწევენ ბრმა ნაწლავამდე, სადაც ვითარდება ტუბერკულოზური ილეიტი დამახასიათებელი ქრონიკული დიარეითა და ტიპური წანაზარდებით, რომლებიც ნაწლავის ლორწოვან გარსზე ჩნდება, თანდათანობით ერთიანდება და იზრდება, ახშობს ნაწლავის სანათურს და მის ქვედა შრეებში ჩაზრდას იწყებს. თავდაპირველად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შემდეგ კი იწყება დიარეა და მუცლის ტკივილი, გულძმარვა, უმადობა, მუცლის შებერვა, წონის კლება, ბრმა ნაწლავი ისე მკვრივდება, რომ ხელითაც ისინჯება. ასეთი პაციენტები, ჩვეულებრივ, გასტროენტეროლოგებთან ხვდებიან. დაგვიანებული მკურნალობის დროს ვითარდება ნაწლავის ნაწილობრივი გაუვალობა, წყლულის პერფორაცია და პერიტონიტი. ტუბერკულოზი აზიანებს ღვიძლსაც.

კანის ტუბერკულოზი
კანის ტუბერკულოზი ხშირად მიკობაქტერიასთან ადამიანის პირველივე შეხვედრისას ვითარდება. დაავადება თავდაპირველად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა კანზე ჩირქოვანი ჭრილობები და ლიმფური კვანძების მტკივნეული გადიდება ზოგჯერ საწყის სტადიაშივე შეინიშნება. ეს ტუბერკულოზის იშვიათი ფორმაა, რომელიც მოგვიანებით საკმაოდ მრავალფეროვან კლინიკურ სურათს იწვევს: ეროზიებს, პუსტულებს, ზედაპირულ წყლულებს, ნაწიბურებს, ტუბერკულიდებს - კანსა და ლორწოვან გარსებზე პაპულურ გამონაყარს, რაც ტუბერკულოზის გამომწვევისადმი ორგანიზმის რეაქციაა. დიაგნოზი ისმება კანის ბიოფსიის საფუძველზე. დამახასიათებელია ტუბერკულინისადმი ჰიპერმგრძნობელობა. ზოგჯერ ვითარდება კვანძოვანი ერითემა - კანის ღრმა ანთებითი დაზიანება, რომელიც ან მწვავედ, ან ქრონიკულად მიმდინარეობს.

ტუბერკულოზური მენინგიტი
მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებაა. რბილი გარსის ანთებას ლეპტომენინგიტი ეწოდება, ქსელისებრი გარსის ანთებას - არაქნოიდიტი, ხოლო მაგარი გარსისას - პაქიმენინგიტი. "მენინგიტი" ვიწრო მნიშვნელობით რბილი გარსის ანთებას, იმავე ლეპტომენინგიტს გულისხმობს. მიზეზის კვალობაზე, მენინგიტი შეიძლება იყოს მენინგოკოკური, პნევმოკოკური, სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური, ვირუსული, ბრუცელოზური, ტუბერკულოზური, სიფილისური, ინტოქსიკაციური და სხვა. განასხვავებენ ასევე პირველად და მეორეულ მენინგიტს. თავ-ზურგის ტვინის სითხის ცვლილების შესაბამისად კი განარჩევენ მენინგიტის სეროზულ (ტუბერკულოზურ, სიფილისურ, ბრუცელოზურ, ვირუსულ), ჩირქოვან (მენინგოკოკურ, პნევმოკოკურ, სტრეპტოკოკურ, სტაფილოკოკურ) და ჰემორაგიულ ფორმებს.

სეროზული მენინგიტის დროს თავ-ზურგის ტვინის სითხე გამჭვირვალეა, ჩირქოვანი მენინგიტის დროს - მღვრიე, ჰემორაგიულის დროს კი სისხლიანი და დიდი რაოდენობით შეიცავს შეცვლილ და შეუცვლელ ერითროციტებს. ყოველგვარი ეტიოლოგიის მენინგიტისთვის დამახასიათებელია მენინგეალური სინდრომი: თავის ტკივილი, რომელსაც ხშირად სდევს თან გულისრევა და პირღებინება, კეფისა და კისრის კუნთების რიგიდულობა თავის უკან გადახრით, ხერხემლის კისრის არეში აქტიური თუ პასიური მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა და სხვა. მენინგიტის დროს თავის პასიური დახრა თითქმის შეუძლებელია. ამ მოძრაობას თან ახლავს ბრუძინსკის ზედა სიმპტომი - ორივე ფეხის რეფლექსური მოხრა მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში. ტვინის გარსების დაზიანების ადრეული და მნიშვნელოვანი ნიშანია კერნიგის სიმპტომიც. მენინგეალური სინდრომი საერთოა ყოველგვარი სახის მენინგიტისთვის. მისი ეტიოლოგიური დიაგნოზი ეფუძნება ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევის შედეგებს. ამასთანავე, ყოველგვარი ეტიოლოგიის  მენინგიტისთვის დამახასიათებელია თავისებური კლინიკა და მიმდინარეობა.
ტუბერკულოზური მენინგიტი მილიარული (წვრილკეროვანი, გავრცობილი) ტუბერკულოზის ერთ-ერთ გამოვლინებად არის მიჩნეული. ამა თუ იმ შინაგანი ორგანოდან ტუბერკულოზური პროცესის გენერალიზაციის დროს ინფექცია ჰემატოლიმფოგენური გზით ვრცელდება ტუბერკულოზური კერიდან და დასაბამს აძლევს ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგად ტუბერკულოზურ დაზიანებას. გარდა ტუბერკულოზური მენინგიტისა, არსებობს:
-ტუბერკულოზური მენინგოენცეფალიტი, როდესაც ანთებითი პროცესი გარსებთან ერთად ტვინის ქსოვილსაც მოიცავს, მენინგოენცეფალომიელიტი, როდესაც ანთებით პროცესში ტვინის გარსებთან ერთად თავისა და ზურგის ტვინის ნივთიერებებიც არის ჩართული და ცენტრალური ნერვული სისტემის ტუბერკულომები.
-მიელიტი - ზურგის ტვინის ტუბერკულოზური ანთება - შეიძლება განვითარდეს ინფექციის დაღმავალი გზით გავრცელების გამო, როდესაც ტუბერკულოზური მენინგოენცეფალიტის დიაგნოზის დროულად დასმა ვერ ხერხდება, შესაბამისად, გვიანდება ეტიოლოგიური მკურნალობა და ამის გამო დაავადება პროგრესირებს. არ არის გამორიცხული, დაავადება მიელიტით ანუ ზურგის ტვინის ანთებით დაიწყოს. პაციენტები სხვადასხვა კლინიკაში ხვდებიან იშიასის (საჯდომი ნერვის ანთება), რადიკულიტის ან სხვა დიაგნოზით. მკურნალობენ სტეროიდებით, რაც, ცხადია, დიდ შედეგს არ იძლევა. მთავარი ის არის, რომ ამ დროს ხდება ინფექციის აღმავალი გზით გავრცელება. საბოლოოდ კი შესაძლოა ტუბერკულოზური მენინგოენცეფალიტი განვითარდეს.
რაც შეეხება უშუალოდ ტუბერკულოზურ მენინგიტს, ეს არის სეროზული მენინგიტი, რომელიც გამოწვეულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიის მოხვედრით სუბარაქნოიდულ სივრცესა და თავის ტვინის გარსებში. ტუბერკულოზური ინფექცია სუბარაქნოიდულ სივრცეში უმთავრესად პარკუჭთა სისხლძარღვოვანი წნულიდან ხვდება. საზოგადოდაც, ტუბერკულოზური მენინგიტისთვის დამახასიათებელია მკვეთრი სისხლძარღვოვანი ცვლილებები. ამიტომ იყო, რომ წინათ ტუბერკულოზურ მენინგიტს ტუბერკულოზურ ვასკულიტადაც იხსენიებდნენ. როდესაც ფილტვებში ან სხვა ორგანოებში არის ტუბერკულოზური კერები და პაციენტი არ მკურნალობს, მაღალია რისკი, მოხდეს დაავადების დისემინირება (გავრცელება, მოთესვა) თავისა და ზურგის ტვინში, საზოგადოდ, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
ტუბერკულოზური მენინგიტი და, საზოგადოდ, ცენტრალური ნერვული სისტემის ტუბერკულოზური დაზიანება უმეტესად მეორეული, გართულების სახით განვითარებული დაავადებაა. როდესაც დაავადება აქტიურია და ტუბერკულოზური პროცესი პროგრესირებს, მაღალია სხვადასხვა გართულების განვითარების რისკი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს ტუბერკულოზური დაავადება, ორგანიზმში შემორჩენილია ძველი ანთებითი კერები (კალცინატები) და ტუბერკულოზით დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ ტუბერკულოზური მენინგიტი ვითარდება. ამას ხელს უწყობს ორგანიზმის გადაცივება, სხვა ინფექციის დართვა და სხვა ფაქტორები. გართულებების, მათ შორის - ტუბერკულოზური მენინგიტის, განვითარების მთავარი მიზეზია არანამკურნალევი ტუბერკულოზი. დაავადების დროულ დიაგნოსტიკას და, რაც მთავარია, სათანადო მკურნალობას მინიმუმამდე დაჰყავს გართულებებისა და სიკვდილიანობის ალბათობა.
მთელ მსოფლიოში და სხვა ქვეყნებთან ერთად - საქართველოშიც ძალზე გაუარესდა ტუბერკულოზური დაავადების ეპიდემიოლოგია. ამავე დროს ჩვენში დიდი პრობლემაა მკურნალობისადმი პაციენტთა დამყოლობა. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მკურნალობა აუცილებელია, როცა მკურნალობას დაიწყებენ, ის ბოლომდე უნდა მიიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნიან საკუთარ სიცოცხლეს და გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას. ხშირად პირველადი ტუბერკულოზური კერის მიგნება ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში იზოლირებულ მენინგიტზე საუბრობენ, თუმცა თავზურგტვინის სითხის, ლიქვორის, კულტურალური გამოკვლევა საბოლოოდ მაინც ადასტურებს დიაგნოზს.

ტუბერკულოზური მენინგიტის დიაგნოსტიკა
თუ პაციენტს არ გადაუტანია ტუბერკულოზური ინფექცია, არ ჰქონია ტუბერკულოზით დაავადებულთან კონტაქტი, ვერ ხერხდება პირველადი კერის გამოვლენა და ვერც ლიქვორში აღმოაჩენენ გამომწვევს, ტუბერკულოზური მენინგიტის დიაგნოზი ეფუძნება  დაავადების კლინიკურ მიმდინარეობას, ლიქვორის კლინიკური და ბიოქიმიური ანალიზის შედეგებს და სხვა ნიშნებს. ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში არსებობს რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის კომიტეტი, მოქმედებს სათანადო პროგრამა. ყველა საეჭვო პაციენტი გაივლის ამ კომისიას. პროგრამის ფარგლებში ტარდება განმეორებითი გამოკვლევები. დიაგნოზი საბოლოოდ მაინც ზუსტდება. უნდა ითქვას, რომ  პაციენტები ხშირად ხვდებიან სხვადასხვა საავადმყოფოში ბაქტერიული თუ ვირუსული მენინგიტის დიაგნოზით. მათ უტარებენ სიმპტომურ მკურნალობას, მაშინ როცა აქვთ ტუბერკულოზური მენინგიტი ან მენინგოენეცეფალიტი.
ნებისმიერ შემთხევაში აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოსტიკა, დიაგნოზის დაზუსტება და სათანადო, კერძოდ, ეტიოტროპული მკურნალობა. მეტიც - შიდსით დაავადებულები, რომელთა შორისაც ძალზე ხშირია ტუბერკულოზური მენინგიტის შემთხვევები, არცთუ იშვიათად თერაპევტებთან წლობით მკურნალობენ სინუსიტს ან სეროზიტს. იზოლირებული მენინგიტის დროს პაციენტები ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზით ხშირად ხვდებიან კარდიოლოგიურ განყოფილებებში, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით - ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ძალიან გვიან, მენინგეალური ნიშნების კლასიკურად გამოვლენის შემდეგ - სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში. ცხადია, ასეთ დროს ეტიოტროპული მკურნალობაც კი დაგვიანებულია. მხოლოდ დიაგნოზის დროული დასმა, გამომწვევზე დროული ზემოქმედებაა საფუძველი პაციენტის გადარჩენისა. ასე რომ, თერაპევტებმა და ოჯახის ექიმებმა ტუბერკულოზზე მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი დაუყოვნებლივ ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში უნდა გაგზავნონ პაციენტები. მით უმეტეს, რომ იქ მკურნალობა უფასოა - მას სახელმწიფო აფინანსებს.

რით განსხვავდება ტუბერკულოზური მენინგიტი სხვა ეტიოლოგიის მენინგიტებისგან

ტუბერკულოზური მენინგიტი, სხვა ეტიოლოგიის მენინგიტებისგან განსხვავებით, თანდათანობით, არამწვავედ იწყება. დაავადების წინამორბედი ნიშნებია: აღგზნებადობის მომატება, პროგრესირებადი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სუბფებრილური ტემპერატურა. შემდეგ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსამდე იმატებს, თავის ტკივილი ინტენსიური ხდება და ყალიბდება მენინგეალური სინდრომი, თავის ტვინის ნერვების დაზიანების სიმპტომები: ზედა ქუთუთოს დაშვება, ეგზოფთალმი (თვალების გადმოკარკვლა), სახის ნერვის პარეზი, მხედველობის დვრილის შეშუპება, გარეთა ან შიგნითა სიელმე და სხვა. თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყო, პაციენტის მდგომარეობა გაუარესდება. რაც შეეხება დიფერენციალურ დიაგნოსტიკას, ზურგის ტვინის სითხეში ამ დროს ტუბერკულოზური მენინგიტისთვის დამახასიათებელი ანთებითი ცვლილებებია - ლიმფოციტური პლეოციტოზი (ლიმფოციტური უჯრედების მომატება), ცილოვან-უჯრედოვანი დისოციაცია (ცილა მომატებულია და შეინიშნება ალბუმინ-გლობულინებზე დისოციაციურად დადებითი რეაქციები), დაბალი შაქარი. ეს უკანასკნელი ტუბერკულოზური მენინგიტისთვის პათოგნომური ნიშანია. 24 საათის განმავლობაში დამდგარ სითხეში ზოგჯერ (50-60%-ში) გამოიყოფა ფიბრინის ქსელისებრი ნაზი აპკი. მიკობაქტერიების აღმოჩენის ალბათობა იმატებს ზურგის ტვინის სითხის ფლოტაციის (გამდიდრების) შემდეგ. დიაბეტითა და შიდსით დაავადებულ პაციენტებთან დამახასიათებელი სიმპტომები ხშირად წაშლილია. ასეთ დროს ტარდება სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, რადიოლოგიური გამოკვლევა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ხშირად ავლენს თავის ტვინის დაზიანებას. დიფერენციალური დიაგნოსტიკა უნდა გატარდეს ვირუსული, სხვა ბაქტერიული და, რაც მთავარია, სოკოვანი ეტიოლოგიის მენინგიტების მიმართ.

ტუბერკულოზური მენინგიტის მკურნალობა და პროგნოზი

მკურნალობა სენსიტიურია (მოწოდებული პირველი რიგის ხუთი პრეპარატით - სტრეპტომიცინით, იზონიაზიდით, რიფამპიცინით, ეტამბუტოლით, პირაზინამიდით) და სიმპტომური - პაციენტის მდგომარეობისა და კლინკური სიმპტომების შესაბამისად. გრძელდება საკმაოდ დიდხანს - ოთხ თვეს. ინტენსიური ფაზის თერაპია სტაციონარში ხორციელდება. შემდეგ პაციენტები ამბულატორიულ რეჟიმზე გადადიან და შინ აგრძელებენ ანტიტუბერკულოზურ თერაპიას. რაც შეეხება პროგნოზს, მკურნალობის თანამედროვე სტანდარტისა და მოწოდებული გაიდლაინების წყალობით ტუბერკულოზური მენინგიტის გართულებებისა და სიკვდილიანობის პროცენტი საგრძნობლად შემცირდა. მთავარია, მკურნალობა დროულად დაიწყოს.

დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად