პერიტონიტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

პერიტონიტი - peritonitis - перитонит
პერიტონიტი მუცლის სეროზული გარსის - პერიტონეუმის - ანთებაა, რომელსაც ახასიათებს მძიმე საერთო სიმპტომატიკა და ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის რღვევა.
მიმდინარეობის მიხედვით პერიტონიტი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული, გავრცელების მიხედვით კი – ადგილობრივი ან გავრცობილი.
პერიტონიტი უმეტესად მეორეულად ვითარდება, წესისამებრ, ანთებითად შეცვლილი (მაგალითად, ნაღვლის ბუშტი, აპენდიქსი) ან პერფორირებული ორგანოებიდან ინფექციის გავრცელების, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობისა და ღია თუ დახურული ტრავმების შედეგად. პირველადი პერიტონიტი საკმაოდ იშვიათია. მას მიკროორგანიზმებით მუცლის ფარის პირველადი დაზიანება განაპირობებს (ეს მიკროორგანიზმები მასში ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით ხვდებიან).
კლინიკური სურათი და მიმდინარეობა. მწვავე პერიტონიტი საკმაოდ საშიში დაავადებაა. ის შეიძლება იყოს დიფუზურიც და შემოსაზღვრულიც. უკანასკნელ შემთხვევაში ფაშარ შემაერთებელქსოვილოვან შეხორცებათა ნაადრევი წარმოქმნის გამო ანთებითი პერიტონეუმი მომიჯნავე ორგანოებთან ხორცდება და ანთებითი პროცესი შემოისაზღვრება, შემოსაზღვრულ მიდამოში კი ჩირქი გროვდება - წარმოიქმნება აბსცესი.
აბსცესი სხვადასხვა ლოკალიზაციისაა: დიაფრაგმისქვეშა, ღვიძლქვეშა, მენჯის ღრუსი, პარააპენდიკულარული და ა.შ.
პერიტონიტის კლინიკურ სურათს პირველადი დაავადება, პროცესის განვითარების ხანგრძლივობა, მისი გავრცელების ხარისხი და სტადია განსაზღვრავს. ავადმყოფს, ჩვეულებრივ, აწუხებს ტკივილი, რომლის ხასიათი და ლოკალიზაცია ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული. გარდა ტკივილისა, აღინიშნება გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, იმატებს სხეულის ტემპერატურა.
პირველი 24 საათის განმავლობაში, რომელსაც რეაქტიული ფაზა ეწოდება, წამყვანი სიმპტომებია მუდმივი მკვეთრი ტკივილი, რომელიც სხეულის მდებარეობის შეცვლის, ხველების, მოძრაობის დროს ძლიერდება. ავადმყოფი, ჩვეულებრივ, ზურგზე ან გვერდზე წევს, ფეხები მუცლისკენ მიაქვს, გაურბის ზედმეტ მოძრაობას. პათოლოგიის დამახასიათებელ ნიშნად მიიჩნევა შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი - მუცლის ზედაპირზე ხელის დაჭერით და უეცარი აშვებით ტკივილის მკვეთრი გაძლიერება.

თუ პერიტონიტის წყარო მუცლის ზემო ნაწილშია ლოკალიზებული, ტკივილი შესაძლოა ზურგში, ბეჭქვეშა მიდამოში გადაეცეს. გულისრევას, ჩვეულებრივ, შვება არ მოაქვს, პულსი გახშირებულია - 100-110 წუთში, არტერიული წნევა ნორმალური ან დაქვეითებულია.
ზოგიერთი დაავადების დროს (ღრუ ორგანოთა პერფორაცია, ბადექონის სისხლძარღვთა თრომბოზი და ემბოლია, გაუვალობა, პანკრეონეკროზი) შესაძლოა შოკიც განვითარდეს.
როცაPპერიტონიტის წყარო მცირე მენჯშია ლოკალიზებული, თავს იჩენს დეფეკაციის ცრუ სურვილი, დიზურიული (შარდვის დარღვევის) სიმპტომატიკა. ხდება ტკივილის ირადიაცია გავისა და შორისის არეში. კუჭის მოქმედება ნორმალურია, თუმცა განავალი ზოგჯერ თხევადია, მოსალოდნელია ჭინთვების განვითარებაც. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ნაწლავთა ინვაგინაციის დროს განავლოვანი მასები სისხლის მინარევებს შეიცავს.
პერიტონიტის ტოქსიკურ სტადიას ყველა ის სიმპტომი ახასიათებს, რომლებიც რეაქტიული ფაზის დროს ვლინდება, თუმცა ადგილობრივი სიმპტომატიკა ამ დროს შედარებით უკანა პლანზე გადაინაცვლებს. ტკივილები და ადგილობრივი მტკივნეულობა მცირდება, კუნთთა დაჭიმულობა სუსტდება, შეიმჩნევა მუცლის შებერილობა, კუჭის მოქმედება და აირების გამოყოფა წყდება. ძლიერდებაPპერიტონიტის ზოგადი გამოვლინებები. ინტოქსიკაციის გაძლიერების კვალდაკვალ პულსი მკვეთრად ხშირდება (110-120 დარტყმამდე წუთში), არტერიული წნევა ქვეითდება, სხეულის ტემპერატურა მაღალ ციფრებს (38-39-ს და მეტს) აღწევს და ამ დონეზე ნარჩუნდება. სუნთქვა ხშირდება. შარდის გამოყოფა მცირდება და იშვიათდება.
ტერმინალურ სტადიაში ვლინდება ადინამია, ცნობიერების დაბინდვა, ეიფორია. სახის ნაკვთები წაწვეტებულია, თვალები - ჩაცვენილი, კანი - ფერმკრთალი, ოფლით დაცვარული, დაჰკრავს დამახასიათებელი ციანოზური (მოლურჯო) ელფერი, ენა მშრალია და მუქი ნადები აქვს. ამ ნიშანთა ერთობლიობას ჰიპოკრატეს სახეს უწოდებენ. წესისამებრ, ვითარდება უხვი ღებინება, მუცელი მკვეთრად არის შებერილი, აირების გამოყოფა წყდება, აღინიშნება მუცლის გავრცობილი მტკივნეულობა.
აბსცესის ჩამოყალიბებისას ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა უარესდება, ტემპერატურა იმატებს და მუდმივ ხასიათს იღებს, მუცლის ღრუში ჩნდება აბსცესის ადგილობრივი სიმპტომატიკა, ლოკალური მტკივნეულობა და დაჭიმულობა. სხვა ადგილებში მუცელი რბილია.
შემოსაზღვრული პერიტონიტის დროს კლინიკური სურათი ისეთი მძიმე არ არის, როგორიც დიფუზურის დროს და პირველად დაავადებას (მწვავე აპენდიციტს, მწვავე ქოლეცისტიტს) შეესაბამება.
ქალის სასქესო ორგანოების ანთებით პათოლოგიებს მოჰყვება პელვიოპერიტონიტი - მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთებითი დაავადება. მას დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს. მცირე მენჯის ღრუში ინფექცია ხვდება საშვილოსნოს მილების გზით, ასევე - ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით. ანთების პირველად კერას საშვილოსნო, საკვერცხეები ან საშვილოსნოს მილები წარმოადგენს. იწყება მწვავედ, მაღალი ტემპერატურით, რომელიც 38-39 და უფრო მაღალ მაჩვენებელს აღწევს. მწვავე ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერდება შარდვისა და დეფეკაციის დროს. მუცელი შებერილია, მისი წინა კედელი - დაჭიმული, ვლინდება შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი. ენა მშრალია, ნადებით დაფარული, მოსალოდნელია სლოკინი, გულისრევა, ღებინება.
ქრონიკული სტადიისთვის დამახასიათებელია ტკივილი მუცლის ქვედა არეში, რომელიც გაცივების, ფიზიკური დაძაბულობის, მენსტრუაციის დროს ძლიერდება. არცთუ იშვიათია მენსტრუალური, რეპროდუქციული და სქესობრივი ფუნქციის დარღვევა. ქრონიკულ სტადიაში ექსუდატი გაიწოვება, მცირე მენჯის ღრუში ჩნდება შეხორცებები, რომლებსაც საშვილოსნოსა და მისი დანამატების მდებარეობის ცვლილებამდე მივყავართ.

მკურნალობა

პერიტონიტის გამომწვევის მოცილების ან მისი მიდამოს დრენირების შემდეგ ტკივილი მცირდება, უმჯობესდება ზოგადი მდგომარეობა, სისხლის სურათი და იწყება გამოჯანმრთელება. ზოგჯერ გამოჯანმრთელება მოჰყვება ანთების შემოსაზღვრას და მის თანდათანობით ლიკვიდაციას. ამ შემთხვევაში ანთების არეში კუნთთა დაჭიმულობა და ტკივილი თანდათან იკლებს. ისინჯება ანთებითი ინფილტრატი, მტკივნეულობა ზომიერია. აბსცესის ფორმირებისას პაციენტის მდგომარეობა უარესდება, ტემპერატურა იმატებს და მუდმივი ხდება.
პერიტონიტის მკურნალობა დაავადების ფორმის, სტადიის, გამომწვევის ხასიათის, პროცესის გავრცელების, მეტაბოლური პროცესებისა და სასიცოცხლო ორგანოთა ფუნქციის დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით ტარდება. მკურნალობის პრინციპებია ინფექციის წყაროს რაც შეიძლება ადრეული და დროული ლიკვიდაცია ოპერაციული ჩარევით ან მისი შემოსაზღვრა დრენირების გზით.
ანტიბაქტერიული თერაპიითა და გამორეცხვებით მუცლის ღრუში ინფექციის დათრგუნვის პარალელურად, რა თქმა უნდა, აუცილებელია სისტემური ანტიბაქტერიული თერაპია, ასევე - ბრძოლა პარალიზურ ნაწლავურ გაუვალობასთან, ზოგადი ინტოქსიკაციისა და შინაგანი ორგანოების ფუნქციური მდგომარეობის კორექცია.
მეორეული პერიტონიტის დროს ოპერაციული ჩარევა აუცილებელია. მისი მიზანია ექსუდატისა და ინფიცირებული ქსოვილის მოცილება, ინფექციური კერის ლიკვიდაცია ან შემოსაზღვრა და მუცლის ღრუს დრენაჟი.
დაავადების პროგნოზი პერიტონიტის გამომწვევ ძირითად პათოლოგიაზეა დამოკიდებული. მართებულ მკურნალობას, წესისამებრ, სრული გამოჯანსაღება მოჰყვება, თუმცა არც შეხორცებათა განვითარებაა გამორიცხული.

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად