გულის უკმარისობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
გულის უკმარისობა - Cardiac Insufficiency - сердечная недостаточность

გულის უკმარისობა არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც გულს უნარი არ შესწევს, ორგანოები და ქსოვილები მათი ნორმალური ცხოველქმედებისთვის საჭირო ოდენობის სისხლით მოამარაგოს.
თავდაპირველად გული ნებისმიერ ვითარებაში აწვდის ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო ოდენობის სისხლს, თუმცა ამისთვის საჭირო ხდება ყველა საკომპენსაციო მექანიზმის მობილიზება. თანდათან ეს მექანიზმები დატვირთვას ვეღარ უძლებს და სუსტდება. ვითარდება გულის უკმარისობა. თავდაპირველად ის მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას ვლინდება, მოგვიანებით კი - მოსვენების დროსაც.
გულის უკმარისობის ნაცვლად ზოგჯერ ხმარობენ ტერმინებს: გულის ნაკლოვანება ან გულის დეკომპენსაცია. ეს მდგომარეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1-2%-ს აღენიშნება. მისი გავრცელების მაჩვენებელი ასაკთან ერთად იზრდება. 75 წელს გადაცილებულ პირებს შორის გულის უკმარისობა 10%-ზე მეტს აქვს.

მიზეზები. გულის უკმარისობა შეიძლება იყოს როგორც პირველადი (თვით გულის დაავადებით გამოწვეული), ისე მეორეული - განპირობებული სხვა ორგანოთა დაავადებით. მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
 მიოკარდიუმის ინფარქტი - როგორც მწვავე პროცესი, ისე პოსტინფარქტული მდგომარეობა;
 ჰიპერტონიული დაავადება;
 გულის მანკი;
 ანემია;
 მიოკარდიტი;
 ტოქსიკური ჩიყვი;
 ჰიპერთირეოზი;
 ფილტვების პათოლოგია;
 ორსულობა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების კლინიკური სურათი იმაზეა დამოკიდებული, მწვავედ მიმდინარეობს იგი თუ ქრონიკულად და უპირატესად რომელი პარკუჭის ნაკლოვანებაა გამოხატული. ამის კვალობაზე, განასხვავებენ მარცხენაპარკუჭოვან, მარჯვენაპარკუჭოვან და ტოტალურ უკმარისობას. ასევე, ხდება კლასიფიცირება სისტოლურ და დიასტოლურ ფორმებად. სისტოლური უკმარისობისას დაქვეითებულია გულის კუნთის შეკუმშვის უნარი, ხოლო დიასტოლური უკმარისობისას შეზღუდულია პარკუჭების გაფართოების უნარი და შემცირებულია მათი სისხლით ავსების ინტენსივობა.
მარცხენა პარკუჭის მწვავე ნაკლოვანება ანუ კარდიული ასთმა შეიძლება განვითარდეს ფიზიკური და ემოციური გადაძაბვის, კრიზის, ჭარბი საკვების ან სასმლის მიღების, მოწამვლის დროს. კარდიული ასთმა და ფილტვების შეშუპება მარცხენა წინაგულში მოძრავი თრომბის არსებობამაც შეიძლება გამოიწვიოს.
მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობისას, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაავადების დიფერენცირება ბრონქული ასთმისგან, რათა სწორად ჩატარდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სავალალო შედეგი მივიღოთ.
მოსახლეობის უმრავლესობისათვის ტერმინი კარდიული ასთმა უცხოა, ამიტომ ბევრს ის ბრონქულ ასთმაში ერევა. კარდიული ასთმა, ბრონქულისგან განსხვავებით, ვითარდება მოწიფულ ან ხანშიშესულ ასაკში და ახასიათებს:
 ჩასუნთქვის გაძნელება;
 სიფერმკრთალე;
 პულსის გახშირება;
 უხვი ქაფიანი, ვარდისფერი ნახველი.
ბრონქულ ასთმას კი ახასიათებს:
 ამოსუნთქვის გაძნელება;
 გაფანტული ციანოზი (სილურჯე);
 ნორმალური ან შენელებული პულსი;
 მცირე ოდენობის ლორწოვან-წებოვანი ნახველი.
მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა მისი უეცარი და მკვეთრი გადაძაბვის შედეგად ვითარდება. მიზეზი შეიძლება იყოს ტოტალური კრუპოზული პნევმონია, ბრონქული ასთმა, პლევრიტი, გულმკერდის დეფორმაცია, ფილტვის ინფარქტი, გულის თანდაყოლილი მანკი. ამ დროს სისხლი სწრაფად გუბდება ვენურ სისტემასა და ღვიძლში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დიდდება. აღმოცენდება ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ და შეშუპება. ამასთან ერთად, აღინიშნება:
 ძლიერი ქოშინი;
 გულმკერდში ზეწოლის შეგრძნება და ტკივილი;
 ძლიერი სისუსტე;
 კისრის ვენების შებერვა;
 არტერიული წნევის დაქვეითება.
გულის ნებისმიერი სახის მწვავე ნაკლოვანების შემთხვევაში ავადმყოფს პირველსავე წუთებში უნდა ჩაუტარდეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. თვითმკურნალობამ შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს გულის ფუნქციის დარღვევის გამო ვითარდება ორგანოებისა და ქსოვილების ჰიპოქსია, რაც შინაგანი ორგანოების (ღვიძლის, თირკმელების, ფილტვების) ფუნქციის მოშლას იწვევს, ეს კი, თავის მხრივ, უფრო მეტად აუარესებს გულის მუშაობას. გულის ქრონიკული დაავადებების დროს მარცხენა ან მარჯვენა პარკუჭის იზოლირებული უკმარისობა შედარებით იშვიათია. უმეტესად ორივე პარკუჭის შეკუმშვის ფუნქციაა დაქვეითებული, რის გამოც ხდება შეგუბება სისხლის მიმოქცევის როგორც დიდ, ისე მცირე წრეში. ეს უმთავრესად ისეთი პათოლოგიური პროცესით არის განპირობებული, რომელიც დიფუზურად აზიანებს გულის კუნთს, უმეტესად - გულის ქრონიკული იშემიური დაავადებით, სიმპტომური ჰიპერტენზიით, კარდიოსკლეროზით.
გულის ქრონიკული უკმარისობის საწყის სტადიაში ავადმყოფებს ერთხანს არაფერი აწუხებთ. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ თავს იჩენს:
 ადვილად დაღლა;
 შრომის უნარის დაქვეითება;
 ჰაერის უკმარისობა;
 ქოშინი;
 გულისცემის გახშირება.
მერე და მერე გულის აჩქარება და ქოშინი მოსვენების დროსაც ვითარდება და ერთვის:
 ფეხების შეშუპება;
 შარდის დღეღამური ოდენობის შემცირება;
 ღამის შარდვა;
 ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდის ქვეშ.
ნიუიორკული კლასიფიკაციის მიხედვით, რომელიც ფიზიკური აქტივობის შეზღუდვის ხარისხს ეფუძნება, გულის ქრონიკული უკმარისობა ოთხ კლასად იყოფა.
I კლასი - ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვა სისუსტეს, დაღლას, ქოშინსა და ტაქიკარდიას არ იწვევს.
II კლასი - აღინიშნება ფიზიკური აქტივობის ზომიერი შეზღუდვა. მოსვენებისას პათოლოგია არ ვლინდება.
III კლასი - აღინიშნება ფიზიკური აქტივობის გამოხატული შეზღუდვა. ავადმყოფი კომფორტულად თავს მხოლოდ მოსვენებისას გრძნობს.
IV კლასი - გულის უკმარისობისთვის ჩვეული მოვლენები მოსვენების დროსაც კი ვლინდება.
ამ კლასიფიკაციის გათვალისწინებით, მკითხველისთვის იოლი მისახვედრი უნდა იყოს, როდის მიმართოს ექიმს, რათა დროულად აღკვეთოს პათოლოგია. ძირითადი დაავადების მართებული მკურნალობა ხშირად ამცირებს გულის ქრონიკული უკმარისობის გამოვლინებას. ამ პოტენციურად უკუგანვითარებადი მიზეზების რიცხვს მიეკუთვნება არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, ალკოჰოლიზმი, ტოქსიკური ჩიყვი, მიქსედემა, პერიკარდიტი, ანემია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
გულის ქრონიკული უკმარისობის პროვოცირებას ხშირად იწვევს ესა თუ ის ინფექცია, ფიზიკური აქტივობის ინდივიდუალური რეჟიმის დარღვევა, ჭარბი მარილისა და სითხის მოხმარება და უძილობა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გულის უკმარისობის დიაგნოსტირება ძნელი არ არის. ის ანამნეზურ მონაცემებსა და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ემყარება. ამასთანავე, მკურნალობა სწორად რომ წარიმართოს, აუცილებელია ძირითადი (გულის უკმარისობის გამომწვევი) დაავადების ამოცნობაც. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართავენ რენტგენოლოგიურ და ექოკარდიოგრაფიულ გამოკვლევებს. შედარებით ნაკლებინფორმაციულია ელექტროკარდიოგრაფია. სისხლის ანალიზი ძირითადი დაავადების (ანემიის, თირეოტოქსიკოზის და სხვა) გამოვლენაში გვეხმარება.
გულის მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის დროს (კარდიული ასთმა, ფილტვების შეშუპება) აუცილებელია გადაუდებელი ღონისძიებები. ავადმყოფი უნდა იწვეს მაღალ სასთუმალზე ან იჯდეს და ფეხები ჩამოშვებული ჰქონდეს. შემდგომი ღონისძიებები უკვე ექიმმა უნდა განახორციელოს.
გულის ქრონიკული უკმარისობისას მეტად მნიშვნელოვანია მკურნალობის სქემის მართებული შერჩევა და თანამიმდევრული მკურნალობა ამ სქემის მიხედვით. სამკურნალო საშუალებებიდან უმთავრესად იყენებენ აგფ-ინჰიბიტორებს, შარდმდენებს, ბეტა-ბლოკატორებს, საგულე გლიკოზიდებს, სტატინებს, ანტიკოაგულანტებსა და ანტიაგრეგატორებს. ეს პრეპარატები ინდივიდუალურად შეირჩევა, რაც ექიმის პრეროგატივაა.
თუ ავადმყოფი მედიკამენტურ მკურნალობას არ ექვემდებარება და პროგნოზი ცუდია, მიმართავენ გულის ტრანსპლანტაციას. გადანერგილი გულით ერთ წელს ცოცხლობს პაციენტთა 80%, ხოლო ხუთ წელს - 75%. ზოგიერთი ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელსაც კი აღწევს. გულის გადანერგვის შემდეგ პაციენტები კარგად იტანენ ფიზიკურ დატვირთვას.

პროფილაქტიკა. ერთი მხრივ, აუცილებელია ძირითადი დაავადების (მაგალითად, გულის იშემიური დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის) პროფილაქტიკა, მეორე მხრივ - უშუალოდ გულის უკმარისობის პროგრესირებისა და მისი რისკფაქტორების საწინააღმდეგო ღონისძიებები.

 

 

დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად