როგორ შევინარჩუნოთ სხეულის ნორმალური მასა
ამ ინტერვიუს მოცულობა უფრო დეტალური განმარტების შესაძლებლობას არ იძლევა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, საშუალო სკოლის ფიზიკის სახელმძღვანელოში ამოიკითხონ, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ცნებები „წონა“ და „მასა“. დღეს ადამიანის სხეულის ფაქტობრივად არსებული მასის ნორმასთან მიმართების შესაფასებლად ყველაზე ხშირად გამოიყენება ე.წ. სხეულის მასის ინდექსის (და არა „სხეულის წონის ინდექსის“) ფორმულა. ეს მაჩვენებელი საკმაოდ კარგად ასახავს ადამიანის სხეულის სიმაღლესთან მისი მასის ოპტიმალურ ფარდობას. სხეულის მასის ინდექსი (სმი) ადვილი გამოსათვლელია. ამისთვის საჭიროა, კილოგრამებში გამოხატული სხეულის მასის მაჩვენებელი გაიყოს მეტრებში გამოხატული სხეულის სიმაღლის მაჩვენებლის კვადრატზე. მაგალითად, თუ ადამიანის სიმაღლეა 1,75 მეტრი, ხოლო სხეულის მასა - 85 კილოგრამი, მაშინ ამ ადამიანის სმი იქნება:
85: 1,75 2 = 85:3,0625 = 27,76 კგ/მ2 .
სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ ნორმალურად ჩაითვალოს ადამიანის სხეულის ისეთი მასა, რომლის ფონზე მინიმალურია სხეულის მასის ნაკლებობით ან მეტობით გამოწვეული ზიანი ჯანმრთელობის მხრივ. ამ პრინციპით შერჩეული სმი-ს მაქსიმალურ ნორმად ბევრი ავტორი მიიჩნევს 24.9 კგ/მ2-ს. ერთმანეთისგან განსხვავდება სპეციალისტთა მოსაზრებები სმი-ს მინიმალური ნორმის თაობაზე. უმრავლესობის აზრით, 18 კგ/მ2-ზე ნაკლები სმი სხეულის მასის დეფიციტის ანუ სიგამხდრის გამოხატულებაა.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ჭარბი მასა და სიმსუქნე?
- სხეულის მასის სიჭარბესა და სიმსუქნეს უამრავი მიზეზი აქვს. პირობითად შეგვიძლია გამოვყოთ მიზეზთა ორი უმთავრესი ჯგუფი:
ა) სხვადასხვა ორგანული ავადმყოფობის შედეგად მეორეულად განვითარებული სიმსუქნე;
ბ) ე.წ. პირველადი სიმსუქნე, რომელიც უმთავრესად ცხოვრების არასწორი რეჟიმითაა გამოწვეული.
მეორეული ხასიათის სიმსუქნე შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, ენდოკრინული სისტემის ისეთი მდგომარეობის ფონზე, როგორიცაა ჰიპოთირეოზი - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლების ზოგიერთი ჰორმონის სიჭარბე ან კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონ ინსულინის სიჭარბე. სიმსუქნე შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის სპეციფიკური სტრუქტურების დაზიანებამაც. დასახელებული ორგანული ავადმყოფობებით გამოწვეული სიმსუქნე საექიმო პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია. უფრო ხშირია პირველადი სიმსუქნის შემთხვევები, რაც ცხოვრების არასწორი რეჟიმითაა გამოწვეული. ამ მიზეზით განვითარებულ სიმსუქნეს საფუძვლად უდევს ადამიანის ორგანიზმის ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა. ამ დროს ადამიანი საკვების სახით იღებს უფრო მეტ კალორიას, ვიდრე მისი ორგანიზმი ხარჯავს ცხოველმყოფელობის პროცესში.
- როგორ უნდა მოხდეს სხეულის მასის კორექცია?
- სიმსუქნის დროს სხეულის მასის ნორმალიზაციის მეთოდებზე საუბრისას უმთავრესი ყურადღება უნდა მიექცეს ცხოვრების წესის მოწესრიგებას. ამავე დროს საჭიროა ჩატარდეს სათანადო დიაგნოსტიკური პროცედურები, რათა ექიმმა გამორიცხოს სიმსუქნის გამომწვევი ორგანული ავადმყოფობა. ასეთი ავადმყოფობის დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობა შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობით. სიმსუქნის მქონე ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მისი სიმსუქნე არ არის გამოწვეული გადაჭარბებული კვებით. ზოგჯერ ადამიანი მართლაც არ იღებს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საკვებს, მაგრამ მაინც შეიძლება გასუქდეს, თუ ნაკლებად მოძრავ ცხოვრებას ეწევა და იმაზე გაცილებით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე საკვების სახით იღებს. სიმსუქნის დროს სხეულის მასის ნორმალიზაცია შეუძლებელი იქნება, თუ ადამიანი ვერ შეძლებს, ფიზიკური აქტივობით გაზარდოს ენერგეტიკული დანახარჯი და გონივრული შეზღუდვებით შეამციროს საკვებით მიღებული დღიური კალორიების რაოდენობა. ეს ძირითადი პრინციპი თანაბრად გასათვალისწინებელია როგორც პირველადი, ისე მეორეული სიმსუქნის დროს. ცხოვრების წესის მოწესრიგებით სხეულის მასის ნორმალიზაცია ყველაზე გონივრული, ფიზიოლოგიური და უვნებელი გზაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად. ამავე დროს, იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ თუ ადამიანი ხსენებული ფიზიოლოგიური მეთოდებით ვერ ახერხებს სხეულის მასის ნორმალიზებას, დღის წესრიგში დგება მკურნალობის საკმაოდ მძიმე მეთოდების გამოყენების, კუჭსა და ნაწლავებზე ქირურგიული ჩარევის საკითხი. ასეთი ჩარევა რისკს მოკლებული არ არის, მაგრამ მკურნალობის გარეშე დატოვებული სიმსუქნის მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად ქირურგიული მკურნალობის თანმხლები რისკი გამართლებულად მიიჩნევა.
- სახიფათოა თუ არა სხეულის მასის მკვეთრი შემცირება?
- სხეულის მასის კორექციის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს მასის კლების ხარისხსა და ტემპს. გაუმართლებელია მოკლე ხანში მნიშვნელოვანი მასის დაკარგვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ცხიმოვანი ქსოვილი არ არის მხოლოდ საკვების მარაგის შესანახი ადგილი. ის მრავალ ფუნქციას ასრულებს, მათ შორის სპეციფიკურ ჰორმონთა წარმოქმნისა და სხვა ჰორმონთა გარდაქმნის პროცესებშიც მონაწილეობს. ასეთი მრავალმხრივი ფუნქციის მატარებელი ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობის სწრაფი და მნიშვნელოვანი შემცირება შესაძლოა უარყოფითად აისახოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მრავალი სპეციალისტი უსაფრთხოდ მიიჩნევს სიმსუქნის მკურნალობისას სხეულის მასის ყოველთვიურ შემცირებას არა უმეტეს 3-4 კგ-ით. კლების პროცესი არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. საწყისი მასის 10 ან 15 პროცენტით შემცირების შემდეგ კვება და ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობა ისე უნდა დავარეგულიროთ, რომ შესაძლებელი იყოს მიღწეული შედეგის შენარჩუნება. სმი-ს სტაბილიზაციის 4-6-თვიანი პერიოდის შემდგომ, საჭიროებისამებრ, შეიძლება ვცადოთ სხეულის მასის უფრო მეტად შემცირება, მაგრამ არა უმეტეს 10-15%-ით. ამ პროცესების საბოლოო მიზანია სხეულის მასის ნორმალური დონის მიღწევა და შედეგის სტაბილური შენარჩუნება.
- სიმსუქნის მკურნალობის კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ პერიოდში ბევრი ისევ იწყებს გასუქებას. რისი ბრალია ეს?
- სიმსუქნის მკურნალობისას სხეულის მასის ნორმალიზაციის პროცესი საკმაოდ რთულია და ხანგრძლივი. წარმატების მისაღწევად გადამწყვეტია პაციენტის მაღალი მოტივაცია და პრობლემის არსის თაობაზე საკმარისი ინფორმაციის ქონა. ძალზე მნიშვნელოვანია მისი ხასიათის სიმტკიცეც ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვისთვის. ამავე დროს ბევრმა იცის, რომ დიდ წინააღმდეგობათა დაძლევის ფასად სხეულის მასის კლებისას მიღწეული შედეგის სტაბილური და ხანგრძლივი შენარჩუნება კიდევ უფრო რთული ამოცანაა. გარდა ფსიქოლოგიური მომენტებისა, შედეგის შენარჩუნებას სხვა გარემოებებიც ართულებს. საქმე ისაა, რომ საკვებით მიღებული კალორაჟის შეზღუდვის პირობებში ორგანიზმში იცვლება ენერგეტიკული პროცესების ინტენსივობა და ყალიბდება ენერგიის ხარჯვის უფრო ეკონომიური რეჟიმი. ამაში დიდ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის ჰორმონული რეგულაციის ადაპტაციური ხასიათის ძვრები. სწორედ ამიტომ საკვების მკვეთრი შეზღუდვის შედეგად სხეულის მასის დაკლების მომდევნო პერიოდში ყალიბდება მიღებული საკვების ათვისებისა და ენერგიის ხარჯვის განსაკუთრებული რეჟიმი. ამ პერიოდში მიღებული კალორიების მცირეოდენი გადაჭარბებაც კი ადვილად შეიძლება იქცეს სხეულის მასის სწრაფი მომატების მიზეზად. ამიტომ სიმსუქნის წარმატებული მკურნალობის შემდგომ პერიოდში კვების რეჟიმის გაფართოება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს და სხეულის მასის ცვლილების ხასიათის შესაბამისად რეგულირდებოდეს მიღებული და დახარჯული კალორიების ბალანსი.
- რა შეიძლება იყოს სხეულის მასის დეფიციტის მიზეზი?
- სხეულის მასის დეფიციტის მიზეზებზე საუბრისას უნდა გავიხსენოთ ის, რაც ვთქვით სიმსუქნის შესახებ საუბრის დასაწყისში. სიგამხდრის შემთხვევაში, ცხადია, ყველაფერი საპირისპიროდ ვითარდება. ადამიანი არანორმალურად მაშინ იკლებს სხეულის მასას, როდესაც ენერგეტიკული ცვლის პროცესებში ხარჯვის ინტენსივობა უფრო მაღალია, ვიდრე ენერგიის წყაროს ათვისების პროცესებს შეეფერება. ნივთიერებათა ცვლის ასეთი დარღვევა შეიძლება განვითარდეს შიმშილის დროს ან სხვადასხვა ავადმყოფობის შედეგად. ასეთებია შაქრიანი დიაბეტი, თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა, ტოქსიკური ჩიყვი, ავთვისებიანი სიმსივნეები, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, მრავალი ინფექცია, მათ შორის - ტუბერკულოზი და ა.შ.
- რას ურჩევდით მკითხველს სხეულის ნორმალური მასის შესანარჩუნებლად?
- ამ კითხვაზე პასუხს ჩვენი საუბრის შინაარსი გაგვცემს. საჭიროა მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ჯანმრთელი, ბალანსირებულ კვება, ფიზიკური და გონებრივი შრომის რეჟიმთა ოპტიმალური მონაცვლეობა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა ჯანმრთელობის შენარჩუნებას გაგვიადვილებს.