ქარხალა
შეგახსენებთ, რომ ქარხალა თევზის კონკრეტული სახეობა არ არის. ეს გახლავთ კრებითი სახელი ქაშაყისებრთა ოჯახის მცირე ზომის ვერცხლისფერი, გუნდად მცხოვრები თევზებისა (მათი მაქსიმალური სიგრძე 15 სმ-ია, გარეგნულად ჰგვანან ქაშაყს, თუმცა გაცილებით მცირე ზომისანი არიან). ყველა ამ თევზს აქვს თავისებური ქერცლი, რომელიც წააგავს გემის კილს, ხერხემალს, ამიტომაც თევზებმა შეიძინეს რუსული სახელწოდება “კილკა”. ამგვარად, ქარხალა, ფაქტობრივად, ევროპული შპროტია, ასევე - ტიულკას მრავალი სახეობა (კასპიური, შავი ზღვის, აზოვურ-შავი ზღვის, ბალტიური, არაბული, მსხვილთვალა). აღნიშნული სახეობები ბინადრობენ როგორც მლაშე, ასევე მტკნარ წყალში. თევზების პოპულაციათა უმრავლესობა გვხვდება ბალტიის, შავ, ნორვეგიის, ხმელთაშუა და ჩრდილოეთის ზღვებში. ამ თევზების ჭერას ძირითადად მისდევენ რუსეთი, ლატვია, უკრაინა, დანია, ნორვეგია და ბულგარეთი. ყოველწლიურად იჭერენ 600 ტონაზე მეტ ქარხალას. მსოფლიო ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დაკონსერვებული შპროტი და დამარილებული ქარხალა. ეს თევზი გამორჩეული ბრენდია ესტონეთის დედაქალაქში. ფაქტობრივად, ის ბალტიისპირეთის ულამაზესი ქალაქის - ტალინის გასტრონომიული სიმბოლოა, შპროტის კონსერვის ქილა კი ტალინის გამოსახულებით დღეს მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ტალინური ქარხალა პირველად აღწერა ჰანს აირმანმა, შვედმა დიპლომატმა, თავის წიგნში, რომელიც მე-17 საუკუნის 70-იან წლებში გამოსცა. წიგნში აღწერილია დიპლომატის მოგზაურობა მოსკოვში. სხვათა შორის, 1710 წლამდე ბალტიის აკვატორიას სრულად დაუფლებულნი იყვნენ შვედები. სწორედ მათ გაუსინჯეს პირველად გემო პატარა თევზუკებს და შეაფასეს მათი კვებითი ღირებულება. არსებობს ასეთი გამოთქმაც, რომ თუ ზღვაში ქარხალა გადააქვთ, შვედებს გარდაუვალი სიკვდილი ემუქრებათ. თევზის კონსერვების წარმოშობა კი უშუალო კავშირშია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდებთან. იმ ეპოქაში წარმოიშვა ხანგრძლივად შესანახი მარაგის შექმნის საჭიროება. ევროპაში პოპულარული გახდა ხილის, ბოსტნეულისა და ხორცის კონსერვები, რუსეთში კი უპირატესობას თევზის კონსერვებს ანიჭებდნენ. მე-19 საუკუნეში რუსეთში ინტენსიურად მისდევდნენ ცქვრინის, თავდიდას (იგივე ღლაბუტას) და ტარაღანას კონსერვების წარმოებას, საბჭოთა პერიოდში კი განსაკუთრებით პოპულარული გახდა “კილკა ტომატში”. ამაში დიდი როლი შეასრულა ნიკიტა ხრუშჩოვმა, რომელმაც პირადად მოინახულა ქერჩის თევზის საწარმო და გემო გაუსინჯა ახალ პროდუქტს. საყოველთაო აღიარება ქარხალამ არა მხოლოდ გემოს გამო მოიპოვა, არამედ დაბალი ფასის წყალობითაც. აქვე აღვნიშნავ, რომ ტომატში ჩაწყობილი ქარხალა ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე დაჭერისთანავე შემწვარი ან დამარილებული თევზი.
შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
ქარხალა მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ეს ნივთიერებები აქვეითებს მავნე ლიპოპროტეიდებისა და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში, შესაბამისად, ავლენს ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედებას. ქარხალა უხვად შეიცავს D ვიტამინს, კალციუმსა და ფოსფორს, რომლებიც ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებას. აქედან გამომდინარე, ის საჭიროა ყველასათვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, ორსულებისა და ხანდაზმულებისთვის. ქარხალას კერძები რეკომენდებულია დასუსტებული, დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ეს პროდუქტი ადვილად ასათვისებელი ცილებისა და ვიტამინების შემცველობით გამოირჩევა. 100 გრამი ქარხალა საშუალოდ 135 კკალორიას შეიცავს. საინტერესო ფაქტები:
- 100 გრამი ქარხალა შეიცავს ცილების სადღეღამისო ნორმას.
- დამარილებულ ქარხალაში გაცილებით მეტი ვიტამინია, ვიდრე დაკონსერვებულში. კონსერვაციის დროს ვიტამინებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი იშლება, მაშინ როცა დამარილებისას მათი უმრავლესობა ნარჩუნდება.
- ქარხალა სასურველია თავიანად მიირთვათ. თევზუკებს მცირე ზომის და, რაც მთავარია, იოლად მოსანელებელი ფხები აქვთ. ადამიანის ორგანიზმი შესანიშნავად ინელებს ქარხალას თავს და ამავე დროს დამატებით მიკროელემენტებსა და ვიტამინებსაც იღებს.
- ქარხალას კვებით ღირებულებას განსაზღვრავს არა მისი რბილობი ანუ ხორცი, არამედ ფარფლები, ქერცლი, ფხები და თავი. სწორედ ეს ნაწილები შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორსა და კალციუმს. ამიტომაც უნდა იცოდეთ მათი სწორად ჭამა: თევზუკები მთლიანად უნდა მიირთვათ, ხორცი ხერხემლისგან არ უნდა გააცალკეოთ.
- ქარხალა რეგულარულად უნდა მიირთვან ოსტეოპოროზით დაავადებულებმა.
მავნებლობა და უკუჩვენებები
ყურადღება მიაქციეთ, რომ ქარხალას კონსერვები არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აღენიშნება. თევზის კონსერვები (საზოგადოდ, ყოველგვარი კონსერვი) შეიცავს ძმარს, სხვადასხვა ნივთიერებასა და დანამატს, რომლებიც აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს. გარდა ამისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების მქონე პირებმა არ უნდა მიირთვან დამარილებული ქარხალა (სასურველია მხოლოდ შემწვარი), რადგან 100 გრამ ასეთ თევზში ნატრიუმის ორმაგი სადღეღამისო დოზაა.