დიეტოლოგია

როგორ ვიკვებოთ ზაფხულში სხვადასხვა ქრონიკული დაავადების დროს

როგორ ვიკვებოთ ზაფხულში სხვადასხვა ქრონიკული დაავადების დროს
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. როგორ გამოვიყენოთ ეს საგანძური ჯანმრთელობის სასარგებლოდ?

შევამციროთ ტრიგლიცერიდები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კვება, რაც ზაფხულშიც უნდა გვახსოვდეს. გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია, გადატანილი ინფარქტი, სტენოკარდია, მაღალი ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები - ასეთია იმ მდგომარეობათა არასრული ჩამონათვალი, რომელთა დროსაც დიეტა აუცილებელია.

თავი უნდა ვარიდოთ ქოლესტერინით მდიდარ საკვებს და გავზარდოთ რაციონში სასარგებლო პროდუქტების წილი. ქვემოთ მოყვანილი რჩევების დაცვით შევძლებთ, ისე ვისიამოვნოთ ზაფხულის საკვებით, რომ ჯანმრთელობასაც ვარგოთ. ზაფხულში ყველას უყვარს ქალაქგარეთ პიკნიკის გამართვა. ბუნებაში შემწვარი
მწვადის გემო ხომ მთელი წელი გვახსოვს! თუმცა ისიც კარგად ვიცით, რომ ღორის მწვადი მდიდარია ცუდი ქოლესტერინით. სპეციალისტები გვირჩევენ:

  • ღორის ნაცვლად შევწვათ ნაკლებცხიმიანი ხორცი. ცხიმის მცირე შემცველობით გამოირჩევა ინდაურისა და ქათმის თეთრი ხორცი, თევზი. განსაკუთრებით კარგია ქაშაყი, კალმახი, ორაგული. ეს თევზეული მდიდარია ომეგა-3 ჯგუფის ცხიმოვანი მჟავებით,
    რომლებიც ქოლესტერინის ცვლის მარეგულირებელი ერთ-ერთი ფაქტორია.
  • მივირთვათ ხილი, ბოსტნეული, მწვანილი.
  • სალათა არ შევკაზმოთ მაიონეზით. ჯერ ერთი, მაიონეზი მდიდარია ქოლესტერინითა და კალორიებით; მეორე - ზაფხულში ის სწრაფად იქცევა ხელსაყრელ ნიადაგად ბაქტერიების გამრავლებისთვის და შესაძლოა, საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია გამოიწვიოს.
  • დაივიწყეთ მარილიანი ჩხირები და ჩიფსები. ლმაშე საკვები ხელს უწყობს წნევის მომატებას, ორგანიზმში სითხის შეკავებას, ამძიმებს გულის უკმარისობას.
  • დესერტად დაბალკალორიული იოგურტი მიირთვით. გახსოვდეთ, ნაყინი საკმაოდ მაღალკალორიულია, მისი ზოგი სახეობა კი მყარი მცენარეული ცხიმითაა მომზადებული, რომელიც არასასურველია ათეროსკლეროზის დროს.

ვაკონტროლოთ არტერიული წნევა
არტერიული წნევის კონტროლისთვის თავი უნდა ვარიდოთ სუფრის მარილის ჭარბ მიღებას და უპირატესობა მივანიჭოთ ჯანსაღ ნახშირწყლებს.

  • თეთრი პურის ნაცვლად მიირთვით ბოჭკოს, ქატოს შემცველი პური.
  • დაკონსერვებული და გაყინული პროდუქტების ნაცვლად - ცოცხალი ბოსტნეულის სალათები. მიზეზი მარტივია - კონსერვები და გაყინული ნახევარფაბრიკატები მარილითაა მდიდარი, რომელიც წნევის მატებას იწვევს.
  • ხორცი და ბოსტნეული მარილის ნაცვლად მწვანილით შეკაზმეთ.
  • მარილზე უარის თქმაში დაგეხმარებათ სასალათე ზეთები, რომლებსაც ანტიათეროსკლეროზული თვისებები აქვს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმარიც.

შესაძლოა, არ გესიამოვნოთ, რომ მარილის შემცირებას გირჩევთ, მაგრამ გვერწმუნეთ, უმარილო სალათებითაც შეიძლება იგრძნოთ ზაფხულის არომატი, თანაც ისე, რომ წნევის მომატებისა არ შეგეშინდეთ.



ვებრძვით ქოლესტერინს

ზაფხულში უფრო მეტად ვეტანებით არაჯანსაღ სასუსნავს. ამ ჩვევასთან ბრძოლა აზრს მოკლებულია. ისღა დაგვრჩენია, სასუსნავად ჯანსაღი პროდუქტები შევარჩიოთ - თხილი (ოღონდ არა მარილიანი), კაკალი, კენკრა.

  • ქოლესტერინთან ბრძოლაში დაგვეხმარება ფორთოხლის წვენი.
  • სასარგებლოა მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები. მისი კლასიკური მაგალითია ლობიო - ზაფხულის ერთ-ერთი ფავორიტი.
  • სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში პომიდორი დაგვეხმარება.

დიაბეტი და ზაფხული
პაპანაქება სიცხის ატანა ჯანმრთელ ადამიანსაც უჭირს. ქრონიკული ავადმყოფისთვის ის, ბუნებრივია, უფრო გაუსაძლისია. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს მოკლედ შევახსენებთ იმ წესებს, რომელთა დაცვაც მათ ცხელი ზაფხულის გადატანას გაუადვილებს.

  • ერიდეთ დეჰიდრატაციას - ორგანიზმის სითხით გაღარიბებას. დეჰიდრატაციის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც სიცხე და ამით გამოწვეული ოფლიანობა, ისე სისხლში გლუკოზის დონის მომატებაც, ამიტომ სვით საკმარისი წყალი და დაიცავით დიეტა.
  • ერიდეთ ალკოჰოლს - დიაბეტის დროს ის არ არის რეკომენდებული, თანაც სხეულის ტემპერატურის რეგულაციას არღვევს.

სიცხის ატანასა და დეჰიდრატაციის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ახალი ხილი და ბოსტნეული.

  • საზამთრო, ნესვი, კენკრა სითხის მაღალი შემცველობით გამოირჩევა.
  • სასარგებლო ნახშირწყლები ენერგიას შეგინარჩუნებთ. საკმარისია დღეში 1/2 ჭიქა ან 1 ცალი საშუალო ზომის ხილი.
  • სალათა, კიტრი, ყაბაყი, გოგრა ც და ა ვიტამინების მდიდარი წყაროა. ც ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც გვიცავს მზის, დაბინძურებული გარემოსა და ზოგიერთი თერმულად დამუშავებული საკვების ზემოქმედებით წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალებისგან. ა ვიტამინი აუცილებელია კანის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, საზამთრო და პომიდორი ანტიოქსიდანტ ლიპოკაინის წყაროა. ის მზის დამწვრობისგან გვიცავს.

ზაფხული და გულძმარვა
მართალია, გარეთ ცხელა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მკერდის ძვლის უკანაც უნდა გრძნობდეთ წვას და ეს შემაწუხებელი გრძნობა ზაფხულის საკვებით მიღებულ სიამოვნებას აქარწყლებდეს. გულძმარვას, რო­მელიც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია, ხშირად აპროვოცირებს ციტრუსების წვენი, კოლა, ფანტა, კოქტეილი, ლუდი, პომიდორი. ერთი სიტყვით, ის საჭმელი და სასმელი, რომელთა გარეშეც ზაფხული წარმოუდგენელია. რა მივირთვათ, რომ გულძმარვამ არ შეგვაწუხოს? შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ კითხვის პასუხი იცის ყველა, ვისაც ეს შემაწუხებელი სიმპტომი განუცდია. თითოეულ მათგანს სიმჟავის მაპროვოცირებელი “საკუთარი” პროდუქტები აქვს. რაც აუტანელია ერთისთვის, სავსებით უვნებელია მეორისთვის. თუმცა არსებობს იმ საკვების ზოგადი ჩამონათვალიც, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს გულძმარვას. ასეთებია:

  • ზეთი - შეგიძლიათ, საკვები მოხარშოთ.
  • პომიდორი - მის ნაცვლად სალათაში გამოიყენეთ სტაფილო, ლობიო, კარტოფილი.
  • კოლა და გაზიანი სასმელები - მათ ნაცვლად სვით ცივი ჩაი.
  • საზამთრო - უცნაური მოგეჩვენებათ, მაგრამ სამედიცინო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ის მჟავას წარმოქმნას უწყობს ხელს. გულძმარვისას საზამთრო მხოლოდ ხილის სალათის შემადგენლობაში შეიძლება გამოვიყენოთ.

ამასთან ერთად, გულძმარვის საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია:

  • კვება ხშირად და მცირე ულუფებით.
  • დაძინებამდე 3-4 საათის განმავლობაში კვებისგან თავის შეკავება, მსუბუქად ვახშმობა.
  • წონის მოწესრიგება.
  • თამბაქოსთვის თავის დანებება.
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9