რომელი საკვები ანადგურებს ღვიძლს ყველაზე მეტად და რომელი სასმელი ახანგრძლივებს სიცოცხლეს? - ნუტრიციოლოგების დასკვნა
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების განვითარების მთავარი მიზეზი არასწორი კვებაა. ნუტრიციოლოგმა სიგი კლავიენმა Daily Mail-თან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა იმ პროდუქტებზე, რომლებიც ყველაზე მეტად ვნებს ამ ორგანოს.
კლავიენის თქმით, ღვიძლის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა მაღალგადამუშავებული (ულტრაგადამუშავებული) საკვები, მათ შორის ძეხვეული, სოსისი და ბეკონი. ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით მარილს, კონსერვანტებს, არომატის გამაძლიერებლებსა და ხელოვნურ დანამატებს შეიცავს. ამ ნივთიერებების სიჭარბე უარყოფითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, თუმცა ყველაზე მძიმე დარტყმას სწორედ ღვიძლს აყენებს. ამასთან, მსგავსი საკვები მაღალკალორიულია, რაც წონის მატებას იწვევს და ღვიძლზე დამატებით დატვირთვას ქმნის.
სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ღვიძლის დაავადებათა რისკს მნიშვნელოვნად ზრდის ტკბილი გაზიანი სასმელებიც - როგორც შაქრის შემცველი, ისე დიეტური (ხელოვნური დამატკბობლებით). ნუტრიციოლოგის განმარტებით, ღვიძლი ხელოვნურ დამატკბობლებს ვერ ცნობს და მთელ ენერგიას მათთან ბრძოლას ახმარს. გარდა ამისა, ეს ნივთიერებები ზრდიან ჟანგვით სტრესს, რის გამოც ექსპერტი აღნიშნავს, რომ „უმჯობესია დალიოთ ერთი ჭიქა წითელი ღვინო, ვიდრე დიეტური კოკა-კოლა“.
კლავიენის დასკვნით, ღვიძლისთვის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს ტკბილი უგაზო სასმელებიც, მაგალითად, ხილის წვენები და სმუზი, რადგან ისინი ფრუქტოზის მაღალი შემცველობით გამოირჩევიან. ასეთი სასმელების ჭარბი მიღება ზრდის დატვირთვას ღვიძლზე და ხელს უწყობს ანთებითი პროცესების განვითარებას.
ჯანსაღი სასმელი დღეგრძელობისთვის
მათთვის, ვისაც სურს სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდოს, ნუტრიციოლოგი კეიტლინ ბილი ხუთ ჯანსაღ სასმელს გამოყოფს. მის რჩევებს გამოცემა Health აქვეყნებს.
-
მწვანე ჩაი: სპეციალისტი მას სასარგებლო თვისებების გამო მთავარ „ჩემპიონად“ მიიჩნევს. დღეში ორი ჭიქა მწვანე ჩაის მიღება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, სიმსივნითა და სხვა მიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკის შემცირებას.
-
ყავა: მდიდარია პოლიფენოლებითა და სხვა ძლიერი ანტიოქსიდანტებით, რომლებიც უჯრედებს დაზიანებისგან იცავს და ქრონიკული დაავადებების განვითარებას უშლის ხელს.
-
შავი ჩაი: გამოირჩევა უნიკალური სასარგებლო თვისებებით, რადგან შეიცავს ისეთ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც არც მწვანე ჩაიში გვხვდება და არც ყავაში.
-
კეფირი: შეუცვლელი სასმელია ნაწლავის მიკრობიოტას მხარდასაჭერად და საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის.
-
სუფთა წყალი: ორგანიზმის ოპტიმალური ჰიდრატაციისა და ყველა ორგანოს გამართული ფუნქციონირების ფუნდამენტი.