რატომ ფასობს ბრინჯი
აზიაში თურმე ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე 150 კგ ბრინჯის მოხმარება აღირიცხება. აღმოსავლეთის სამზარეულოში ბრინჯს არც მარილს და არც სურნელოვან სანელებლებს არ უმატებენ, მისი ბუნებრივი (ნატურალური) არომატის სრულად შენარჩუნებისა და შეგრძნებისათვის. აღმოსავლეთის ზოგიერთ კულტურაში ბრინჯი სასიცოცხლო ძალისა და ნაყოფიერების სიმბოლოა, ალბათ, სწორედ ამით აიხსნება გავრცელებული წეს-ჩვეულების – ახლადდაქორწინებულთათვის ბრინჯის შეფრქვევის – საიდუმლო.
ევროპაში ბრინჯი ბევრად მოგვიანებით გავრცელდა. აქ ის თავდაპირველად ძვირფას ეგზოტიკურ მცენარედ ითვლებოდა. მისი მარცვლებისგან მხოლოდ სამეფო ფუფუნებისათვის განკუთვნილი და სადღესასწაულო სუფრისათვის განსაზღვრული განსაკუთრებული ტკბილეული მზადდებოდა. ასე თანდათანობით დაიმკვიდრა ბრინჯმა ევროპაშიც ერთ-ერთი ძირითადი საკვები პროდუქტის პოზიცია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში, აზიისაგან განსხვავებით, მისი კერძების სხვა ინგრედიენტებთან შერევა თავიდანვე დაიწყეს.
ბრინჯის თვისებები
ბრინჯის დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია მისი მაღალი კვებითი ღირებულება და კერძებში სხვა ინგრედიენტებთან (ხორცეული, თევზეული, ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები) საუკეთესო შეთავსება. ბრინჯი მეტისმეტად სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის. ის არა მხოლოდ ავსებს ენერგოდანახარჯებს, არამედ ცილების, ნახშირწყლებისა და მინერალების მნიშვნელოვან წყაროსაც წარმოადგენს. ამასთან, მცირე რაოდენობით შეიცავს ცხიმებს.
რაც უფრო მეტად არის ბრინჯი დამუშავებული, მით უფრო ნაკლებია მასში ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა. ამ თვალსაზრისით ბრინჯი სხვა მარცვლოვნებს შორის გამონაკლისს არ წარმოადგენს. სამედიცინო პრაქტიკაში ბრინჯი ოდითგან გამოიყენება მონელების პროცესთა სამკურნალოდ. ის საუკეთესო საშუალებაა დიარეის (ფაღარათის) არაგართულებულ შემთხვევებში. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ბრინჯის ქატოს გამოყენება ამცირებს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ბრინჯში არსებული სახამებელი ნელა მოინელება და შეითვისება, ამით ფაქტიურად, სისხლში გლუკოზის მუდმივად გადასვლის უზრუნველყოფა ხდება და დიაბეტით დავადებულთა სისხლში შაქრის დონე რეგულირდება. სწორედ ამიტომაც, ბრინჯში შემავალი სახამებელი დიეტური უჯრედისის როლს ასრულებს. ბრინჯი არ შეიცავს გლუთეინს, ამიტომაც ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხორბლის აუტანლობა აქვს (ცელიაკიით, ნაწლავური ინფანტილიზმით არის დაავადებული). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილების შემთხვევაში, რამეთუ მათ ჯერ კიდევ არ აქვთ საკამარისად ფორმირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტების აქტივობა და გლუთეინის შემცველმა ფაფამ შესაძლოა მათ ორგანიზმში ცელიაკიის პროვოცირება გამოიწვიოს.
დიეტოლოგთა დიდი ნაწილი რეკომენდაციას უწევს ბრინჯით განტვირთვის დღეებს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ტანადობის პრობლემა აწუხებს.
ბრინჯი მცირე რაოდენობით შეიცავს ნატრიუმს, რომელიც წყლის შეკავებას უზრუნველყოფს ორგანიზმში, სამაგიეროდ მდიდარია კალიუმით, რომელიც ხელს უწყობს ნატრიუმის გამოდევნას. ბრინჯის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისათვის უმნიშვნელოვანესი 8 ამინმჟავა.
- თუ თქვენ კვირაში ერთხელ მაინც მოიწყობთ „ბრინჯის დღეს“ (შეგიძლიათ დაამატოთ ნეიტრალური ან ტუტე მინერალური წყალი, და არა ცხიმი!) დაკარგავთ სხეულის მასის 1 კგ-ს – სითხეს და ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს.