ცელიაკია - დაავადება, რომელიც სპეციფიკური დიეტით იმართება
ადვილად გიზიანდებათ კბილის ემალი, შესაძლოა თქვენი დიაგნოზი ცელიაკია იყოს. ცელიაკია საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა და გულისხმობს ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას მცენარეულ პროდუქტებში არსებული ცილა გლუტეინის მიმართ, იგი პირველად აღწერა სემუელ გიისმა 1888 წელს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰოლანდიელმა პედიატრმა ვილიან დიკმა აღმოაჩინა, რომ ბავშვებში ნაკლებად აღინიშნებოდა დიარეა, რაც მან დაუკავშირა ომით გამოწვეული სიდუხჭირის გამო მარცვლეული პროდუქტებისა და პურის ნაკლებად მიღებას.
"წლების განმავლობაში ცელიაკიაზე ეჭვი მიიტანებოდა მხოლოდ ბავშვებსა და მოზარდებში. დღეისათვის ცნობილია, რომ ცელიაკია შეიძლება დიაგნოსტირდეს მოგვიანებით, 10 დან 40 წლამდე ასაკში, კუჭ-ნაწლავის მხრივ გამოვლინებებით ან მის გარეშე," - განმარტავს კლინიკა "დიაკორის" ექიმი - ენდოკრინოლოგი, ნინო მასხულია.
როგორია ცელიაკიის კლინიკური გამოვლინებები?
ამ დაავადებას სხვადასხვა ტიპის გამოვლინებები აქვს:
• ძლიერი დიარეა, ქაფისებრი განავლით და სპეციფიკური სუნით; ცხიმიანი და თეთრი ფერის განავალი;
• ნაწლავებში საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევა (მალაბსორბცია), რასაც ბავშვებში ხშირად თან ახლავს ზრდაში ჩამორჩენა და წონაში კლება;
• რკინადეფიციტური ანემია, რაც სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობის შემცირებას გულისხმობს;
• ნევროლოგიური დარღვევები - B ვიტამინების დეფიციტის გამო;
• ნეიროფსიქიატრიული გამოვლინებები: თავის ტკივილი, ნეიროპათია, ატაქსია, აპათია, ეპილეფსია, დეპრესია, შფოთვა. ზოგიერთ შემთხვევაში, თავის ტვინის მრტ კვლევით, ვლინდება თავის ტვინის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები;
• ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი - გამოწვეულია D ვიტამინის დეფიციტით;
• ოსტეოპენია/ოსტეოპოროზი, რაც ჩონჩხში მინერალიზებული ძვლოვანი ქსოვილის მასის შემცირებას გულისხმობს და გამოწვეულია კალციუმის დეფიციტით;
• ართრიტი (სახსრების ანთება);
• თირკმელების დაზიანება;
• ელენთის ფუნქციის დაქვეითება;
აგლუტეინური დიეტის შემთხვევაში კლინიკური გამოვლინებები იკლებს ან საერთოდ ქრება.
როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
არსებობს ცელიაკიის 5 ტიპი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან კლინიკური სურათითა და ლაბორატორიული მახასიათებლებით.
ზოგადად, ცელიაკიის დიაგნოსტიკაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება სისხლში საერთო Ig A ს განსაზღვრას, ასევე არსებითი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება აგლუტეინურ დიეტას.
დადებითი ლობორატორიული პასუხის შემთხვევაში, გამოკვლევის შემდეგი ეტაპია წვრილი ნაწლავის ბიოფსია.
ვისთვის არის რეკომენდირებული ცელიაკიაზე გამოკვლევა?
ცელიაკზე გამოკვლევა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აღენიშნება:
• ქრონიკული ან პერიოდული დიარეა, წონაში უმიზეზო კლება, მუცლის დაჭიმულობა და შებერილობა; გაურკვეველი გენეზის რკინადეფიციტური ანემია,ფოლიუმის ან B12 ვიტამინის დეფიციტი, სისხლის შრატში ამინოტრანსფერაზას ხანგრძლივი მომატება, ზრდის შეფერხება, გვიანი პუბერტატი, მცირე წონიანი ახალშობილი, გახანგრძლივებული აფტოზური სტომატიტი, კბილის ემალის ჰიპოპლაზია, მცირევადიანი ორსულობები, ცერებრული ატაქსია, ხშირი, გარდამავალი თავის ტკივილები.
• დადგენილი აქვს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ლაქტოზის აუტანლობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, დაუნის სინდრომი;
• ჰყავს ცელიაკიით დაავადებული პირველი რიგის ნათესავები;
• ცელიაკიის კლინიკური ნიშნების მქონე პირები.
იწვევს თუ არა ცელიაკია სხვა დაავადებების პროვოცირებას?
ცელიაკიას თან ახლავს მთელი რიგი დაავადებების განვითარების რისკი. ცელიაკიასთან ერთად საკმაოდ ხშირია ჰერპეტიფორმული დერმატიტი (ძირითადად ჩნდება იდაყვებზე და ხასიათდება ძლიერი ქავილით), შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის დაზიანება (ღვიძლის ფიბროზი, სტეატოზი, სტეატოჰეპატიტი), ნაწლავთა ანთებითი დაავადება - ამ დროს უფრო ხშირად ვითარდება წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება. ცელიაკია ხშირადაა ასოცირებული დაუნის სინდრომთან. ცელიაკიის მქონე პაციენტებში გავრცელებულია მენსტრუალური და რეპროდუქციული დარღვევები. ქალებში შესაძლოა განვითარდეს: გვიანი მენარქე, ადრეული მენოპაუზა, მეორადი ამენორეა, ნაადრევი მშობიარობა, მცირეწონიანი ახალშობილის გაჩენა. კაცებში კი - სპერმატოზოიდების ფუნქციური ან მორფოლოგიური ცვლილებები.
რა გზებით ხდება ცელიაკიის მართვა?
ცელიაკიის მართვის რამდენიმე წესი არსებობს. მნიშვნელოვანია კონსულტაცია გამოცდილ დიეტოლოგთან და დაავადების შესახებ განათლება. პაციენტს მთელი ცხოვრების მანძილზე ენიშნება სპეციალური დიეტა. ასევე აუცილებელია ნუტრიციული დეფიციტის აღმოჩენა, აღმოფხვრა და მონიტორინგი.
კვების რაციონში იკრძალება შემდეგი პროდუქტები: თეთრი ხორბალი, ჭვავი, ქერი, ლუდი და ძმარი, ნებისმიერი საკვები, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს გლუტეინს. ხშირად საფრთხის შემცველია კონსერვების მიღებაც. ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში, უნდა აიკრძალოს მისი შემცველი პროდუქტების მიღება. ასევე, სიფრთხილით მიიღება შვრიაც, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ცელიაკიის დროს, პაციენტები იღებენ შვრიას 30–დან 50–გრამამდე დღეში.
ცელიაკიის კლინიკური და ჰისტოლოგიური სურათი უმჯობესდება დიეტის დაწყებიდან ორ კვირაში. დროული დიაგნოსტიკისა და აგლუტეინური დიეტის შემთხვევაში ცელიაკიის მართვა ადვილია.