„არცერთი ხილი არ არის ისეთი მდიდარი ანტიოქსიდანტებით, როგორც ბროწეული“ - ექიმის რჩევები მათთვის, ვისაც ჯანსაღი კვება სურს
რატომ სჯობს ბროწეული ავოკადოს და რა საფრთხეს მალავს „დიეტური“ პროდუქტები - ინტერვიუ ექიმ ნუტრიციოლოგთან
ჩიას თესლი, ავოკადო და მოდური სმუზი-დეტოქსები - დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესი ხშირად ძვირადღირებულ მარკეტინგულ ხრიკს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ზრუნვას ორგანიზმზე.
მართლა არსებობს თუ არა „ჯადოსნური“ პროდუქტები და რას გვიმალავენ ეტიკეტები წარწერით „0% ცხიმი“? - თერაპევტი და ნუტრიციოლოგი ქეთი გემაზაშვილი გვიყვება.
რატომ სჯობია ქართული ბროწეული ეგზოტიკურ სუპერ ფუდებს და რა საფრთხეს შეიცავს პოპულარული დეტოქს-დიეტები ჩვენი მეტაბოლიზმისთვის, ინტერვიუში წაიკითხავთ
- ქეთი, ბოლო წლებში ჩიას თესლი და ავოკადო „ჯადოსნურ“ პროდუქტებად იქცა -რეალურად რამდენად აღემატება მათი კვებითი ღირებულება ჩვენს ადგილობრივ პროდუქტებს?
- ჩიას თესლი ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ მისი დამატება შესაძლებელია ნებისმიერ საკვებზე, იქნება ეს საკონდიტრო ნაწარმი, სალათა, იოგურტი თუ სხვა. იგი განსაკუთრებით მდიდარია ომეგა-3-ით, მაგნიუმით, კალციუმით, ფოსფორით, B1, B3, B9 ჯგუფის ვიტამინებით.
რაც შეეხება ავოკადოს, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯერ ცხიმოვან მჟავებს, 20-მდე მინერალს და ვიტამინს.
- არსებობს თუ არა რომელიმე ქართული პროდუქტი (მაგალითად, ნიგოზი, შინდი ან ბროწეული), რომელსაც თამამად შეგვიძლია „სუპერ ფუდი“ ვუწოდოთ?
- მე გამოვყოფდი ბროწეულს, რადგან არცერთ სხვა ხილი ისეთი მდიდარი არ გახლავთ ანტიოქსიდანტებით, როგორც ბროწეული. იგი თანაბრად დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ღვიძლზე, კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაზე.

მდიდარია A, C, E, K ვიტამინებით, B ჯგუფის ვიტამინებით. ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, ნატრიუმს და სხვა მრავალ, ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტს.
- რამდენად მართებულია მოსაზრება, რომ ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო მაინც იმ გარემოში მოყვანილი პროდუქტია, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა?
- მე ვიტყოდი, რომ ორგანიზმისთვის სასარგებლოა ნატურალური, ჯანსაღი პროდუქტი და სწორად შედგენილი დაბალანსებული დღის რაციონი, სადაც საჭირო რაოდენობით იქნება ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, ყველა ის მინერალი თუ ნუტრიენტი, რაც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.
- რას ნიშნავს ტერმინი „დეტოქსი“ სამედიცინო კუთხით და რატომ არის მითი, რომ ღვიძლს წვენებით „გაწმენდა“ სჭირდება?
- დეტოქსი ეს არის ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისგან, რომელსაც ძირითადად მიმართავენ ის ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, არ იკვებებიან სწორად, არ აქვთ მოწესრიგებული ძილის რეჟიმი, არ იღებენ საჭირო რაოდენობით სითხეს, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ჩვენს ორგანიზმს ბუნებრივად აქვს დეტოქსის უნარი, ჩვენ უნდა შევუწყოთ მას ხელი სწორი, დაბალანსებული, რეჟიმული კვებით.
- რა სახის ფარულ საფრთხეებს შეიცავს პოპულარული რამდენიმედღიანი „სმუზი-დეტოქსები“ ნივთიერებათა ცვლისთვის?
- სმუზი-დეტოქსი გულისხმობს მყარი სახის საკვებზე უარის თქმას და გამოწურულ ხილის და ბოსტნეულის წვენებზე და სმუზებზე გადასვლას. ჩვეულებრივ, ეს მოიცავს ხოლმე 3-დან 21 დღემდე, თუმცა ძალიან ხშირად უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე მიმართავენ.

წვენებსა და სმუზებში ცუდი არაფერია, რადგან ისინი შეიცავს სასარგებლო ვიტამინებს და მინერალებს, მაგრამ თუ თქვენ არაფერს მიირთმევთ და მხოლოდ ამ სითხეს იღებთ, მაშინ დიდ საფრთხეს უქმნით თქვენს ჯანმრთელობას, რადგან ამ შემთხვევაში ორგანიზმი ვერ იღებს სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებებს - ცხიმებს, ცილებს, რაც უარყოფითად აისახება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე და გამოიწვევს სერიოზულ ცვლილებებს და რისკებს დაკავშირებულს მეტაბოლურ დარღვევებთან.
- რომელი ორგანოებია პასუხისმგებელი ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივ თვითწმენდაზე და როგორ დავეხმაროთ მათ მუშაობაში მხოლოდ კვებით (და არა დიეტებით)?
- ღვიძლის და თირკმლების გამართული მუშაობა არის მთავარი ჩვენი ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გასაწმენდად, ასევე კანის და ფილტვების, რადგან როგორც აღვნიშნე, ჩვენს ორგანიზმს ბუნებრივად აქვს დეტოქსის უნარი. იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ მათ გამართულ მუშაობას, საჭიროა ჯანსაღი, დაბალანსებული, ვიტამინებით, მინერალებით, ორგანიზმისთვის საჭირო ნუტრიენტებით მდიდარი საკვები.
- ხშირად ვენდობით წარწერებს: „ფიტნეს“, „0% ცხიმი“, „დიეტური“ - რომელია ყველაზე დიდი ტყუილი, რომელსაც მარკეტოლოგები ჯანსაღი კვების სახელით გვთავაზობენ?
- ხშირად ამ წარწერის ქვეშ ვხვდებით ისეთ საკვებს, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე.
მაგ: „უცხიმო“ - ასეთ ცხიმ გამოცლილ პროდუქტებს ხშირად უმატებენ შაქარს და სხვადასხვა დამატკბობელს, რათა გემო გაუმჯობესდეს.
„დიეტური“ - ეს არ ნიშნავს „კალორიების გარეშე“. ასევე ზოგიერთი დიეტური პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, შაქარს.
- როგორ უნდა წავიკითხოთ ეტიკეტი სწორად - რა სახელებით მალავენ მწარმოებლები შაქარს ინგრედიენტების ჩამონათვალში?
- ხშირად ვხვდებით პროდუქტებს წარწერით „უშაქრო“, „დიაბეტური“, მაგრამ სინამდვილეში ეს პროდუქტები მაინც შეიცავს შაქარს. თუ ეტიკეტზე მოვძებნით, აუცილებლად აღმოვაჩენთ რომელიმეს ამ დასახელებიდან: მალთიტოლი, დექსტროზა, მალტოდექსტრინი, რაც იგივე შაქრის დასახელებებია.
- რატომ ითვლება ხილის იოგურტები და მზა საუზმეები (ბურღულეული) ერთ-ერთ ყველაზე არაჯანსაღ არჩევნად, მიუხედავად მათი „სასარგებლო“ იმიჯისა.
- ხშირად გვინახავს რეკლამა, რომ მზა საუზმე სწორი არჩევანია დღის დასაწყებად, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა, რადგან ასეთი სახის საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, სხვადასხვა დანამატს, არომატიზატორს. მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი - უჯრედისი ასეთ საკვებში მხოლოდ 2%-ია.
ასევე ხილის იოგურტები, რომლებშიც დიდი რაოდენობით გვხვდება შაქარი, სხვადასხვა სახის დანამატი, ემულგატორები, კონსერვანტები.
- რა დოზით არის დასაშვები შაქრის მიღება დღის განმავლობაში ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს?
- შაქარი გვხვდება არა მხოლოდ ხილში, არამედ ბოსტნეულში, პარკოსნებში, მარცვლეულში, არის ასევე იმ პროდუქტების შემადგენლობაში, სადაც ერთი შეხედვით მისი შემცველობა წარმოუდგენელი გვგონია, ესაა: კეტჩუპი, მზა სუპები, ძეხვეული, თეთრი პური, კარტოფილის ჩიფსები.
ჯანმო-ს რეკომენდაციით, შაქრის წილი მიღებული ენერგიის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

- თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელია ის ყველაზე მავნე კვებითი მითი, რომლისაც ქართველ მკითხველს დღემდე სჯერა?
- ყველზე ხშირად მხვდება:
- საკვების გამოტოვება ხელს უწყობს წონაში კლებას - სინამდვილეში საკვების გამოტოვება ორგანიზმისთვის დიდი სტრესია, რაც იწვევს მეტაბოლიზმის შენელებას.
- ცხიმები სრულად უნდა იქნას ამოღებული რაციონიდან - სინამდვილეში ცხიმები ორგანიზმს ისევე ესაჭიროება, როგორც ცილები და ნახშირწყლები.
- ჯანსაღი კვება ძვირია - სინამდვილეში ჯანსაღი პროდუქტი ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ნახევარფაბრიკატები და გადამუშავებული პროდუქტი.