ოსტეოპოროზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ოსტეოპოროზი - osteoporosis - остеопороз
ოსტეოპოროზი ძვლოვანი ქსოვილის დაავადებაა, რომლის დროსაც ძვალი სტრუქტურულ ცვლილებას განიცდის და მყიფდება. ეს დაავადება დიდხანს თვალში საცემი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და ხშირად მხოლოდ მცირე დატვირთვით გამოწვეული ძვლის მოტეხილობის შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე (ამის გამო ოსტეოპოროზს ჩუმ ეპიდემიასაც უწოდებენ). მოტეხილობა თავიდან რომ ავიცილოთ, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ოსტეოპოროზის ისეთი ადრეული სიმპტომები, როგორებიც არის სიმაღლის დაკლება რამდენიმე სანტიმეტრით ან ტანდეგობის დარღვევა (გულმკერდის კიფოზი, კუზი).
ოსტეოპოროზის კლასიკური განმარტება ასეთია: ქრონიკული სისტემური მეტაბოლური დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლის მასის დაქვეითება, მისი შენების მიკროარქიტექტონიკის დარღვევა და სტრუქტურული გარდაქმნა, რაც, თავის მხრივ, აქვეითებს ძვლის სიმტკიცეს და ზრდის მოტეხილობათა რისკს.
მოტეხილობათაგან ყველაზე გავრცელებულია:
  • სხივის ძვლის მოტეხილობა (ვითარდება გაშლილ ხელზე დაცემისას);
  • ბარძაყის ყელის მოტეხილობა (ყველაზე ვერაგია, რადგან ასეთი მოტეხილობის შემდეგ პაციენტთა ნახევარი ინვალიდდება და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს);
  • ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა (ვითარდება ტვირთის აწევისას და მიმდინარეობს ძლიერი ტკივილის თანხლებით).
არსებობს პირველადი და მეორეული ოსტეოპოროზი. პირველადი ოსტეოპოროზი საშუალო და ხანდაზმული ასაკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი დაავადებაა. მეორეული ოსტეოპოროზი ამა თუ იმ დაავადების გართულებას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში პირველადი შეიძლება იყოს:
  • ენდოკრინული დაავადება - ფარისებრი ჯირკვლის როგორც ჰიპერფუნქციით, ასევე ჰიპოფუნქციით მიმდინარე დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, იცენკო-კუშინგის დაავადება;
  • ჰემატოლოგიური დაავადება;
  • ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება;
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • სიმსივნე;
  • რევმატოიდული ან სხვა სახის ართრიტი;
  • სისტემური აუტოიმუნური დაავადება;
  • მედიკამენტური (სტეროიდული) თერაპია (მაგალითად, გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის - L-თიროქსინის - ხანგრძლივი მიღება).
ცნობილია, რომ ოსტეოპოროზი მამაკაცებზე ხშირად ქალებს ემართებათ. მსოფლიოში ქალების 18%-ს ოსტეოპოროზი აქვს, ხოლო 50%-ს - ოსტეოპენია, მამაკაცებს შორის კი, შესაბამისად, 6%-სა და 47%-ს. საქმე ის არის, რომ მენოპაუზის შემდეგ სწრაფად და პროგრესულად მცირდება ძვლების სიმკვრივე. მენოპაუზის დადგომიდან პირველი 5 წლის განმავლობაში ქალები ძვლოვანი მასის მეოთხედს კარგავენ. ამის მიზეზია ესტროგენების გამომუშავების შემცირება (ესტროგენები ქალის სასქესო ჰორმონებია, რომლებიც ძვლოვანი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლის რეგულირებაში მონაწილეობს).
უფრო ხშირად გვხვდება პირველადი ოსტეოპოროზი, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს არა მარტო ესტროგენების, D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი, არამედ ნივთიერებათა ცვლის მნიშვნელოვანი გაუარესება.

მიზეზები
ძვლები ძირითადად კალციუმისგან შედგება, ხოლო ოსტეოპოროზს ძვლოვანი მასის დაქვეითება ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ოსტეოპოროზის მიზეზი შეიძლება იყოს საკვების საშუალებით კალციუმის არასათანადო მიღება ან ორგანიზმში მიმდინარე დარღვევები, რომელთა გამოც ორგანიზმი ვერ ახერხებს ამ ელემენტის ათვისებას. ასევე მნიშვნელოვანი მიზეზია იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან კალციუმის გამოძევებას.
კალციუმთან ერთად ორგანიზმს სჭირდება D ვიტამინი, ფოსფორი და ზოგიერთი ლითონი.
ამრიგად, ოსტეოპოროზის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს:
  • დიეტამ ან არასწორმა კვებამ (კალციუმის არასაკმარისი მოხმარების გამო);
  • ცხოვრების ნაკლებმოძრავმა წესმა, ხანგრძლივმა წოლითმა რეჟიმმა - ეს ძვლის კვებას აუარესებს და ამცირებს, ამიტომ რეგულარული ფიზიკური დატვირთვის არარსებობის შემთხვევაში ძვლები განლევას იწყებს;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებმა, რომელთა გამოც ვერ ხერხდება კალციუმის ათვისება. ასეთია კუჭ-ნაწლავთა ტრაქტის ის ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც საკვები ნივთიერებების, ვიტამინების, მიკრო- და მაკროელემენტების შეწოვის უნარის დაქვეითება ახლავს თან და, ამის კვალობაზე, ძვლოვანი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლის მოშლას იწვევს;
  • გენეტიკურმა განწყობამ. თუ დედას ოსტეოპოროზი აქვს, ქალიშვილი ამ დაავადების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება;
  • მზის სხივების უკმარისობამ, რის შედეგადაც ორგანიზმში D ვიტამინი მცირე რაოდენობით სინთეზირდება.
  • ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბმა მოხმარებამ.
  • სიცოცხლის მეორე ნახევარში ოსტეოპოროზის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმის ბუნებრივი დაბერება, ქალებში - კლიმაქსურ პერიოდში სასქესო ჰორმონების ნაკლებობა.
ოსტეოპოროზის განვითარების რისკფაქტორებია:
  • 65 წელზე უფროსი ასაკი;
  • 25 წლის ასაკში 155 სმ-ზე ნაკლები სიმაღლე;
  • მოწიფულ ასაკში 150 სმ-ზე ნაკლები სიმაღლე;
  • 65 კგ და ამაზე ნაკლები სხეულის მასა;
  • 24-ზე ნაკლები სხეულის მასის ინდექსი (მასა/სიმაღლის მ2);
  • ანამნეზში ენდოკრინული დაავადების არსებობა;
  • ანამნეზში სტეროიდული, ანტიკონვულსიური პრეპარატებით, სხივური თერაპიით მკურნალობა (ასეთ დროს ორგანიზმიდან დიდი ოდენობით კალციუმი გამოიყოფა).
სიმპტომები
მართალია, ოსტეოპოროზს ფარული მიმდინარეობა ახასიათებს, მაგრამ არსებობს სიმპტომები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ამ დაავადებას ეჭვობენ. ეს სიმპტომებია:
  • ხერხემლის დეფორმაცია (კიფოზი);
  • სიმაღლის დაკლება;
  • ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა;
  • ხერხემლის მალათა სხეულების კომპრესიული მოტეხილობა;
  • ე.წ. დაღლილი ზურგის სიმპტომი.
ოსტეოპოროზის ყველაზე მძიმე შედეგია ბარძაყის ყელის მოტეხილობა, რომლის შედეგადაც, როგორც აღინიშნა, პაციენტების დიდი ნაწილი ინვალიდდება.

ადრეული დიაგნოსტიკა
ოსტეოპოროზის ადრეული დიაგნოსტიკა მხოლოდ ძვლის დენსიტომეტრიით (ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის განსაზღვრით) არის შესაძლებელი. ყველაზე მეტად გავრცელებულია ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური დენსიტომეტრია, რომელთა მეშვეობით ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობა სწრაფად და უმტკივნეულოდ განისაზღვრება. ასეთი გამოკვლევის ჩატარება წელიწადში ერთხელ საკმარისია. 55 წლიდან ადამიანი ყოველწლიურად კარგავს ძვლოვანი ქსოვილის 1%-ს. თუ განმეორებითმა გამოკვლევამ ამაზე მაღალი პროცენტი აჩვენა, სავარაუდოა ოსტეოპოროზი.
დენსიტომეტრია ნაჩვენებია:
  • ქალებისთვის მენოპაუზის დადგომიდან პირველი რამდენიმე წლის მანძილზე, განსაკუთრებით - საკვერცხეების ოპერაციული მკურნალობის (ამოკვეთის) შემდეგ;
  • ყველა იმ პირისთვის, ვისაც აქვს ოსტეოპოროზის განვითარების ორი ან მეტი რისკფაქტორი;
  • მათთვის, ვინც 40 წლის შემდეგ გადაიტანა თუნდაც ერთი მოტეხილობა, რომელიც არ იყო გამოწვეული სერიოზული ტრავმით (საავტომობილო კატასტროფა, სიმაღლიდან გადმოვარდნა, სპორტული ტრავმა);
  • მათთვის, ვინც დიდხანს იღებდა გლუკოკორტიკოიდულ ჰორმონებს (პრედნიზოლონი), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს;
  • ძვლების რენტგენოლოგიური კვლევის დროს ოსტეოპოროზის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში;
  • მათთვის, ვინც იტარებდა ოსტეოპოროზის სამკურნალო თერაპიას - მკურნალობის ეფექტურობის კონტროლისათვის.

მკურნალობა
ოსტეოპოროზის მკურნალობა იმ სამკურნალო საშუალებების გამოყენებას გულისხმობს, რომლებიც თრგუნავს ძვლის რეზორბციას. უკანასკნელ ხანს ანტირეზორბციული მოქმედების პრეპარატების (მაგალითად, ბიფოსფონატებისა და D ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტების) გამოყენება ამ მძიმე სენის წარმატებული მკურნალობის საშუალებას იძლევა. აუცილებელია, საკვებთან ერთად ყოველდღიურად მივიღოთ 1,5 გრამი კალციუმი, რომელსაც ყველაზე უხვად ნატურალური რძის პროდუქტები შეიცავს. პაციენტებმა რაც შეიძლება მეტი ხანი უნდა დაყონ სუფთა ჰაერზე, ზომიერად მიიღონ მზის სხივების აბაზანები. საჭიროა ბევრი, მაგრამ ფრთხილი მოძრაობა. უნდა ერიდონ დაცემას. ამისთვის უნდა ეცვათ რბილი, კომფორტული ფეხსაცმელები, აიღონ იატაკიდან დაუმაგრებელი ნოხები, კაბელები და სხვა, კარგად გაანათონ სახლი.
ოსტეოპოროზის დროს ინიშნება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, კალციტონინები, ბიფოსფონატები, ფთორიდები და ვიტამინ D3-ის აქტიური მეტაბოლიტები.
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის:
  • აქტუალურია ფიზიკური აქტიურობა. იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი, მაგრამ ერიდეთ დაცემას და ტრავმას; თუ ყოველდღე შეხტებით ადგილზე (შეიძლება სახტუნაოთიც) 50-ჯერ მაინც, ოსტეოპოროზის განვითარების ალბათობა საგრძნობლად შემცირდება.
  • ეცადეთ, მიიღოთ კალციუმის შემცველი პროდუქტები. განსაკუთრებით არასასურველია რაციონიდან რძის ნაწარმის ამოღება. უნდა მიირთვათ ყველაფერი, ოღონდ დოზირებულად. ძალიან სასარგებლოა კალციუმის შემცველი პროდუქტებისა და პრეპარატების მიღება ძილის წინ, რადგან ღამით ორგანიზმი უფრო მეტ კალციუმს კარგავს, ვიდრე დღისით.
გაითვალისწინეთ, რომ კალციუმზე მოთხოვნილება ასაკთან ერთად იცვლება:
  • 10 წლამდე ადამიანს სჭირდება დღე-ღამეში 800 მგ კალციუმი;
  • 11-იდან 25 წლამდე - 1 200 მგ;
  • 26-იდან 50 წლამდე - 800 მგ;
  • 50 წლიდან - 1200 მგ.
ყველაზე მეტ კალციუმს შეიცავს რძის ნაწარმი (ყველი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი), ფოთლოვანი მწვანილი, ისპანახი, ზღვის კომბოსტო, სალათის ფურცლები, სტაფილო, ლობიო, თევზი, შავი პური, ჰერკულესი, წიწიბურა, ოხრახუში და სოია.
სასურველია შემცირდეს ცხოველური ცხიმის, მარილისა და ყავის მოხმარება, რადგან ისინი კალციუმის შეწოვას და ძვლებში მის შენარჩუნებას უშლიან ხელს.
გარდა ამისა, კალციუმის კარგად ათვისებისთვის საჭიროა D ვიტამინით ორგანიზმის მომარაგება. მას შეიცავს ნაღების კარაქი, თევზის ქონი, კვერცხის გული და რძის პროდუქტები. მას ადამიანის ორგანიზმიც გამოიმუშავებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით.
ამჟამად აფთიაქებში იყიდება კალციუმისა და D  ვიტამინის შემცველი უამრავი პრეპარატი, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ კალციუმის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას მოსალოდნელია საჭმლის მონელების დარღვევა - მუცლის შებერილობა, ყაბზობა, ღებინება, ასევე - თირკმელებში კალციუმის ჩალაგება, ჰიპერკალციემია. საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა ფორმის დარღვევა D ვიტამინის შემცველმა პრეპარატებმაც შეიძლება გამოიწვიოს.
ბევრი ისე იღებს კალციუმის პრეპარატებს, რომ არ იცის, სჭირდება თუ არა. ეს გაუმართლებელია. თუ ძვლის მინერალური სიმკვრივე ნორმაშია, ჭარბმა კალციუმმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ართროზის განვითარებას. ბიფოსფონატების მიღება მხოლოდ მაშინ არის ნებადართული, როდესაც სისხლში კალციუმის დონე ნორმის ფარგლებშია. კალციუმის დაბალი მაჩვენებლის დროს ბიფოსფონატების მიღებამ შესაძლოა ტეტანია გამოიწვიოს, ამიტომ ბიფოსფონატები კალციუმის პრეპარატებთან ერთად უნდა იქნეს მიღებული. ეს არის არჩევითი პრეპარატები პოსტმენოპაუზური ასაკის პაციენტებისთვის - ასტიმულირებს ძვლის ფორმირებას, ამცირებს რეზორბციას, აღადგენს ოსტეოპოროზის დროს დარღვეულ ბალანსს.
  • რაც შეიძლება მეტი ხანი გაატარეთ მზეზე. ორგანიზმი მთელი წლის სამყოფი D ვიტამინით რომ მოამარაგოთ, საკმარისია, ზაფხულში მზეს ყოველდღიურად 15-20 წუთით მიეფიცხოთ.
  • შეძლებისდაგვარად ხშირად ჩაიტარეთ დიაგნოსტიკა.
  • გარდა პრეპარატებით მკურნალობისა, რომლებიც იძლევა მასალას ძვლის მასის გასაზრდელად, აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომ კალციუმი მივიდეს ძვლამდე და მოხდეს მისი ათვისება. ამისთვის ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა და მანუალური თერაპია. მათი საშუალებით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში და, შესაბამისად, ძვლების კვებაც.
შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარჯიშს. კარგი იქნება, თუ მათ ყოველდღე გააკეთებთ.

საწყისი მდგომარეობა: დაწექით ზურგზე, ფეხები შეატყუპეთ, ხელები დაიწყვეთ ტანის გასწვრივ.
  • დაჭიმეთ ფეხისა და დუნდულა კუნთები, ხელისგულებით დააწექით იატაკს, გამართეთ ზურგი. ფეხები თავთან მიიტანეთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას, რამდენიმე წამით მოეშვით და ვარჯიში გაიმეორეთ.
  • ფეხები ოდნავ მოხარეთ მუხლებში, ტერფები დადგით იატაკზე, დაძაბეთ მუცლის კუნთები. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • ტერფები დადგით იატაკზე, გამართეთ ზურგი, ხელისგულებით დააწექით იატაკს, დაძაბეთ დუნდულა და მუცლის კუნთები. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • ასწიეთ მარცხენა ხელი, მარჯვენა ხელისგულით დააწექით მარცხენა თეძოს ძვალს, მარჯვენა ფეხით - იატაკს. შემდეგ კიდურები შეანაცვლეთ და ვარჯიში გაიმეორეთ.
  • ფეხები ოდნავ მოხარეთ მუხლებში, ტერფები დადგით იატაკზე, ხელები ასწიეთ მაღლა და გაიწოდეთ წინ. წამოსწიეთ თავი, დაჭიმეთ მუცლის კუნთები. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • ხელისგულებითა და წინამხრებით დააწექით იატაკს, წამოსწიეთ თეძოები, ტერფებით დაეყრდენით იატაკს, შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • მუხლები მიიტანეთ გულმკერდთან და შემოაჭდეთ ხელები. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • დაჯექით გამართულად, ხელისგულებით დაეყრდენით იატაკს, დაჭიმეთ მუცლისა და დუნდულა კუნთები. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
საწყისი მდგომარეობა: დადექით ოთხზე.
  • ასწიეთ თავი, დაძაბეთ კუნთები. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას;
  • წამოსწიეთ თავი, გამართეთ ზურგი, ძლიერად დაჭიმეთ კუნთები. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • დაჭიმეთ მუცლის კუნთები, გასწიეთ მარცხენა ხელი წინ, მარცხენა ფეხი კი უკან. შემდეგ კიდურები შეანაცვლეთ.
ოსტეოპოროზის მკურნალობის ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმებია:
  • მოტეხილობათა გაიშვიათება;
  • პაციენტის მდგომარეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მისი მოძრაობითი აქტივობის გაფართოება;
  • ოსტეოდენსიტომეტრიის მაჩვენებლების დადებითი დინამიკა.
ეფექტური თერაპიის მარკერად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ძვლის რეზორბციის მარკერების მაჩვენებელი: იმუნოლოგიური მარკერები, ტუტე ფოსფატაზის B-cross Laps ფერმენტის აქტივობა.

დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად