პრემენსტრუალური სინდრომი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

პრემენსტრუალური სინდრომი
პრემენსტრუალური (მენსტრუაციამდელი, წინარემენსტრუაციული) სინდრომი (პმს) წარმოადგენს ნეგატიური სიმპტომების რთულ კომპლექსს, რომელიც ქალს მენსტრუაციის წინა დღეებში აწუხებს. ის შეიძლება გამოვლინდეს ნერვულ-ფსიქოლოგიური, ენდოკრინოლოგიური ან ვეგეტაციურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით. ყოველ ქალს პმს თავისებურად უვლინდება.
სტატისტიკის თანახმად, პმს აქვს რეპროდუქციული ასაკის ქალების 50-80%-ს, უმრავლესობას - ძალზე იოლი ფორმით, ისე, რომ ექიმის ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დროთა განმავლობაში პმს-მა შესაძლოა პროგრესირება განიცადოს.
პმს უმთავრესად 20-40 წლის ქალებს აწუხებთ, იშვიათია მენარქეს დადგომისთანავე და პრეკლიმაქსურ პერიოდში.
სინდრომის უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია. არსებობს რამდენიმე თეორია, თუმცა ყველა სიმპტომის წარმოშობას ვერც ერთი მათგანი ვერ ხსნის. ყველაზე სრულყოფილად მიჩნეულია ჰორმონული თეორია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ პრობლემას იწვევს ჰორმონული დისბალანსი (ამ პერიოდში ესტროგენებისა და პროგესტერონის თანაფარდობის კოეფიციენტი, ჩვეულებრივ, იმატებს, ანუ იმატებს ესტროგენების დონე) და/ან ჰორმონებისადმი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა. სიჭარბის შემთხვევაში ესტროგენებს შესწევთ უნარი, ორგანიზმში სითხე შეაკავონ, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს სარძევე ჯირკვლების შეშუპებას, დაბერვასა და ტკივილს, თავის ტკივილსა და გულსისხლძარღვოვან პრობლემებს. გარდა ამისა, ესტროგენი შეიძლება დაგროვდეს თავის ტვინის იმ უბანში (ლიმბური სისტემა), რომელიც ადამიანის ნერვულ-ემოციურ მდგომარეობას განაგებს. სწორედ ამის გამო ეუფლება ქალს დეპრესიული განწყობა, გაღიზიანებადობა და სხვა.
არსებობს წყლის ინტოქსიკაციის თეორია, რომლის თანახმად, პმს წყალმარილოვანი ცვლის დარღვევის შედეგია. არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რომ პმს ავიტამინოზის, კერძოდ, ვიტამინ B6-ის, ვიტამინ A-ს, მაგნიუმის, კალციუმის, თუთიის უკმარისობის შედეგად აღმოცენდება. ეს თეორია ბოლომდე შემოწმებული არ არის, თუმცა ზოგჯერ პმს-ის ვიტამინებით მკურნალობა შედეგიანია. ზოგი მეცნიერი პრემენსტრუალური სინდრომის გენეტიკურ ხასიათზეც ლაპარაკობს.

სიმპტომები და მიმდინარეობა
პრემენსტრუალური სინდრომი 150-მდე სიმპტომს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციას ქმნის. ყველაზე მეტად გავრცელებულია შემდეგი სიმპტომები: სხეულის მასის მცირე მატება, წელისა და მენჯის ორგანოების ტკივილი, მუცლის შებერვა, გულისრევა, სარძევე ჯირკვლების გაუხეშება და ტკივილი, დაღლილობა, გაღიზიანებადობა, უძილობა ან მოთენთილობა, ძილად მივარდნა.
ახალგაზრდა ქალების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მენსტრუაციის წინა დღეებში ხშირად განიცდის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ემოციურ-ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. ბევრი უჩივის უსაფუძვლო აგრესიის შეტევებს, არაადეკვატურ ქცევით რეაქციას, უმიზეზო ტირილს, ხასიათის ხშირ ცვალებადობას.
არსებობს პრემენსტრუალური სინდრომის 4 ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმა:
1. ნერვულ-ფსიქოლოგიური ფორმა. ვლინდება სისუსტით, უმიზეზო ტირილით, დეპრესიით ან, პირიქით, გადამეტებული, აუხსნელი გაღიზიანებითა აგრესიით. ეს უკანასკნელი, წესისამებრ, ახალგაზრდა ქალებს აღენიშნებათ, შედარებით ასაკოვანთათვის კი დეპრესიული მდგომარეობაა დამახასიათებელი.
2. შეშუპებითი ფორმა. ახასიათებს სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, შესივება და და ტკივილი, სახის, ფეხებისა და ხელის მტევნების შეშუპება, ოფლიანობა. პმს-ის ამ ფორმის დროს მკვეთრად არის გამოხატული სუნებისადმი ზემგრძნობელობა. მოსალოდნელია გემოვნების შეცვლაც.
3. ცეფალგიური ფორმა. ახასიათებს თავის ტკივილი, გულისრევა, ზოგჯერ - ღებინება, თავბრუხვევა. პმს-ის ამ ფორმით დაავადებულთა დაახლოებით მესამედს აღენიშნება გულის არეში ტკივილი და ფსიქოლოგიური დათრგუნულობა. გარდა ამისა, იცვლება ორგანიზმში კალციუმის რაოდენობა, რამაც შეიძლება ძვლების დასუსტება გამოიწვიოს.
4. კრიზული ფორმა. თავს იჩენს ადრენალინური კრიზის ნიშნები. სახელდობრ, გულმკერდის არეში შეიგრძნობა ზეწოლა, რასაც თან ახლავს გულისცემის შეგრძნება, კიდურების დაბუჟება და გაცივება. მოსალოდნელია ხშირი და ჭარბი შარდვა. ამგვარი კრიზის დროს ზოგს სიკვდილის შიში ეუფლება, რაც ნეგატიურად აისახება ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. პმს-ის ეს ფორმა ექიმის ჩარევას საჭიროებს.
უნდა ითქვას ისიც, რომ მეოთხე ფორმა წინა სამის შედეგს, მის გართულებულ ვარიანტს წარმოადგენს, ამიტომ ექიმთან ვიზიტი ნებისმიერი ფორმის დროს აუცილებელია.

მკურნალობა
პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ჰორმონული ფონის მოწესრიგება. გარდა ჰორმონებისა, სამკურნალოდ იყენებენ შარდმდენ, წნევის დამწევ საშუალებებს, ანტიდეპრესანტებს, დამამშვიდებლებს და სხვა.
დანიშნულების მისაღებად უნდა მიმართოთ ექიმს:
  • გინეკოლოგს – რამდენადაც პრემენსტრუალური სინდრომი ქალური სასქესო ჰორმონების დონის დარღვევასთან არის დაკავშირებული;
  • ფსიქონევროლოგს – მასთან ვიზიტი ემოციური დარღვევების დროს არის რეკომენდებული;
  • ენდოკრინოლოგს – პრემენსტრუალური სინდრომის გამოვლინებათა გაძლიერება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევებს შეუძლია.

პრაქტიკული რჩევები
პრემენსტრუალური სინდრომის ჩვეულებრივი გამოვლინებისა და ხანგრძლივობის შესაბამისად, ქალს შეუძლია შეარჩიოს პრეპარატები და დაიწყოს მათი მიღება სინდრომის გამოვლენამდე 2-3 დღით ადრე.
ძლიერი ტკივილების დროს დახმარება შეუძლია ნოშპას, ბარალგინს, ანალგინს, ნუროფენს.
პრემენსტრუალურ სინდრომს თავიდან აგაცილებთ ორალური კონტრაცეპტივების მიღება.
ბელოიდი ან ბელამინალი ვეგეტატიური ნერვული სისტემის მუშაობის ნორმალიზებისკენ არის მიმართული და ამ დროისთვის გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელებელ და საშარდე სისტემებში განვითარებულ დარღვევებს აღუდგება წინ.
უმარტივესი დამამშვიდებელი საშუალებები, თუნდაც შავბალახა, ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას მოაწესრიგებს.
მნიშვნელოვანია კვების ზოგიერთი პრინციპების დაცვა:
  • ნაკლები სვით ყავა და მაგარი ჩაი. საერთოდ, შეზღუდეთ სითხის ოდენობა (მაგრამ მიიღეთ დღეში არანაკლებ 1,5 ლიტრისა).
  • გამოიყენეთ ნაკლები მარილი.
  • შეზღუდეთ კალიუმით მდიდარი პროდუქტების (ქიშმიში, კურაგა, კარტოფილი) მიღება.
  • უფრთხილდით შოკოლადს - იგი გულისცემას ახშირებს.
  • ნაკლებად მიირთვათ ცხიმიანი პროდუქტები.
  • გამორიცხეთ ალკოჰოლი, ცხარე და მწარე სანელებლები.
  • ნაკლებად მიირთვით რძის ნაწარმი და წითელი ღვინო.
  • მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე და თვით მენსტრუაციის დროს რაციონი მდიდარი უნდა იყოს კალციუმით. მას შეიცავს მწვანე სალათა, კომბოსტო, ოხრახუში, ისპანახი, ბოლოკი.
  • ასევე მნიშვნელოვანია მაგნიუმის მარილები, რომლებსაც შეიცავს ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და კაკალი. მაგნიუმი ხსნის გაღიზიანებადობასა და დაღლილობას, ხელს უშლის დეპრესიის განვითარებას.
საჭიროა პოლივიტამინების, განსაკუთრებით A, E და B ჯგუფის ვიტამინების მიღება.
შავბალახა, კატაბალახა, ჭიქა რძე ერთი კოვზი თაფლით,Pპიტნის ჩაი შესანიშნავად დაგამშვიდებთ. პიტნა აუმჯობესებს ცვლით პროცესებს, აქვს კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ჭარბი გამონადენის საწინააღმდეგოდ კარგია ჟოლოს ფოთლების ნახარში.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი და დასვენება. მოაწესრიგეთ დღის რეჟიმი. იძინეთ კარგად განიავებულ, გრილ ოთახში.
მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.
თუ ეწევით, ეცადეთ, მაქსიმალურად შეამციროთ ღერების რაოდენობა.
დილა-საღამოს მიიღეთ კონტრასტული შხაპი. პროცედურა გრილი წყლით დაასრულეთ.
პრემენსტრუალური სინდრომის, ისევე როგორც თვით მენსტრუაციის პერიოდში დაუშვებელია აბანოში წასვლა - მაღალ ტემპერატურას უძლიერესი ტკივილების პროვოცირება შეუძლია, მენსტრუაცია კი გახანგრძლივდება.
სასარგებლოა რეგულარული ვარჯიში, ოღონდ სხეულის ქვედა ნაწილს დიდი დატვირთვა არ უნდა მიადგეს.
ნერვული სისტემის გასაძლიერებლად სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები და რელაქსაცია.

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად