მონონუკლეოზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019
მონონუკლეოზი - mononucleosis - мононуклеоз
ინფექციური მონონუკლეოზი (იგივე ფილატოვის დაავადება, პფაიფერის დაავადება, ჯირკვლოვანი ცხელება, სუბლეიკემიური ლეიკოციტოზი, კეთილთვისებიანი ლეიკემია, ლიმფომონოციტური ანგინა და სხვა) ეპშტეინ-ბარის ვირუსით (EBV) გამოწვეული პირველადი ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია, ტონზილიტი, ელენთის, ღვიძლისა და ლიმფური კვანძების გადიდება, პერიფერიულ სისხლში ატიპური მონონუკლეარების არსებობა. EBV, სხვა ჰერპესვირუსების მსგავსად, ორგანიზმში ხანგრძლივად პერსისტირებს და შესაძლოა მიიღოს როგორც ქრონიკული, ასევე ლატენტური ფორმა პერიოდული გამწვავებით.
EBV მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. ვირუსით ინფიცირებულია ზრდასრული მოსახლეობის 90-95%. განვითარებად და დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ინფიცირება უმთავრესად ბავშვობაში და ახალგაზრდობისას ხდება, ხოლო მაღალგანვითარებულ ქვეყნებში - სქესობრივი მომწიფებისა და პოსტპუბერტატულ პერიოდში. ბავშვებში ეპშტეინ-ბარის ვირუსით პირველადი ინფექცია სუბკლინიკურად ან მსუბუქი ტონზილიტის სახით მიმდინარეობს. განვითარებად ქვეყნებში კლინიკურად მანიფესტირებული ინფექციური მონონუკლეოზი შედარებით იშვიათია. ზრდასრულებში EBV-ით პირველადი ინფიცირების შედეგად ვითარდება ინფექციური მონონუკლეოზის ტიპური მწვავე ფორმა. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში კლინიკურად მანიფესტირებული ინფექციური მონონუკლეოზი ხშირია. ავადობენ უმთავრესად 14-16 წლის გოგონები და 16-18 წლის ვაჟები. 40 წელს გადაცილებულები იშვიათად ავადდებიან.
ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან ვირუსმატარებელი. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ სუბკლინიკური ფორმით დაავადებულებს. ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი, კონტაქტური, ალიმენტური, ტრანსფუზიული, სქესობრივი, იშვიათად - ვერტიკალური და ორგანოთა ტრანსპლანტაციის გზით. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია გადაცემის კონტაქტური გზა. ინფექციური მონონუკლეოზის ერთ-ერთი სახელწოდება, "კოცნის დაავადება", ინფექციის გადაცემის ყველაზე გავრცელებულ გზაზე მიუთითებს. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში EBV-ის სეროპრევალენტობა განსაკუთრებით მაღალია სქესობრივად აქტიურ სტუდენტებს შორის.
მწვავე ინფექციის დროს ვირუსი ნერწყვთან ერთად 16-18 თვის განმავლობაში გამოიყოფა. პრაქტიკულად ჯანმრთელი, ლატენტურად ინფიცირებული პირების 20-30% ვირუსს მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოყოფს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. გამოვლინების კვალობაზე, განასხვავებენ ინფექციური მონონუკლეოზის შემდეგ ფორმებს:
  • კლინიკური ნიშნების მიხედვით - ტიპურს, ატიპურსა და სუბკლინიკურს;
  • სიმძიმის მიხედვით - მსუბუქს, საშუალო სიმძიმისას და მძიმეს;
  • მიმდინარეობის მიხედვით - მწვავეს და ქრონიკულს.
ინფექციური მონონუკლეოზის ტიპური ფორმა
საინკუბაციო პერიოდი, რომელიც  ბავშვებში უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მოზრდილებში, 4-დან 18-დღემდე, იშვიათად - 8 კვირამდე მერყეობს. დაავადების ტიპური ფორმა იწყება  მწვავედ, ერთბაშად, ან პროდრომული ნიშნებით - შემცივნებით, ოფლიანობით, მოუსვენრობით, თავის ტკივილით, მიალგიით (კუნთების ტკივილი), უგუნებობითა და უმადობით. პროდრომული ნიშნები შესაძლოა 1-2 კვირა გაგრძელდეს, შემდეგ კი თავს იჩენს ინფექციური მონონუკლეოზისათვის დამახასიათებელი ტრიადა: ცხელება, ყელის ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება.
  • ცხელება პაციენტთა 90%-ს აღენიშნება და 10-14 დღე გრძელდება. საღამოს საათებში ტემპერატურა ყველაზე მაღალია (38-390C). შესაძლოა განვითარდეს სხვაგვარი სურათიც: ტემპერატურა სუბფებრილური იყოს და მთელ თვესაც გასტანოს.
  • დაავადების ერთ-ერთი პათოგნომური ნიშანია ტონზილიტი, რომელიც შესაძლოა იყოს კატარული, ლაკუნური, ფოლიკულური და წყლულოვან-ნეკროზული. ის ან დაავადების დასაწყისშივე იჩენს თავს, ან მოგვიანებით - მე-5-7 დღეს, დაავადების სხვა ნიშნების გამოვლენისა და ცხელების შემდეგ. ზოგჯერ ანთება იმდენად ინტენსიურია, რომ შეშუპებული ნუშურები ერთმანეთს ეხება. ცხვირ-ხახის ნუშურების გადიდების გამო ცხვირით სუნთქვა ჭირს, აღინიშნება სტრიდორი - პირღია, ხმაურიანი სუნთქვა - და ცხვირის ტემბრით ლაპარაკი. ასეთი რამ უმთავრესად 1-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ახასიათებთ და დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს. მოზრდილებში ეს სიმპტომი ნაკლებინტენსიურია. მნიშვნელოვანია, რომ მონონუკლეოზურ ტონზილიტთან ერთად შესაძლოა განვითარდეს სტრეპტოკოკული წარმოშობის ფარინგიტი. მონონუკლეოზური ტონზილიტის დროს ხახის უკანა კედელი მარცვლოვანი, გაფხვიერებული, შეშუპებული და ჰიპერემიულია. სასის რკალებზე, ნაქზე, ნუშურებზე ჩნდება მოთეთრო-მოყვითალო ან მონაცრისფრო ფხვიერი ნადები, რომელიც ადვილად სცილდება ლორწოვანს და არ იწვევს სისხლდენას. ინფექციური მონონუკლეოზის დროს ტონზილიტის ხანგრძლივობა უმეტესად ტემპერატურული რეაქციის ხანგრძლივობას ემთხვევა.
  • პოლილიმფადენოპათია ინფექციური მონონუკლეოზის მუდმივი კლინიკური ნიშანია. ყველაზე ხშირად და ადრე თავს იჩენს ლიმფური კვანძების გადიდება კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძების, განსაკუთრებით კი მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის გასწვრივ. გადიდებული კვანძები ამ არეებში ძეწკვივით არის განლაგებული, მოძრავია, უმტკივნეულო, შეხებისას - ოდნავ მგრძნობიარე. პერილიმფური შეშუპება იშვიათია. ლიმფური კვანძები ზოგჯერ მთელ სხეულზე დიდდება (გენერალიზებული ლიმფადენოპათია), ზოგჯერ კი ერთი ან ორი ადგილის (მაგალითად, კისრისა და იღლიის, კისრისა და საზარდულის არის) ლიმფადენოპათიით შემოიფარგლება. გენერალიზებული ლიმფადენოპათიის დროს მეზენტერული ლიმფური კვანძებიც დიდდება, რის გამოც ავადმყოფს ეწყება მუცლის ტკივილი, ზოგჯერ კი მუცლის ფარის გაღიზიანების გამო გულისრევა და ღებინებაც. გადიდებული ლიმფური კვანძები არ ჩირქდება. ტემპერატურის დაწევის შემდეგ ისინი უმალვე იწყებს დაპატარავებას, მაგრამ შესაძლოა, ოდნავ გადიდებული თვეობით დარჩეს.
  • ინფექციური მონონუკლეოზის დროს ღვიძლი გადიდებულია, რბილია, შეხებისას უმტკივნეულო. მონონუკლეოზური ჰეპატიტი უმეტესად უსიყვითლო ფორმით მიმდინარეობს, იშვიათად კი ღვიძლის გადიდებას თან სდევს სიყვითლეც. ამ დროს აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის ზომიერი მოშლა (ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერამინოტრანსფერაზემია და სხვა).  ეს პათოლოგიური ძვრები დაავადების მე-6-10 დღიდან ვითარდება. ღვიძლის დაპატარავება შედარებით გვიან იწყება, ვიდრე სხვა ნიშნების უკუგანვითარება. არცთუ იშვიათად რეკონვალენსცენციის პერიოდში ღვიძლი გადიდებული რჩება.
  • ელენთის გადიდება ინფექციური მონონუკლეოზის ერთ-ერთი კარდინალური ნიშანია. იგი ვლინდება დაავადების მე-2-3 დღიდან და იშვიათად მძიმე გართულებით - ელენთის გახეთქვით - მთავრდება. ელენთის ზომა მე-3-4 კვირიდან უბრუნდება ნორმას.
  • გამონაყარი ავადმყოფთა 5%-ს აღენიშნება. ის სხვადასხვა ფორმისაა - ლაქოვანი, კვანძოვანი, პეტექიური (წინწკლოვანი სისხლჩაქცევები), ქუნთრუშასებრი, მულტიფორმული ერითემა, ურტიკარია (ჭინჭრის ციება) - და, წესისამებრ, ტანსა და კიდურებს არის მოდებული. იმ ავადმყოფთა უმრავლესობას, რომლებიც ამპიცილინს იღებდნენ, აღენიშნება კაშკაშა წითელი ფერის მედიკამენტური გამონაყარი - ე. წ. მაკულურ-პაპულური აფეთქება. 90-100%-ში ის ამპიცილინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ვლინდება (თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებულს აუცილებლად ექნება ასეთი რეაქცია პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებზე).
  • ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან დამახასიათებელია ლეიკოციტოზი პერიფერიულ სისხლში. იშვიათად დაავადების პირველ-მეორე დღეს გამოხატულია ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი კი მე-5-6 დღიდან ვლინდება. ასევე ვლინდება ატიპური მონონუკლეარები და პლაზმური უჯრედები.
მსუბუქი ფორმა. ავადმყოფის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სუბიექტური ჩივილები არ აქვს. აღინიშნება უმნიშვნელო ინტოქსიკაცია. ზომიერად არის გამოხატული ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ტონზილიტი, ლიმფური კვანძების გადიდება. პერიფერიული სისხლის სურათი უმნიშვნელოდ არის შეცვლილი. ტემპერატურა 37,5-380C-ის ფარგლებშია. დაავადება დაახლოებით ერთ კვირას გასტანს. შემდეგ კლინიკური ნიშნები სწრაფად ლაგდება.

საშუალო სიმძიმის ფორმა.
ავადმყოფი უჩივის ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, საერთო სისუსტეს, უმადობას, ზოგჯერ - მუცლის ტკივილს. იშვიათია ღებინება და გულისრევა.  ინტოქსიკაცია ზომიერად არის გამოხატული. ტემპერატურა 38-390C-ს არ აღემატება. პერიფერიული სისხლის მხრივ ცვლილებები მკვეთრი არ არის. ავადმყოფობა დაახლოებით 10 დღე გრძელდება. სიმპტომები შედარებით ნელა უკუვითარდება.
მძიმე ფორმა. კლინიკური ნიშნები მკვეთრად არის გამოხატული. აღინიშნება ძლიერი ინტოქსიკაცია. ელენთა შესამჩნევად არის გადიდებული. გამოხატულია ჰეპატომეგალია. ხშირია ამ დაავადების მძიმე გართულებები. ტემპერატურა 39,5-400C-ს აღწევს. დაავადება ხანგრძლივდება - 15 დღეზე მეტხანს, ზოგჯერ თვეზე მეტხანსაც გასტანს.
ატიპური ფორმა. აღინიშნება ერთი ან ორი არცთუ მკვეთრად გამოხატული კლინიკური სიმპტომი (მაგალითად, მხოლოდ ელენთის გადიდება და ტემპერატურის მომატება ან ტონზილიტი და ყბისქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება). თავს იჩენს ინფექციური მონონუკლეოზისთვის არაპათოგნომური სიმპტომებიც: მენინგოენცეფალიტი, პერიკარდიტი და სხვა. ამ შემთხვევაში დიაგნოზს პერიფერიული სისხლის ანალიზითა და იმუნოლოგიური რეაქციებით აზუსტებენ.

სუბკლინიკური ფორმა.
ინფექციური მონონუკლეოზისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები გამოხატული არ არის. დიაგნოზს აზუსტებს სეროლოგიური რეაქცია.
ქრონიკული ფორმა. EBV-ით პირველადი ინფიცირების შემთხვევაში განვითარებული კლინიკური ნიშნები 4 თვემდე იშვიათად გრძელდება. თუ დაავადება 6 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ყალიბდება მონონუკლეოზის ქრონიკული ფორმა. მისთვის დამახასიათებელია ასთენოვეგეტატიური სინდრომი (უძლურება, დაღლილობა, დეპრესია), გახანგრძლივებული სუბფებრილური ტემპერატურა პერიოდული მატებით, მორეციდივე ფარინგიტი, ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშ, მეტეორიზმი, ანორექსია, ართრალგია, მიალგია. ობიექტური ნიშნებიდან გამოხატულია პოლილიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია. ცვლილებებია სისხლის ბიოქიმიურ ანალიზში. პერიფერიულ სისხლში იმატებს ატიპური მონონუკლეარებისა და ჰეტეროფილური ანტისხეულების რაოდენობა.
ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნები შესაძლოა 3-5 წელიც გაგრძელდეს.
ინფექციური მონონუკლეოზის ქრონიკული ფორმის დიაგნოზი სამ ძირითად კრიტერიუმს ეფუძნება. ესენია:
1.  დაახლოებით 6 თვის წინ გადატანილი მძიმე დაავადება, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურებულ იქნა როგორც მწვავე ინფექციური მონონუკლეოზი;
2.  რიგ ორგანოში ცვლილებათა აღმოჩენა: ინტერსტიციული პნევმონია, ძვლის ტვინის ელემენტის ჰიპოპლაზია, უვეიტი, ლიმფადენოპათია, პერსისტული ჰეპატიტი, სპლენომეგალია;
3.  დაზიანებულ ქსოვილებში  EBV-ის ბირთვის ანტიგენის აღმოჩენა ანტიკომპლემენტური იმუნოფლუორესცენციის მეთოდით.
ქრონიკული EBV-ინფექცია შესაძლოა მიმდინარეობდეს ქრონიკული ჰეპატიტის სახით. მონონუკლეოზურ ჰეპატიტს კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს.
გართულებები. ინფექციური მონონუკლეოზი იშვიათად რთულდება პარატონზილიტით, ოტიტით, პნევმონიით, ნევრიტით, პლექსიტით, მენინგოენცეფალიტით, პოლირადიკულონევრიტით, მიოკარდიტით და სხვა. იშვიათი, მაგრამ უმძიმესი გართულებაა ელენთის გახეთქვა, რაც მუცლის ძლიერი ტკივილით და შოკით ვლინდება.

დიაგნოსტიკა. ინფექციური მონონუკლეოზის დიაგნოზი კლინიკური ნიშნებისა და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე დაისმის. აუცილებელია დიფერენცირება ტოქსიკური დიფტერიისგან, სტრეპტოკოკული ეტიოლოგიის ანგინისგან,  ვირუსული ჰეპატიტებისგან, ციტომეგალოვირუსული ინფექციისგან, მწვავე ტოქსოპლაზმოზისგან, ადენოვირუსული ინფექციისგან,  მწვავე ლეიკოზისგან,  პირველადი აივ-ინფექციისა და წითურასგან.

მკურნალობა. ინფექციური მონონუკლეოზის პროგნოზი, ჩვეულებრივ, კეთილსაიმედოა, თუმცა აღწერილია ელენთის გახეთქვის და სიკვდილის ერთეული შემთხვევები.
ინფექციური მონონუკლეოზი სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს. უმთავრესად ტარდება პათოგენეზური და სიმპტომური თერაპია. დაავადების პირველი ორი კვირის  განმავლობაში რეკომენდებულია წოლითი რეჟიმის დაცვა, განსაკუთრებით - გამოხატული სპლენომეგალიის დროს, ასევე - ადვილად მოსანელებელი, ვიტამინებით მდიდარი და მაღალკალორიული  საკვებისა და სითხეების მიღება.
სიმპტომური თერაპია გულისხმობს:
  • დაავადების მწვავე ფაზაში - პირის ღრუს ანტისეპტიკური ხსნარებით სანაციას;
  • ცხელების შემთხვევაში - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და აცეტამინოფენის გამოყენებას;
  • მკვეთრი ინტოქსიკაციის  დროს - დეზინტოქსიკაციური ხსნარების ინტრავენურ გადასხმას.


დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტკბილ, გაზიან, გამაგრილებელ სასმელს იღებს.
სპეციალისტებმა შეისწავლეს ეფექტი, რომელსაც ორგანიზმზე „დროში შეზღუდული“ კვება ახდენს, რაც იმას
"ჩვენს სანათესაოში თითქმის ყველას ჰქონდა კენჭები, ზოგს - თირკმელში, ზოგს - ნაღვლის ბუშტში.
პაპილომა კანის უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნური წანაზარდია.
ანგინა ცხელებით, ინტოქსიკაციითა და ნუშურა ჯირკვლების გამოხატული ანთებით მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადებაა.
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად