საკვები განწყობილებაზე მოქმედებს
ჩვენს განწყობილებას ჰორმონები მართავენ, მაგრამ ზოგჯერ, ენდოკრინული, ინფექციური თუ ვირუსული დაავადებების დროს, სტრესის გამო, მათი სინთეზი მუხრუჭდება.
როგორ მოვიქცეთ, ბედნიერების ჰორმონები რომ არ მოგვაკლდეს? ვეძებოთ ისინი ნაცნობ პროდუქტებში!
შაქრით დამტკბარმა საკვებმა (ნამცხვრები), ისევე როგორც ფქვილზე დაფუძნებულმა საკვებმა (პური, კრეკერი და ცომეული) შესაძლოა მოახდინოს ენერგიის სწრაფი სტიმულირება, მაგრამ მათმა დაბალმა კვებითმა ღირებულებამ შეიძლება განაპირობოს ენერგიისა და განწყობის დაქვეითება.
საკვები, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი განწყობა
არსებობს უამრავი საკვები, რომელიც დადებითად მოქმედებს თქვენს განწყობაზე.
D ვიტამინით მდიდარი საკვები – წითელი ხორცი (ზომიერად), სოკო, კვერცხის გული, თქვენ ასევე უნდა მოძებნოთ D ვიტამინით გაჯერებული პროდუქტები, როგორიცაა რძე, იოგურტი და მარცვლეული.
კვლევამ აჩვენა, რომ ზამთრის თვეებში, ადამიანებს, რომლებიც მძაფრ ემოციურობას განიცდიან, აქვთ D ვიტამინის დაბალი დონე, რაც უფრო მეტ შფოთვასა და დეპრესიასთან არის დაკავშირებული.
C ვიტამინით მდიდარი საკვები – ფორთოხალი, მანგო, ლიმონი, კივი, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა და მარწყვი შესანიშნავი ვარიანტია, თუ გსურთ გაზარდოთ C ვიტამინის დოზა. C ვიტამინი დაგეხმარებათ შფოთვის, ალცჰაიმერის დაავადებისა და დეპრესიის პრევენციაში, ასევე C ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს.
ცილებით მდიდარი საკვები – საქონლის ხორცი, ქათამი და კვერცხი პროტეინების კარგი წყაროა.
ეს საკვები დაკავშირებულია დოფამინისა და ნორეპინეფრინის მაღალ დონესთან (ქიმიური ნივთიერებები ტვინში). ისინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩვენს განწყობაზე, მოტივაციასა და კონცენტრაციაზე.
ტკბილი კარტოფილი – ტკბილი კარტოფილი შეიცავს ბოჭკოს, რომელიც ნელა იშლება და არ იწვევს სისხლში შაქრის დონის უეცარ მატებას ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს საკვებისადმი ლტოლვისა და ემოციების შემცირებას.
ტკბილი კარტოფილი მდიდარია მაგნიუმითაც, რომელიც დადასტურებულია, რომ ამცირებს შფოთვის დონეს.
ჭარხალი – ჭარხალს შეუძლია სისხლში შაქრის დონის დაქვეითება. ის დაგეხმარებათ არტერიული წნევის შემცირებაშიც.
კაკალი – დადებითად მოქმედებს შემეცნებით ფუნქციებზე (მეხსიერება, ყურადღება), ნიგოზს შეუძლია გააუმჯობესოს განწყობაც.
კვლევამ, რომელშიც მონაწილეებს მიეცათ ერთი მუჭა ნიგოზი ხუთი დღის განმავლობაში, აჩვენა მადის, სახამებლისა და შაქრიანი საკვებისადმი ლტოლვის მნიშვნელოვანი შემცირება.
კაკაო – ის არა მხოლოდ დამამშვიდებელია, არამედ არის პოლიფენოლების წყარო. პოლიფენოლები ძლიერი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ხელს უწყობენ განწყობის გაუმჯობესებას. მრავალ კვლევაში ნაჩვენებია, რომ პოლიფენოლები აძლიერებენ კონცენტრაციასა და ყურადღებას.
სეროტონინი ზრდის კუნთების ტონუსს, სტრესისადმი გამძლეობას და, რა თქმა უნდა, კარგ განწყობილებასაც უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ ეს სასწაულმოქმედი ჰორმონი გაძლიერებულად წარმოიქმნას, ჭამეთ პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ტრიპტოფანითა და ნახშირწყლებით.
ტკბილეული ძალზე სწრაფად აუმჯობესებს განწყობას, თუმცა მოკლე ხნით. ტრიპტოფანის შემცველ საკვებს კი უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს. ასეთია ყველი, კვერცხი, ლობიო, ხორცი, სოია, ხაჭო. განწყობის ასამაღლებლად შესანიშნავი საშუალებაა 1 ფინჯანი მუქი ჩაი ან ნატურალური ყავა.
სეროტონინის გამომუშავებას ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინები და მაგნიუმი. პირველი უხვად არის ღვიძლში, შვრიაში, ლუდის საფუარში, ნესვში, გოგრაში, ფორთოხალში, მეორე კი ბრინჯში, გარგრის ჩირში.
ენდორფინები და ენცეფალინები ენერგიასა და სიცოცხლის ხალისს გვმატებენ. თუ კარგად დავნაყრდებით ბრინჯით, კარტოფილით, ბულგარული წიწაკით, ბანანით, ნუშითა და ზღვის პროდუქტებით, ეს ჰორმონები დიადი საქმეებისკენ გვიბიძგებენ.
ნაყინი ცილებისა და ნახშირწყლების წყაროა, გვანაყრებს და ძალ-ღონით გვავსებს. გარდა ამისა, რძე და ნაღები, რომლისგანაც ნაყინს ამზადებენ, ნერვული სისტემის დამამშვიდებელ ნივთიერებას შეიცავს. რაც მთავარია, ნაყინი შეიცავს ამინმჟავა – ტრიპტოფანს, რომელიც სწრაფად ამარცხებს უგუნებობასა და დეპრესიას.
ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება, რომ ყავის მხოლოდ არომატიც კი იწვევს სიამოვნების განცდას, გვმატებს მხნეობას. ყავა ამცირებს მადას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ აქტივობას, საგრძნობლად ამაღლებს კონცენტრირების უნარს.
შოკოლადი განწყობილებას რომ ამაღლებს, დიდი ხანია დამტკიცებულია. ის არის ბედნიერების ჰორმონის ყველაზე მდიდარი წყარო. მაგრამ აუცილებელია სიფრთხილე – სტრესის დროს შოკოლადის გამოყენება შესაძლოა ჩვევად იქცეს და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დიდი დოზა გახდეს საჭირო. ასე რომ, ამ ნუგბარს მეტისმეტად ნუ მიეძალებით! თუ მუშაობის დროს დაღლილობა იგრძენით, მიირთვით ერთი ულუფა შავი შოკოლადი – ძალას შეგმატებთ. კერძს დაამატეთ წიწაკა. მისი გემო და განსაკუთრებული არომატი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი კილოგრამები განწყობილებას ვეღარ გაგიფუჭებთ.
ახალი შთაბეჭდილებები გწყურიათ? მოაწყვეთ საღამო ეგზოტიკურ სტილში. აანთეთ არომატული სანთლები, მოამზადეთ კარკადეს ჩაი. ჩართეთ შესაფერისი მუსიკა. ანდა, უბრალოდ, მოიწვიეთ მეგობრები და მოამზადეთ პუნში მარტივი რეცეპტით: ფინჯან ცხელ ჩაიში გააზავეთ 1 ჩაის კოვზი კონიაკი და რომი, დაამატეთ შაქარი და ერთი ნაჭერი ლიმონი. ეს სასმელი მოდუნებაში დაგეხმარებათ, თუმცა სიფხიზლეს არ დაგაკარგვინებთ.
ანანასი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამაღლებს იმუნიტეტს, აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები. ოლეინის მჟავა, რომელსაც შეიცავს ზეითუნის ზეთი, ადამიანს ოპტიმისტურად განაწყობს და სიცოცხლის ხალისს მატებს.
ექიმები დიდი ხანია გვირჩევენ, მადის მოსაგვრელად ჭამის წინ დავლიოთ 1 ჭიქა წითელი ღვინო – ის ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას და ცილოვანი პროდუქტების (განსაკუთრებით – ხორცის) გადამუშავებას.
აპერატივის (მადის მომგვრელი სასმლის) მოდა ფრანგებმა დაამკვიდრეს და ის უფრო და უფრო პოპულარული ხდება. კიდევ ერთი ნიუანსი: აპერატივი არ გულისხმობს აუცილებლად ალკოჰოლის გამოყენებას; ჭიქაში შეიძლება ესხას მინერალური წყალიც, ხილის წვენიც, უალკოჰოლო კოქტეილიც.
უფრო და უფრო პოპულარული ხდება ორთქლზე მომზადებული საკვებიც. ბოლო ხანს ამისთვის უამრავი ხელსაწყოც შეიქმნა. ასეთი კერძი სასარგებლოა: მასში მეტია ვიტამინები და საკვები ბოჭკო, ნაკლებია კანცეროგენი და ცხიმი, ბონუსად კი ჯანმრთელი საკვების ბუნებრივი გემოთიც ისიამოვნებთ.