რატომ არის ყაბაყი კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონეთათვის შეუცვლელი პროდუქტი და ფასდაუდებელი საკვები დიაბეტიანთათვისაც?
როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ამ საკმაოდ მკვრივი ბოსტნეულის 95% ჩვეულებრივი წყალია, დანარჩენი ნაწილი კი - ცილები და ნახშირწყლები. ყაბაყი საუკეთესოა წონის კლების პროცესშიც. ის საკვების მიღების შემდეგ ნაყროვანების შეგრძნებას აჩენს და ჭამის სურვილი ქრება.
გარდა ამისა, ყაბაყი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებსაც უხვად შეიცავს.
მათ შორისაა: მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა, ტიტანი, ლითიუმი, მოლიბდენი, თუთია და სხვა.
კალიუმი ყაბაყში ასჯერ მეტი რაოდენობითაა, ვიდრე, მაგალითად, ნატრიუმი. ეს ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამიტომაც ყაბაყი ორგანიზმს ზედმეტი სითხისგან განთავისუფლებაში აქტიურად ეხმარება.
ყაბაყი ბევრ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინსაც შეიცავს: პროვიტამინ А-ს (კაროტინს), ნიკოტინმჟავას, В1, В2 და С ვიტამინებს.
ნაზი ცელულოზისა და ორგანული მჟავების სიმცირის წყალობით ყაბაყი კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონეთათვის შეუცვლელი პროდუქტია. ის საჭმლის მომნელებელ ორგანოებს არ აღიზიანებს. ნახშირწყლების მცირე რაოდენობის გამო ის ფასდაუდებელი საკვებია დიაბეტიანთათვისაც.
გარდა ამისა, ყაბაყი შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებებით გამოირჩევა - ის ეხმარება ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების, მათ შორის - ქოლესტერინისა და რადიონუკლიდების გამოდევნას. ამიტომ მისი მიღება მისწრებაა მათთვის, ვისაც თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები აწუხებს.
ფასდაუდებელია ყაბაყისგან დამზადებული წვენები. ის საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებათა პროფილაქტიკისთვისაც გამოიყენება.
ყაბაყის ყვავილების ნახარში საუკეთესოა კანის დაავადებების სამკურნალოდ. ყაბაყის მიღება აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის წარმოქმნას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა შუახნის ასაკს გადაცილებული ადამიანებისთვის.
ყაბაყის უნიკალურობა კიდევ ისაა, რომ ის შესანიშნავი დამატენიანებელი თვისებებით გამოირჩევა. ამის გამო აქტიურად გამოიყენება სახის კრემების მთავარ ინგრედიენტად. ყაბაყის რბილობი აახალგაზრდავებს, აუმჯობესებს სახის კანის ფერსა და მიკროცირკულაციას, კანს იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
ყაბაყის უკუჩვენებები
ზემოთ ნათქვამია, რომ ყაბაყი უხდება თირკმელების დაავადებებს, მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ თირკმლის უკმარისობისას მისი ჭარბად გამოყენება, ექიმის რჩევის გარეშე, ავადმყოფის მდგომარეობას გააუარესებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმიდან ყაბაყში დიდი რაოდენობით შემავალი კალიუმის გამოდევნის პროცესი ფერხდება.
ასევე, ყურადღებით უნდა იყვნენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების აშლილობის მქონე ადამიანებიც; მართალია, ყაბაყი მათთვის სასარგებლოა, მაგრამ გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების დროს უმი ყაბაყის მიღება არასასურველია.
გასათვალისწინებელია, რომ უმი ყაბაყი აღიზიანებს ლორწოვანი გარსის ზედაპირსაც.
ჯანმრთელ ადამიანს ყაბაყის მიღება თავისუფლად შეუძლია, თუ მის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა არ აქვს.