ეპილეფსია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ეპილეფსია - Epilepsia - эпилепсия

ეპილეფსია ქრონიკული ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც მოულოდნელი და განმეორებადი გულყრებისადმი მიდრეკილება ახასიათებს.
გულყრა სხვადასხვა ტიპისაა, მაგრამ ყოველი მათგანის საფუძველს წარმოადგენს თავის ტვინის ნერვული უჯრედების ანომალიური და მეტისმეტად მაღალი ელექტრული აქტივობა. ასეთ აქტივოებას მოსდევს განმუხტვა, რაც სამგვარად შეიძლება დასრულდეს: განმუხტვა შეწყდეს მისი აღმოცენების მომენტში; გავრცელდეს ტვინის მეზობელ უბნებში და დაბრკოლებასთან შეხვედრისთანავე შეწყდეს; გავრცელდეს მთელ ნერვულ სისტემაში და მხოლოდ შემდეგ შეწყდეს.
პირველ ორ შემთხვევაში გულყრას პარციალურს უწოდებენ, უკანასკნელ შემთხვევაში კი - გენერალიზებულს. გენერალიზებული გულყრის დროს ცნობიერება ყოველთვის დარღვეულია, პარციალურის შემთხვევაში კი შესაძლოა შენარჩუნდეს.
ეპილეფსიურ გულყრას იხსენიებენ აგრეთვე ტერმინებით "კრუნჩხვა", "შეტევა".
ეპილეფსიით დაავადებულთა ჭეშმარიტი რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ბევრმა არც კი იცის, რომ დაავადებულია, ბევრიც ამ ფაქტს მალავს. უკანასკნელი კვლევის მონაცემებით, აშშ-ში ეპილეფსიით 4 მილიონზე მეტი ადამიანია ავად. გარდა ამისა, 1000-დან დაახლოებით 50 ბავშვს ერთხელ მაინც დამართნია გულყრა მაღალი სიცხის დროს. მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ასეთივეა სხვა ქვეყნებშიც, ვინაიდან დაავადება არ არის დამოკიდებული სქესზე, რასაზე, სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსსა და საცხოვრებელ ადგილზე.

ეპილეფსიის მკურნალობის რადიკალური მეთოდები არ არსებობს, მაგრამ თანამედროვე მედიკამენტები ასიდან 60-80 შემთხვევაში გულყრების შეწყვეტის საშუალებას იძლევა. დაავადება იშვიათად იწვევს სიკვდილს ან ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების  ძლიერ შესუსტებას.
ეპილეფსიის კლასიფიკაციას მისი წარმოშობისა და გულყრების ტიპის მიხედვით ახდენენ. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ ორ ძირითად ტიპს:

  • იდიოპათიურ ეპილეფსიას - მიზეზი დაუდგენელია;
  • სიმპტომურ ეპილეფსიას - განპირობებულია ტვინის განსაზღვრული ორგანული დაზიანებით.

ასიდან 50-75 შემთხვევაში ეპილეფსია იდიოპათიური ტიპისაა.

ეპილეფსიის დიაგნოსტირების თვალსაზრისით მეტად ინფორმაციულია ელექტროენცეფალოგრამა. იგი ავლენს ტვინის პათოლოგიურ ელექტრულ აქტივობას, განსაზღვრავს ამ აქტივობის კერის (ეპილეფსიური კერის) მდებარეობას და მისი გავრცელების ხარისხს. მაგრამ ელექტროენცეფალოგრამაზე ცვლილებები ყველა ავადმყოფს არ აღენიშნება. ასე რომ, ნორმალური ენცეფალოგრამა ეპილეფსიის არსებობას არ გამორიცხავს.

მეტად მნიშვნელოვანია გულყრის ტიპის დადგენა, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული მკურნალობა. ზოგიერთს სხვადასხვა ტიპის გულყრა უვითარდება. ასეთ დროს კომბინირებულ სამკურნალო საშუალებებს უნიშნავენ.
ყველამ, ვისაც კი ერთხელ მაინც გადაუტანია ეპილეფსიური შეტევა, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
ეპილეფსიის ჭეშმარიტი მიზეზი დღემდე უცნობია. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს დაავადება მაშინ აღმოცენდება, როდესაც ტვინის განსაზღვრული უბანი დაზიანებულია, მაგრამ ფუნქცია ბოლომდე არ დაუკარგავს. სწორედ დაზიანებული, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი უჯრედები წარმოადგენენ პათოლოგიური განმუხტვის და ამის შედეგად აღმოცენებული გულყრის წყაროს. ზოგჯერ გულყრის დროს ტვინის დაზიანებული უბნის მახლობლად ან მისგან მოშორებით წარმოიშობა დაზიანების ახალი კერა - დამატებითი ეპილეფსიური კერა.
დღემდე გაურკვეველია, რატომ არის, რომ ერთი და იგივე დაავადება ზოგ შემთხვევაში გულყრებით მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში  კი - არა. კიდევ უფრო მეტი საიდუმლოებით არის მოცული ის ფაქტი, რომ ზოგიერთს გულყრები თავისთავად უწყდება, ზოგიერთს კი საკმაოდ ხშირად უმეორდება. სავარაუდოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას, თუმცა მემკვიდრეობითი გადაცემის ტიპი დადგენილი არ არის. საბოლოო ჯამში, ვარაუდობენ, რომ ეპილეფსიას განაპირობებს მემკვიდრეობითი და გარემო ფაქტორების, მათ შორის - გადატანილი დაავადებების ერთობლიობა.

გულყრის ტიპები
დიდი (გენერალიზებული) კრუნჩხვითი გულყრა.
ამ ტიპის გულყრას, ტრადიციულად, აღნიშნავენ ფრანგული ტერმინით გრანდ მალ - დიდი გულყრა. მას კარგად გამოხატული კრუნჩხვები ახასიათებს. გულყრას, წესისამებრ, წინ უძღვის პროდრომული პერიოდი, რომელიც რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება. ამ დროს ავადმყოფი გაღიზიანებულია, ადვილად ეგზნება, უქვეითდება მადა ან უჩვეულოდ იქცევა. ზოგიერთს უშუალოდ გულყრის წინ აურა - შეტევის დაწყების მანიშნებელი მდგომარეობა უვითარდება. ის ვლინდება გულისრევით, კუნთების თამაშით ან აუხსნელი მღელვარების შეგრძნებით. გულყრის დასაწყისში ადამიანმა შეიძლება გამოსცეს ყვირილის ან ხროტინის მაგვარი ხმა. იგი კარგავს გონებას, ეცემა, სხეული ეძაბება. უნელდება სუნთქვა, ფითრდება ან სახეზე რუხი, მოლურჯო ფერი ედება. ამას მოსდევს ხელების, ფეხების ან მთელი სხეულის კრუნჩხვა (ტოკვა). ფართოვდება გუგები, არტერიული წნევა იმატებს, სახე წითლდება, კანი ოფლით იფარება, პირიდან დის ნერწყვი. ხშირია უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. გამორიცხული არ არის, შეტევის დროს ავადმყოფმა ენა ან ლოყა მოიკვნიტოს.
მომდევნო ეტაპზე კუნთები დუნდება, სუნთქვა ღრმავდება, კრუნჩხვა სუსტდება. ავადმყოფს ცნობიერება უბრუნდება, მაგრამ ერთხანს თითქოს ძილბურანშია. ძილიანობა და გონების არევა ზოგჯერ მთელი დღე გასტანს.
გენერალიზებული გულყრა სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს: ზოგჯერ ზემოთ აღწერილი ფაზებიდან მხოლოდ ერთი აღინიშნება, ზოგჯერ კი მათი თანმიმდევრობაა განსხვავებული.
ავადმყოფს გულყრა არ ახსოვს. ზოგჯერ მხოლოდ აურას იხსენებს. შეტევის შემდეგ შესაძლოა შეაწუხოს თავის, სხეულის ტკივილმა, რაც გამოწვეულია დაცემით, კუნთების ძლიერი სპაზმით ან უნებლიე მოძრაობების დროს მიღებული ტრავმებით.
გულყრა რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება და თავისთავად გაივლის.
ფებრილური გულყრა. ის გენერალიზებული გულყრის ნაირსახეობას წარმოადგენს. უვითარდებათ ბავშვებს, უპირატესად - 6 თვიდან 4 წლამდე ასაკის პატარებს, მაღალი სიცხის დროს. ამ ბავშვების უმრავლესობას ჰყავს ნათესავები, რომელთაც ბავშვობაში ამგვარი გულყრები აწუხებდათ.
ეს მდგომარეობა ჭეშმარიტ ეპილეფსიად იშვიათად ყალიბდება - ბავშვს უმეტესად ერთი-ორი ამგვარი ეპიზოდი აღენიშნება, შემდგომ კი კრუნჩხვები თავისთავად წყდება. ამის გამო ზოგიერთი სპეციალისტი ფებრილურ კრუნჩხვებს ეპილეფსიად არ განიხილავს.
ფოკალური (ნაწილობრივი) გულყრები. ამ დროს პროცესი სხეულის მხოლოდ ერთ ნაწილს მოიცვას. გულყრა ან მონოტონურია, ან სენსორული და ვლინდება კრუნჩხვით, დამბლით ან პათოლოგიური შეგრძნებებით. შესაძლოა, შეტევამ სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადაინაცვლოს ანდა გენერალიზაცია განიცადოს და მთელ სხეულზე გავრცელდეს. კიდურების კრუნჩხვის შემდეგ მათი სისუსტე (პარეზი) შესაძლოა მთელი დღე გაგრძელდეს. აურა, გონების დაკარგვა და შეტევის შემდეგ ძილიანობა ყოველთვის არ აღინიშნება. ამ ტიპის გულყრის დროს, განსაკუთრებით - ზრდასრულებში, ვლინდება ტვინის ორგანული დაზიანება, ამიტომ ავადმყოფმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს.
ფსიქომოტორულ გულყრას ფსიქოპათოლოგიური და მოძრაობითი გამოვლინებები ახასიათებს. ტიპურ შემთხვევაში იწყება პროდრომითა და აურით,  რომლის დროსაც ავადმყოფს პირში უჩვეულო გემო უჩნდება, სცემს უჩვეულო სუნი ან ეუფლება შეგრძნება, თითქოს ის, რაც მის ირგვლივ იმ წუთებში ხდება, ადრეც უნახავს. ამის შემდეგ ავადმყოფი გარემომცველ სინამდვილესთან კონტაქტს კარგავს.
შეტევის დროს აღინიშნება უნებლიე ღეჭვითი მოძრაობები, სიცილი ან ღიმილი, კბილების ჭრიალი, წიხლების სროლა. ზოგიერთიი ტანსაცმელს ან სხვა საგნებს უსასრულოდ აწყობს ერთი ადგილიდან მეორეზე. მოძრაობა კოორდინირებულია, მაგრამ განმეორებადი და სტერეოტიპული. ავადმყოფი ვერ აღიქვამს ირგვლივ მყოფებს.
ხშირად შეტევა ვლინდება ხანგრძლივი შიშით, არარეალურობის შეგრძნებით, ჰალუცინაციით, ძილისმაგვარი მდგომარეობით.
ავადმყოფს შეტევა უმეტესად არ ახსოვს.

მცირე გულყრები (პეტიტ მალ, აბსანსი). აბსანსი განსაკუთრებული ტიპის, ხშირად გაურკვეველი წარმოშობის გულყრაა. იგი, ჩვეულებრივ, სკოლის ასაკში აღმოცენდება და გონების ხანმოკლე დაკარგვით ვლინდება. ბავშვი მოულოდნელად წყვეტს ყოველგვარ მოქმედებას, სახე უშეშდება, უაზრო უხდება, მზერა ერთი წერტილისკენ აქვს მიპყრობილი.
აბსანსი 5-დან 25 წამამდე გრძელდება. შეტევის დასრულებისთანავე ბავშვი ისე უბრუნდება შეწყვეტილ საქმიანობას, თითქოს არაფერი მომხდარა. ასეთი გულყრა ხშირად შეუმჩნეველი რჩება, ვიდრე მისი სისტემატური გამეორების გამო თავს არ იჩენს ცნობიერების შეფერხება ან არევა.
ეპილეფსიის ეს ნაირსახეობა კარგად ემორჩილება ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობას. 20 წლის ასაკისთვის აბსანსი, ჩვეულებრივ, გაივლის.

