რატომ ირღვევა საკვების მონელება ასაკოვნებთან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

რატომ ირღვევა საკვების მონელება ასაკოვნებთან

რატომ ირღვევა საკვების მონელება ასაკოვნებთან
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება. ამ ინვოლუციური ცვლილებების შედეგად, ხანდაზმულ და მოხუცებულ ადამიანებთან თავს იჩენს მალდიგესტიის სიმპტომები (დიგესტია საჭმლის მონელებას ნიშნავს, მალდიგესტია კი – მის დაქვეითებას). ინვოლუციური მალდიგესტია საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისა და ნაღვლის ასაკოვანი რედუქციის (შემცირების) გამო ნაწლავური მონელების დაქვეითებაა.

ინვოლუციური მალდიგესტიის მიზეზია საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ასაკოვანი ფიზიოლოგიური ცვლილებები და არა ორგანოთა დაავადებები. ხანდაზმულ (61-75 წლის), მოხუცებულ (76-90 წლის) და დღეგრძელ (91-ზე მეტი წლის) ადამიანებს, კონკრეტულ დაავადებათა არარსებობის შემთხვევაშიც კი, უვლინდებათ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის
მხრივ სხვადასხვა სიმპტომი (მეტეორიზმი, დისკომფორტი მუცლის არეში, შეკრულობა და სხვა). ეს სიმპტომები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მონელებისა და მოტორიკის დარღვევის მანიშნებელია.

ხანდაზმული ადამიანების ორგანიზმი ცუდად იტანს რძეს, ცხიმებს, ხორცეულსა და თევზეულს. ეს იმის დამადასტურებელია, რომ ნორმალური ასიმილაციისაგან გადახრა დამახასიათებელია არა მხოლოდ ავადმყოფი, არამედ სრულიად ჯანმრთელი ასაკოვანი
ადამიანებისთვისაც. ასიმილაცია არის გარემოდან მიღებული მარტივი ელემენტებისაგან ორგანიზმის შემადგენელი რთული ნივთიერებების შექმნა.

ინვოლუციური მალდიგესტიის სიმპტომებია:

  • მუცლის შებერვა;
  • აირთა გაძლიერებული წარმოქმნა;
  • საკვების აუტანლობა;
  • ფეკალური მასების მოცულობის მომატება;
  • სტეატორეა (განავალში ცხიმების არსებობა);
  • ამილორეა (განავალში მოუნელებელი სახამებლის მარცვლების არსებობა);
  • კრეატორეა (განავალში კუნთოვანი და შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოების არსებობა);
  • დიარეა (ფაღარათი);
  • წონის დაკლება.

ნაწლავური მონელების დარღვევა ხელსაყრელ გარემოს ქმნის მიკრობული ფლორის გამრავლებისათვის. ფერმენტული უკმარისობა და დისბაქტერიოზი იწვევს მეტეორიზმს (მუცლის შებერვას აირთა დაგროვების გამო), სწრაფად გაძღომის შეგრძნებას, დისკომფორტს მუცელში.

ასაკოვან ადამიანებს ხშირად ერთდროულად აწუხებთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადება. მათ შორის – გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები (საჭმლის მონელების სხვადასხვა სახის დარღვევა, რომლებიც შეკრულობითა და დისპეფსიური დარღვევებით ვლინდება). ასაკოვან ადამიანებს არცთუ იშვიათად აღენიშნებათ შაქრის დონის მერყეობა სისხლში. ეს უკანასკნელი გამოწვეულია პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) სეკრეტორული (გამომყოფი) ფუნქციის შესუსტებით, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ჯირკვალში მიმდინარე სკლეროზული ცვლილებებით. მოხუცებულთა ორგანიზმში ხშირად აღინიშნება გენერალიზებული ათეროსკლეროზი, მიკროცირკულაციური დარღვევები, რაც, თავის მხრივ, ყველა ორგანოს ქრონიკულ იშემიას განაპირობებს. ორგანოთა იშემია, ანუ არტერიული სისხლის მიწოდების შემცირების გამო მათი სისხლნაკლებობა, იწვევს შეუქცევადი ცვლილებების განვითარებას და ორგანოთა ძირითადი ფუნქციების დაქვეითება-დაკარგვას.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გულ-­სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მქონე 60 წელს გადაცილებულ ადამიანებთან საჭმლის მომნელებელი ორგანოების ცვლილებები. პანკრეასი ერთ-ერთი პირველი ორგანოა, რომელიც ხანგრძლივ იშემიას ფუნქციური აქტივობის დაქვეითებით პასუხობს. ამასთან, ამ დროს კუჭუკანა ჯირკვალში შესაძლოა გამოვლინდეს როგორც უმნიშვნელო სტრუქტურული ცვლილებები, ასევე შორს წასული დარღვევები, რომლებიც პანკრეასის უკმარისობას განაპირობებს. აღნიშნულ მდგომარეობათა პათოგენეზში დიდი როლი შეიძლება ითამაშოს ჯორჯლის არტერიებში მიმდინარე ათეროსკლეროზულმა ცვლილებებმა, რომლებიც, თავის მხრივ, იწვევს ჯირკვლის სისხლნაკლებობას, ჰიპოქსიას და მისი ფუნქციის დათრგუნვას. დასახელებული პროცესების დროს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელებაში მონაწილე ფერმენტების გამოყოფა მცირდება, რის გამოც შესაბამის ნივთიერებათა მონელება ირღვევა. ზოგჯერ ფერ­მ­ენტთა უკმარისობა განპირობებულია წვრილ ნაწლავში მათი აქტივაციის დარღვევით. ცნობილია, რომ პანკრეასს დიდი კომპენსატორული შესაძლებლობები გააჩნია და სეკრეციული დარღვევები მხოლოდ ჯირკვლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში ვლინდება. ასე მაგალითად, სტეატორეა და კრეატორეა ასაკოვნებთან მაშინ ვლინდება, როდესაც პანკრეასული ლიპაზას (ცხიმების მონელებაში მონაწილე ფერმენტი) და ტრიფსინის (ცილების დაშლაში მონაწილე ფერმენტი) გამოყოფა 90%-ით მცირდება.

ასაკოვნები, ახალგაზრდებთან შედარებით, გაცილებით ხშირად იზღუდავენ საკვებ რაციონს. ნაკლებად მიირთმევენ ხორცის პროდუქტებსა და ცხიმიან საკვებს. უპირატესობას ანიჭებენ ხილსა და ბოსტნეულს. ამ უკანასკნელს ხანგრძლივი კულინარიული დამუშავების შემდეგ იყენებენ, რამეთუ მონელების პროცესი რამდენადმე შენელებული და ნაკლებ აქტიური აქვთ. ყოველივე აღნიშნული, გარკვეულწილად მისასალმებელია, კერძოდ, ქოლესტერინის მიღების შემცირების, შესაბამისად, ათეროსკლეროზულ პროცესთა განვითარებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკის თვალსაზრისით. თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ხორცისა და რძის პროდუქტების, აგრეთვე ცხიმიანი საკვების მნიშვნელოვნად შეზღუდვით ორგანიზმში მცირდება ვიტამინების შეღწევა. ვიტამინები კი ნივთიერებათა ცვლის რეგულატორებია (ფერმენტთა მნიშვნელოვანი კომპონენტებია). ამის გამო მათი ნაკლებობის პირობებში ყველა ეს პროცესი ირღვევა. მართალია, კარგად დამუშავებულ საკვებს ადვილად ითვისებს საჭმლის მომნელებელი სისტემა, მაგრამ ხანგრძლივი კულინარიული დამუშავებით ბოსტნეულსა და ხილში ვიტამინების დიდი რაოდენობა იშლება, ანუ მათი შემცველობა მნიშვნელოვნად ქვეითდება, რაც ასევე გასათვალისწინებელია!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
1. შეეცადეთ მარტივი ნახშირწყლები ჩაანაცვლოთ რთულით. რთულ ნახშირწყლებს შეიცავს ყავისფერი ბრინჯი, ნიგოზი, თხილი. მივიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ბევრ უჯრედისს. შესაბამისად, მცირე ულუფებიც კი დიდხანს დაგვანაყრებს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად