აქტინომიკოზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

აქტინომიკოზი - actinomycosis - актиномикоз

აქტინომიკოზი აქტინომიცეტით (სხივისებრი სოკოთი) გამოწვეული სპეციფიკური ქრონიკული დაავადებაა. სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში, გამომწვევის შეჭრის ადგილას, ჩნდება მკვრივი ინფილტრატი, რომელიც შემდგომში ჩირქდება, სკდება და ფისტულას წარმოქმნის. აბსცესის (ჩირქგროვის) ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს ასრულებს მეორეული (უმთავრესად - სტაფილოკოკური) ინფექცია. აქტინომიკოზი ყველა ქვეყანაში გვხვდება. მისი გამომწვევი სოკო ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში. ის უმთავრესად მარცვლოვან მცენარეებზე (ჭვავზე, ქერზე და სხვა) ბინადრობს. თივაში მისი სპორები წლობით ძლებს. ორგანიზმში ხვდება მტვერთან ერთად მისი ჩასუნთქვისას ან გადაყლაპვისას (მარცვლეულის დამუშავების ან თიბვის დროს), ასევე - დაზიანებული კანიდან, პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვანი გარსიდან. აქტინომიკოზით სნეულდებიან როგორც ადამიანები, ისე ცხოველები. დაავადებული ადამიანისგან ან ცხოველისგან ინფექციის გავრცელების შემთხვევები უცნობია.

მიმდინარეობა და სიმპტომები. აქტინომიკოზი ხანგრძლივად მიმდინარე, პროგრესირებადი პირველადი ქრონიკული ინფექციაა. მისი საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა უცნობია - შესაძლოა, წლობითაც კი გაგრძელდეს.
დაავადების გამოვლენის შესაბამისად, განასხვავებენ თავის, ენისა და კისრის, თორაკალურ, აბდომინალურ, შარდსასქესო ორგანოების, კანის, ცენტრალური ნერვული სისტემის ფორმებს.

კისერ-ყბა-სახის ფორმა ყველაზე ხშირად გვხვდება. პათოლოგიური პროცესის გავრცელების კვალობაზე, განასხვავებენ ღრმა ანუ კუნთოვან (პროცესი ლოკალიზდება კუნთოვან ბოჭკოებში), კანქვეშა და კანის ფორმებს.
კუნთოვანი ფორმის დროს პროცესი მეტწილად საღეჭ  კუნთებში, მათი მფარავი ფასციის ქვეშ ლოკალიზდება. კერძოდ, ქვედა ყბის კუთხეში ჩნდება ხრტილისებური კონსისტენციის ინფილტრატი. სახე ხდება ასიმეტრიული, ვითარდება სხვადასხვა ინტენსივობის ტრიზმი. მოგვიანებით ინფილტრატში ჩნდება ჩირქი, რომელიც თავისთავად იხსნება და ვითარდება ფისტულა, საიდანაც გამოიყოფა ჩირქოვანი ან ჩირქოვან-სისხლიანი სითხე. ფისტულის ირგვლივ კანი მოლურჯო ელფერს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს. ეს აქტინომიკოზის დამახასიათებელი ნიშანია. კისრის კანი თავისებურად იცვლება. მასზე  ჩნდება გარდიგარდმო განლაგებული ლილვაკები.
კანის ფორმა იშვიათია. ამ დროს კანქვეშა ბოჭკოებში ლოკალიზებულია სფეროს ან ნახევარსფეროს ფორმის ინფილტრატები. ტრიზმა და ღეჭვის პროცესის დარღვევა არ შეიმჩნევა. აქტინომიკოზური პროცესი შესაძლოა გავრცელდეს ლოყებზე, ტუჩებზე, ენაზე, ნუშურა ჯირკვლებზე, ტრაქეაზე, ხახაზე. ამ ფორმას სხვებთან შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს.
თორაკალური (გულმკერდის ღრუს ორგანოებისა და გულმკერდის კედლის) აქტინომიკოზი, იგივე ფილტვების აქტინომიკოზი, თანდათანობით იწყება. ავადმყოფს აღენიშნება სისუსტე, სუბფებრილური ტემპერატურა, ხველა, რომელიც თავდაპირველად მშრალია, შემდეგ კი ჩნდება ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველი, რომელსაც არცთუ იშვიათად სისხლიც ურევია (ნახველს აქვს მიწის სუნი და სპილენძის გემო). მოგვიანებით ვითარდება პერიბრონქიტის სურათი. ინფილტრატი ვრცელდება ცენტრიდან პერიფერიისკენ, მოიცავს პლევრას, გულმკერდის კედელს, კანს. ვითარდება შეშუპება, რომელიც პალპაციისას ძალზე მტკივნეულია. კანი იღებს მოწითალო-მოლურჯო შეფერილობას. ჩნდება ფისტულები. ჩირქში აღმოჩნდება აქტინომიცეტები. ფისტულები ბრონქებს უერთდება. ისინი არა მარტო გულმკერდზე, არამედ წელსა და თეძოებზეც კი შეიძლება გაჩნდეს. თორაკალური აქტინომიკოზი მძიმედ მიმდინარეობს. მკურნალობის გარეშე ავადმყოფი იღუპება. აქტინომიკოზის ეს ფორმა სიხშირის მიხედვით მეორეა.
აბდომინალური აქტინომიკოზი იშვიათად გვხვდება (სიხშირის მიხედვით მას მესამე ადგილი უკავია). პირველადი კერები უმეტესად (ასიდან 60 შემთხვევაში) ილიოცეკალურ და აპენდიქსის არეში ლოკალიზდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მსხვილი ნაწლავის სხვა უბნებში მდებარეობდეს. კუჭის, საყლაპავისა და წვრილი ნაწლავის პირველადი დაზიანება ძალზე იშვიათია, მუცლის ფარი კი ყოველთვის მეორეულად ზიანდება.
როგორც ვთქვით, პირველადი ინფილტრატი ყველაზე ხშირად ლოკალიზდება ილიოცეკალურ არეში და კლინიკურად ჰგავს ქირურგიულ დაავადებებს (აპენდიციტს, ნაწლავის გაუვალობას და სხვა). თანდათანობით ინფილტრატი სხვა ორგანოებსაც: ღვიძლს, თირკმელებს, ხერხემალს მოიცავს. შესაძლოა, მიაღწიოს მუცლის ფარს. ასეთ შემთხვევაში კანზე დამახასიათებელი ცვლილებები ჩნდება. კერძოდ, საზარდულის არეში წარმოიქმნება ფისტულა, რომელიც ნაწლავს ერთვის. სწორი ნაწლავის აქტინომიკოზის დროს ინფილტრატები სპეციფიკური პარაპროქტიტის აღმოცენებას განაპირობებს. ფისტულები პერიანალურ სივრცეში იხსნება. მკურნალობის გარეშე შემთხვევათა 50%-ში შედეგი ლეტალურია.
შარდსასქესო ორგანოების აქტინომიკოზი  იშვიათია. ის, წესისამებრ, აბდომინალური აქტინომიკოზური ინფილტრატის გავრცელების გამო აღმოცენებული მეორეული დაზიანების შედეგია. შარდსასქესო ორგანოების პირველადი აქტინომიკოზური დაზიანება მეტად იშვიათია.
ძვლებისა და სახსრების აქტინომიკოზიც იშვიათად გვხვდება. ეს ფორმა აღმოცენდება აქტინომიკოზური ინფილტრატის მეზობელი ორგანოდან გადასვლის ან სოკოს ჰემატოგენური გზით (სისხლით) გავრცელების შედეგად. შესაძლოა გამოიწვიოს წვივის, მენჯის, ხერხემლის ძვლების ოსტეომიელიტი, ასევე - მუხლისა და სახსრის დაზიანება. არცთუ იშვიათად პროცესს წინ უძღვის ტრავმა. ოსტეომიელიტი ძვლის დესტრუქციით მიმდინარეობს. მიუხედავად აშკარა ძვლოვანი ცვლილებებისა, ავადმყოფები ინარჩუნებენ გადაადგილების უნარს, სახსრების ფუნქცია დაზიანების შემთხვევაშიც კი საგრძნობლად არ ირღვევა. ფისტულების წარმოქმნისას ვლინდება კანის დამახასიათებელი ცვლილებები.
კანის აქტინომიკოზი, როგორც წესი, მეორეულია. კანის ცვლილებები მაშინ ხდება შესამჩნევი, როდესაც აქტინომიკოზური ინფილტრატი კანქვეშა ბოჭკოებს აღწევს. ეს ცვლილებები განსაკუთრებით დამახასიათებელია ფისტულების გაჩენის შემთხვევაში.
მიცეტომა აქტინომიკოზის თავისებური ვარიანტია. ის ხშირად გვხვდება ტროპიკულ ქვეყნებში. მიცეტომა იწყებატერფზე (უპირატესად - ფეხისგულზე) ერთი ან რამდენიმე მკვრივი, მუხუდოს მარცვლისოდენა (ან უფრო დიდი) კვანძის გაჩენით. ეს კვანძები თავდაპირველად შეუცვლელი კანით არის დაფარული, მერე და მერე კანი სქელდება, იღებს მოწითალო-მოიისფრო ან წაბლისფერ შეფერილობას. ძველი კვანძების მეზობლად ჩნდება ახლები. კანი შუპდება, ტერფი იზრდება, იცვლის ფორმას. კვანძები თანდათანობით რბილდება, იხსნება და წარმოიქმნება ღრმა ფისტულები, საიდანაც გამოიყოფა ჩირქოვანი ან სეროზულ-ჩირქოვანი (ზოგჯერ სისხლიანიც) სუნიანი სითხე. კვანძები თითქმის უმტკივნეულოა. პროცესი ნელა პროგრესირებს. მთელი ფეხისგული კვანძებით იფარება, ფეხის თითები მაღლა იწევს. მოგვიანებით კვანძები და ფისტულები ტერფის ზედა ნაწილშიც ჩნდება. პროცესმა შესაძლოა მოიცვას კუნთები, მყესები და ძვლები. ზოგჯერ ვითარდება წვივის კუნთების ატროფია. ჩვეულებრივ, მიცეტომა ერთ ტერფზე ჩნდება და ხანგრძლივი (10-20-წლიანი) მიმდინარეობა ახასიათებს.

დიაგნოსტირება. აქტინომიკოზის შორს წასული ფორმა, როდესაც ჩნდება ფისტულები და კანის დამახასიათებელი ცვლილებები, ადვილი სადიაგნოსტიკოა. ძნელია აქტინომიკოზის საწყისი სტადიის ამოცნობა. ერთგვარი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს კანის სინჯებს, მაგრამ ყურადსაღებია მხოლოდ დადებითი  და მკვეთრად დადებითი სინჯები, ვინაიდან სუსტად დადებითი კანის სინჯი ხშირია კბილების დაავადების დროსაც. უარყოფითი სინჯი ყოველთვის არ გამორიცხავს აქტინომიკოზს, რადგან მძიმე ფორმების დროს ის შესაძლოა იმუნიტეტის დათრგუნვის გამო იყოს უარყოფითი.
შედარებით მაღალი სადიაგნოსტიკო ღირებულება აქვს ფისტულიდან გამოყოფილი ჩირქის გამოკვლევას - მასში აქტინომიცეტებს აღმოაჩენენ.

მკურნალობა და პროფილაქტიკა. მკურნალობა კომპლექსურია. მოიცავს ანტიბიოტიკებს, იოდს, სისხლის გადასხმას, რენტგენოთერაპიას, ქირურგიულ ჩარევას.
პროფილაქტიკა ითვალისწინებს პირის ღრუს სანაციას, ყოველდღიური ჰიგიენის დაცვას, კანისა და ლორწოვანი გარსის ტრავმატიზების თავიდან აცილებას.

 

 

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად