როგორ იწყება ანორექსია და რატომ მალავენ ადამიანები მას წლების განმავლობაში - კვების ფსიქოლოგი დაავადების ყველაზე ფარულ ნიშნებზე
„ანორექსია ხშირად დიდი ხნის განმავლობაში “დისციპლინის“ ან “ჯანსაღი ცხოვრების წესის“ სახელით ინიღბება და საზოგადოება მას აქეზებს კიდეც“ - კვების ფსიქოლოგი ნუცა ჩაჩიბაია
ნერვული ანორექსია არ არის უბრალოდ „წონაში კლების სურვილი“ - ეს არის მძიმე ფსიქიკური დაავადება, რომელიც ხშირად „ჯანსაღი კვების“, ფიტნეს-რეჟიმისა თუ დისციპლინის სახელით ინიღბება. იმის გამო, რომ სიმპტომები სოციალურად მისაღები ქცევების მიღმა იმალება, ადრეული ნიშნების ამოცნობა განსაკუთრებით რთულია.
სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ დიეტასა და კვებით აშლილობას შორის, რატომ შეიძლება განვითარდეს ეს პრობლემა ზრდასრულ ასაკშიც და როგორ უნდა დავეხმაროთ საყვარელ ადამიანს თავდაცვის რეაქციის გარეშე? ამ თემებზე კვების ფსიქოლოგი ნუცა ჩაჩიბაია გვესაუბრება
- ნუცა, მკითხველისთვის რომ განვმარტოთ: რა არის ანორექსია? ხშირად მას მხოლოდ „წონაში კლების სურვილად“ აღიქვამენ. რეალურად რა იმალება ამ დიაგნოზის მიღმა?
- ნერვული ანორექსია არ არის უბრალოდ „წონაში კლების სურვილი“ ეს არის მძიმე ფსიქიკური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანის თვითშეფასება ძლიერ უკავშირდება სხეულის ფორმასა და წონას. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ პათოლოგიური წონის მატების შიში, კონტროლის დაკარგვის შიში, საკუთარი სხეულის გამოსახულების დარღვეული აღქმა და ემოციური რეგულაციის სირთულეები. არაჯანსაღი კვებითი ქცევები შედეგად კი ვითარდება რიგი სერიოზული სამედიცინო გართულებები: ზიანდება ჰორმონალური სისტემა, გული, ტვინი, ძვლოვანი და რეპროდუქციული ფუნქციები.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანორექსია არ განვიხილოთ მხოლოდ როგორც „საკვებთან პრობლემა“. ხშირად ეს არის ადამიანის მცდელობა, გაუმკლავდეს შფოთვას, შინაგან კრიტიკას, ტრავმას ან პერფექციონიზმს. სწორედ ამიტომ, მკურნალობაც ვერ შემოიფარგლება მხოლოდ ფრაზით „ჭამა დაიწყე“. აუცილებელია კომპლექსური, მრავალდისციპლინური ფსიქოლოგიური და სამედიცინო მხარდაჭერა.
- სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ დიეტას, ჯანსაღი ცხოვრების წესის სურვილსა და კვებითი ქცევის დარღვევის (ED) საწყის სტადიას შორის?
- ზღვარი ხშირად ძალიან შეუმჩნევლად ირღვევა: თავიდან ყველაფერი შეიძლება სრულიად „ჯანსაღი ცხოვრების წესით” იწყებოდეს : ადამიანი ცდილობს იკვებოს უკეთ და იყოს ფიზიკურად აქტიური. პრობლემა კი იწყება მაშინ, როდესაც კვება და სხეული ნელ-ნელა ხდება არა ჯანმრთელობის, არამედ თვითშეფასების, კონტროლისა და ემოციური მდგომარეობის მართვის მექანიზმი.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ Eating Disorder ხშირად არ იწყება აშკარა სიმპტომებით. ბევრ შემთხვევაში ის სოციალურად „მისაღები“ ქცევებით ინიღბება: „ჯანსაღი კვება“, „დისციპლინით“ ან „ფიტნეს-რეჟიმი“. სწორედ ამიტომ ადრეული ნიშნების ამოცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ჯანსაღი დამოკიდებულების დროს: კვება მოქნილია და არა უკიდურესად კონტროლირებული, ადამიანს შეუძლია დანაშაულის გრძნობის გარეშე მიირთვას სასურველი საკვები, წონა და სხეულის ფორმა არ განსაზღვრავს საკუთარ ღირებულებას, ვარჯიში სიამოვნებასა და ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული და არა „კალორიების ხარჯვასთან“.
- ნუცა, არსებობს სტერეოტიპი, რომ ანორექსია მხოლოდ მოზარდი გოგონების პრობლემაა. რეალურად, რა ასაკობრივ ჯგუფებში გვხვდება ყველაზე ხშირად და შეიძლება თუ არა, რომ ის ზრდასრულ, შემდგარ ადამიანსაც დაემართოს?
- არსებობს საკმაოდ ძლიერი სტერეოტიპი, თითქოს მხოლოდ მოზარდი გოგონების პრობლემაა, თუმცა რეალობა ბევრად უფრო ფართოა. მართალია, ანორექსია ხშირად იწყება მოზარდობის პერიოდში, განსაკუთრებით 12–18 წლის ასაკში, მაგრამ ის შეიძლება განვითარდეს თითქმის ნებისმიერ ასაკში. მათ შორის ზრდასრულ და უკვე პროფესიულად თუ ოჯახურად „შემდგარ“ ადამიანებშიც. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა შემთხვევები 30-40+ ასაკობრივ ჯგუფებშიც. ხშირად ასეთ დროს დიაგნოზი უფრო გვიან ისმება, რადგან საზოგადოებას უჭირს დაიჯეროს, რომ „ზრდასრულ, წარმატებულ, შემდგარ ადამიანს“ შეიძლება კვებითი აშლილობა ჰქონდეს.
ზრდასრულ ასაკში ანორექსიის განვითარება დაკავშირებულია მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ცვლილებებთან ან ემოციურ სტრესთან. მაგალითად: განქორწინება ან ურთიერთობის კრიზისი, ორსულობა და მშობიარობის შემდეგ სხეულის ცვლილებები, ჰორმონალური ცვლილებები, მძიმე სტრესი, დანაკარგი ან ტრავმა, ქრონიკული დაავადება, პროფესიული წნეხი და პერფექციონიზმი, დაბერების შიში აგრეთვე სხეულის ცვლილებებთან რთული შეგუება. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ ანორექსია ასაკს, სქესსა და სოციალურ სტატუსს არ „არჩევს“. ეს არის მძიმე ბიოფსიქოსოციალური დაავადება, რომელიც საჭიროებს დროულ, კომპლექსურ და პროფესიულ დახმარებას.
- რა როლს თამაშობს ოჯახური გარემო, ბავშვობის ტრავმები ან სოციალური წნეხი (სილამაზის სტანდარტები) ანორექსიის განვითარებაში?
- ანორექსია არასოდეს ვითარდება მხოლოდ ერთი მიზეზით. ეს არის ბიოფსიქოსოციალური დაავადება, სადაც ერთმანეთს ერწყმის გენეტიკური მოწყვლადობა, პიროვნული თავისებურებები, ემოციური გამოცდილებები და გარემო ფაქტორები.
ოჯახური გარემო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი ავტომატურად „დამნაშავედ“ არ გამოვაცხადოთ. ხშირად საქმე გვაქვს არა პირდაპირ არაჯანსაღ გარემოსთან, არამედ მაღალ მოლოდინებთან, ემოციების გამოხატვის სირთულესთან, გადაჭარბებულ კონტროლთან ან პირიქით, ემოციურ უგულვებელყოფასთან. ბავშვი შეიძლება სწავლობდეს, რომ საკუთარი ღირებულება მიღწევებზე, გარეგნობაზე ან „სრულყოფილებაზე“ არის დამოკიდებული.
