იგემეთ ხრაშუნა პური
ხრაშუნა პურები განსხვავდება არა მხოლოდ შედგენილობით (რომელი ბურღულისგან არის დამზადებული), არამედ ფორმითაც (მრგვალი, მართკუთხა ფორმის ფირფიტები).
როგორ მზადდება ხრაშუნა პური
ექსტრუზიური პურის შემადგენლობაში შედის მხოლოდ სასარგებლო ბურღული: ხორბალი, წიწიბურა, სიმინდი, ქერი. არ შედის მავნე დანამატები, მოდიფიცირებული სახამებელი, კონსერვანტები, საფუარი, ანტიდამჟანგავები და სხვა. ექსტრუზიის არსი ამგვარია: თავდაპირველად ამზადებენ ნედლეულს ანუ ბურღულის მასას, რომელსაც ალბობენ წყალში (დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, სიმინდს კი 12 საათი ესაჭიროება) მარცვლეულის გაჯირჯვებისა და მისი მაგარი გარსის დალბობის მიზნით. ამის შემდეგ დარბილებულ ბურღულს ათავსებენ სპეციალურ ტექნიკურ მოწყობილობაში, რომელსაც ექსტრუდერი ეწოდება. ექსტრუდერში მოთავსებული ბურღული მაღალი წნევისა და ტემპერატურის (300 გრადუსი) პირობებში დაახლოებით 8 წამს ყოვნდება. მარცვლებში დაგროვილი წყალი უმალ გარდაიქმნება ორთქლად, ხეთქავს მარცვლებს და მათ გაფურჩქვნა-გადმობრუნებას იწვევს. ექსტრუზიის პროცესით მიიღება ფაქტობრივად ჩვენებური ბატიბუტიც (იგივე „პოპკორნი“) იმ განსხვავებით, რომ ბატიბუტის დასამზადებელ აპარატში გადაფურჩქნილ მარცვლებს სივრცე აქვთ და თავისუფლად იყრება. მაშინ როცა კლასიკურ ექსტრუდერში შექმნილი მაღალი წნევის გამო ბურღულის გადაშლილი მარცვლები ერთმანეთს ეწებება და ერთგვარ დაპრესილ ბრიკეტს წარმოქმნის. ამგვარად, ბატიბუტის მსგავსად ხრაშუნა პურიც მეტად სასარგებლო და ჯანსაღი საკვები პროდუქტია, რადგანაც მასში სუფთა სახით არის წარმოდგენილი სასარგებლო ბურღული – წიწიბურა, სიმინდი, ხორბალი და სხვა. ხრაშუნა პური სახელწოდების შესაბამისად უნდა იყოს ხრაშუნა, გამომშრალი, ადვილად იფხვნებოდეს და ტყდებოდეს. შედარებით ძლიერად გამომწვარ პურს ხორკლიანი ზედაპირი აქვს, მაშინ როცა საუკეთესოდ აფეთქებული პურის ფირფიტები გარკვეული სიცარიელითა და სიმსუბუქით გამოირჩევა მარცვლების არათანაბარი დიამეტრისა და არაერთგვაროვნად შეწებების გამო.
ხრაშუნა პურის შემადგენლობა (ვიტამინები და მიკროელემენტები)
ხრაშუნა პური გაჯერებულია ნახშირწყლებით, უჯრედისით, საკვები ბოჭკოებით, უჯერი და პოლიუჯერი ამინომჟავებით. მისი განსაკუთრებული მარგებლობა განპირობებულია E (ტოკოფეროლი) და A (რეტინოლი) ვიტამინების, ბეტა-კაროტინის, B1, B2 და PP (ნიაცინი) ვიტამინების უხვად შემცველობით. მიკროელემენტებიდან აღსანიშნავია რკინის, კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის შემცველობა.
რა სარგებლობა მოაქვს ხრაშუნა პურს ორგანიზმისათვის
საყურადღებოა შემდეგი: ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა მხოლოდ სუფთა მარცვლეულისაგან დამზადებული „ნამდვილი“ ხრაშუნა პური და არა სხვა მასთან მიმსგავსებული სახეობები, ე. წ. არანამდვილი ხრაშუნა პურები, რომლებიც ორცხობილებივით გამომშრალი ჩვეულებრივი თეთრი პურის სახეობებია. ეს უკანასკნელი მართალია ნაკლებ საფუარს შეიცავს და უკეთ არის გამოშრალი, მაგრამ გაჯერებულია სხვადასხვა სახის საკვები დანამატებით, სანელებლებითა და არომატიზატორებით გემოვნებითი თვისებების მრავალფეროვნებისა და გაუმჯობესებისათვის, შეიცავს მშრალ რძეს. ეს ფაქტობრივად ჩვეულებრივი, ოღონდ სხვა ხარისხისა და ტექნოლოგიის პურია, თხელ ფენებად უკეთ გამომცხვარი. ნამდვილი ხრაშუნა პური კი სულ სხვა პროდუქტია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის მხოლოდ გადაფურჩქნილ-გადამსკდარი მარცვლებითაა წარმოდგენილი. იერსახეც განსაკუთრებული და თავისებურად გამორჩეული აქვს. ხრაშუნა პური მხოლოდ ექსტრუდერში მზადდება. ეს კი ისეთი ტექნიკური მოწყობილობაა, რომელშიც მწარმოებელი საფუარს, შაქარს, კონსერვანტებს და სხვა დანამატებს ვერ გამოიყენებს. ამგვარად, პურის ზოგიერთ სახეობაზე გაკეთებული წარწერა – „ხრაშუნა პური“ – ნუ შეგაცდენთ. დააკვირდით საკუთრივ პროდუქტს და უმალ მიხვდებით, ნამდვილი ხრაშუნა პურია ის თუ არანამდვილი!
ნამდვილი ხრაშუნა პური ნამდვილად დიეტური, მეტად სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტია. აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ამაღლებს იმუნიტეტს, ორგანიზმიდან გამოჰყავს წიდები და ტოქსინები. ბევრი პათოლოგიის საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა.
- ხორბლის ხრაშუნა პური სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისათვის;
- წიწიბურასაგან დამზადებული პროდუქტი ზრდის ჰემოგლობინის დონეს სისხლში, შესაბამისად, ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს მეტად ეფექტურია;
- ქერისაგან მიღებული ხრაშუნა პური სასარგებლოა ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემათა დროს;
- შვრიის ხრაშუნა პური სხვადასხვა სახის დერმატიტითა და თირკმლის პათოლოგიებით დაავადებულთათვის არის სასარგებლო. აგრეთვე გაციებისას იმუნიტეტის ასამაღლებლად;
- ბრინჯის პროდუქტი განსაკუთრებით რეკომენდებულია ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის.
წონის კლება - ხრაშუნა პური ჩვეულებრივი პურის ნაცვლად
ხრაშუნა პურის კალორიულობა ჩვეულებრივი პურის ანალოგიურია, თუმცა, საფუვრიანი პურისაგან განსხვავებით, ის გამოირჩევა უჯრედისის მაღალი შემცველობით, „ხანგრძლივი“ ნახშირწყლების უპირატესობით, ამიტომაც ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ და დანაყრების შეგრძნებასაც ეფექტურად იწვევს. ხრაშუნა პურის უჯრედისი აფერხებს ზედმეტი კალორიების შეთვისებას, ამის გამო, მიუხედავად მაღალი კალორიულობისა, წონის კლების კარგი საშუალებაა. გახდომის მსურველებმა სასურველია დღეში 3-5 ცალი ჭამონ, რათა მიიღონ 35 გრამი უჯრედისი და დაწვან 245 კკალორია.
შეგახსენებთ, ზიანს ორგანიზმს ვერ მიაყენებთ, პირიქით გააჯანსაღებთ მას, თუ დროებით უარს იტყვით თეთრ პურზე, ფუნთუშებსა და ბატონებზე და ხრაშუნა პურზე გადახვალთ. თუ ამ უკანასკნელს უცხიმო ხაჭოს, მწვანილსა და ბოსტნეულსაც მიაშველებთ, ძალიან კარგი იქნება. დიდ სარგებლობას მოუტანთ ორგანიზმის ჯანმრთელობას.
და კიდევ, ყველაზე ნაკლებ კალორიას შეიცავს ჭვავის ხრაშუნა პური. მასში ბევრი ამინმჟავაა, რომლებიც ხელს უწყობს ჭარბი ცხიმების დაწვას.