საკვები, რომელიც ხელს უშლის შეკრულობას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ ფუნქციას
ასევე იმასაც, რომელი საკვები მიიჩნევა განავლის დამარბილებელ საშუალებად და როგორ მივიღოთ ის. თუ ყაბზობა კვირაობით გრძელდება, ან თან ახლავს ტკივილი, სისხლი, ლორწო განავალში და სხვა უსიამოვნო სიმპტომები, უნდა მიმართოთ ექიმს.
ნაწლავის დაცლა და უჯრედისი
უჯრედისი, იგივე მცენარეული ბოჭკოები, ეხმარება ნაწლავის პერისტალტიკას (შეკუმშვით-მოძრაობას) და უზრუნველყოფს რეგულარულ კუჭის მოქმედებას (ფეკალური მასის გამოყოფას). ეს არის პრებიოტიკები – ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების კვების წყარო. უჯრედისი შეიძლება იყოს ხსნადი ან უხსნადი. ორივე ტიპი თანაბრად მნიშვნელოვანია ჯანსაღი საჭმლის მონელებისთვის. ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ბოჭკოების მონელება. ამას აკეთებენ ნაწლავის ბაქტერიები.
ხსნადი უჯრედისი შთანთქავს სითხეს და ქმნის გელის მსგავს სუბსტანციას, რომელიც აადვილებს განავლოვანი მასის მოძრაობას, გადაადგილებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ის ასევე ქმნის სისავსის განცდას (შეგრძნებას).
ხსნადი ბოჭკოებით მდიდარი საკვებია ვაშლი, შვრიის ფაფა და ციტრუსები.
უხსნადი უჯრედისი მატებს განავალს აუცილებელ მოცულობას და ასტიმულირებს ნაწლავის რეცეპტორებს, აჩქარებს განავლის გამოდევნას.
უხსნადი საკვები ბოჭკოები ასევე აკავებს (ინარჩუნებს) წყალს და აფერხებს განავლის მშრალ, გორგლოვან მასად გადაქცევას. ამ ტიპის ბოჭკოები გვხვდება პარკოსნებში, თხილეულსა და კარტოფილში.
განვითარებული ქვეყნების მცხოვრებლები, რომელთა დიეტა ღარიბია ბოჭკოვანი საკვებით, უფრო ხშირად იტანჯებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებებით: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით, წყლულოვანი კოლიტითა და კრონის დაავადებით.
წვნიანები: მეტი წყალი და უჯრედისი
ბოსტნეულის წვნიანები (სუპები), ბოჭკოებისა და სითხის მაღალი შემცველობის გამო, შესანიშნავი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტია კუჭ-ნაწლავის პრობლემათა მოსაგვარებლად. მთავარია, ბოსტნეული ზედმეტად არ გადახარშოთ, რათა უჯრედისმა არ დაკარგოს თავისი სასარგებლო თვისებები. რძით და კარაქით მომზადებულმა წვნიანებმა შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა და გააუარესოს თვითშეგრძნება. წვნიანი რომ უფრო სქელი და ტექსტურირებული იყოს, არ გამოიყენოთ რძე და ნაღები, აირჩიეთ რეცეპტები კარტოფილით. ამ უკანასკნელში შემავალი სახამებელი მისცემს წვნიანს კრემისებრ ტექსტურას.
ფერმენტირებული საკვები – პრობიოტიკები ნაწლავებისთვის
ფერმენტირებული საკვები, როგორიცაა ჩუმამაწონი (კეფირი) ან მჟავე კომბოსტო, მდიდარია სასარგებლო პრობიოტიკებით – რძემჟავა ბაქტერიებით Lაცტობაცილლუს და Bიფიდობაცტერიუმ. ნაწლავებში ასეთი ბაქტერიები ეწინააღმდეგებიან დისბიოზს და წარმოქმნიან მოკლეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ ლორწოვანის ჯანმრთელობას და ნორმალურ პერისტალტიკას.
ფერმენტირებული საკვები არ შეიცავს (ან შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობით) ლაქტოზას. ამიტომ ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აწუხებს, არ უნდა ინერვიულონ მუცლის არეში დისკომფორტის გამო.
თუ ზემოთ აღნიშნული საკვების მიღების შემდეგ, მცირე ყურყური (ბუყ-ბუყი) მაინც ჩნდება, მიზეზი სავარაუდოდ, პრობიოტიკური ეფექტი უფროა, ვიდრე ლატქოზის აუტანლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ნაწლავის ბაქტერიები გაძლიერებულად მუშაობენ ბოჭკოების დასაშლელად და ამ დროს აირები გამოიყოფა.
თუ ჩუმამაწონის მჟავე გემო და სუნი არ მოგწონთ, შეგიძლიათ მიირთვათ სხვა რძემჟავა პროდუქტები, როგორებიცაა მაწონი, ბერძნული იოგურტი და აციდოფილინი.
ხილი თესლით შეკრულობის საწინააღმდეგოდ
ეს წვნიანი და ბოჭკოვანი ხილი სწრაფად დაეხმარება ბუნებრივი გზით საჭმლის მონელებას. ზოგიერთი ამ ხილიდან შეიცავს სორბიტოლსაც, რომელსაც აქვს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება.
შეკრულობის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურებად ითვლება გარგარი, ქლიავი, ატამი და ვაშლატამა.
თუ ახალი ხილის სეზონი დასრულდა, შეგიძლიათ შემოიფარგლოთ ქლიავითა და გარგრის ჩირით. მნიშვნელოვანია, რომ გამხმარ, გამომშრალ ხილს (იგივე ჩირს) ყოველთვის დააყოლოთ წყალი. თუ მას მშრალად ჭამთ, ეს მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას შეკრულობისას.
მთელი მარცვლეული და ქატო
დაუმუშავებელი მარცვალი ინარჩუნებს გარე გარსს – ენდოსპერმსა და ჩანასახს. ასეთი მარცვლეული შეიცავს საკვები ნივთიერებებისა (ნუტრიენტებისა) და ბოჭკოების მაქსიმუმს, ამიტომ ქრონიკული ყაბზობის დროს მნიშვნელოვანია დიეტაში მთლიანი მარცვლეულისა და ქატოს (მარცვლეულისგან გამოყოფილი გარსის) ჩართვა:
- მთელმარცვლოვანი პური;
- ქატოს ფაფა;
- ხრაშუნა პური მთელი მარცვლეულისგან მიღებული;
- ყავისფერი ბრინჯი.
თუ ყავისფერი ბრინჯის გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვეულებრივი ბრინჯისა და ყავისფერი ბრინჯის ნარევი.
პარკოსნები ყაბზობის საწინააღმდეგოდ
პარკოსნების ოჯახიდან ოსპი და ლობიო შეიცავს უამრავ ბოჭკოს – სწორედ ეს იწვევს ბევრი ადამიანის ორგანიზმში მეტეორიზმს.
იმისათვის, რომ ეს უჯრედისი სასარგებლო აღმოჩნდეს, აღნიშნული პარკოსნები უნდა დაამატოთ საკვებ რაციონში მცირე ულუფებით და ყურადღება გაამახვილოთ თქვენს შეგრძნებებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, აირები მაინც დადებითი ნიშანია, რადგან იმაზე მეტყველებს, რომ ნაწლავის ბაქტერიებს აქვთ საჭმელი.
მოხარშვამდე რეკომენდებულია პარკოსნების წინასწარ დალბობა (გაჟღენთვა) ცივ წყალში რამდენიმე საათის ან თუნდაც მთელი ღამის განმავლობაში. დაკონსერვებული ლობიო უფრო ადვილად შეითვისება, რადგან ზოგიერთი „აირწარმომქმნელი“ ნივთიერება გადადის სითხეში, რომელიც შეიძლება გადაისხას.
პარკოსანი კულტურების ღივებიც უფრო ადვილად მოინელება.
თესლი რეგულარული მონელებისთვის
ჩიას თესლი ხსნადი უჯრედისის პოპულარული წყაროა. ის უნდა განზავდეს წყლით ან დაემატოს ფაფებს, იოგურტსა და ხილფაფებს. ჩია პუდინგი ან ჩია იოგურტი არის მსუბუქი საუზმის ან ჩაროზის ვარიანტი, რომელიც ეხმარება განავალში ტენიანობის შენარჩუნებასა და საჭირო სიბლანტის (წებოვნების) დამატებას.
ხსნადი ბოჭკოს კიდევ ერთი წყაროა სელის თესლი. ის რეკომენდებულია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ქრონიკული ყაბზობისა და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს. სელის თესლს უნდა დაასხათ წყალი და გააჩეროთ მთელი ღამით, რომ მიიღოთ გელის მსგავსი ტექსტურა.
როგორ მივიღოთ უჯრედისი სწორად
უხსნადი უჯრედისი აუცილებლად საგულდაგულოდ (საფუძვლიანად) და დიდხანს უნდა დაიღეჭოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უხეში ნაწილაკები გააღიზიანებს საყლაპავს და ნაწლავებს, რაც გამოიწვევს აირების მომატებულ წარმოქმნას.
თუ სალათის ჭამას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ძირითადი კერძისას, ეს სრულად ნორმალურია. რაც უფრო კარგად ღეჭავთ საკვებს, მით უკეთესად შეითვისება (შეიწოვება) და მოინელება ის.
მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის დალევა. თუ უჯრედისს არ აქვს წყლის შთანთქმის საშუალება, ის ვერ იმუშავებს როგორც ბუნებრივი საფაღარათო საშუალება.
თუ არასდროს მიგიღიათ ბევრი ხილი და ბოსტნეული, დაიწყეთ მცირე ულუფებით და მიეცით დრო მიკრობიოტას, რომ მოერგოს ახალ საკვებ რაციონს.
არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენ ჭამეთ ძალიან ბევრი უჯრედისი. ეს ნიშნებია:
- შებერილობა მუცლის ქვედა ნაწილში და მეტეორიზმი;
- ფხვიერი, ჩამოუყალიბებელი (არაფორმირებული) განავალი, რომელშიც აშკარად ჩანს მოუნელებელი ბოჭკოები.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ საჭმლის მონელების პროცესის ნორმალიზება და საზოგადოდ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობაზე ბრმად ზრუნვა რთულია. ნაწლავის მიკროფლორის ანალიზი ხელს უწყობს ბაქტერიული შემადგენლობის შეფასებას, იმის გაგებას, თუ რა სახის ბაქტერიები და რომელი პროდუქტები აკლია მიკროფლორას ორგანიზმის დასაცავად და ნაწლავის ნორმალური პერისტალტიკისთვის.