აგრეთვე უარყოფითი გამოცდილებები ტრავმები, მხარდაჭერის ნაკლებობა, ყურადღების დეფიციტი, განმეორებადი ჩაგვრა, ძალადობა, დაცინვა სხეულის ან წონის გამო, ქრონიკული სტრესი და დანაკარგი მნიშვნელოვნად ზრდის კვებითი აშლილობების განვითარების რისკს.

დღევანდელ რეალობაში სოციალური მედიის გავლენა განსაკუთრებით ძლიერია! მოზარდები და ხშირად ზრდასრულებიც ყოველდღიურად ხედავენ ფილტრებით, არარეალისტური სტანდარტებით შექმნილ სხეულებს. ეს მუდმივი შედარება აძლიერებს სხეულით უკმაყოფილებას, თვითკრიტიკას და ქმნის განცდას, თითქოს „საკმარისი“ არასოდეს ხარ. პრობლემა ის არის, რომ საზოგადოება ხშირად კვებითი აშლილობის ადრეულ ნიშნებს აქეზებს და იწონებს კიდეც. მაგალითად, ზედმეტ თვითკონტროლს, მკაცრ დიეტას, სწრაფ წონაში კლებას ან აკვიატებულ ვარჯიშს. ამიტომ ანორექსია ხშირად დიდი ხნის განმავლობაში „დისციპლინის“ ან „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ სახელით ინიღბება.
- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მითი ქალების დაავადებად მის განხილვას უკავშირდება. როგორია მამაკაცების წილი თქვენს პრაქტიკაში ან ზოგად სტატისტიკაში?
- მსოფლიო სტატისტიკით, კვებითი აშლილობების მქონე პაციენტების დაახლოებით 25%-მდე მამაკაცია, თუმცა სპეციალისტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია, რადგან კაცები გაცილებით იშვიათად მიმართავენ დახმარებას. პრობლემა სწორედ სოციალურ სტიგმაშია - ბევრ მამაკაცს უჭირს აღიაროს, რომ სხეულთან, კვებასთან ან თვითშეფასებასთან დაკავშირებული სირთულე აქვს, რადგან საზოგადოება ამას „არა კაცურ პრობლემად“ აღიქვამს. შედეგად, ისინი ხშირად უფრო გვიან ხვდებიან სპეციალისტთან, უკვე მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური გართულებების ეტაპზე. მამაკაცებში კვებითი აშლილობა ხშირად განსხვავებული ფორმითაც ვლინდება. ზოგჯერ მიზანი არა სიგამხდრეა არამედ „იდეალური“ კუნთოვანი სხეული. ხშირად ვხედავთ გადაჭარბებულ ვარჯიშს, ხისტ და მოუქნელ კვებით რეჟიმს, სხეულით მუდმივ უკმაყოფილებას და ობსესიურ კონტროლს.

- ხშირად პაციენტები საგულდაგულოდ მალავენ პრობლემას. რა არის ის პირველი ფარული ნიშნები ქცევასა თუ ყოველდღიურობაში, რითაც ოჯახის წევრებმა ან მეგობრებმა უნდა იეჭვონ, რომ ადამიანს დახმარება სჭირდება?
- პირველი ნიშნები ყოველთვის მხოლოდ მკვეთრი წონის კლება არ არის. საყურადღებოა საკვებზე მუდმივი ფიქრი, კალორიების ობსესიური კონტროლი, პროდუქტების „კარგ“ და „ცუდ“ კატეგორიებად დაყოფა, კვების გამოტოვება, განმარტოება კვების დროს, სოციალური სიტუაციების თავიდან არიდება საკვების გამო, გადაჭარბებული ვარჯიში, გაღიზიანება კვებასთან დაკავშირებულ თემაზე საუბრისას და საკუთარი სხეულით მუდმივი უკმაყოფილება.
- როგორ იცვლება ანორექსიით დაავადებული ადამიანის დამოკიდებულება სოციალური აქტივობების მიმართ (მაგალითად, მეგობრებთან ერთად სადილობა, სტუმრობა)?
- ანორექსიის დროს სოციალური ურთიერთობები ხშირად ემორჩილება დაავადების „წესებს“, რა შეიძლება ჭამოს, სად, ვისთან და რამდენად შეძლებს საკუთარი ქცევის კონტროლს. ამიტომ დროთა განმავლობაში კვებითი აშლილობა არა მხოლოდ სხეულს, არამედ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას, ურთიერთობებსაც და თავისუფლებასაც ზღუდავს. შედეგად, ადამიანი თანდათან იზოლირებული ხდება.
- ანორექსიის მკურნალობა კომპლექსურია. როგორ გამოიყურება მულტიდისციპლინური მიდგომა და რა როლი აქვს აქ კვებით ფსიქოლოგს ფსიქიატრთან და ნუტრიციოლოგთან ტანდემში?
- მკურნალობა ყოველთვის მულტიდისციპლინურ მიდგომას საჭიროებს, რადგან ეს დაავადება ერთდროულად ეხება როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას. მკურნალობის პროცესში, როგორც წესი, ერთად მუშაობენ ფსიქიატრი, კვებითი ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი, ნუტრიციოლოგი, ენდოკრინოლოგი და საჭიროების შემთხვევაში კარდიოლოგი ან სხვა სპეციალისტებიც.
ფსიქიატრის ჩართულობა მკურნალობის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. კვებითი ფსიქოლოგის მუშაობს ობიექტური სხეულის აღქმის ჩამოყალიბებაში, თვითშეფასებაზე, რომელიც ხშირად მთლიანად სხეულის ფორმასა და წონაზეა დამოკიდებული. ასევე პერფექციონიზმზე და მუდმივ შინაგან განცდაზე, რომ ადამიანი „საკმარისი“ არასოდეს არის. მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა კონტროლის გადაჭარბებული მოთხოვნილების გააზრებას: რატომ ხდება საკვები, წონა და სხეული ემოციური უსაფრთხოების ან კონტროლის მთავარი წყარო. პარალელურად პაციენტი სწავლობს შფოთვის, ძლიერი ემოციების, შინაგანი კრიტიკისა და ტრავმული გამოცდილებების უფრო ჯანსაღად გადამუშავებას
ანორექსიის დროს ორგანიზმი გადადის ენერგოდეფიციტის რეჟიმში, რის შედეგადაც ირღვევა ჰორმონალური ბალანსი შესაძლოა განვითარდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან შეწყვეტა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ცვლილებები, კორტიზოლის დონის მატება, ძვლოვანი მასის შემცირება, მეტაბოლური და რეპროდუქციული პრობლემები. წორედ ამ ფიზიკური და ჰორმონალური გართულებების შეფასებაში, მონიტორინგსა და მართვაში მნიშვნელვანი როლი აქვს ენდოკრინოლოგს.
ნუტრიციოლოგი მუშაობს კვებითი სტატუსის აღდგენაზე, ორგანიზმის უსაფრთხო რეაბილიტაციაზე და პაციენტისთვის საკვებთან უფრო სტაბილური და ნაკლებად შიშზე დაფუძნებული ურთიერთობის ფორმირებაზე.
- რა არის ყველაზე რთული ეტაპი თერაპიის პროცესში, როგორც პაციენტისთვის, ისე ფსიქოლოგისთვის?
- ფსიქოლოგისთვის ყველაზე რთული ნაწილია ბალანსის დაცვა ერთი მხრივ, საჭიროა ძლიერი ემპათია და უსაფრთხო თერაპიული სივრცის შექმნა, ხოლო მეორე მხრივ დაავადების „ხმასა“ და პაციენტის რეალურ საჭიროებებს შორის განსხვავების მუდმივი დანახვა.
პაციენტისთვის რთულია, რომ ხშირად ერთდროულად უნდა გაუმკლავდეს როგორც ფიზიკურ აღდგენას ასევე იმ ემოციურ ტკივილს, რომელსაც მანამდე არაჯანსაღი კვებითი ქცევებით “აკომპენსირებდა”. ანორექსიის დროს ხშირად ხდება, რომ დაავადება პაციენტის იდენტობის ნაწილად იქცევა. ამიტომ თერაპიაში ცვლილება ადამიანისთვის შეიძლება აღიქმებოდეს არა როგორც დახმარება, არამედ როგორც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დაკარგვა. სწორედ ამიტომ ფსიქოლოგს უწევს ერთდროულად იყოს მხარდამჭერი, მაგრამ ასევე მკაფიო, სტაბილური და რეალობაზე ორიენტირებული.

- როგორ ხდება სხეულის ხატის (Body Image) ხელახალი, ჯანსაღი ჩამოყალიბება? როგორ უნდა ისწავლოს პაციენტმა საკუთარი სხეულის მიღება შიშის გარეშე?
- თერაპიის პროცესში პაციენტი ეტაპობრივად სწავლობს, რომ სხეული არ არის მხოლოდ შეფასების ან კონტროლის ობიექტი. მუშაობა მიმდინარეობს მუდმივ თვითკრიტიკასა და იმ შინაგან რწმენებზე, რომლებიც ადამიანს აიძულებს საკუთარი ღირებულება გარეგნობით განსაზღვროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხეულის მიღება არ ნიშნავს „უცებ საკუთარი თავის შეყვარებას“. პირველ ეტაპზე მიზანი ხშირად უფრო ნეიტრალური და უსაფრთხო დამოკიდებულების ფორმირებაა, როდესაც ადამიანი სხეულს აღარ აღიქვამს როგორც მტერს ან მუდმივი კონტროლის ობიექტს.
- თუ ოჯახის წევრი ხედავს, რომ მის საყვარელ ადამიანს ანორექსიის ნიშნები აქვს, როგორ უნდა დაელაპარაკოს მას ისე, რომ აგრესია ან თავდაცვის რეაქცია არ გამოიწვიოს?
- საუბარი უმჯობესია იყოს მშვიდი, ემპათიური და ზრუნვაზე დაფუძნებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუბარი არ გადაიქცეს კონტროლად, კრიტიკად ან ძალდატანებად. („ასეთი გამხდარი რატომ ხარ?, „თუ მოინდომებ, შეწყვეტ,“ „უბრალოდ ჭამე,“ „ეს შენი არჩევანია,“) აქცენტი გაკეთდეს არა წონაზე ან გარეგნობაზე, არამედ ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე; „ვხედავ, რომ ძალიან გიჭირს და მინდა დაგეხმარო “, „შენი ჯანმრთელობა და ემოციურ მდგომარეობა მანერვიულებს“ , “ მე შენს გვერდით ვარ”. ადამიანმა უნდ იგრძნოს, რომ მას უსმენენ, არ განსჯიან და დახმარებას სთავაზობენ,
- რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა გადის ამ ჯოჯოხეთურ გზას და ჰგონია, რომ ამ წრიდან გამოსავალი არ არსებობს?
- დაავადება ადამიანს ძალიან ხშირად არწმუნებს, რომ ის მარტო არის, რომ ვერავინ გაუგებს და რომ ცვლილება შეუძლებელია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მინდა ასეთ ადამიანებს ვუთხრა, არის ის, რომ გამოჯანმრთელება რეალურია მაშინაც კი, როცა დღეს ეს სრულიად წარმოუდგენლად გეჩვენებათ.
ანორექსია არ არის თქვენი პიროვნება! ეს არ არის თქვენი „სიძლიერე“, „დისციპლინა“ ან რეალური ხმა. ეს არის დაავადება, რომელიც ნელ-ნელა გართმევთ თავისუფლებას, ემოციებს, ურთიერთობებს, ჯანმრთელობას და ხშირად საკუთარი თავის შეგრძნებასაც. გამოჯანმრთელება არ ნიშნავს მხოლოდ წონის აღდგენას. ეს არის საკუთარი ცხოვრების, ემოციების, სხეულის და საკუთარი თავის გაცნობა და უსაფრთხოების განცდის დაბრუნება.