ჯანსაღი კვება და იმუნიტეტი
ასეთი საკვებია:
ხორცი - ცილოვანი საკვების დეფიციტი ზიანს აყენებს იმუნურ სისტემას. იმუნოგლობულინები, რომლებიც უზრუნველყოფს ავადმყოფობისადმი ორგანიზმის გამძლეობას, ცილოვანი ნივთიერებებია და მათი სინთეზისთვის აუცილებელია ცილოვანი საკვები. გარდა ამისა, მჭლე ხორცი შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს სისხლის თეთრი სხეულების გამომუშავებას, ეს უკანასკნელნი კი იცავენ ჯანმრთელ უჯრედებს ვირუსებისა და მიკრობებისგან. ვეგეტარიანელებისთვის თუთიის წყაროა ბურღული, იოგურტი, რძე, სოკო, ხამანწკები.
რძემჟავა ნაწარმი - ეს პროდუქტები შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს, რომლებიც აფერხებენ მავნე ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას. გარდა კეფირისა და იოგურტისა, პრობიოტიკების რიცხვს ეკუთვნის ბუნებრივი ანტისეპტიკები - მწვანე ხახვი და ნიორი, აგრეთვე - ბანანი.
ყვითელი ხილი და ბოსტნეული - ციტრუსები, გარგარი, სტაფილო და სხვა. მათში ბევრია ბეტა კაროტინი - ანტიოქსიდანტი, A ვიტამინის წინამორბედი, რომელსაც იმუნომასტიმულირებელი თვისებები აქვს.
მწვანე ჩაი - ჩაის ეს სახეობაც მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
ასევე სასარგებლოა საკვები, რომელიც მდიდარია ფლავონოიდებით - ნივთიერებებით, რომლებიც “თვალს ადევნებენ” ორგანიზმის დამცავ ძალებს. მათ მიაკუთვნებენ კვერციტინს (შეიცავს მწვანე ხახვი და ვაშლი), ლიკოპენს (ის უხვადაა პომიდორში) და ელაჰოფის მჟავას (შეიცავს კაკალი). სეზონური კვების აღმოსავლური სისტემა სამი ათასი წლის წინათ წარმოიშვა. ამ სისტემის თანახმად, წელიწადის ცივ დროს საჭიროა ქონი, ბეკონი, მკერდის ხორცი, თირკმელები, ლობიო, ცერცვი, წიწიბურა, კარტოფილი. გაზაფხულს ორგანიზმი გამოფიტული რომ არ შეხვდეს, ამისთვის ზამთარშივე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. საამისოდ კარგია ცხარე სანელებლები - აჯიკა, წიწაკა, ნიორი. ნეიტრალურად მიიჩნევა მჟავე და მწარე საკვები. რაც შეეხება ტკბილეულს, ზამთარში ის მავნებელია, ამიტომ ნამცხვრებისა და კანფეტებისგან უმჯობესია თავი შევიკავოთ. ზამთარი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ავითვისოთ რომელიმე ეგზოტიკური სამზარეულო, მაგალითად, მექსიკური - მისი ცხარე კერძები შესანიშნავად ათბობს. კარტოფილი, პომიდორი, კაკალი, სტაფილო, გოგრა, ლობიო ძალიან უხდება ხორცს. თუ ასეთი საკვები გეკრძალებათ, სხვა “გამათბობელი” კულინარიული შედევრები სცადეთ. მაგალითად, დილაობით მიიღეთ 1 სუფრის კოვზ თაფლში გარეული ცოტაოდენი შავი წიწაკა და ვერავითარი სიცივე და მიკრობი ვერ შეგაშინებთ! თქვენი განწყობილება და გარეგნობა იმაზეც არის დამოკიდებული, რას მიირთმევთ. დილაობით შვრიის ფაფა სასარგებლოა არა მარტო კუჭისთვის, არამედ კანისთვისაც - ზამთარში ის შრება. შვრიის ბურღული შეიცავს ვიტამინებს, ამინმჟავებს და H ვიტამინს (ბიოტინს), რომელიც პასუხს აგებს კანისა და თმის სილამაზეზე. განწყობილება კი ჰორმონ სეროტონინზეა დამოკიდებული. გაზაფხულზე და ზაფხულში მისი დონის ასაწევად მზის სხივებიც საკმარისია, ხოლო ზამთარში, როცა სინათლე ნაკლებია, კარგი განწყობილების დამატებითი წყაროები უნდა ვეძებოთ. მაგალითად, მწარე შოკოლადი, ბანანი. არსებობს სხვა ანტიოქსიდანტებიც - ცხიმიანი თევზი, ზეითუნის ზეთი. ვირუსებისგან საიმედოდ გვიცავს პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ცისტეინს - ნივთიერებას, რომელიც ლორწოვან გარსებს გარეგანი გამღიზიანებლებისთვის შეუღწევადს ხდის. ცისტეინი ყველაზე მეტია თევზის, სოიის, ყველის, ინდაურის ხორცისა და მარცვლეულის შემადგენლობაში. დიდი ხანია ცნობილია, რომ გაციებას ძალიან უხდება ქათმის ბულიონი - ის ავადმყოფობის შემდეგ ძალ-ღონესაც აღადგენს. გარდა ამისა, ორგანიზმს გამუდმებით უნდა მივაწოდოთ აუცილებელი ასკორბინის მჟავა - ჩ ვიტამინი. მისი ტრადიციული წყაროებია ციტრუსები, ასკილი, კომბოსტოს მწნილი, ლიმონი, შტოში. სისუსტე, მოთენთილობა და აპათია ჯერ კიდევ არ მიანიშნებს იმუნური სისტემის სისუსტეზე. საბოლოო დიაგნოზი ექიმმა იმუნოლოგმა უნდა დასვას. მაგრამ იმუნური სისტემის დაქვეითება შესაძლოა გვაეჭვებინოს შემდეგმა ნიშნებმა:
- ხშირმა (წელიწადში, სულ ცოტა, ოთხჯერ) გაციებამ;
- გახანგრძლივებულმა გაციებამ (როცა ავადმყოფობა ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება);
- ქრონიკულმა ინფექციებმა (მაგალითად, ფურუნკულოზმა ან ანგინამ, პნევმონიამ, ოტიტმა, ჰაიმორიტმა, ნაწლავურმა ინფექციებმა);
- მუდმივმა სუბფებრილურმა (37-38 გრადუსამდე) ტემპერატურამ.
იმუნიტეტის სტიმულირება შეიძლება აცრებით, მედიკამენტებით, ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებებით. იმუნური პრეპარატების მისაღებად აუცილებელია კონკრეტული მონაცემები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გაკეთება უკონტროლოდ! თავდაპირველად საჭიროა ექიმ იმუნოლოგის კონსულტაცია. მომდევნო ეტაპი სისხლის სპეციალური ანალიზებია და მხოლოდ იმუნოგრამის შედეგების მიღების შემდეგ შეუძლია ექიმს, შეგირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი, ეფექტური და უსაფრთხო იმუნომოდულატორი. დამოუკიდებლად შერჩეულმა ან რეკლამის გავლენით მიღებულმა წამალმა შესაძლოა ძლიერ ავნოს თქვენს ჯანმრთელობას. თუ დაიწყებთ იმუნური სისტემის არა დაზიანებული, არამედ სხვა ნაწილის სტიმულირებას, შესაძლოა უკვე არსებული დარღვევა გააღრმაოთ. თუ იმუნომოდულატორები აბსოლუტურად ჯანმრთელმა ადამიანმა მიიღო, შესაძლოა აუტოიმუნური დაავადების გავითარების სტიმულირება მოხდეს. ამიტომ ყველა საშუალება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა გამოიყენოთ. იმუნიტეტის უსაფრთხოდ მოძლიერებაში დაგეხმარებათ სპორტი, გაკაჟება და სწორი კვება.