მცირე მოტორული გულყრები. არსებობს ამგვარი გულყრის სამი ტიპი:

  • აკინეტიკური გულყრა ანუ დროპ-შეტევა (ინგლ. დროპ - დაცემა) - ახასიათებს მოულოდნელად თავის ჩაქინდვრა ან წაქცევა (ადამიანი თითქოს მოულოდნელად გაითიშა ან წინ გადაქანდა);
  • მიოკლონური გულყრა. მიმდინარეობს ხანმოკლე და უნებლიე მოძრაობებით, როგორიც ჯანმრთელ ადამიანს დაძინების ან გაღვიძების მომენტში აქვს;
  • ახალშობილთა სპაზმი (ახალშობილთა მიოკლონია). აღმოცენდება წლინახევრის ასაკამდე. ახასიათებს ელვისებური შეტევა, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე წამს გრძელდება, ზოგჯერ ზედიზედ ვითარდება და ხშირად ცვლის ტირილი.

მცირე მოტორული გულყრა ცუდად ექვემდებარება მკურნალობას და უმეტესად თავის ტვინის რეზიდუალურ (ნარჩენ) ან პროგრესირებად დაზიანებას უკავშირდება.

ეპილეფსიური სტატუსი
ეპილეფსიური სტატუსი გულისხმობს განმეორებით ეპილეფსიურ გულყრებს, რომლებიც გრძელდება 30 წუთზე მეტხანს და წინამორბედის დასრულებამდე აღმოცენდება.
ეპილეფსიური სტატუსის განვითარებას ბავშვებსა და მოზრდილებში სხვადასხვა მიზეზი იწვევს. ბავშვებში მის განვითარებას განაპირობებს უცნობი ფაქტორი (იდიოპათიური ეპილეფსია), მაღალი ტემპერატურა, მწვავე დაავადება (მენინგიტი, ენცეფალიტი, ქალა-ტვინის ტრავმა), ანტიკონვულსიური მედიკამენტების მკვეთრი შეწყვეტა, პროგრესული ენცეფალოპათია. მოზრდილებში კი ეპილეფსიური სტატუსის განვითარება შეიძლება განაპირობოს: ალკოჰოლმა; მედიკამენტურმა ინტოქსიკაციამ; ინსულტმა; მეტაბოლურმა დარღვევებმა; სიმსივნემ; ინფექციამ.
ეპილეფსიური სტატუსი შეიძლება ნებისმიერი ტიპის გულყრით მიმდინარეობდეს, მაგრამ სიცოცხლეს საფრთხეს მხოლოდ გენერალიზებული კრუნჩხვა და სუნთქვის დარღვევა უქადის. თუ ეს მდგომარეობა მეტისმეტად გახანგრძლივდა, 50%-ია ალბათობა, განვითარდეს ტვინის მეორეული დაზიანება, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ჭკუასუსტობა გამოიწვიოს. ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად გახანგრძლივებული კრუნჩხვის შემთხვევაში ავადმყოფს დახმარება აუცილებლად სპეციალისტმა უნდა გაუწიოს.

მკურნალობა. დღეს ეპილეფსიის მკურნალობისას მთელ მსოფლიოში უპირატესობას მონოთერაპიას ანიჭებენ. იგი გულისხმობს ეპილეფსიური სინდრომის ან თვით დაავადების განკურნებას მხოლოდ ერთი პრეპარატის  გამოყენებით.
ბოლო ხანს გახშირდა ეპილეფსიური სინდრომი, რომელიც სხვა დაავადებას უკავშირდება: გულყრების მიზეზია არა უშუალოდ ეპილეფსია, არამედ რომელიმე პათოლოგია, რომლის სინდრომულ გამოვლინებასაც იგი წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ფონური დაავადების სამკურნალო საშუალებებთან ერთად ანტიკონვულსიური (კრუნჩხვის საწინააღმდეგო) პრეპარატებიც ინიშნება.
მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია:

  • გულყრის ტიპი;
  • გულყრის ხანგრძლივობა;
  • ინტერიქტალური (გულყრათა შორის არსებული) პერიოდი;
  • გულყრის სიხშირე;
  • ფაქტორები, რომლებიც წინ უძღვის გულყრას;
  • დაავადება, რომელთანაც არის დაკავშირებული გულყრა, თუ ის სხვა პათოლოგიის გამოვლინებას წარმოადგენს და არა ჭეშმარიტი ეპილეფსიის სიმპტომს.

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებს სამ ჯგუფად ყოფენ: კონვენციურ პრეპარატებად, ახალ პრეპარატებად, არაკონვენციურ პრეპარატებად.
კონვენციური პრეპარატებიდან საქართველოში რეგისტრირებულია და ფართოდ იხმარება კარბამაზეპინი, ტეგრეტოლი (ფინლეფსინი), კლონაზეპამი, ეტოსუქსიმიდი (ზარონტინი), ფენობარბიტალი, ფენიტოინი (დიფენინი), დეპაკინიA(ვალპროის მჟავა). ეს მედიკამენტები ინიშნება ინდივიდუალური შერჩევის გზით.
თუ გულყრა კონვენციური მედიკამენტებით მკურნალობას არ ექვემდებარება, უნიშნავენ ახალი თაობის პრეპარატებს - ლამოტრიჯინს (ლამიქტალს),  გაბაპენტინს.
არაკონვენციურია ძირითადად ჰორმონული პრეპარატები, რომლებიც სხვადასხვა ფორმის გულყრის დროს გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში და მიზანმიმართული ანტიკონვულსიური ეფექტი, ფაქტობრივად, არ გააჩნია. ამ ჯგუფში შედის ადენოკორტიკოტროპული ჰორმონი, ამანტადინი, ბრომიდი.
თუ მონოთერაპიით გულყრების კუპირება ვერ მოხერხდა, ან პრეპარატი უნდა შეიცვალოს, ანდა დაინიშნოს კომბინირებული მკურნალობა.
ეპილეფსიის განკურნება (ხანგრძლივი რემისიის მიღწევა) შესაძლებელია ანტიკონვულსიური თერაპიის საშუალებით. მიიღწევა თუ არა მინიმუმ ორწლიანი რემისია, ელექტროენცეფალოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით მედიკამენტის დოზა ნელ-ნელა მცირდება და ბოლოს პრეპარატის მიღება საერთოდ წყდება. თუ გულყრა იშვიათია, წინასწარ, გულყრის თავიდან აცილების მიზნით მკურნალობას აზრი არ აქვს. მკურნალობა არც მაშინ ინიშნება, როდესაც ავადმყოფს ორი გულყრა მაინც არ ჰქონია 1 წელზე ხანმოკლე შუალედით ან ბოლო გულყრიდან ორ წელზე მეტია გასული.

პირველი დახმარება ეპილეფსიური სტატუსის დროს
ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ მუცელზე და ოდნავ გადავაბრუნოთ გვერდზე. თავი რაც შეიძლება დაბლა უნდა დავადებინოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კუჭის შიგთავსის ასპირაცია (სასუნთქ გზებში გადაცდენა). მოვაცილოთ ყველაფერი, რაც ხელს უშლის სუნთქვას (შევუხსნათ საყელო, ქამარი და სხვა). არ შეიძლება ავადმყოფის ძალისმიერი ფიქსაცია კრუნჩხვის შეკავების მიზნით - ამან შეიძლება დამატებითი ტრავმა გამოიწვიოს. დახმარების მომდევნო ეტაპი კი ექიმმა უნდა განახორციელოს.
ავადმყოფის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის შემდეგ უნდა დადგინდეს ეპილეფსიური სტატუსის მიზეზი, ჩატარდეს მკურნალობა, ავადმყოფი გადაყვანილ იქნეს ანტიკონვულსიურ მკურნალობაზე.

 

 

დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად