ნევრიტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ნევრიტი - neuritis - неврит
ნევრიტი ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება ერთი (ლოკალური ნევრიტი) ან რამდენიმე პერიფერიული (პოლინევრიტი) ნერვი. ნევრიტი ძირითადად მოძრაობითი დარღვევებით ვლინდება, რომლებსაც თან ახლავს ნერვის გასწვრივ მგრძნობელობის მოშლა და ტკივილი. ნევრიტს შესაძლოა დაერთოს დამბლა და პარეზიც.
აღსანიშნავია, რომ ნევრიტის დროს ნერვულ ქსოვილში ვითარდება სტრუქტურული ცვლილებები.
ნევრიტის კლასიფიცირება ხდება ეტიოლოგიისა (მიზეზის) და დაზიანების ლოკალიზაციის (დაზიანებული ნერვების რაოდენობა და სახეობა) მიხედვით.

მიზეზები.
ლოკალური ნევრიტის მიზეზი შეიძლება იყოს ადგილობრივი ინფექცია, ტრავმა, სიმსივნე ან ართრიტი. პოლინევრიტს ყველაზე ხშირად იწვევს ინფექციური აგენტი - ვირუსი ან ბაქტერია. სახელდობრ, ნევრიტით შეიძლება გართულდეს გრიპი,  წითელა, ტიფი, ჰერპესი, მალარია. მეორე შესაძლო მიზეზია ინტოქსიკაცია (ალკოჰოლით, მძიმე მეტალებით - ტყვიით, ვერცხლისწყლით). მესამე მიზეზია ენდოკრინული დაავადებები (თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი). გარდა ამისა, ნევრიტის მიზეზად შეიძლება იქცეს გაციება, სისხლძარღვოვანი დარღვევები, რევმატიზმი, პოდაგრა, ვიტამინების (B ჯგუფის) უკმარისობა. დაბოლოს, პოლინევრიტი შესაძლოა თან ახლდეს ორსულობას (ორსულთა მძიმე ტოქსიკოზი, რომელსაც თან ახლავს შეუპოვარი ღებინება და ვიტამინების კარგვა).
ნევრიტი შესაძლოა განვითარდეს ნერვის მიჭყლეტისას, მაგალითად, ფიბროზული კვანძით. მიჭყლეტას ზოგჯერ ხერხემლის მალათაშუა დისკოს თიაქარი ან ოსტეოფიტებიც იწვევს. სახელდობრ, ასეთი რამ ხდება ოსტეოქონდროზის დროს.
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ სახის ნერვის, შუა ყურის ნერვის, თვალის მამოძრავებელი ნერვის, ენისქვეშა ნერვის, ენა-ხახის ნერვის, ცდომილი ნერვის, საჯდომი ნერვის, იდაყვისა და თეძოს ნერვის ნევრიტებს. არსებობს დიაფრაგმის ნერვის ნევრიტიც.

სიმპტომები.
ლოკალური ნევრიტებისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური (საინერვაციო უბნის შესაბამისი) სიმპტომები, რაც დიაგნოსტიკას აადვილებს. მაგალითად, სახის ნერვის ნევრიტის დროს ვითარდება მიმიკური კუნთების პარეზი და, წესისამებრ, ცვლილებები ხდება სახის ცალ მხარეს. სმენის ნერვის ნევრიტის დროს სუსტდება სმენა, აღინიშნება ყურების შუილი. სასმენი ნერვის ნევრიტი შეიძლება განვითარდეს როგორც შუა ყურის ანთების, ასევე ორგანიზმში ოტოტოქსიკური ნივთიერების (გენტამიცინი, სტრეპტომიცინი) მოხვედრის შედეგად.
ყოველგვარი სახის ნევრიტისთვის დამახასიათებელია ტროფიკული, სისხლძარღვოვანი, მამოძრავებელი დაზიანებანი, მგრძნობელობის დაქვეითება, კუნთების ატროფია, პარეზი, დამბლა.
ნევრიტის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს ტკივილი და დაბუჟება. ტკივილი შეტევისებურია, თუმცა ყრუ. ძლიერდება დაზიანებული ნერვის საინერვაციო არის გასწვრივ. მოსალოდნელია, დაერთოს ვეგეტატიური მოვლენები - ციანოზი, ადგილობრივი შეშუპება, ოფლიანობა, დეპიგმენტაცია, თმის ცვენა (ეს სიმპტომები დაავადების მიზეზსა და დაზიანებული ნერვის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული).
პოლინევრიტი ლოკალური ნევრიტისგან გამოვლინების მასშტაბურობით განსხვავდება. მაგალითად, ინფექციურ პოლინევრიტს ახასიათებს ტემპერატურის მატება, ოფლიანობა, შემცივნება, სახსრების ტკივილი, კუნთების სისუსტე, კანის ფერის შეცვლა. ადამიანის უჭირს სიარული. მოძრაობის დარღვევა ყველაზე მეტად ტერფებსა და მტევნებშია გამოხატული.

მკურნალობა.
ნევრიტის მკურნალობა ერთსა და იმავე დროს სიმპტომური და პათოგენეზურია. უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს ნერვის დაზიანების ჭეშმარიტი მიზეზი და დაინიშნოს ამ მიზეზის წინააღმდეგ მიმართული მკურნალობა (მაგალითად, თუ მიზეზი ინფექციური ბუნებისაა, ინიშნება შესაბამისი ანტიბიოტიკი).
ნევრიტის მკურნალობის დროს, განურჩევლად მისი სახეობისა, ფართოდ გამოიყენება B ჯგუფის ვიტამინები, პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებენ ნერვული ქსოვილების გამტარობას (პროზერინი) და მიკროცირკულაციას (ტრენტალი), ბიოგენური სტიმულატორები (ფიბსი, ალოე). ნერვის იშემიის შემთხვევაში ინიშნება სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებები (ეუფილინი, პაპავერინი). ტკივილის მოსახსნელად იყენებენ ანალგეტიკებს (კეტოროლს, ანალგინს, ბარალგინს) და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებს (ინდომეტაცინს, კეტონალს, დიკლოფენაკს). შეშუპების შესამცირებლად პაციენტს უკეთდება დეჰიდრატები (ფუროსემიდი, ლაზიქსი). ზოგ შემთხვევაში ძალზე ეფექტურია კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები (ტეგრეტოლი, დიფენინი) და ანტიდეპრესანტები.
როცა ნევრიტი გამოწვეულია თანმხლები დაავადებით, მაგალითად, ხერხემლის გულმკერდის, კისრის ან წელის ნაწილის მალების ოსტეოქონდროზით, აუცილებელია, დაინიშნოს ხრტილოვან ქსოვილში დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების შედეგების შესამცირებლად მიმართული მკურნალობა.
ნევრიტის დროს ფართოდ გამოიყენება მკურნალობის ფიზიოთერაპიული მეთოდები _ ელექტროფორეზი, ულტრამაღალი სიხშირის ბგერები, ინდუქტოფორეზი, ასევე _ ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და სხვა. ეფექტურია სამკურნალო ფიზკულტურა და მანუალური ზემოქმედებაც.

სმენის ნერვის ნევრიტი
სმენის ნერვის ნევრიტი ვლინდება ყურებში შიშინისა და ხმაურის შეგრძნებით და სმენის დაქვეითებით. მიზეზი მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად ეს არის:
  • ინფექციური დაავადება (გრიპი, ზედა სასუნთქ გზებში მიმდინარე ანთებითი პროცესები, პაროტიტი, ქუნთრუშა, წითურა და სხვა);
  • ოტოტოქსიკური პრეპარატები - ანტიბიოტიკები (ნეომიცინი, მონომიცინი, სტრეპტომიცინი, გენტამიცინი და სხვა), სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, სალიცილატები, ქინინი;
  • ოტოტოქსიკური ბუნების მძიმე მეტალების მარილები - რუტინი, ტყვია, დარიშხანი, ფოსფორი, ბენზინი და ნავთობის გადამუშავების სხვა პროდუქტები;
  • ალკოჰოლი და ნიკოტინი;
  • ტრავმები (ქალა-ტვინის ტრავმა);
  • კოხლეარულ ნევრიტს იწვევს ასევე სისხლძარღვოვანი მოშლილობანი,  კერძოდ,  ჰიპერტონიული დაავადების გამო თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა.
ცალკე ჯგუფად გამოყოფენ პროფესიულ ნევრიტებს, რომლებიც ორგანიზმზე ხმაურისა და ვიბრაციის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად აღმოცენდება. განსაკუთრებით ძლიერ ხმებს (გასროლა, სტვენა) ხანმოკლე ზემოქმედების შემთხვევაშიც კი შეუძლია კოხლეარული ნევრიტის გამოწვევა (ე.წ. აკუსტიკური ტრავმა).
ცნობილია სმენის ნერვის ალერგიული ბუნების ნევრიტიც.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 60-70 წლის ასაკში ხდება სმენის ნერვის დაზიანება, რაც დაბერების პროცესით აიხსნება.
არცთუ იშვიათად სმენის ნერვის ნევრიტი შუა ყურის ანთების შედეგია. ეს იმით აიხსნება, რომ შუა ყურისა და შიგნითა ყურის საერთო ლიმფისა და სისხლის მიმოქცევა შუა ყურის ანთებაზე ლაბირინთის შესაბამის რეაქციას იწვევს.
შედარებით იშვიათად სასმენი ნერვის ნევრიტი გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი პათოლოგიის, ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და სხვა დაავადებების დროსაც აღმოცენდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა.
სმენის ნერვის ნევრიტის დროს მთავარი ჩივილია ყურებში სხვადასხვა ინტენსივობის ხმაურისა და შიშინის შეგრძნება და სმენის დაქვეითება. სმენა შესაძლოა საგრძნობლად დაქვეითდეს და ცალმხრივი ან ორმხრივი სიყრუეც კი განვითარდეს. არცთუ იშვიათად ამ სიმპტომებს ერთვის წონასწორობის დარღვევა და თავბრუხვევა. ყურის დათვალიერებისას ცვლილებების აღმოჩენა ვერ ხერხდება. დიაგნოზი დაისმის აუდიომეტრიის (სმენის გამოკვლევის) შემდეგ.

მკურნალობა.
სმენის ნერვის ნევრიტის მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, ვიდრე დაზიანება ჯერ კიდევ შექცევადია. მწვავე კოხლეარული ნევრიტით (მოულოდნელად აღმოცენებული სიყრუე ან სმენის მკვეთრი დაქვეითება) დაავადებულ ავადმყოფებს სჭირდებათ სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა განყოფილებაში და კომპლექსური მკურნალობა.
მკურნალობის დაწყებამდე დაავადების მიზეზი უნდა დადგინდეს. შემდეგ ინიშნება ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი და ნერვული ქსოვილის აღმდგენი საშუალებები. ესენია: ვიტამინების კომპლექსი (B ჯგუფის, A და E ვიტამინები), ატფ, ბიოსტიმულატორები (ალოეს ექსტრაქტი, ფიბსი). ფართოდ გამოიყენება სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალებები (ნიკოტინის მჟავა სპეციალური სქემით), მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალებები (ტრენტალი, კავინტონი, სტუგერონი), ნერვული ქსოვილის გამტარობის გამაუმჯობესებელი საშუალებები (პროზერინი).
ეფექტურია ნემსებით რეფლექსოთერაპია და ჰიპერბარიული ოქსი-გენოთერაპია (ჟანგბადით მკურნალობა).
სმენის ნერვის ნევრიტის განმეორებითი და ქრონიკული ფორმების დროს მკურნალობა ამბულატორიულია: მედიკამენტური მკურნალობა მიმართულია სასმენი ნერვის კვდომის პროცესის შესაჩერებლად. პერიოდულად, წელიწადში ერთი-ორჯერ, ტარდება შემანარჩუნებელი მკურნალობის კურსი. ამ კურსში რთავენ მედიკამენტებს, რომლებიც აუმჯობესებს უჯრედებში ნივთიერებათა ცვლას (ვიტამინები, ბიოსტიმულატორები, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალებები), ასევე ტარდება მეცადინეობები სურდოლოგთან და ფიზიოთერაპიული პროცედურები.
ავადმყოფებს, რომლებსაც სმენა ცალ ან ორივე ყურში დაკარგული აქვთ, სასმენ აპარატს ურჩევენ.

პროფილაქტიკა
  • სმენაზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორების - ხმაურის, ვიბრაციის, ტოქსიკური ნივთიერებების - ზემოქმედების თავიდან აცილება ან შემცირება;
  • სამკურნალო პრაქტიკიდან (განსაკუთრებით - ბავშვებში) ოტოტოქსიკური საშუალებების ამოღება ან მათი დანიშვნა მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების დროს;
  • ინფექციური დაავადებების (გრიპი, ზედა სასუნთქი გზების დაავადება, წითურა და სხვა) დროული და სრულფასოვანი მკურნალობა.

მხედველობის ნერვის ნევრიტი
მხედველობის ნერვის ნევრიტი შესაძლოა გამოწვეული იყოს მწვავე და ქრონიკული ინფექციით (მენინგიტი, ენცეფალიტი, არაქნოიდიტი, გაფანტული სკლეროზი,  ათაშანგი,  გრიპი, ცხვირის დანამატი წიაღების ანთება და სხვა). ამ დროს ანთებით პროცესში ჩართულია ნერვის ღერო, გარსები და დვრილი. ხშირად ანთება დვრილის ირგვლივ მდებარე ბადურაზეც ვრცელდება.
დაავადება უმეტესად ერთბაშად იწყება. ანთების დაწყებისთანავე ცენტრალური მხედველობა მკვეთრად მცირდება, ზოგჯერ - სრულ სიბრმავემდეც კი. ყურადღებას იპყრობს მხედველობის ველის ცვლილებები. მხედველობის ველის საზღვრები ვიწროვდება ან ჩნდება უსწორმასწორო ფორმის ცენტრალური აბსოლუტური ან შეფარდებითი სკოტომები (მხედველობის ველის კუნძულოვანი დეფექტები, რომელთა არეშიც ობიექტები ნაწილობრივ აღიქმება ან არ აღიქმება). განსაკუთრებით საყურადღებოა მხედველობის ველის მკვეთრი შევიწროება მწვანე და წითელ ფერებზე და სიბნელეში ადაპტაციის დაქვეითება.
მხედველობის ნერვის ანთება ხშირად ორმხრივია და დიდხანს, თვეობით მიმდინარეობს.
მხედველობის ნერვის ანთების პროგნოზი არაერთმნიშვნელოვანია. თუ დიაგნოზი დროულად დაისვა და მკურნალობა სწორად წარიმართა, მხედველობის ფუნქციები სავსებით აღდგება. წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარდება მხედველობის ნერვის ნევრიტული ატროფია, რაც მხედველობის საგრძნობ დაქვეითებას და სიბრმავესაც კი გამოიწვევს.

რეტრობულბური ნევრიტი
ამ დროს მხედველობის ნერვში ანთებითი პროცესი თვალის კაკლიდან ქიაზმამდე ლოკალიზდება. ის შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული. მწვავე რეტრობულბურ ნევრიტს ახასიათებს ცალ ან ორივე თვალში მხედველობის სწრაფი - რამდენიმე საათში ან ორიოდე დღეში - დაქვეითება. ავადმყოფი თვალბუდის სიღრმეში გრძნობს ტკივილს, რომელიც ძლიერდება თვალის მოძრაობისა და თვალის კაკალზე ზეწოლის დროს. გამოხატულია მსუბუქი ეგზოფთალმი.
რეტრობულბური ნევრიტის მიზეზად შესაძლოა იქცეს გაფანტული სკლეროზი და ინფექციური დაავადება. დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში მხედველობის ფუნქციის აღდგენა შესაძლებელია.
ქრონიკული რეტრობულბური ნევრიტი შედარებით იშვიათია, ახასიათებს ცენტრალური მხედველობის თანდათანობითი დაქვეითება, ცენტრალური სკოტომებისა და მხედველობის პერიფერიულ ნაწილში დეფექტების გაჩენა. ამ დაავადების მიზეზი შესაძლოა იყოს გაფანტული სკლეროზი, ავიტამინოზი, შიმშილობა, ალკოჰოლით ან ნიკოტინით ინტოქსიკაცია, შაქრიანი დიაბეტი.
ქრონიკული რეტრობულბური ნევრიტის დროს, მიუხედავად მკურნალობისა, მხედველობის ფუნქცია ძალიან ნელა აღდგება და შედეგიც ისეთი შესამჩნევი არ არის, როგორიც მწვავე ანთების შემთხვევაში.

მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება
მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება ქალასშიგა წნევის მომატების უხშირესი და უმნიშვნელოვანესი გამოვლინებაა. მას ძირითადად ტვინის სიმსივნე იწვევს. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს თავის ტვინისა და მისი გარსების ანთება, ორგანიზმის ზოგადი დაავადება (ჰიპერტენზიული დაავადება და სხვა), ქალას დეფორმაცია.
დვრილის შეშუპება უმეტესად ორმხრივია. დამახასიათებელია ხანგამოშვებით მხედველობის უეცარი გამოვარდნა, განსაკუთრებით - ფიზიკური დაძაბულობის დროს, რაც ქალასშიგა წნევის მომატებას უკავშირდება.
პროგნოზი შეშუპების მიზეზზეა დამოკიდებული. ნებაზე მიშვებული ტვინის სიმსივნე იწვევს მხედველობის დაკარგვას ორივე თვალში.
მკურნალობის შედეგად ტვინისა და მისი გარსების ანთებით გამოწვეული დვრილის შეშუპება უკუვითარდება და მხედველობა აღდგება.

მხედველობის ნერვის ატროფია
მხედველობის ნერვის ატროფია რთული დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ნერვული ბოჭკოების დაღუპვა და გლიოზური ქსოვილით ჩანაცვლება. იგი ვითარდება მრავალი პათოლოგიური პროცესის შედეგად (ანთება, შეშუპება, დეგენერაციული ცვლილებები, სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნერვზე ზეწოლა, ტრავმული დაზიანებები). განასხვავებენ პირველად (მხედველობის ნერვის ტრავმა, გაფანტული სკლეროზი და სხვა) და მეორეულ ატროფიას (როგორც ნევრიტის ან დვრილის შეგუბების შედეგი). მხედველობის ნერვის ატროფიას თან ახლავს მხედველობის მკვეთრი დაქვეითება, მხედველობის ველის შევიწროება და სრული სიბრმავეც კი.

სახის ნერვის ნევრიტი
სახის ნერვის ნევრიტის ყველაზე ხშირი მიზეზია ინფექცია. მაპროვოცირებელი ფაქტორის როლი შეიძლება შეასრულოს გაციებამ (შუშებჩაწეული ავტომობილით მგზავრობა, ღია ფანჯარასთან ახლოს ძილმა და სხვა). განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება ტრავმას, არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევას (ჰიპერტენზიული დაავადების დროს), თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზს და სხვა. ხერხემლის არტერიაში სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს შეიმჩნევა სახის ნერვის არჩევითი დაზიანება. ზოგჯერ სახის ნერვის დაზიანება აღმოცენდება ოტიტის, პაროტიტის, ტვინის ღეროში ანთებითი, ნეოპლაზიური და სხვა პროცესების გართულების სახით. სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ცნობილია სახის ნერვის დამბლა ქვედა ალვეოლური ნერვის გაუტკივარების დროს.

სიმპტომები და მიმდინარეობა.
სახის ნერვი სახის მიმიკურ კუნთებს უწევს ინერვაციას და მამოძრავებელი ფუნქცია აქვს, ამიტომ მის დაზიანებას ძირითადად მიმიკური კუნთების მწვავე დამბლა და სახის მიმიკის მოშლა მოსდევს. მაგალითად, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის გასადავება, პირის კუთხის დაშვება, თვალღიაობა, წარბის მოძრაობის უნარის მოშლა, რის გამოც შუბლის ნაოჭები აღარ ჩნდება. მიმიკის მოშლის ხასიათი სახის ნერვის დაზიანებულ ნაწილზეა დამოკიდებული. ტოტალური დაზიანების შემთხვევაში სახე ნიღბისებური ხდება; თუ ნერვი ცალ მხარეს დაზიანდა, მაშინ ეს ცვლილებებიც მხოლოდ ცალ მხარეს იქნება გამოხატული.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს მსუბუქი ან ზომიერი ტკივილით ყურისა და დვრილისებრი მორჩის არეში. ჩვეულებრივ, ტკივილი დამბლასთან ერთად ან მასზე 1-2 დღით ადრე აღმოცენდება.

მკურნალობა.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ნერვის დაზიანების მიზეზებთან ბრძოლა. გარდა ამისა, ინიშნება სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, ვიტამინები და სხვა. თუ დაავადება მყარია და ხანდაზმული, კოსმეტიკური მიზნით ტარდება კუნთების მაკორეგირებელი ოპერაცია.

დიაფრაგმის ნერვის ნევრიტი
დიაფრაგმის ნერვის ნევრიტს ახასიათებს სლოკინი, ქოშინი, ნეკნების არის ტკივილი, რომელიც კისერსა და მხარში გადაეცემა. მსგავსი სიმპტომების გამო ეს დაავადება შესაძლოა კისრის ან გულმკერდის მალების ოსტეოქონდროზში ან ნეკნთაშუა ნერვის ნევრალგიაში აგვერიოს. დიაგნოზი დაისმის რენტგენოლოგიური გამოკვლევის შემდეგ. შედარებისთვის: ნეკნთაშუა ნერვის ნევრალგიის დროს ტკივილს აძლიერებს სუნთქვა, ხველება, ცემინება, ამასთანავე, ნევრალგია არასდროს მიმდინარეობს ნერვის გასწვრივ მგრძნობელობის დაქვეითებით, ნევრიტის დროს კი მგრძნობელობის დაქვეითება ან სრული დაკარგვა და მოძრაობითი დარღვევები, ისევე როგორც ტკივილი, ძირითადი სიმპტომებია.

საჯდომი ნერვის ნევრიტი (იშიასი)

იშიასი საჯდომი ნერვის ანთებაა. საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია, რომელიც ხერხემლის გავა-წელის მიდამოში ზურგის ტვინის ხუთი სხვადასხვა დონიდან იღებს სათავეს, მიუყვება დიდ დუნდულა კუნთს, ჩადის ფეხში, იტოტება და მუხლის, წვივის, წვივ-ტერფის სახსრებს, ტერფსა და ფეხის თითებს სწვდება.
იშიასის მიზეზად შესაძლოა იქცეს:
  • ხერხემლის გავა-წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი;
  • მენჯის ძვლების დაცილება ორსულობისას, რაც ზოგჯერ საჯდომი ნერვის მიჭყლეტას იწვევს;
  • მსხლისებრი კუნთის სინდრომი (მსხლისებრი კუნთი დიდი დუნდულა კუნთის ქვეშ მდებარეობს. საჯდომი ნერვი მასში ან მის ქვეშ გაივლის. ტკივილს განაპირობებს საჯდომი ნერვის მიჭყლეტა მსხლისებრი კუნთის შეკუმშვის შედეგად, თვით კუნთის სპაზმი კი ხშირად გავა-წელის ოსტეოქონდროზით არის გამოწვეული);
  • მალათაშორისი დისკოს დეგენერაცია;
  • ართრიტი;
  • ტრავმა;
  • შეკრულობა;
  • დიაბეტი;
  • ხერხემლის მეტისმეტი დატვირთვა.
სიმპტომები. იშიასის ძირითადი სიმპტომია დუნდულა კუნთის, თეძოს უკანა ზედაპირისა და წვივის ტკივილი, რომელიც ძლიერდება უხერხული მოძრაობისა და ნერვულ ღეროზე ზეწოლის დროს. აღსანიშნავია, რომ ტკივილს ნერვის დაჭიმვაც იწვევს. სწორედ ამას ეფუძნება იშიასის დიაგნოსტიკური სინჯები:

  • ლასეგას სიმპტომი - ზურგზე დაწოლილ ავადმყოფს ნელ-ნელა აწევინებენ გაჭიმულ ფეხს. განსაზღვრულ სიმაღლეზე თავს იჩენს ტკივილი.
  • წამოჯდომის სიმპტომი - ავადმყოფს გაშლილ ფეხს საწოლზე უფიქსირებენ და წამოჯდომას სთხოვენ. წამოჯდომა ძლიერ ტკივილს იწვევს. ავადმყოფი წამოჯდომას მხოლოდ მას შემდეგ ახერხებს, რაც მტკივან ფეხს მუხლის სახსარში მოხრის.
  • სიკარას სიმპტომი - ტკივილი ძლიერდება ტერფის მოხრის დროს.

იშიასისთვის დამახასიათებელია კუნთების ჰიპოტონია. კერძოდ,  ეშვება დუნდულა კუნთები, დაზიანების მხარეს მათი ნაოჭები დაბლა იწევს. სუსტდება აქილევსის რეფლექსი. ანთების მძიმე ფორმის დროს ავადმყოფი ძლიერი ტკივილის გამო ვერ ახერხებს საწოლიდან წამოდგომას, დაჯდომას, ფეხზე დგომას, სიარულს, დახრას და მიბრუნება-მობრუნებას.
იშიასი, ჩვეულებრივ, ცალმხრივია. ტკივილი შესაძლოა დაიწყოს წელის არეში, შემდეგ გადაინაცვლოს დუნდულა კუნთში, თეძოების გავლით დაეშვას მუხლისკენ, წვივისკენ, ტერფისა და ფეხის თითებისკენ. არც ტკივილის განვითარების სხვა ვარიანტია გამორიცხული. მაგალითად, ზემოხსენებული ლოკალიზაციის სხვადასხვა კომბინაცია წელის ტკივილის გარეშე.
იშიასის დროს ტკივილი სხვადასხვა ხასიათისაა: მჭრელი, მწველი, მჩხვლეტი. არც ის არის გამორიცხული, მხოლოდ დაბუჟების შეგრძნებამ იჩინოს თავი.

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ტკივილის შემთხვევაში

თუ შეტევა სახლში დაგეწყოთ, უპირველეს ყოვლისა, ისე მოთავსდით, რომ წელმა მაქსიმალური კომფორტი იგრძნოს. კარგია კორსეტით მისი დაფიქსირებაც. მწვავე ტკივილის დროს ხერხემლის დატვირთვის შესამცირებლად რეკომენდებულია წოლა. მწოლიარეს წელის ქვეშ უნდა ედოს ბალიში ან დახვეული პლედი, ხოლო ფეხები ოდნავ ამაღლებული და მუხლებში მოხრილი ჰქონდეს. ასეთ პოზიციაში ხერხემლის მიდამოს დიდი კუნთები დუნდება, რაც ტკივილს საგრძნობლად ამცირებს.

მკურნალობა.
იშიასის მკურნალობის მნიშვნელოვანი მომენტია მწვავე პერიოდში მოძრაობის შეზღუდვა. ავადმყოფი მაგარ საწოლზე უნდა იწვეს. უმჯობესია, საწოლზე დავდოთ ხის დაფა და ზედ თხელი ლეიბი დავაგოთ.
ტკივილის დასაცხრობად მტკივან ადგილას ისვამენ გამაღიზიანებელ მალამოს, მაგალითად, ფინალგონს, ნიკოფლექსს, იდებენ წიწაკის ან მდოგვის საფენს. კარგია მტკივანი არის დაზელა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით (ინდომეტაცინით, ორტოფენით, ვოლტარენით). პარალელურად ინიშნება ასეთივე პრეპარატების საინექციო ან დასალევი ფორმები, მაგრამ ასეთ ფორმებს ახასიათებს გვერდითი ეფექტები (მაგალითად, კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება), ამიტომ მათი მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.
რაც შეეხება ვარჯიშს, მისი დაწყება ნებადართულია მხოლოდ მწვავე პერიოდის შემდეგ, ისიც მიზეზის გათვალისწინებითა და ექიმის შერჩევით, მსუბუქი მასაჟი კი მწვავე პერიოდშიც ეფექტურია.

ყნოსვის ნერვის დაზიანება
ყნოსვის ნერვის დაზიანება ყნოსვის დაქვეითებას (ჰიპოსმიას) ან დაკარგვას (ანოსმიას) იწვევს.
ყნოსვის ნერვის ფუნქციის მოშლას სხვადასხვა მიზეზი აქვს:
1. ძნელდება ყნოსვადი მოლეკულების ყნოსვის ნეიროეპითელიუმამდე (ყნოსვის აღმქმელ უჯრედებამდე) მისვლა. ასეთი რამ შეინიშნება, მაგალითად, მწვავე რესპირატორული დაავადებითა და ალერგიული რინიტით გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების, ანდა ცხვირის ღრუს სტრუქტურული ცვლილების (ცხვირის ძგიდის გამრუდება,  პოლიპი,  სიმსივნე) დროს.
2. ზიანდება ის უბანი, სადაც ყნოსვის რეცეპტორებია განლაგებული. დაზიანების მიზეზია ვირუსული ინფექცია, სიმსივნური წარმონაქმნი, ტოქსიკური ქიმიკატების შესუნთქვა, თავის დასხივება.
3) ზიანდება ან განუვითარებელი რჩება ყნოსვის გზები. თავის მხრივ, ამის მიზეზია თავის ქალას ტრავმა, სიმსივნური პროცესი, ნეიროფიზიოლოგიური პროცედურები, ნეიროტოქსიკური მედიკამენტები. ყნოსვის გზების განუვითარებლობა თანდაყოლილიც შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ის, წესისამებრ, განვითარების სხვა მანკებთან, მაგალითად სახის (განსაკუთრებით - ცხვირის) ძვლების თანდაყოლილ ანომალიებთან არის შერწყმული.
რესპირატორული ანოსმიისა და ჰიპოსმიის მკურნალობა ეფექტურია. ძირითადი დაავადების მკურნალობის შემთხვევაში ყნოსვის ფუნქცია სავსებით აღდგება. ალერგიისა და ვირუსის შემთხვევაში მკურნალობა სასუნთქი გზების გახსნისკენ უნდა იყოს მიმართული. ამისთვის არსებობს ცხვირის სპეციალური წვეთები და შესასხურებლები. მიმართავენ ინჰალაციასაც. ზოგჯერ ინიშნება ანტიბიოტიკები, ანტიჰისტამინური პრეპარატები და კორტიკოსტეროიდები.
ცხვირის ძგიდის გამრუდება, პოლიპები და ადენოიდები ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.
ნეიროსენსორული (ცენტრალური) ხასიათის ანოსმია ძნელი სამკურნალოა.

ენა-ხახის ნერვის დაზიანება

ენა-ხახის ნერვის დაზიანება ნუშურა ჯირკვლების არეში იწვევს პაროქსიზმულ, ძლიერ ტკივილს, რომელიც ყლაპვის დროს ძლიერდება. ამ დროს გამოხატული მგრძნობელობითი ან მამოძრავებელი დაზიანება არ შეინიშნება. ძალზე ეფექტურია მკურნალობა კარბამაზეპინით ან ფენიტოინით, მაგრამ ზოგჯერ მაინც ხდება საჭირო ქირურგიული ჩარევა და IX ნერვის გადაკვეთა მოგრძო ტვინთან. ამ ნერვის დაზიანება შესაძლოა გამოიწვიოს ჰერპესმა,  კომპრესიულმა ნევროპათიამ, როცა ის შერწყმულია ცდომილი ნერვის დამბლასთან და გამოწვეულია სიმსივნური წარმონაქმნით ან ანევრიზმით.

ცდომილი ნერვის დაზიანება

ცდომილი ნერვის დაზიანება იწვევს დისფაგიას (ყლაპვის გაუკუღმართებას) და დისფონიას (ხმის დაკარგვას ან ჩახლეჩას). ცალმხრივი დაზიანების შემთხვევაში რბილი სასა და ხახის ლატერალური კედელი ეშვება, ღებინების რეფლექსი ქრება. ამ სიმპტომებს ერთვის ხმის ჩახლეჩა და ცხვირში ლაპარაკი.
ცდომილი ნერვის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს დიფტერიამ, ტვინის გარსში მიმდინარე ინფექციურმა პროცესმა, მოგრძო ტვინის სიმსივნემ და სისხლძარღვოვანმა დაზიანებამ და სხვა.

ენისქვეშა ნერვის დაზიანება
ენისქვეშა ნერვის ბირთვი მოგრძო ტვინის ქვედა ნაწილში მდებარეობს. ქალადან გამოსვლის შემდეგ იგი იყოფა ტოტებად და ინერვაციას უწევს ენის კუნთებს. ამ ნერვის დაზიანების დროს შეინიშნება: ენის მოძრაობის შეზღუდვა წინ და დაზიანების მხარეს; ნახევარი ენის კუნთის ატროფია; ენის კანკალი; ენის ძირის ტკივილი. ენის კუნთის ცალმხრივი დაზიანება თვალში საცემი არ არის, მაგრამ ორმხრივი დაზიანების შემთხვევაში ვითარდება მეტყველების დარღვევა და საკვების მიღება ძნელდება.


დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად