ტონზილიტი - ინფექციური დაავადებების თანმხლები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
ტონზილიტი - ინფექციური დაავადებების თანმხლები
ხახის ლიმფური კომპონენტების (უმეტესად - ნუშურების) მწვავე ანთებას, რომელიც ინფექციური დაავადების დროს იჩენს თავს, მეორეულ ანგინას უწოდებენ.
ნუშურა ჯირკვლების ანთებით მიმდინარეობს წითელა, ქუნთრუშა, ადენოვირუსული ინფექცია, ჰერპესის ოჯახის ვირუსებით გამოწვეული დაავადებები - ინფექციური მონონუკლეოზი, მარტივი ჰერპესის ლორწოვანი გარსების დაზიანებით მიმდინარე კლინიკური ფორმა, დიფტერია, მუცლის ტიფი, ტულარემია.
მათ შორის განსხვავება თვალნათელი რომ იყოს, თითოეული დაავადება ცალ-ცალკე მიმოვიხილოთ.

წითელა

ხახის ლორწოვანი გარსის ანთება პროდრომულ და გამონაყარის პერიოდში ვითარდება, შემდეგ კი მას წითელასთვის დამახასიათებელი სადიაგნოსტიკო ნიშნები დაერთვის:
-ლოყის შიგნითა ზედაპირის ლორწოვან გარსზე - ძირითადი კბილების, ტუჩებისა და ღრძილების ლორწოვანზე - ჩნდება მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის წარმონაქმნი, ე.წ. ბელსკი-ფილატოვ-კოპლიკის სიმპტომი;
-მაგარ და რბილ სასაზე შეიმჩნევა უსწორმასწორო წითელი ლაქები - ენანთემა. იგი კანზე დამახასიათებელი გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე იჩენს თავს;
-თვით წითელასთვის დამახასიათებელი გამონაყარი სახიდან იწყება - პირველი ელემენტები ჩნდება ყურის უკან, ნიჟარის ახლოს, ცხვირის ზურგზე, ლოყებზე.
ანგინა კატარულიდან ნეკროზულ პროცესამდე მერყეობს.

ქუნთრუშა

ანგინა ქუნთრუშის დამახასიათებელი ნიშანია. მის გარეშე მიმდინარე ქუნთრუშას ექსტრაბუკალურს უწოდებენ.
ანგინას ახასიათებს პირ-ხახის ლორწოვანი გარსების (ნუშურების, ნაქის, სასის რკალების) კაშკაშა ჰიპერემია - ე.წ. აალებული ხახა. დაავადების პირველ დღეებში ხშირია რბილი სასის ნაწილობრივი (წერტილოვანი) ჰიპერემია, ზოგჯერ წერტილოვანი სისხლჩაქცევებიც აღინიშნება. ანგინა კატარულია ან ნადებით დაფარული. ნადები, ისევე როგორც ლაკუნური ანგინის დროს, მოყვითალო ან მოთეთრო-ჭუჭყისფერია და ადვილად სცილდება ლორწოვანს.
ნეკროზული ანგინა განსაკუთრებით ტიპურია სეფსისური ქუნთრუშისთვის. ასეთსავე ცვლილებებს განიცდის ნუშურები ლაკუნებს გარეთაც.
ანგინას აქვს მიდრეკილება, მთელ ნუშურაზე გავრცელდეს, მძიმე შემთხვევაში კი სასის რკალებს, ნაქს, რბილ სასას, ხახის კიდესაც ედება. მდებარეობა თავდაპირველად ოდნავ ზედაპირულია, ჩირქოვანი გადაგვარების შემდეგ კი თითქოს რამდენადმე სიღრმისკენ გადაინაცვლებს.
ნადების ზედაპირი გამდნარ ქონს მოაგავს, მის ქვეშ მოქცეული ლორწოვანი გარსი კი ჰიპერემიული (გაწითლებული) და შეშუპებულია.
დაავადების მეორე-მესამე დღიდან ენის დვრილები შიშვლდება და ვლინდება ქუნთრუშისთვის დამახასიათებელი ჟოლოსებრი ენის სიმპტომი. ენა ორი კვირის განმავლობაში მკვეთრად არის გაწითლებული.

ადენოვირუსული
ინფექცია


ადენოვირუსული ინფექცია მწვავე რესპირაციულ-ვირუსული დაავადებაა, რომელიც ტემპერატურის მომატებით, ზედა სასუნთქი გზების დაზიანებით, კონიუნქტივიტით (მას ამ ინფექციის სავიზიტო ბარათსაც კი უწოდებენ), პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდებით მიმდინარეობს.
პირხახისმხრივი ცვლილებები მეტ-ნაკლებად ადენოვირუსული ინფექციის ნებისმიერი ფორმის დროს შეიმჩნევა, თუმცა ანთებითი მოვლენები განსაკუთრებით ტონზილოფარინგიტის დროს დომინირებს. ავადმყოფი უჩივის ყელის ტკივილს, ნუშურებზე ჩნდება ნადები - მოთეთრო ფერის შესქელებული ლორწო. რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებულია.

მუცლის ტიფი

მუცლის ტიფი ნაწლავთა მწვავე ინფექციაა, რომელიც უპირატესად წვრილ ნაწლავთა ლიმფური აპარატის დაზიანებით, თანდათანობით მზარდი ტემპერატურითა და ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციით მიმდინარეობს. ხშირად ყალიბდება ტიფური სტატუსი, კანზე ჩნდება როზეოლური გამონაყარი, დიდდება ღვიძლი და ელენთა.
ასიდან 50-70 შემთხვევაში დაავადების საწყისი სიმპტომი ანგინაა. პროდრომულ პერიოდში სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე იმატებს. ძლიერდება ინტოქსიკაციის მოვლენები. ავადმყოფი ფერმკრთალია, კანი მშრალი აქვს. დამახასიათებელია უძილობისა და თავის ტკივილის ერთდროული გამოვლენა. ამ სიმპტომებს თან სდევს ხახის ზომიერი ტკივილი. დაზიანებულ მხარეს ლიმფური ჯირკვლები გადიდებულია, პალპაციით - მტკივნეული.
ანგინა თავდაპირველად კატარული ხასიათისაა, დაავადების მეორე კვირიდან ცალ მხარეს შეიძლება განვითარდეს არამტკივნეული ნუშურების წყლულოვან-ნეკროზული დაზიანება. ნუშურებზე ჩნდება წვრილი, მრგვალი და წითელი გლუვკიდეებიანი, მონაცრისფროფსკერიანი წყლულები, რომლებიც სასის რკალებზეც ვრცელდება. ოთხი კვირის შემდეგ წარმოიქმნება უბნები გრანულაციური ქსოვილით და შემდგომი ეპითელიზაციით.
კატარული ტონზილიტის ფონზე ენა შეშუპებულია, ენის ზურგი დაფარულია მოთეთრო-მორუხო სქელი ნადებით, გვერდები და წვერი სუფთაა. გვერდებზე აღინიშნება კბილების ჩანაჭდევები (ტიფური ენა).

ინფექციური
მონონუკლეოზი


ინფექციური მონონუკლეოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც 39-400C ტემპერატურით, პერიფერიული ლიმფური (განსაკუთრებით - კისრის) კვანძების გადიდებით, პირ-ხახის დაზიანებით (ექსუდაციური ტონზილოფარინგიტი), ჰეპატოლიენური სინდრომით (ღვიძლისა და ელენთის გადიდებით) და პერიფერიულ სისხლში ატიპური მონონუკლეარების გაჩენით მიმდინარეობს. დაავადების აუცილებელი სიმპტომია ექსუდაციური ტონზილოფარინგიტი. ზოგჯერ ანთება იმდენად ინტენსიურია, რომ ნუშურები ერთმანეთს ეხება. ცხვირ-ხახის ნუშურების დაზიანების გამო ჭირს ცხვირით სუნთქვა, ტემბრი ცხვირისმიერი ხდება, ზოგჯერ ყალიბდება სტრიდორი - ნახევრად დაღებული პირი, მხვრინავი სუნთქვა. ცხვირიდან გამონადენი თავდაპირველად პრაქტიკულად არ არის, მაგრამ შეიძლება განვითარდეს სუნთქვის აღდგენის შემდეგ, რაც ცხვირის ქვედა ნუშურისა და ცხვირ-ხახის შესასვლელის ლორწოვანის შეშუპებით არის გამოწვეული.
ნუშურებზე ნადები შესაძლოა დაავადების პირველსავე დღეს წარმოიქმნას, რასაც თან სდევს ტემპერატურის ხელახალი მომატება. ნადები ნუშურებზე დიდხანს რჩება - რამდენიმე კვირა, ზოგჯერ თვეც კი.

დიფტერია


დიფტერია მწვავე ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ფიბრინული ნადების წარმოქმნა ბაქტერიის შეჭრის ადგილას (ლორწოვან გარსებსა და კანზე), ტოქსინების შემდგომი გავრცელება ლოკალურად და მთელ ორგანიზმში.
ლოკალიზაციის თვალსაზრისით ყველაზე გავრცელებულია ხახის დიფტერია. ის ასიდან 90-95 შემთხვევაში გვხვდება. განურჩევლად ლოკალიზაციისა, მთავარ სიმპტომად ნადების არსებობა მიიჩნევა. დაავადების პირველსავე საათებში შეგუბებითი ჰიპერემიის ფონზე ჩნდება ობობას ქსელის მსგავსი ნადები, რომელიც ჯერ კიდევ იოლად სცილდება ანთებით კერას, მაგრამ რამდენიმე საათში, უფრო კი მეორე დღეს, ძნელად მოსაცილებელი ხდება. მოცილების შემდეგ ვითარდება სისხლდენა და ამავე ადგილას რამდენიმე საათში ახალი ნადები წარმოიქმნება. დაავადების პირველ დღეებში ნადები მორუხო-მოთეთრო ფერისაა, სადაფისებრი ელფერით, შემდეგ კი მორუხო-ჭუჭყისფერს იღებს. დიდდება რეგიონული ლიმფური კვანძები. პალპაციის დროს აღინიშნება უმნიშვნელო ტკივილი.
დიფტერიის საწინააღმდეგო შრატის შეყვანის შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ ხახის დიფტერიის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე - ლოკალურთან, გავრცელებულსა თუ ტოქსიკურთან, საერთო მდგომარეობა მალე უმჯობესდება და ნადები რამდენიმე დღეში ქრება.

ხახის დიფტერიის დიფერენცირება ანგინის სხვა, არაინფექციური წარმოშობის ფორმებისგან
ლაკუნურ და ფოლიკულურ ანგინებს ახასიათებს დაავადების უეცარი დასაწყისი, შემცივნება, მაღალი ტემპერატურა, მკვეთრი ტკივილი ყლაპვის დროს, ხახის მკვეთრი ჰიპერემია, ჩირქოვანი ფოლიკულები, რომლებიც ლორწოვანის შიგნით მდებარეობს, ლაკუნებში - ჩირქოვანი ნადები.
დიფტერიის დროს ნადები ფიბრინულია, ჰიპერემია - ნაკლებად გამოხატული. ლორწოვანი უფრო ციანოზური (მოლურჯო) ელფერისაა, ინტოქსიკაციაც ზომიერია. ტოქსიკური დიფტერიის დროს, გარდა ნადებისა, რეგიონული ლიმფური კვანძების ირგვლივ ან მთელ კისერზე პირველსავე დღეებში აღინიშნება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის შეშუპება.
ნეკროზული ანგინა მიმდინარეობს ნუშურებზე ბორცვიანი, ხორკლიანი ნადების წარმოქმნით, ნუშურების ლორწოვანი გარსის მკვეთრი ჰიპერემიით, რეგიონული ლიმფური კვანძების ძლიერი ტკივილით. ნადები ადვილად სცილდება ანთებით კერას და ისრისება ორ სასაგნე მინას შორის.
პარატონზილიტი (ფლეგმონური ანგინა) - მას შეცდომით ხახის ტოქსიკური ფორმის დიფტერიად მიიჩნევენ. დამახასიათებელია ნუშურების ცალმხრივი დაზიანება, ნუშურების ზემოთ მდებარე ქსოვილების მწვავე ანთება. უმთავრესად ქრონიკული ტონზილიტით დაავადებულებს ემართებათ. ჰიპერემიულია ხახის უკანა და წინა თაღები, ნაქი, სწრაფად ვითარდება ინფილტრაციული ანთებითი პროცესი, რაც ნუშურების შუა ხაზიდან ან ჯანმრთელისკენ ცდომას იწვევს. საერთო მდგომარეობა მძიმეა, ტემპერატურა 40 გრადუსს და მეტს აღწევს, იკლებს მხოლოდ ფლეგმონის გასკდომის ან გაკვეთის შემდეგ. დაავადების პირველსავე დღეს ავადმყოფი უჩივის ტკივილს, რომელიც თანდათან მძაფრდება. ჭირს ყლაპვა, ღეჭვა, ზოგჯერ - პირის გაღება-მოკუმვა, აღინიშნება გაძლიერებული ნერწყვდენა, ტრიზმი. გამოხატულია რეგიონული ლიმფადენიტი მძაფრი ტკივილით. შედარებისთვის, დიფტერიის დროს ტკივილი ძლიერი არ არის, ამასთანავე, ავადმყოფი ფერმკრთალი და ადინამიურია, ხოლო პარატონზილიტის დროს ხშირია აგზნება.
სოკოვანი ანგინა უპირატესად 2 წლამდე გვხვდება. ამ დროს ნადები თეთრი ან მოყვითალოა და ადვილად სცილდება, ხაჭოსებრია და იოლად იფშვნება. რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის, სხეულის ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. დამახასიათებელია ნადების ხანგრძლივი არსებობა დინამიკის გარეშე. ანთებითი ადგილიდან აღებული ნაცხის პირდაპირი მიკროსკოპიით ადგენენ სოკო Candida Albicans-ის აქტივობას.
ანგინას, რა სახისაც უნდა იყოს, ადამიანისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია, მაგრამ ყველაზე საშიში მაინც დიფტერიული ანგინაა. ამიტომ ნუშურებზე უმნიშვნელო ნადებიც რომ შეამჩნიოთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, გახსოვდეთ - დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს.

სტრეპტოკოკული
ანგინის სავალალო
შედეგები


ყველასთვის კარგად ნაცნობი ამ დაავადების გადატანიდან ორ-ოთხკვირიანი მოჩვენებითი სიმშვიდის შემდეგ შეიძლება ორი საკმაოდ მძიმე პათოლოგია განვითარდეს: რევმატიზმი ან სტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი. არც ის არის გამორიცხული, ადამიანს ერთდროულად ორივე დაემართოს. რევმატიზმი სტრეპტოკოკული ინფექციის გართულებაა, რომელიც უპირატესად ახალგაზრდებში გვხვდება. ახასიათებს ცხელება, სახსრების ანთება და გულის ანთებითი დაზიანება, რომელიც საკმაოდ ხშირად იქცევა სიკვდილის მიზეზად.

რევმატიზმი

ანგინის გადატანიდან 10-14 დღის შემდეგ იმატებს ტემპერატურა, არცთუ იშვიათად - 400C-მდეც კი, თავს იჩენს ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება), შემცივნება, ოფლიანობა, სახსრების ტკივილი. მალე ვლინდება ართრიტის (სახსრების ანთების) კლინიკური სურათი.

რევმატული ართრიტი

რევმატული ართრიტი უმეტესად მსხვილ და ყველაზე დატვირთულ (მუხლის, იდაყვის, მხრის) სახსრებს აზიანებს. ანთება წყვილ სიმეტრიულ სახსარს მოიცავს. ანთებითი სახსარი შეშუპებულია, შეწითლებული, შეხებისას ცხელი, მეტისმეტად მტკივნეული არა მარტო მოძრაობის, არამედ მოსვენების დროსაც. ართრიტი მფრინავი ხასიათისაა - სახსართა ერთი წყვილიდან მეორეზე გადაინაცვლებს. მიუხედავად ასეთი მკვეთრი გამოვლინებისა, ის სწრაფად გაივლის ასპირინით ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას, კეთილთვისებიანად მიმდინარეობს, არასოდეს იწვევს შეუქცევად დაზიანებას, ანთების ჩაცხრობის შემდეგ კვლავ ჯანმრთელია, მისი ფუნქცია არ ირღვევა, ფორმა არ იცვლება.
როგორც ექიმები ამბობენ, რევმატიზმი "ლოკავს სახსრებს და კბენს გულს". მალე, ართრიტთან ერთად ან მის შემდეგ, პაციენტი შეიძლება შეაწუხოს ტკივილმა გულის არეში, გულისცემის აჩქარებამ და ქოშინმა. ეს ნიშნავს, რომ ანთებითმა პროცესმა გულიც მოიცვა - განვითარდა რევმატული კარდიტი.

რევმატული კარდიტი

რევმატული კარდიტი დაავადების ყველაზე მძიმე გამოვლინებაა, რომელიც ხშირად გულის უკმარისობის მიზეზად იქცევა. ანთება შეიძლება გულზე მთლიანად გავრცელდეს და ენდოკარდიტი (გულის შიგნითა გარსის ანთება), მიოკარდიტი (უშუალოდ გულის კუნთის ანთება) და პერიკარდიტი (გულის მფარავი სეროზული გარსის ანთება) ერთდროულად განვითარდეს. განსაკუთრებით საშიშია ენდოკარდიტი, ვინაიდან ამ დროს ვითარდება გულის სარქვლების ანთება ანუ ვალვულიტი, რაც გულის მანკის ფორმირებას იწვევს. მწვავე პროცესის ჩაცხრობის შემდეგ სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადება პროგრესირებს, რის გამოც სარქვლების დაზიანება ღრმავდება.

კანის რევმატული დაზიანება

მწვავე პროცესის დროს შეიძლება აღმოცენდეს ბეჭდისებრი ერითემა - ვარდისფერი, შუაგულში ფერმკრთალი, უსწორმასწორო ბეჭდის ფორმის ბრტყელი გამონაყარი, რომელიც ლოკალიზებულია ტორსზე, მუცელზე, ზედა და ქვედა კიდურების შიდა ზედაპირებზე. გამონაყარს ქავილი არ ახასიათებს.
დაზიანებული სახსრების, წინამხრის ან წვივების არეში, მყესზე, სახსრის ბუდესთან ან ძვლის კიდესთან შეიძლება გაჩნდეს რევმატული კვანძები - კანქვეშ ჯგუფებად განლაგებული მკვრივი უმტკივნეულო წარმონაქმნები.

მცირე ქორეა
მცირე ქორეა ანუ სიდენჰემის ქორეა ნერვული სისტემის რევმატული დაზიანების შედეგია. ის უპირატესად ბავშვებში მკვეთრი უნებლიე მოძრაობებით ვლინდება. რევმატიზმის საწინააღმდეგო მკურნალობის შედეგად ქორეა, ისევე როგორც კანის ცვლილებები, სწრაფად უკუვითარდება.

მწვავე სტრეპტოკოკული
გლომერულონეფრიტი

ანგინის ჩაცხრობიდან 10-14 დღის შემდეგ უეცრად იჩენს თავს საერთო სისუსტე, სიცხე და გლომერულონეფრიტის (თირკმელების ორმხრივი, უპირატესად გორგლების დაზიანებით მიმდინარე ანთების) ნიშნები. მცირდება გამოყოფილი შარდის ოდენობა. შარდი ხორცის ნარეცხისფერი ხდება, რაც თირკმელების ანთების გამო მასში სისხლის შერევით არის გამოწვეული. შარდში ჩნდება ცილა. სუსტდება ფილტრაციული ფუნქცია და ორგანიზმში სითხე შეკავდება, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, შეშუპებასა და არტერიული წნევის მომატებას იწვევს. თირკმლისმიერი შეშუპება სახეზე, ზემოთა ქუთუთოების არეშია ლოკალიზებული. შესაძლოა, თირკმელების უკმარისობაც განვითარდეს. ამ დროს სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების: შარდოვანას, შარდის მჟავას, კრეატინინის - შემცველობა იმატებს.
მწვავე სტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის შემდეგ თირკმელების ნორმალური ფუნქციის აღსადგენად დაახლოებით ერთი წელია საჭირო. დაავადებულთა მცირე ნაწილს შეიძლება 1-2 წელიწადში თირკმელების ქრონიკული უკმარისობა ჩამოუყალიბდეს.
შეიძლება თუ არა თავიდან ავიცილოთ ეს დაავადებები? რასაკვირველია, შეიძლება. ამისთვის გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ანგინის მკურნალობას, თუნდაც ყელის ტკივილი უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს. გახსოვდეთ, რევმატიზმი და გლომერულონეფრიტი მსუბუქი ანგინის შედეგადაც შეიძლება აღმოცენდეს.

დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად