მიირთვით პომიდორი
მშრალ ნივთიერებებს - 4,5-8,1%-ს, მათ შორის შაქარს (მონოზებს) - 50%-ს, ორგანულ მჟავებს - 3,5-8,5%-ს, ცელულოზას - 0,87-1,7%-ს, პექტინოვან ნივთიერებას - 0,13-0,23-ს, აგრეთვე ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას (ეს უკანასკნელი პომიდორში უფრო მეტია, ვიდრე ქათმის ხორცში), სპილენძს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, მანგანუმს, B1, B2, PP, C ვიტამინს და სხვა.
მიიჩნევა, რომ მჟაუნმჟავას უხვი შემცველობის გამო პომიდორი მავნებელია სახსრებისთვის, ხოლო პოდაგრის დროს მისი ჭამა საერთოდ არ შეიძლება. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მჟაუნმჟავა პომიდორში ათჯერ ნაკლები ყოფილა, ვიდრე კარტოფილში და რვაჯერ ნაკლები, ვიდრე ჭარხალში, ასე რომ, პომიდვრის მავნებლობა უფრო მითია, ვიდრე რეალობა, ხოლო ორგანული მჟავები, მათ შორის - ლიმონმჟავა, ვაშლისა და ღვინის მჟავები, არათუ არ იწვევს სახსრების ანთებას, არამედ, პირიქით, აწესრიგებს კიდეც ნივთიერებათა ცვლას. რკინის უხვი შემცველობის გამო ძალიან სასარგებლოა პომიდორი სისხლნაკლებობის დროს. აი, ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს კი ის მართლა არ უნდა მიირთვათ - ორგანულმა მჟავებმა შესაძლოა ნაღვლის ბუშტის სპაზმი გამოიწვიოს.
პომიდორს მაღალი ტემპერატურისა არ ეშინია
ბოსტნეულს მეტწილად უმად მიირთმევენ, რადგან ტემპერატურული ზემოქმედებით ის უამრავ ვიტამინს კარგავს. გამონაკლისია პომიდორი: მოშუშული თუ დამარილებული, ის უფრო ფასეულია. საქმე ის გახლავთ, რომ პომიდორი შეიცავს ლიკოპენს - მძლავრ ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს უჯრედებს დაბერებისა და სიმსივნისგან და რომლის კონცენტრაცია გაცხელებისას უფრო მეტად იზრდება. პომიდორი, ისევე როგორც ძაღლყურძენასებრთა ოჯახის სხვა მცენარეები - კარტოფილი, ბადრიჯანი, ტკბილი (“ბულგარული”) წიწაკა - მდიდარია ნიკოტინის მჟავათი. აღმოჩნდა, რომ თუ ეს მჟავა ადამიანის ორგანიზმში საკმაო რაოდენობითაა, მოწევის სურვილი მას უბრალოდ არ გაუჩნდება. ასე რომ, თუ გსურთ, ამ მავნე ჩვევას თავი დააღწიოთ, მოიმარაგეთ და გემრიელად მიირთვით პომიდორი.
პომიდვრის წვენი - C ვიტამინის წყარო
პომიდვრის წვენი C ვიტამინის ჰიპოალერგენულ წყაროდ მიიჩნევა. ის მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ნატრიუმითა და მაგნიუმით. ასევე დიდი ოდენობით შეიცავს ლიმონის, მჟაუნას, ვაშლის მჟავებს. ეს ვიტამინებით მდიდარი სასმელი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს, თრგუნავს ნაწლავში მიმდინარე დუღილისა და ლპობის პროცესებს. ორსულებსა და მეძუძურ დედებს დიეტოლოგები ახალგამოწურული პომიდვრის წვენის სმას ურჩევენ. მათაც, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, რეკომენდაციას ვაძლევთ, ტკბილი, მაღალკალორიული წვენების ნაცვლად პომიდვრის წვენი სვან.
პომიდვრის მწნილი
პომიდვრის მწნილი საკვები რაციონის პიკანტური დანამატია. მას ხშირად ამზადებენ შინ. იყიდება მზაც. ქარხნული წესით დამზადებული მწნილი მაღალტექნოლოგიურ პროცესებს გადის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. დაკონსერვებული პომიდვრის არჩევა, ერთი შეხედვით, ადვილია - ის ხომ უმეტესად მინის ქილებით იყიდება, ხოლო პროდუქტი, რომელიც თავის გამოჩენას არ უფრთხის, ქებას იმსახურებს. დიასახლისი პომიდვრებს შეათვალიერებს, ქილასაც გადმოაბრუნებს, რათა დარწმუნდეს, რომ ფსკერზე ნალექი არ დარჩენილა. მაგრამ არსებობს შეფასების სხვა კრიტერიუმებიც.
- მხოლოდ მწიფე ნაყოფის დამწნილება როდია შესაძლებელი - ბევრს წაბლისფერი და მწვანე უფრო მოსწონს, მაგრამ მაინც გირჩევთ, არჩევანი წითელ პომიდორზე შეაჩეროთ. საქმე ის არის, რომ პომიდვრის ფერს ლიკოპენი განსაზღვრავს, ის კი, ვიტამინებისგან განსხვავებით, გაცხელებისას არ იშლება. უფრო მეტიც - მისი ბიომისაწვდომობა დაკონსერვებულ პომიდორში უფრო მეტია, ვიდრე უმში.
- ყურადღებით დააკვირდით, რომ ყველა ნაყოფი ერთი ფერისა იყოს. წითლებს შორის შეიძლება შეგხვდეთ წაბლისფერი, მაგრამ მათი რაოდენობა 8%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
- იდეალურ შემთხვევაში ქილაში ერთი და იმავე ზომის ნაყოფი უნდა ეწყოს, ხოლო მათი წონა არ უნდა აღემატებოდეს პროდუქტის მთელი მასის 50%-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ პომიდვრები ერთმანეთზე ზეწოლას არ უნდა ახდენდნენ.
- დახეთქილი პომიდვრები იმის მანიშნებელია, რომ კონსერვი საშუალო ხარისხისაა!
- მარილწყალი გამჭვირვალე უნდა იყოს. ის იმღვრევა მაშინ, როცა პროდუქტი გაფუჭებას იწყებს.
- ძმრის მკვეთრი გემოც კონსერვის დაბალ ხარისხზე მიგვანიშნებს.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ ჯანმრთელობას.