როგორ და როდის იცვლება პროდუქტის კალორიულობა და რა გავლენას ახდენს შეთვისებაზე
ჩვენ ვაფასებთ იმ პროდუქტებს, რომელთა ჭამასაც ვაპირებთ, კალორიების ცხრილების მიხედვით და ვცდილობთ დადგენილი დღიური კალორაჟის ზღვარს არ გადავცდეთ. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად სწორი სტრატეგიაა. მიღებული სტანდარტის მიხედვით ხომ ასეა – უნდა მივიღოთ უფრო ნაკლები კალორია, დავხარჯოთ მეტი, რომ წონა დავიკლოთ. თუმცა ამ თეორიასაც აქვს თავისი სუსტი რგოლი, რომელსაც კალორიების ზუსტი ანგარიში ეწოდება. ცდომილებები ბევრი მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს, თუმცა დღეს ერთ კონკრეტულ მიზეზზე ვისაუბრებთ – საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ პროდუქტების ათვისებაზე.
რა არის პროდუქტის ათვისება?
ეს ნიშნავს, რომ კალორიების ის რაოდენობა, რაც ჩვენ მივიღეთ, სრულად არ აითვისება ორგანიზმის მიერ, ნაწილი შეიწოვება, ნაწილი კი გამოიდევნება გარეთ. ამიტომ ის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვანგარიშობთ კალორიების ცხრილის მიხედვით, შეიძლება განსხვავდებოდეს რეალურად ათვისებული კალორიებისაგან. უფრო გასაგებად კი, თუ რომელიმე 100 გრამი პროდუქტის კალორიულობა არის 200 კკალ, ეს არ ნიშნავს, რომ ორასივე კკალორიას აითვისებს ორგანიზმი. ორგანიზმმა შეიძლება აითვისოს 195, 180 ან სულაც 160 კკალორია, იმის მიხედვით, რა სახის პროდუქტია ის, და იმ გარემოს ზემოქმედების მიხედვით, ვის ორგანიზმშიც ის ხვდება.
უფრო მარტივად ასეც შეიძლება ვთქვათ, ყველა კალორია არ იქცევა მსგავსად ორგანიზმში – შაქრის 100 კალორია განსხვავდება სტაფილოს 100 კალორიისაგან! 100 კკალ სტაფილო ნაკლებია ენერგეტიკულად 100 კკალ შაქარზე ჩვენს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ!
პროდუქტების კალორიულობის ანგარიში და რაციონის მთლიანი კალორაჟის დადგენა წმინდა მათემატიკური მოქმედებაა. მისი შედეგი, ანუ ის ციფრი, რაც მივიღეთ, ჩვენს ორგანიზმში სრულიად არამათემატიკურ, მისთვის უკონტროლო გარემოში ხვდება, სადაც ბიოლოგიითა და ადამიანის ფიზიოლოგიით დადგენილი კანონები მას სულ სხვა სიდიდედ აქცევენ.
– ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: მაშ, რა ციფრია მითითებული კალორიების ცხრილებში, თუ რეალურად პროდუქტისგან სხვა რაოდენობის კალორიულობას ვიღებთ?
– პროდუქტის კალორიულობა ანუ მისი ენერგეტიკული ფასეულობა – ეს არის ენერგია, რომელსაც იღებს ორგანიზმი საკვებიდან მისი სრული ათვისების შემთხვევაში.
დააკვირდით? სრული ათვისების შემთხვევაში! – რას ნიშნავს ეს? მაგალითად, ვჭამთ 100 გრამ პურს, რომლის კალორიულობა ცხრილის მიხედვით არის 250 კკალ. იმ შემთხვევაში, თუ ამ პურს ორგანიზმი სრულად აითვისებს, ჩაითვლება, რომ ჩვენ მივიღეთ 250 კკალ პროდუქტი. სწორედ პროდუქტების სრულად, 100%-ით ათვისების მაჩვენებელია კალორიების ცხრილსა და ეტიკეტზე მითითებული ციფრები, რომლებითაც კალორიების დაანგარიშებისას ვხელმძღვანელობთ.
– რას ნიშნავს პროდუქტის ათვისების ხარისხი და რით განსხვავდება ის კალორიების ცხრილში მითითებული ციფრისგან?
– საკვები პროდუქტის ათვისება არის მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება სისხლში შეწოვილი საკვები ნივთიერებების რაოდენობის მიხედვით. კალორიების ცხრილში კი მითითებულია პროდუქტის კალორაჟი, რომელიც შემდეგი ხერხით იზომება: პროდუქტის სრული ენერგეტიკული ფასეულობის გასაგებად მას წვავენ კალორიმეტრში და ზომავენ გამოყოფილი სითბოს რაოდენობას. ანუ ამ ხერხს არაფერი არ აქვს საერთო პროდუქტის ქცევასთან ადამიანის ორგანიზმში, რომელიც განსხვავდება ტექნიკური მოწყობილობისაგან. ადამიანის ორგანიზმს ზუსტად ვერ დაუყენებ წვის პარამეტრებს, მისი მოქმედება ინდივიდუალურადაა განსაზღვრული და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
– რაზეა დამოკიდებული საკვების ათვისება?
– საკვები ნივთიერებების ათვისება დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ჩვენი საჭმლის მომნელებელი ორგანოებია, საკვები პროდუქტების შემადგენლობასა და მათი კულინარიული დამუშავების ხერხზე. გარდა ამისა, თითოეულ ადამიანს თავისი მეტაბოლიზმი აქვს, ინდვიდუალურად განსაზღვრული საკვების ათვისების ხარისხი და მისი გენოტიპით განსაზღვრული ფერმენტების ნაკრები.
– რომელი პროდუქტები აითვისება მეტად ან ნაკლებად?
– არის პროდუქტები, რომლებიც მაქსიმალურად სრულად აითვისება, რის გამოც მიახლოებულია ცხრილში მისი კალორიულობის მაჩვენებელთან და არის ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც არასრულად აითვისება ორგანიზმის მიერ.
ყველაზე დიდი ათვისების უნარით ნახშირწყლები გამოირჩევა. მათ კარგად ითვისებს ორგანიზმი ნებისმიერი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში. საქმე სხვაგვარადაა ცილებისა და ცხიმების შემთხვევაში. ცხოველურ ცილებს ორგანიზმი უკეთ ითვისებს, ვიდრე მცენარეულ ცილებს. მაგალითად, ხორცისა და რძის ცილები აითვისება – 96-98%; ხორბლის ცილა – 60-65%; შერეული შემადგენლობის ცილოვანი საკვები, ანუ როგორც ცხოველური, ისე ცილოვანი წარმოშობის პროდუქტებისაგან შემდგარი საკვები – 80-90%. რძის ცხიმს ორგანიზმი უკეთ ითვისებს, ვიდრე ძროხისას; ძროხის ცხიმს უფრო მეტად, ვიდრე ცხვრისას და ა.შ.
საკვების ათვისებაზე დიდ გავლენას ახდენს რაციონში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობა. მიზანშეწონილია, რომ საკვები იმდენივე ცხიმს შეიცავდეს, რამდენსაც ცილებს, ხოლო ნახშირწყლებს 4-ჯერ მეტს -1:1:4.
საკვები პროდუქტების ათვისების პროცენტული მაჩვენებლები შერეული (შედგება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებისაგან) კვების შემთხვევაში ასე გამოიყურება:
- ცილები – 84,5%;
- ცხიმები – 94%;
- ნახშირწყლები – 95,6%.
ცალკეული პროდუქტების ათვისების მაჩვენებელი განსხვავდება ამ მაჩვენებლებისაგან. მაგალითად, შაქრის ათვისების ხარისხია – 99%, ხოლო სხვა ნახშირწყლების – 85%.
რეზიუმე: კალორიები იტყუებიან!
უნდა დავიმახსოვროთ, რომ კალორიულობა არაა პროდუქტების შეფასების ერთადერთი მაჩვენებელი. დიდი მნიშვნელობა აქვს კალორიის შემადგენლობას, რადგან სხვადასხვა პროდუქტს სხვადასხვაგვარად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი: შაქარსა და სხვა მარტივ ნახშირწყლებს – ძალიან სწრაფად და სრულად, ცოცხალ ხილს, რომელშიც ბევრი უჯრედისია (სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი) – ნელა და მათი მონელებისათვის თითქმის იმდენი ენერგია (კალორიები) მიდის, რამდენსაც ეს პროდუქტები შეიცავენ. ყველაზე სრულად ადამიანის ორგანიზმში საკონდიტრო ნაწარმი რჩება. ცხოველური ცილები ყველაზე დიდი დატვირთვაა ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით – შემწვარი ხორცი. ათვისების კოეფიციენტი იცვლება საკვების მომზადებისას და თერმული დამუშავების დროს.
უნდა გააზრებული გვქონდეს, რომ პროდუქტის კალორიულობა მნიშვნელოვანია მისი ენერგეტიკული ღირებულების შესაფასებლად და შედარებისთვის, მაგრამ ის დაახლოებითი და არაზუსტი მაჩვენებელია მათემატიკური გამოთვლების საწარმოებლად. ცდომილება აუცილებლად იქნება, სავარაუდოდ, საკმაოდ შესამჩნევიც, ამიტომ არანაკლები ყურადღება გამოიჩინეთ თავად რაციონის შემადგენლობის მიმართ.
ცხიმის მწველი კოქტეილები საზაფხულოდ
ცხიმისმწველი კოქტეილები – საკმაოდ ეფექტური სასმელია წონის დასაკლებად. კოქტეილის ინგრედიენტები ჯანსაღი პროდუქტებია, რომლებიც, ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების ხარჯზე, წონის კლებას უწყობენ ხელს. ეფექტი უფრო დიდია ვარჯიშსა და დიეტასთან ერთად. თუ არც ერთს მაინც არ გეგმავთ, შეგიძლიათ, ამ კოქტეილით ერთი კვება ჩაანაცვლოთ.
ყველა ჩამოთვლილი კოქტეილი მზადდება ინგრედიენტის დაქუცმაცებით, ერთმანეთში არევითა და დაბლენდერებით.
ცხიმისმწველი კოქტეილები
- ნიახურის ღერები, 1 კიტრი, მწვანილეული სურვილისამებრ (ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი და ნიორი);
- 1 ცალი კიტრი, ლიმონი კანის გარეშე, 100მლ კეფირი, ნიახური, 1 მწვანე ვაშლი, 2 ფურცელი კომბოსტო;
- ნახევარი ბანანი, 150მლ არაცხიმიანი რძე, დაფქული დარიჩინი, დანის წვერზე რაც დაეტევა, ის ოდენობა და ცოტა ვანილის შაქარი;
- ნახევარი მსხალი, 1 კივი და 100 გ ფორთოხლის წვენი;
- ცოცხალი პომიდორი 1 ცალი, მწვანილი, 2-3 ბოლოკი და 100მლ კეფირი;
- უცხიმო რძე (100გ), ერთი მუჭა ნებისმიერი კენკრა, 50გ ხაჭო, 1 ჩ/კ თაფლი.
ეს ცხიმის მწველი კოქტეილები არა მარტო წონის კლებას უწყობენ ხელს, ასევე უზრუნველყოფენ ორგანიზმს აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებით და ამცირებენ მადას.