პლევრიტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

პლევრიტი - pleuritis - плеврит
ფილტვებს ფარავს ორი ფურცლისგან შემდგარი გარსი, რომელიც მათ გულმკერდის ღრუსგან გამოყოფს. ამ ფურცლებს პლევრა ეწოდება, მათ ანთებას კი პლევრიტი.
პლევრიტი აღმოცენდება არა დამოუკიდებლად (პირველადად), არამედ ფილტვების ამა თუ იმ დაავადების ან, შედარებით იშვიათად, პლევრის ახლომდებარე სტრუქტურებში (მკერდის ძვალი, დიაფრაგმა, შუასაყარი) მიმდინარე პათოლოგიური პროცესების შედეგად. შესაძლოა, რომელიმე ზოგადი დაავადების ფონზეც წარმოიშვას.
მიზეზის შესაბამისად, რომელიც ძალზე მრავალფეროვანია, გამოყოფენ პლევრიტების ორ დიდ ჯგუფს:
1. ინფექციური პლევრიტი, ანუ პლევრაზე ამა თუ იმ ინფექციის ზემოქმედების შედეგად აღმოცენებული ანთება. ის შეიძლება იყოს ტუბერკულოზური, ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, სიფილისური, ბრუცელოზური და სხვა.
2. არაინფექციური პლევრიტი, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს, მაგალითად, სიმსივნე, სისტემური დაავადება (წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, კვანძოვანი პერიართრიტი, რევმატიზმი და სხვა), ტრავმა და ოპერაციული ჩარევა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ფილტვის ინფარქტი და სხვა.
პლევრიტი შეიძლება იყოს როგორც მშრალი, ასევე ექსუდაციური ან, როგორც ხალხში უწოდებენ, სველი. მშრალი პლევრიტის დროს პლევრის ფურცლებს შორის შეინიშნება ფიბრინული გამონაჟონი, ექსუდაციური პლევრიტის შემთხვევაში კი პლევრის ღრუში გროვდება ანთებითი სითხე, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე სახისაა: სეროზული, სეროზულ-ფიბრინული, ჩირქოვანი, ჰემორაგიული (სისხლიანი) და სხვა.
პლევრის ღრუში შეიძლება დაგროვდეს არაანთებითი სითხეც ანუ ტრანსუდატიც. ასეთი რამ ხდება, მაგალითად, გულის უკმარისობის, ნეფროზული სინდრომის, ღვიძლის ციროზის დროს.
მიმდინარეობა და სიმპტომები. მშრალი პლევრიტი, წესისამებრ, მწვავედ იწყება. ავადმყოფი უჩივის გულმკერდის ტკივილს, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვის, ხველის, ცემინებისა და მოძრაობის დროს. ამ დროს ტკივილი ძირითადად ფიბრინული ნადების ზონაში ლოკალიზდება. ზოგჯერ შეინიშნება მშრალი ხველა, სუბფებრილური (380C-მდე) ტემპერატურა. სუნთქვის დროს გულმკერდის მოძრაობაზე დაკვირვების შედეგად ნათელი ხდება, რომ დაავადებული მხარე სუნთქვაში ჩამორჩება.
გარდა ამ სიმპტომებისა, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ძირითადი დაავადებისთვის დამახიათებელი სიმპტომებიც. ექიმი ამ დროს ფონენდესკოპით ისმენს პლევრის ხახუნს, რაც მშრალი პლევრიტისთვის მეტად დამახასიათებელი ნიშანია. სისხლში შეიმჩნევა ანთებისთვის ნიშნეული ცვლილებები (მომატებულია ედსი და ლეიკოციტოზი). რაც შეეხება რენტგენულ კვლევას, მშრალი პლევრიტის შემთხვევაში ის საგულისხმო ცვლილებებს არ ავლენს.
ექსუდაციური პლევრიტის დროს ავადმყოფები უჩივიან გულმკერდში სიმძიმის შეგრძნებას, ზოგჯერ – მშრალ ხველასაც. როცა პლევრაში სითხის ჩადგომას წინ უძღვის პლევრის ფურცლების ფიბრინული ანთება (მშრალი პლევრიტი), რომელიც ტკივილით მიმდინარეობს, სითხის ჩადგომასთან ერთად ტკივილი სუსტება ან სრულიად ქრება.
ხშირად დაავადებას თან სდევს ცხელება. თუ ექსუდატი დიდი რაოდენობით დაგროვდა, წამყვანი სიმპტომი ხდება ქოშინი – ავადმყოფი სუნთქავს ხშირ-ხშირად, ზერელედ. ექიმი პერკუსიით და აუსკულტაციით დაავადებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს აღმოაჩენს, მაგრამ დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია რენტგენული გამოკვლევა, ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია) და პლევრის ღრუს პუნქცია.
ექსუდატის დაჩირქების შემთხვევაში ვითარდება ჩირქოვანი პლევრიტი – პლევრის ემპიემა. ავადმყოფის მდგომარეობა მკვეთრად მძიმდება, ტემპერატურა იმატებს, ხშირად – შესამჩნევადაც, ავადმყოფს ამცივნებს, ინტოქსიკაციის ნიშნები მკვეთრად არის გამოხატული.
ექსუდაციური პლევრიტის პროგნოზი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ძირითად დაავადებაზე. სეროზული ექსუდატი, ჩვეულებრივ, ადვილად გაიწოვება და პლევრის ფურცლებს შორის შეხორცებები ვითარდება. განსაკუთრებით ხშირად ხდება ასეთი რამ პლევრის ემპიემის დროს.

დიაგნოსტიკა. თუ არსებობს ეჭვი პლევრის ღრუში სითხის არსებობის თაობაზე, რენტგენული კვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს გვერდით პროექციაში, რადგან პირდაპირ პროექციაში კვლევისას 300 მლ-მდე სითხე შესაძლოა არ  კი გამოჩნდეს, მაშინ როცა გვერდით პროექციაში ჰორიზონტალური მდებარეობისას (წოლისას) 50 მლ-მდე სითხეც კი შესამჩნევია. რენტგენოგრამაზე ჩანს ჩრდილი (რენტგენოგრამაზე ჩრდილი თეთრი ფერისაა). სითხეს აქვს მკვეთრად გამოხატული ირიბი საზღვარი. თუ პლევრის სივრცეში სითხესთან ერთად აირიც არის დაგროვილი (ჰიდროპნევმოთორაქსი), მაშინ სითხის ზედა საზღვარი ჰორიზონტალურია. გარდა ამისა რენტგენორგამაზე შეიმჩნევა გულისა და მსხვილი სისხლძარღვების გადაადგილება ჯანმრთელი ფილტვის მხარეს.
დიდი სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს პლევრის ღრუში არსებული სითხის ხასიათს. მიუხედავად იმისა, რომ ექსუდატად და ტრანსუდატად სითხის დაყოფა აბსოლუტური არ არის, ასეთი კლასიფიკაცია მაინც სასარგებლოა დიფერენციული დიაგნოსტიკის საწარმოებლად და პლევრის ღრუში სითხის ჩადგომის მიზეზის დასადგენად. ექსუდატისა და ტრანსუდატის გასამიჯნავად რეკომენდებულია, პლევრის ღუდან აღებულ სითხეში განისაზღვროს შემდეგი პარამეტრები: ცილის შემცველობა, ლაქტატდეჰიდროგენაზის აქტივობა, ლეიკოციტების რაოდენობა, გლუკოზის დონე, PH. ტრანსუდატისა და ექსუდატის შემთხვევაში მათი მაჩვენებლები განსხვავებულია. იგივე გამოკვლევები უტარდება სისხლსაც.
პლევრის სითხის ციტოლოგიურ გამოკვლევას მისი გამომწვევი დაავადების დასადგენადაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად:
  • სითხეში ლიმფოციტების არსებობა უფრო მეტად ტუბერკულოზური და სიმსივნური პლევრიტისათვის არის დამახასიათებელი;
  • ნეიტროფილების აღმოჩენა მწვავე ანთებით პროცესებზე (პნევმონიაზე, აბსცესზე) მეტყველებს, სითხის რაოდენობის მატება და მასში დაშლილი უჯრედების გაჩენა ემპიემაზე მიუთითებს;
  • პლევრის სითხეში ეოზინოფილების გაჩენა, თუ პარალელურად ეოზინიფილიაც (სისხლში ეოზინოფილების მატებაც) დასტურდება, ახასიათებს ალერგიული ბუნების პლევრიტს;
  • ჰემორაგიული სითხე მიანიშნებს ფილტვის ინფარქტზე, სიმსივნურ პროცესებზე, ტუბერკულოზზე, გულმკერდის ტრავმაზე, ღვიძლის ციროზზე, ანტიკოაგულანტების ზედოზირებაზე;
  • პლევრის ღრუში ლიმფის არსებობა უმეტესად შუასაყრის ავთვისებიანი სიმსივნით არის განპირობებული; სიმსივნის დროს პლევრალურ სითხეში სიმსივნური უჯრედების აღმოჩენაც არის შესაძლებელი.
იშვიათად სადიაგნოზო მნიშვნელობა ენიჭება პლევრის სითხეში გლუკოზის (განსაკუთრებით დაბალია რევმატოიდული ართრიტების დროს), ამილაზის (მაღალია პანკრეატიტის დროს), სპეციფიკური ცილის (სისტემური დაავადებების დროს) განსაზღვრასაც.
მკურნალობა. მშრალი პლევრიტის მკურნალობა მიმართული უნდა იყოს ძირითადი დაავადების (ტუბერკულოზი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი და სხვა) ლიკვიდაციისკენ. პარალელურად უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა ანალგეტიკებით (ტკივილის მოსახსნელად) და ხველის შემასუსტებელი პრეპარატებით.
ექსუდაციური პლევრიტის მკურნალობაც მის გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული. იგი კომპლექსურია და მოიცავს:
1. ანტიბიოტიკოთერაპიას ინფექციურ-ალერგიული პლევრიტების დროს და მიზანმიმართულ ქიმიათერაპიას სიმსივნური წარმოშობის პლევრიტის დროს;
2. პლევრის ღრუს სანაციას ექსუდატის ევაკუაციის გზით, საჭიროებისამებრ – ღრუს გამორეცხვას სამკურნალო სითხეებით;
3. მადენსისიბილიზებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დანიშვნას (ტუბერკულოზისა და რევმატული ეტიოლოგიის პლევრიტის დროს ეფექტურია პრედნიზოლონის მიღება);
4. ორგანიზმის დამცავი იმუნური სისტემის გამაძლიერებელი საშუალებების დანიშვნას, ინდივიდუალური რეჟიმის (მწვავე პერიოდში – წოლითი რეჟიმის) შერჩევას, ვიტამინებითა და ცილებით მდიდარი საკვების მიღებას, სითხისა და მარილის შეზღუდვას, ვიტამინოთერაპიას (ც და ბ ჯგუფის ვიტამინებით), პლაზმის შემცვლელი ნივთიერებების ვენაში (წვეთოვნად) შეშვებას. ექსუდატის გაწოვის პროცესში კარგია სამკურნალო ფიზკულტურა, კერძოდ, სუნთქვითი ვარჯიშები; დაავადების ალაგების შემდეგ ფილტვების ფუნქციის აღსადგენად ეფექტურია მასაჟი როგორც ხელით, ისე ვიბრატორითა და ულტრაბგერით;
5. სიმპტომურ თერაპიას: ხველის დროს – ხველის ჩამხშობი საშუალებების, სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს – კარდიოტონური პრეპარატების გამოყენებას.
პლევრის ღრუდან სითხის სასწრაფო ევაკუაციის ჩვენებაა:
  • გულისა და მსხვილი სისხლძარღვების გადახრა ჯანმრთელ მხარეს და გულის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
  • კოლაფსის ნიშნები (ძლიერი ქოშინი, ციანოზი, ხშირი და სუსტი პულსი, არტერიული წნევის დაქვეითება).
შედარებითი ჩვენებაა:
  • მოთენთილობა;
  • პლევრიტის მძიმე მიმდინარეობა;
  • მკურნალობის მიუხედავად ექსუდატის გაწოვის დაყოვნება.
ერთდროულად 1,5 ლ სითხეზე მეტის გამოღება არ შეიძლება – შესაძლოა, კოლაფსი განვითარდეს.

პროფილაქტიკა. დანიშნული მკურნალობა, რომელიც ექსუდაციური პლევრიტის გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ არის მიმართული, თავისთავად გამოიწვევს პლევრის ღრუში სითხის რაოდენობის შემცირებას. პარალეაურად ამას ხელს შეუწყობს შარდმდენებით ავადმყოფის დატვირთვა.

პლევრის ღრუში არაანთებითი სითხის დაგროვება
პლევრის ღრუში ტრანსუდატის დაგროვება უმთავრესად გულის უკმარისობით არის გამოწვეული. მისი უშუალო მიზეზია ფილტვსა და სისტემურ ვენებში ჰიდროსტატიკური წნევის მატება, რაც პლევრის სითხის დრენირებას აბრკოლებს. ამ დროს პლევრული სითხე ორივე მხარეს ერთნაირად გროვდება, მარჯვენა პლევრის ღრუში – ოდნავ უფრო მეტი. რენტგენოლოგიური გამოკვლევა პლევრის ღრუში სითხის არსებობასთან ერთად ავლენს მცირე წრის სისხლძარღვების შეგუბებისა და კარდიომეგალიის (დიდი გული) სურათს.
გულის უკმარისობის დროს სითხის ევაკუაცია ნაჩვენებია, თუ მის დაგროვებას თან არ ახლავს ცხელება, სითხე არ არის მეტისმეტად ბევრი, ავადმყოფს არ აწუხებს ძლიერი ქოშინი, რომელიც გულის უკმარისობის სიმძიმეს არ შეესაბამება.
პლევრის ღრუში ტრანსუდატის დაგროვების მიზეზი ასიდან 5-10 შემთხვევაში ასციტით (მუცლის ღრუში სითხის ჩადგომა) მიმდინარე ღვიძლის ციროზია. ასციტური სითხე დიაფრაგმაში არსებული დეფექტის ან ლიმფური სადინარების მეშვეობით გადაადგილდება პლევრის სივრცეში. ასეთ დროს ტრანსუდატი უმეტესად მარჯვენა მხარეს გროვდება და ასციტის უკუგანვითარებასთან ერთად მცირდება.
პლევრის ღრუში ტრანსუდატის აკუმულირება შესაძლოა ნეფროზულმა სინდრომმაც გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში იგი ორმხრივია. პროტეინურიის (შარდში ცილების არსებობა) წარმატებული მკურნალობასთან ერთად ტრანსუდატის რაოდენობაც იკლებს.
ძალზე იშვიათად პლევრის ღრუში ტრანსუდატის დაგროვების მიზეზია საშარდე გზების ობსტრუქცია. ამ დროს ტრანსუდატი ობსტრუქციის მხარეს გროვდება და შარდის სუნი აქვს. საშარდე გზების ობსტრუქციის მოხსნისას ტრანსუდატის რაოდენობაც მცირდება.

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად